საარსებო მინიმუმი თუ გაყალბებული სინამდვილე?

საარსებო მინიმუმი თუ გაყალბებული სინამდვილე?

"საქართველოში ძალიან მძიმე სოციალური ფონია, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება!" -  ამ ფრაზას თითქოს ჩვენი ყურიც შეეჩვია და თვალიც. არადა, ოფიციალური სტატისტიკა სულ სხვა რამეს ღაღადებს და გვარწმუნებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე, უზრუნველყოფილ ქვეყანაში ვცხოვრობთ. გვესაუბრება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია:

- ბატონო ჯაბა, ორიოდე თვის წინ მწვავედ გააკრიტიკეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახური და მის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობა - 135 ლარი. ახლახან კი გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საარსებო მინიმუმმა მოიმატა და 160.6 ლარი გახდა.

- ეს არის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. ამ სამსახურმა უნდა აწარმოოს დამოუკიდებელი სამუშაო და საზოგადოებას რეალური მონაცემები მიაწოდოს, რაც ქვეყნის წინსვლას შეუწყობს ხელს, მაგრამ, სამწუხაროდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური სინამდვილეს აყალბებს, რითაც იქმნება მცდარი წარმოდგენა, რომ საქართველოში ყველაფერი რიგზეა:

თუ ერთ სულ მოსახლეს საარსებოდ 160 ლარი ჰყოფნის, მისი ხელფასი კი 300-400 ლარია, ე.ი. რა გამოდის? - ყველაფერი კარგადაა და ჩვენი ქვეყანაც წინ მიდის. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რაც კი თქმულა, თუმცა სხვა ტყუილის შესახებაც უნდა გითხრათ: ამ სამსახურის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, შევიტყობთ, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე ოდნავ მაღალია აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით. ე.ი. მათ მონაცემებში გაყალებებულია უმუშევართა რიცხვიც და კიდევ ბევრი სხვა რამ...

- იცის კი ვინმემ, რამდენია რეალური საარსებო მინიმუმი საქართველოში?

- დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ადამიანს საარსებოდ 300-400 ლარი მაინც სჭირდება მთელი თვის განმავლობაში. ორიოდე თვის წინ, როდესაც საარსებო მინიმუმი ოფიციალურად 135 ლარი იყო, ჩვენ ჩავატარეთ სპეციალური აქცია: ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ორსულიან ოჯახთან ერთად შევედით მაღაზიაში, სადაც ამ ოჯახისათვის ერთი კვირის განმავლობაში საჭირო პროდუქტი შევიძინეთ. რისთვისაც 89 ლარი დაგვჭირდა... საპირისპირო რომ ვერაფერი თქვეს, ერთ-ერთმა დეპუტატმა გვისაყვედურა: რაღა მაღაზიაში მიდიოდით, ბაზარში წასულიყავით და იქ იაფად გეყიდათო(!).

- ე.ი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ციფრები სინამდვილეს არ ასახავს?

- არარეალურ ციფრებს ასახელებენ. 135 ლარი გავაპროტესტეთ და ეჭვქვეშ დავაყენეთ, ახლა საარსებო მინიმუმი უცბად გაიზარდა და 160.6 ლარი გახდა, მაგრამ ეს რიცხვიც ვერ ასახავს სინამდვილეს. როგორც უკვე გითხარით, მინიმალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ადამიანს სულ მცირე 300-400 ლარი მაინც სჭირდება, თანაც, აქ არ შედის გადასახადები და ელემენტარული კულტურული ღონისძიებები, რაც ნებისმიერ ქვეყანაშია გათვალისწინებული.

გადასახადები უნდა გადაიხადო, შვილების განათლებაზე იზრუნო, ელემენტარული გონებრივი განვითარებაც ხომ არის საჭირო? - ეს არის მინიმალური მოთხოვნები, რაც საარსებო მინიმუმის კალათაში უნდა იყოს გათვალისწინებული. აღარაფერს ვლაპარაკობ პენსიონერებზე, რომლებიც შიმშილისათვის არიან განწირულნი.

- ვის აძლევს ხელს ოფიციალური მონაცემების გაყალბება?

- თუ სტატისტიკის სამსახური იტყვის, რომ საარსებო მინიმუმი გამოცხადებულზე ორჯერ მეტია, მაშინ ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. დღეს, როცა სტატისტიკის სამმართველო ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი 160 ლარია, საშუალო ხელფასი კი 300-400 ლარს უტოლდება, მსოფლიო ხედავს და ასკვნის, რომ ეს ქვეყანა ვითარდება, რადგან ხალხს საარსებო მინიმუმზე ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს. მაგრამ სტატისტიკის სამსახური თუ სიმართლეს იტყვის, აღმოჩნდება, რომ დასაქმებულთა ნახევარზე მეტი პრაქტიკულად უმუშევარია. საარსებო მინიმუმი არ ნიშნავს ღატაკსა და გლახაკს, ეს არის რაციონი, რომელიც ადამიანს სჭირდება, რომ შრომისუნარიანი იყოს და ის კალორიები აანაზღაუროს, რასაც შრომის პროცესში ხარჯავს.

ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ დღეს ჩვენი ხალხის ნახევარზე მეტი თითქოს დასაქმებულია, მაგრამ რეალურად დასაქმებული არ არის. ადამიანმა ერთდროულად 5 ადგილზე უნდა იმუშაოს, რომ საარსებო მინიმუმი როგორღაც გამოიმუშაოს. დროა უკვე, რომ ქვეყანა გადავიდეს საათობრივ ანაზღაურებაზე, დროა, გადავიდეს იმ ადამიანებისთვის ხელფასის გაორმაგებაზე, ვინც შაბათ-კვირასაც მუშაობს. ჩვენთან კი ამგვარი სიტუაციაა:

ადამიანს ოღონდ სამსახური ჰქონდეს და მზად არის, დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე იქ იყოს, არც შაბათი ახსოვს არც კვირა, არც დილა და არც საღამო. გამოვა მერე ჩვენი პრეზიდენტი და იტყვის, ხალხი დასაქმებული მყავსო. დასაქმებულები კი არა, მონები არიან, ეს რა დასაქმებაა?! ვიდრე ჩვენში შრომის კულტურა არ არსებობს, ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა არა აქვს. სახელმწიფო კი მდგომარეობის გამოსასწორებლად საერთოდ არაფერს აკეთებს.

- აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უფულობის გამო ექიმთან ვერ მიდის.

- სწორედ ამიტომ წამოვიდა ამდენი ავადმყოფობა. ნებისმიერი უბრალო დაავადება, თვით ფილტვების ანთებაც კი, თუ ყურადღებას არ მიაქცევ, შეიძლება მძიმე ავადმყოფობაში გადაიზარდოს. რატომ ვერ მიდიან ექიმთან? - იმიტომ, რომ შემოსავალი არა აქვთ. სხვათა შორის, მე მაქვს ერთი კარგი წინადადება: მივცემ 160 ლარს ქვეყნის პრეზიდენტს და ერთი ვნახოთ, თუ იარსებებს ერთი თვის განმავლობაში ამ ფულით. დავუშვათ, ხალხს პირობებს ვერ უქმნი, სიმართლე მაინც უთხარი, ნუ მოატყუებ, ბოლოს ხომ მაინც ყველა ყველაფერს ხვდება? 

- როგორც ვიცი, საკრებულოში მოდის უამრავი შეჭირვებული ადამიანი, რომლებმაც არ იციან, სად წავიდნენ და ვის მიმართონ დახმარებისთვის...

- ძალიან ბევრი მოდის თხოვნით, რომ როგორმე სოციალურად დაუცველთა რიგებში მოხვდეს. შეიძლება ადამიანს უხაროდეს, რომ სოციალურ დახმარებას იღებს? - მსგავსი რამ მსოფლიოში არ ხდება! ამიტომაც, სტატისტიკის სამსახურმა უნდა გვითხრას ის, რაც სიმართლეა. თუ პროფესიონალები არიან, არ უნდა იქცნენ ვიღაცის მსახურებად. მათ უნდა გამოაქვეყნონ ნაღდი ციფრები, რომელიც თვალს აუხელს ყველას და გვაჩვენებს, საით მიდის ეს ქვეყანა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"