კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:22 / 17-02-2017
"ქართველი შინდლერი"
სტივენ სპილბერგის ფსიქოლოგიურმა დრამამ "შინდლერის სია", შვიდი ოსკარი დაიმსახურა. საქართველოში ბევრი რამ იციან ამ ფილმის შესახებ, ისიც იციან, რომ კინოშედევრი ცნობილი ავსტრალიელი მწერლის, თომას კენელის არანაკლებ გახმაურებული წიგნის, "შინდლერის კიდობნის" ეკრანიზაციაა.

სიუჟეტი კი ერთდროულად მძიმეცაა და გასაოცარიც, თუ როგორ შეძლო ერთმა გერმანელმა მეწარმემ დაღუპვისგან ეხსნა 1200-მდე ებრაელი ჰოლოკოსტის დროს მეორე მსოფლიო ომის წლებში. მაგრამ ბევრმა როდი იცის, რომ თურმე ქართველებსაც გვყოლია "ჩვენი შინდლერი"...

ქართულ-ებრაული ურთიერთობის ისტორია სათავეს ათასწლეულთა სიღრმიდან იღებს. მასში გამორჩეული ადგილი უკავია II
მსოფლიო ომის პერიოდს. როცა ემიგრაციაში გახიზნული ქართველობა თავადაც განსაცდელში იმყოფებოდა, მისმა არაერთმა წარმომადგენელმა თავდადებული მოქმედებით დაღუპვას გადაარჩინა არა მხოლოდ ქართველი ებრაელები, არამედ ისინიც, ვინც წარმოშობით საქართველოდან არ ყოფილან.

უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გერმანიის ტყვეთა ბანაკებში თავმოყრილ ათეულათასობით ქართველ სამხედრო ტყვეთა ფიზიკურად გადარჩენა, რაც გერმანიის სამსახურში მდგარმა ქართველმა ემიგრანტებმა ამ ქვეყნის მესვეურთა დახმარებით მოახერხეს. ემიგრანტთა შორის იყვნენ ისინიც, ვინც გერმანელთა ნდობით სარგებლობდნენ და პოლიტიკური გავლენითა და მაღალი ავტორიტეტით გამოირჩეოდნენ:

1. აღმოსავლეთის (ანუ "ვანზეეს") სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი მიხეილ ახმეტელი. გერმანიაში საქართველოს ელჩის, ვლადიმერ ახმეტელის ძმისწული. მეგობრობდა III რაიხის იდეოლოგ ალფრედ როზენბერგთან;

2. "ევროპის კონტინენტური კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, ფიზიკოსი და გეოპოლიტიკოსი, დოქტორი ალექსანდრე ნიკურაძე. მეგობრობდა როზენბერგსა და არნო შიკედანცთან, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება საქართველოს მომავალ გენერალ-გუბერნატორად ამზადებდა;

3.  მდიდარი ქართველი ექიმი გიორგი მაღალაშვილი.

4. შალვა მაღლაკელიძე, თბილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორი. II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაინიშნა გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო მრჩევლად, ხოლო 1944 წლის მაისში მიენიჭა ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება. ახლო ურთიერთობა ჰქონდა "აბვერის" ხელმძღვანელ ადმირალ ფრიდრიხ ვილჰელმ კანარისთან.

გერმანელთა ნდობით ასევე სარგებლობდა "აბვერისა" და "გესტაპოს" თანამშრომელი მიხეილ კედია. მამამისი მექი კედია,  დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ რაზმს ხელმძღვანელობდა. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მიხეილ კედიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "ქართველი შინდლერი".

1940 წლის შემოდგომაზე, ოკუპირებულ პარიზში გერმანიის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელმა  გააუქმა პარიზში მოქმედი ქართული წარმომადგენლობა, ხოლო ოფისის მდივანი დააპატიმრა. აუცილებელი გახდა სასწრაფოდ გამოენახათ ისეთი ვინმე, ვინც გერმანიის ხელისუფლების წინაშე შეძლებდა ქართული ემიგრაციის ინტერესთა დაცვას და ეს მისია ქართულმა ემიგრაციამ დააკისრა მიხეილ კედიას. იგი დიდხანს ცხოვრობდა გერმანიაში. მის უახლოეს მეგობართა შორის იყვნენ: გერმანიის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში, გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი;

როზენბერგის ხელმძღვანელობით მოქმედი აღმოსავლეთის სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გერჰარდ ფონ მენდე; SS-ის (SchutzStaffel - "დამცავი რაზმი", გასამხედროებული ორგანიზაცია ნაცისტური პარტიის შემადგენლობაში) კავკასიური დეპარტამენტის უფროსი ერიხ ენგელჰაუპტი. საგულისხმოა, რომ სამივე მათგანი დაკავშირებული იყო 1944 წელს ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებასთან.

საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტებმა ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ებრაელებიც დააპატიმრეს. მათ შორის იყო დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილე იოსებ ელიგულაშვილი. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ქართული ეროვნული საგანძურის ევაკუაციისა საფრანგეთში. მისი მოხერხებულობის წყალობით, 1922 წელს საქართველოს დევნილმა მთავრობამ ხელსაყრელ ფასში შეიძინა პარიზთან ახლოს, ლევილში მდებარე მამული და ორსართულიანი სახლი.

1940 წელს, როდესაც საფრანგეთში შეჭრილ გერმანელ ოკუპანტთა შიშით, პარიზელთა ნაწილი ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, იოსებ ელიგულაშვილმა სოლიდური თანხა გაიღო, რათა ეშოვა ავტომანქანა საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას გადასარჩენად. ქართველ ემიგრანტთა ჩარევითა და მიხეილ კედიას მოხერხებულობის წყალობით, გერმანელებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს იოსებ ელიგულაშვილი. ამის შემდეგ, იოსები მიხეილთან ერთად იბრძოდა ქართველ ებრაელთა გამოსახსნელად.

სამხედრო კომენდანტ დოქტორ შტენგერს გაეგზავნა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა მემორანდუმი. მასში გატარებულია ამგვარი აზრი: ...ქართველებსა და ებრაელებს საერთო აქვთ ენა, ცხოვრების წესი, ეროვნული წეს-ჩვეულებანი, რის გამოც ისინი არიან ქართველი პატრიოტები, ნაციონალისტები და ვერაფრით ვერ გაიზიარებენ ვერც კომუნისტთა ინტერნაციონალისა და ვერც სიონისტურ მისწრაფებებს.

ხსენებული მემორანდუმი ელიგულაშვილმა მეცნიერული არგუმენტებითაც შეამაგრა და აღნიშნა: 1. ქართველები არიან დოლიქოკეფალები (გრძელთავიანები), ებრაელები - ბრაქიკეფალები (მოკლეთავიანები). ვინაიდან ქართველი ებრაელებიც დოლიქოკეფალები არიან, ისინი ეთნიკურად არიან ქართველები და არა სემიტი ებრაელები; 2. ქართველი ებრაელები წარმოიშვნენ კავკასიაში გადასახლებულ ქალდეველთა იუდაიზაციის შედეგად; 3. თავის ქალის ფორმის გარდა, ქართველ ებრაელებს ქართველებთან აკავშირებთ: ცხვირის ინდექსი, ნიკაპის პროპორციები, საერთო ფიზიკური კონსტიტუცია.

ეს არგუმენტაცია დასაბუთებულად მიიჩნიეს ნაცისტმა მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც ამაში დაბეჯითებით არწმუნებდნენ  ქართველი კოლეგებიც (ძირითადად მიხეილ კედია, გიორგი მაღალაშვილი და გივი გაბლიანი) და ნაცისტებმა გააუქმეს ქართველ ებრაელთა დეპორტაციის განკარგულება. ამის წყალობით, 70-მდე ქართველი ებრაელი სიკვდილს გამოჰგლიჯეს ხელიდან. მიხეილ კედიას მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტებით სიკვდილს გადაარჩინეს არაქართული წარმოშობის  ებრაელებიც.

იოსებ ელიგულაშვილის ღვაწლს ასე აფასებდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის ყოფილი მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი: "ებრაელობა იოსებისგან მოელოდა შველას: მან მოახერხა  ქართული ემიგრაციის ერთსულოვნად დაინტერესება ქართველი ებრაელების გადარჩენით და მათი საკითხი საქართველოს ისტორიას დაუკავშირა. იოსების ამ ბრწყინვალე საქმეს ვერ დაივიწყებს ვერც ქართველი  ებრაელობა და ვერც საქართველოს ისტორია, რადგან ამ საქმით აღდგა უცხოელების თვალში საქართველოს ისტორიული ტრადიცია - ყველა ერისა და სარწმუნოების პატივისცემისა და დაცვის. თვითონ ასე აფასებდა ამას და ამბობდა ხოლმე: "ბევრი, ბევრი ქართველი დაგვეხმარა ჩვენ ამ საქმეში, ამას ვერ დავივიწყებთ; მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის ქართველი დაგვეხმარა, რომელსაც საქართველოს ისტორია ეწოდებაო!.."



მიხეილ კედია (ცენტრში) მეუღლესთან ვალია ფაჩულიასთან და მეგობართან, კოტე კობახიძესთან ერთად

მიხეილ კედიას დაეკისრა კონტროლი ქართველი ებრაელებისათვის პირადობის მოწმობის გაცემაზე. ამისთვის შექმნა ქართველ ებრაელთა კომიტეტი, რომელსაც სათავეში იოსებ ელიგულაშვილი ჩაუყენა. სწორედ აღნიშნული კომიტეტისა და "ქართველი ემიგრანტების საქმეთა სამმართველოს" თანხმობის შემთხვევაში, გასცემდნენ "ეროვნების დამადასტურებელ მოწმობას". ამ გზით უამრავი ქართველი ებრაელი გადაურჩა რეპრესიებს.

საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ,  საფრანგეთის ებრაელობამ, მთავარი რაბინის მეთაურობით, სასამართლო პროცესზე ერთხმად დაუჭირა მხარი მიხეილ კედიას.

გერმანიის დამარცხების შემდეგ, მიხეილ კედია ჟენევაში გადასახლდა. 1946 წლის 3 მაისს  ფიცის ქვეშ მისცა წერილობითი ჩვენება, რომელშიც ვკითხულობთ: "გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის განმავლობაში, მე შევძელი უამრავი ქართველი და სხვა ეროვნების ებრაელი მეხსნა ზოგიერთი გერმანელი ფუნქციონერის დასჯისაგან...  ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ამის გაკეთება შევძელი მხოლოდ სამი ჯენტლმენის შემწეობით. ესენი არიან: გიორგი მაღალაშვილი, მიხეილ ალშიბაია და გივი გაბლიანი, რომლებსაც ამ საკითხზე ჩემნაირი შეხედულება ჰქონდათ და დახმარებაც გამიწიეს".

1944 წლის 16 ოქტომბერს, პარიზის მთავარი რაბი იულიუს ვაისი მიხეილ კედიას სწერდა: "ბატონი ელიგულაშვილისაგან შევიტყვეთ იმ დიდი სამსახურის შესახებ, რაც გაგიწევიათ ებრაული აღმსარებლობის მქონე თქვენი თანამემამულეებისათვის, დიდსულოვანი დახმარებით რასისტული კანონისაგან მათი გადარჩენით. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მადლობა და დიდი პატივისცემა მათი კეთილდღეობის უანგაროდ დაცვისათვის".

პარიზში მოქმედი ებრაული კულტურის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტ ი. მოსერის მიერ 1944 წლის 18 ოქტომბერს მიხეილ კედიასადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "...თქვენ არა მარტო გაილაშქრეთ თქვენი ებრაელი მოქალაქეების დასაცავად, არამედ უფრო მეტიც - წარმატებით შეძელით გეხსნათ მრავალი მეგობარი საკონცენტრაციო ბანაკებიდან. თავს მოვალედ მივიჩნევთ, გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ, გამოვხატოთ თქვენდამი უდიდესი მადლიერება".

"მოსეს რჯულის ქართველთა კავშირის" პრეზიდენტ იოსებ ელიგულაშვილის მიერ 1944 წლის 15 აგვისტოს მიხეილ კედიასადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "...ჩვენ არ მოვტყუვდით რწმენაში, როცა თქვენში დავინახეთ ქართველი პატრიოტი, რომელიც ოკუპაციის დროს ჩვენს სიცოცხლესა და ინტერესებს დაიცავდა.

გმადლობთ მამაცობისა და იმ შეუპოვრობისათვის, რაც გამოიჩინეთ ანტიებრაული კანონმდებლობისაგან ებრაელთა გამოსახსნელად. ამას გარდა, ებრაელების შეპყრობისას დაუყოვნებლივ აკეთებდით ყველაფერს მათ გასათავისუფლებლად. თქვენს ასეთ ქცევას არ გავუკვირვებივართ იმიტომ, რომ ვიცით თქვენი ერის ღირსეული ტრადიციების შესახებ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მთელი გულით და გვინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი საქმეები ყოველთვის წარუშლელად დარჩება ჩვენი და ჩვენს თანამოძმე ებრაელთა მეხსიერებაში".

ამრიგად, ემიგრაციაში მყოფ ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდა II მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ორივე ერის წარმომადგენლები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მიხეილ კედიას კი, ვინც გადამწყვეტი როლი შეასრულა მრავალი ქართველი ებრაელის სიცოცხლის გადარჩენაში, თამამად შეიძლება ეწოდოს - "ქართველი შინდლერი". კედიას მეუღლესთან ელისაბედ (ვალია) ფაჩულიასთან, ორი შვილი - ქალიშვილი დიკა და ვაჟი ზურაბი ჰყავდა.

ნიკო ჯავახიშვილი
ჟურნალი "ისტორიანი"

ფოტოები: ზურაბ კეიდიას არქივიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
17:45 / 21-09-2017
--------------
0
ერთადერთი ერია საქართველოში მცხოვრები, რომელმაც ქართველის პატივისცემა არ დაკარაგა და დააფასა ის რაც საუკუნები ხდებოდა ესაა ებარელი და მიხარია
21:15 / 27-04-2017
ნინო
0
კარგია
მსგავსი სიახლეები
ეს 8 ადამიანი სრულებით მოწყდა გარე სამყაროს და თავშესაფრის მკაცრ წესებს დაემორჩილა
ებრაულ გვარებს გაუკეთეს ქართული დაბოლოებები: "რაბინოვიჩი" - "რაბინაშვილი", "გუბერნიცკი" -" გუბერნიძე"...
დაჭრილი საშა სიცოცხლეს რომ ეთხოვებოდა, ყურში მეგრულად მკაფიოდ ჩაესმა თურმე - წიე, საშა რექო?
ნეშტთან ერთად ნაპოვნია ნაწერი, რომელმაც წლებს გაუძლო, მასზე მეომრის მისამართი და მეუღლის სახელი წერია...
ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნი ქართველების სია ასე გამოიყურება:
"ყველა ოჯახს, რომელსაც ვინმე დაკარგული ჰყავს ფრონტზე, ეს ჯარისკაცი თავისი მიცვალებული ეგონოს..."
გადახედეთ ამ გვარ-სახელებს, შესაძლოა, მათ შორის თქვენი ოჯახის წევრები იპოვოთ...
იხილეთ მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების სია
"დაგვეხმარეთ მათ შთამომავლობასთან ან ნათესავებთან დაკავშირებაში..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
12:27 / 11-12-2017  Image ტრადიციული გართობა და ახალი პროგრამა- რა გელოდებათ „იუმორინა 2018“- ზე
ყველასათვის საყვარელი "იუმორინა" წელსაც ზრუნავს ჩვენს განწყობაზე და გვთავაზობს დაუვიწყარ კონცერტს
15:05 / 11-12-2017  Image ვინ იყო ქართველი, რომელიც ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა - წმინდა მიწაზე მორიგი უნიკალური აღმოჩენის დეტალები
ისინი IV საუკუნის მეორე ნახევრიდან პალესტინაში პირველი ქართველებიც გახდნენ
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
და რა გიკვირთ და რატომ მოსთქვამთ? კრიმინალური მენტალიტეტის ერი ცხოვრობს კრიმინალურ გარემოში... თქვენ გააგდეთ ამ ქვეყნიდან კრიმინალთან მებრძოლი მთავრობა და მოიყვანეთ კრიმინალებთან მოსიამტკბილე ხელისუფლება... ასე არაა? ფანჯრებიდან რომ ხედავდნენ მკვლელობას ვინმემ დარეკა პოლიციაში? მოსწავლეები რომ არ აძლევენ ჩვენებას გამოძიებას? ხომ არ ჩაუშვებთ? თქვენ არ გაკიოდით მიშამ სკოლაში მანდატურები შეიყვანა არიქა შვილებს სტუკაჩებად გვიქცევენო? რაც ხალხია, ის ვითარებაა ზუსტად.. საბჭოთა კავშირში მოწინავე ქურდების რაოდენობით, ევროპაში მოწინავე და თავმოჭრილი ქურდული და ორგანიზებული დანაშაულის ნომერ პირველი ექსპორტიორი... გურიაში ყაჩაღი მამალაძის ძეგლი, ლიტერატურაში ყაჩაღები დადებითი გმირები...სკოლებში სამოქალაქო თვითშეგნების ამმაღლებელი საგნები ვერ დანერგეს, ებრძვით ხმალამოღებული... მღდელი ღმერთის სახელით ქურდობს, ერი და ბერი აბსოლუტური უმრავლესობა გაუნათლებელი და ბნელი, პროგრესისმოძულე და წარსულის აპოლოგეტი.... რატომ გიკვირთ, ან რა გიკვირთ? რა?
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49