ვის შეუძლია საქართველოში სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს?

ვის შეუძლია საქართველოში სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰომოსექსუალ წყვილებს საქართველოში სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათო, რაზეც საპირისპირო კომენტარი "დონაციისა და სუროგატული დედობის ცენტრის - ჰუმან ჯორჯიას'' დირექტორმა, თამარ ხაჭაპურიძემ გააკეთა. "ვერსია'' დაინტერესდა, რა შემთხვევაში შეუძლიათ უშვილო წყვილებს სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა, ვინ შეიძლება იყოს კვერცხუჯრედის დონორი და სუროგატი დედა, ამის გასარკვევად თამარ ხაჭაპურიძეს ვესაუბრეთ. 

- ჩვენ კვერცხუჯრედის დონორებთან, უშვილო წყვილებთან და სუროგატ დედებთან ვმუშაობთ. ძირითადად, იმ უშვილო წყვილებთან, რომელსაც ესაჭიროება ისეთი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, როგორიცაა დონაცია და სუროგატული დედობა. 

- როგორც ვიცით, 33 წლამდე უნდა იყოს კვერცხუჯრედის დონორი, ხოლო სუროგატი დედა 35 წლამდე. რატომ?

- 33 წლის შემდეგ ქალის კვერცხუჯრედების ხარისხი ქვეითდება. რაც შეეხება სუროგატ დედას, 35 წლის შემდეგ სომატურმა დაავადებებმა შეიძლება იჩინოს თავი, ასევე ორსულობაც რთული იყოს და მშობიარობაც. ისედაც ხელოვნური განაყოფიერება და მედიკამენტები ათასობით ლართან არის დაკავშირებული. 

- რა ჯდება ინვიტრო განაყოფიერება?

- ინვიტრო განაყოფიერების დროს მარტო მედიკამენტები 3000 ლარზე მეტი ჯდება. სამედიცინო მომსახურება 3000 ლარი ღირს. ზოგს სუროგატი დედის მომსახურებაც სჭირდება, რაც 15 000-18 000 ლარი ღირს. მეტი გარანტია, რომ გვქონდეს, ამიტომ რეკომენდირებულია ახალგაზრდა ორგანიზმი იყოს. 9 თვის განმავლობაში სუროგატ დედას მუშაობის უფლება არ აქვს. ნაყოფი ბოლომდე რომ მიიყვანოს, ვალდებულია, სახლში იყოს და ორსულობას მოუაროს. წყვილი კი სარჩოს თანხას უხდის. 

- გარდა ასაკობრივი შეზღუდვისა, კვერცხუჯრედის დონორსა და სუროგატ დედას რა მოთხოვნებს უყენებთ?

- დონორსაც და სუროგატ დედასაც აუცილებლად თავისი შვილი უნდა ჰყავდეს. აქ ფსიქოლოგიური მომენტია, რომ ჯერ შენი შვილი უნდა გყავდეს, რომ სხვისთვის კვერცხუჯრედი გაიღო. ვისაც ანემია აქვს, სისხლის გაღებას არ ურჩევენ ხოლმე. რაც შეეხება სუროგატ დედას, ფსიქოლოგიური მომენტიცაა და მშობიარობის დროს, რომ რაიმე გართულება მოხდეს და საშვილოსნო დაკარგოს, ეს ქალი ხომ თავისი შვილის გარეშეც დარჩება?! 

- ხომ შეიძლება სუროგატმა დედამ ნაყოფი ბოლომდე ვერ შეინარჩუნოს, ამ შემთხვევაში თანხა მაინც უნაზღაურდება?

- კი, ის მიღებული თანხა დარჩება, რამდენი თვეც ატარა ნაყოფი.

- ისეც ხდება ხოლმე, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს ორსულობა ბოლომდე ვერ მიდის, რა არის ამის მიზეზი?

- ეს ჩვეულებრივი განაყოფიერების დროსაც ხდება, შესაძლოა, ქალს ჰორმონალური დისბალანსი ან საშვილოსნოს პათოლოგია ჰქონდეს. ზოგთანაც უნაყოფობის მიზეზი ვერ დგინდება. ინვიტრო განაყოფიერების დროს ზოგი ერთდროულად თავის საშვილოსნოსაც იყენებს და სუროგატი დედის მომსახურებითაც სარგებლობს. ხელოვნური განაყოფირების დროს რომ მიიღებენ რამდენიმე ემბრიონს, ორი გადააქვთ დედის საშვილოსნოში, ორი კი სუროგატი დედის საშვილოსნოში. აქ ფსიქოლოგიური მომენტიცაა, უშვილო ქალი შეიძლება ზუსტად იმიტომ დაორსულდეს, რომ მარტო თავის თავის იმედზე არ იქნება. ფსიქოლოგიური სტრესი ეხსენება და შედეგი უკეთესია. ვისაც საშუალება აქვს, ორი სუროგატი ერთდროულად აჰყავს ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ინვიტრო განაყოფიერების თანხა რაც წამლებზე და კლინიკის მომსახურებაზე უნდა დაიხარჯოს, ამ შემთხვევაში არ ორმაგდება. ანუ, წყვილს ორმაგი ხარჯის გაწევა აღარ სჭირდება, შედეგის ალბათობა კი იზრდება. სხვათა შორის, უცხოელებსაც კი ერთდროულად ზოგჯერ ორი სუროგატი აჰყავთ. უცხოეთში სუროგაცია 50 000-მდე ღირს. 

- სუროგატი დედა რა შემთხვევაში აჰყავთ?

- თუ საშვილოსნოს პრობლემა ან უცნობი გენეზისის უნაყოფობა, ან ჰორმონალური დარღვევაა, ან სომატური დაავადება. მაგალითად, ქალს შაქრიანი დიაბეტის ისეთი ფორმა აქვს, რომ მისთვის ორსულობა არ შეიძლება, ან თირკმლის პათოლოგია აქვს. ამ დროს აქვს ხარისხიანი კვერცხუჯრედები და მას შეუძლია საკუთარი, გენეტიკური შვილი ჰყავდეს. კვერცხუჯრედის დონორი კი მას სჭირდება, ვისაც კვერცხუჯრედი არ აქვს ან საკვერცხეები ამპუტირებული აქვს. ამ შემთხვევაში დონორის კვერცხუჯრედს და მეუღლის სპერმას სინჯარაში ანაყოფიერებენ და გადააქვთ ამ ქალის საშვილოსნოში, ის თავად ხდება ე.წ. სუროგატი. დაბადებული ბავშვი მისი მეუღლის და კვერცხუჯრედის დონორის გენეტიკური შვილი იქნება. 

- საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჰომოსექსუალ წყვილებს სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათო, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- ეს სიმართლე არ არის. როგორც იუსტიციის სამინისტრომ განმიმარტა, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, წყვილში იგულისხმება ქალისა და მამაკაცის წყვილი, სუროგაცია საქართველოში ნებადართულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლით. იქ წერია, რომ სუროგაციის მეთოდით სარგებლობა შეუძლია წყვილს. წყვილი კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის წყვილი, ამრიგად სუროგატით ჰომოსექსუალური წყვილი ვერ ისარგებლებს. ასევე, არსებობს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ (34-ე მუხლი), სადაც წერია, როგორ უნდა გაფორმდეს სუროგაციის მეთოდით გაჩენილი ბავშვი. იქაც წერია, რომ წყვილთან დადებული უნდა იყოს ხელშეკრულება. ჰომოსექსუალის შემთხვევაში, დედის გრაფა ვერ შეივსება, აქედან გამომდინარე, ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონთან. მეტიც, მარტოხელა დედაც ვერ ისარგებლებს სუროგატით. ამის საშუალებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ კანონი არ გვაძლევს ანუ კანონმდებლობით, მარტოხელა დედასაც არ აქვს უფლება, სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს. 

- ანუ, წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში უნდა იყოს?

- ასეთი რამ კანონში არ სწერია.

- რამდენიმე დღის წინ თქვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეთ თხოვნით, უშვილო წყვილებისა და ქართული გენოფონდის გადასარჩენად ხელოვნურ განაყოფიერებას ლოცვა-კურთხევა მისცეს. რატომ გააკეთეთ ეს?

- ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ქართველი კაცი ოდითგანვე არის ძალიან მორწმუნე და მეორე მხრივ, სხვაზე მეტად აფასებს შვილს, ოჯახს და თავისი ფესვის გაგრძელებას, ამიტომ არჩევანის გაკეთება ორ, მისთვის ღირებულ რამეს შორის უწევს. არ შეიძლება საკითხი დაუყენო, ან შვილი ან ეკლესია. ის სასულიერო პირები, ვისაც კი რამე საწინააღმდეგო უთქვამს ხელოვნური განაყოფიერების შესახებ, თავად მრავალშვილიანები არიან და ალბათ, სხვის ტკივილს ბოლომდე ვერ აღიქვამენ. უშვილობა ისეთი მტკივნეული პრობლემაა, არ შეიძლება ასე ადვილად სხვას ურჩიო, რომ თავი შეიკავე ამ სურვილისგან, მომავლისგან და რაც გაქვს იმით დაკმაყოფილდიო. სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ღვთის შვილია, თუ ღმერთს არ უნდა, არც ხელოვნური განაყოფიერება მოხდება. 

ვინც ხელოვნურ განაყოფიერებას ეწინააღმდეგება, მოკრძალებულად ვურჩევდი, ამ ბავშვებს თვალებში ჩახედონ და მერე თქვან, რომ ისინი არ უნდა დაბადებულიყვნენ. ხელოვნური განაყოფიერებით ხომ ოჯახი ბედნიერდება და სიცოცხლე გრძელდება. 11 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ და ვიცი, რაც არის უშვილო წყვილების ტკივილი. თუ უშვილო წყვილმა ჩაიტარა ხელოვნური განაყოფიერება და გააჩინა ბავშვი, მაინტერესებს, ამით ვის რა უშავდება?! ვის რა დაუშავა ამ ბავშვის სიცოცხლემ?! არც სუროგატი დედა ზარალდება სულიერად. მან იცის, რომ ეს სხვისი ემბრიონი გადმოუტანეს. მე მქონია შემთხვევა, რომ ხელშეკრულება დამიდია წყვილთან, როდესაც და იყო დის სუროგატი. მას არანაირი ფინანსური დაინტერესება არ ჰქონია. ტყუპი გააჩინა. ეს ქალი ყველას ეუბნებოდა, რომ მუცლით ჩემს დისშვილებს ვატარებო. 

გაზეთი "ვერსია"

მრევლი და სამღვდელოებაც ძალიან დაიძაბა - მეუფე მელქისედეკი

ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე

რატომ არ დაესწრო ილია მეორე დღეს საკვირაო წირვას სამებაში - პატრიარქის ექიმის კომენტარი