როგორ მოხვდა ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებაში ამდენი დაკომპლექსებული ადამიანი? - სვამს კითხვას რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი თემურ გოცაძე და ქვეყანაში მიმდინარე მწვავე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება.
- ჰიტლერის დროინდელი გერმანიის ერთი ცნობილი ფერმწერი ამბობდა: თუ შევძელი და შთამომავლობას რამდენიმე მშვენიერი ნატიურმორტი დავუტოვე, ეს ჩემგან საკმარისიაო... თქვენი აზრით, აუცილებელია ხელოვანი პოზიციას გამოხატავდეს?
- როგორ შეიძლება შემოქმედი ადამიანი საზოგადოებაში ცხოვრობდე და მისი ტკივილი არ გაწუხებდეს? ცხოვრებას განრიდებული ბერივით როგორ უნდა გაწყვიტო კავშირი რეალობასთან? ამის ბრწყინვალე მაგალითია ბერძნული ხელოვნება, ესპანური ფერწერა - ველასკესი, გოია, უდიდესი კომპოზიტორები - ბეთხოვენი, ვაგნერი, მოცარტი. ბეთხოვენმა ნაპოლეონ ბონაპარტეს უძღვნა სიმფონია, მერე მიძღვნა წაშალა და "ჰეროიკული" წააწერა, თუმცა, ცხადია, რომ მას საკუთარი თვალსაზრისი ჰქონდა ამ პიროვნებაზე. განა ტყუილად ამბობდა გალაკტიონი: "დრო, დრო აღნიშნე"... როგორ შეიძლება უდროობაში არსებობა?! ხელოვანს აქვს უფლება, უარყოფდეს და იყოს აღფრთოვანებული, ბუნტისა და რევოლუციის მოწყობის უფლებაც აქვს. ჩვენში კი, საუბედუროდ, ჰგონიათ, რომ ხელისუფალს ან უნდა ეპირფერებოდე, ლოკავდე, ან უნდა აგინო. ამას, ცხადია, ოქროს შუალედი სჯობს, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც საქმე გაქვს პიროვნებასთან, რომელსაც რეპუტაცია გააჩნია, მაგრამ რა უნდა ქნა, როცა ანომალიის პირისპირ აღმოჩნდები?
- როგორია თქვენი თვალსაზრისი იმ კონკურსებზე, რომელიც სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით კი საუკეთესო ქანდაკებების გამოსავლენად ტარდება? ბოლო ხანს უპირატესობას უცხოეთში მოღვაწე თამარ კვესიტაძის ნამუშევრებს ანიჭებენ..
- საერთოდ, კონკურსი ყოველთვის პირობითია. განა ვან გოგი კონკურსებში მონაწილეობდა? ვერავინ დამარწმუნებს, რომ ის ძეგლები, რომელთაც საკონკურსო ჟიურიმ უპირატესობა მიანიჭა, სჯობს კონკურენტ ნამუშევრებს. ნაწარმოებს, როგორც წესი, ამა თუ იმ პიროვნებას, ავტორს უკვეთენ... ესეც უმრავლესობის დიქტატის დამყარების ერთ-ერთი მცდელობაა. ან რას ნიშნავს, როცა უმრავლესობით ხარ ხელისუფლებაში მოსული და ამბობ: ვიდრე მე ვარ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მინდაო. რაც შეეხება თამარ კვესიტაძის ქანდაკებებს, რომლებითაც მავანი აღფრთოვანებულია, ისინი ისე გამომშრალი, ცარიელი და ცუდი გაგებით, ტექნიკურია, კრიტიკას ვერ უძლებს. ერთი სიტყვით, დროის ნაყოფია. საერთოდ, მასკულტურამ ძალიან დასცა, მდარე გახადა ჩვენი საზოგადოების გემოვნება, მით უმეტეს, რომ დღევანდელი გაგებით, ელიტური ფენის წარმომადგენლებმა რიგიანად არ იციან, ვინ არის აკაკი წერეთელი, რომ მისი ქანდაკების ავტორი, ისევე როგორც ილიას საფლავზე აღმართული შესანიშნავი ძეგლისა, იაკობ ნიკოლაძეა, ეროვნული ფასეულობები მათ გემოვნებაში "არ ჯდება".
ხელისუფლება, ტელემედია ყოველდღე გვიკიჟინებს, რომ საოცარი რეფორმების ქვეყანა ვართ და რა მოიტანა ამ რეფორმამ? განათლების სისტემა, ფაქტობრივად, მოსპეს. პროფესიონალიზმი, ცოდნა აღარავის სჭირდება... ამიტომ ქვეყანაში, სადაც ბრწყინვალე არქიტექტორები იყვნენ და არიან, დღეს ხელისუფლება უცხოეთიდან იწვევს სპეციალისტებს, ძირითადად, უვიცებს. თუ მოწვევაა, გაიკითხონ მაინც და საუკეთესოები მოიწვიონ! და კიდევ - თუ გორში სტალინის ძეგლს ანგრევ და ამას დემოკრატიის იდეით ამართლებ, რატომ უნდა დაიდგას კვესიტაძის "ამაოებას არ ამოება"? რაც უნდა ვთქვათ, 2008 წლის აგვისტოს ომი წავაგეთ და თუ გვინდა, წარმოვაჩინოთ ქართველი კაცის დამოკიდებულება მილიტარიზმთან, ხომ გვაქვს ვაჟა მელიქიშვილის უნიკალური ძეგლი სენაკში - შუაზე გახლეჩილი "დიდების კუბი", რომლის შიგნით ომის მთელი ჯოჯოხეთია გამოსახული. ეს უმაღლესი მხატვრული დონის ქანდაკებაა, რაც დღეს ასე გაიშვიათდა.
- დღეს უპირატესობა შუშის გამჭვირვალე შენობებს, ახალ არქიტექტურულ სტილს ენიჭება, ხშირად აღნიშნავდნენ, რომ შუშა დემოკრატიული მასალაა, ახალი ეპოქის სიმბოლო.
- ბოდიში, მაგრამ ზოგიერთმა მთელი საუკუნით დაიგვიანა! არც კი იციან, რომ შუშა და ბეტონი აშშ-ში მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო მოდური. ან როგორ შეიძლება საქართველოში, სადაც ზაფხულში ტემპერატურა 40-42 გრადუსს აღწევს, მთლიანად შუშის შენობა ააშენო, მით უმეტეს, ჩამუქებული შუშისა, რომელიც არც გამჭვირვალეა და სიცხესაც იკრებს. ან რატომ არავინ კითხულობს, ვინ არის შუშის ბიზნესის მესაკუთრე? პრეზიდენტის ოჯახის ერთ-ერთი წევრი. ბავშვობაში ყველას რაღაც გვაკლდა, მაგრამ არ შეიძლება თანამდებობის პირმა ბავშვობის ოცნებების ახდენა გაიხადოს ცხოვრების წესად, გზად! ასე მხოლოდ ავადმყოფი, დაკომპლექსებული ადამიანები იქცევიან. ან როგორ მოხვდა ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებაში ამდენი დაკომპლექსებული ადამიანი?
- რა აზრის ხართ პარლამენტის, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თბილისიდან ქუთაისში გადატანაზე?
- სხვათა შორის, ახალი პარლამენტის შენობაც შუშის არის და არც ის იციან, როგორი დიდთოვლობა იცის ქუთაისში და რომ ამხელა სიმძიმე შუშის გუმბათს უნდა დააწვეს. ან რა გამართლება და დატვირთვა აქვს ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის ქუთაისში გადატანას, გარდა ერთი კაცის ახირებისა? მიხეილ სააკაშვილს თბილისი სძულს, რადგან აქ ყველა პოლიტიკური კამპანია, არჩევნები წააგო. და კიდევ ერთი რამის გამო არ უყვარს ეს ქალაქი - აქ იყო ის სკოლა, ის კლასი, რომელშიც სწავლობდა და ყველა კარგად იცნობდა! მისთვის უცხოა ის ღირებულებები, რაც აქვს მშობლიურ სკოლას, უბანს, სამეგობროს, ქუჩას...
- თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს კითხვა: "რა უბნელი ხარ?"
- კიდევ რა უნდა? უწინარესად, სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი აღიგვება პირისაგან მიწისა და უბანი უბნად დარჩება. უბნის გარეშე ქალაქი არ არსებობს, ქალაქის გარეშე - ქვეყანა. განა სულელებმა შეარქვეს უბნებს - მთაწმინდა, ვერა, ნაძალადევი?
- რას იტყვით მხატვართა კავშირში მიმდინარე პროცესებზე, რომლის თავმჯდომარის არჩევას საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა...
- რატომ არის ცუდი, თუკი ერთი პროფესიის ადამიანები გაერთიანდებიან და ექნებათ საკუთარი ბაზა, რომელსაც შემოქმედებითი მიზნებისთვის გამოიყენებენ? ჩემი აზრით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ასეთი კავშირების არსებობას. მაგრამ უბედურება ის არის, რომ 1920-იანი წლების ბოლშევიკების მსგავსად, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, ჰყავდეს თავისი მხატვრები, მწერლები და კულტურულ მემკვიდრეობას უარყოფენ. მხატვართა კავშირის საქმეებში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს. ან რა გზით აარჩევინეს მხატვრებს გია ბუღაძე თავმჯდომარედ? განა ის იქ, სადაც არის - სამხატვრო აკადემიაში საქმის გამკეთებელია?! გია ბუღაძე მხატვარი და მოაზროვნე კაცია, ამიტომაც, უფრო აუტანელია ის, რასაც აკეთებს. ან რატომ არის ყველა კონკურსის თავმჯდომარე გია ბუღაძე? იმ კონკურსში, რომელშიც კვესიტაძის ქანდაკებამ გაიმარჯვა, გაცილებით უკეთესი ქანდაკებებიც იყო წარმოდგენილი, მაგრამ გაიმარჯვა მან, ვისაც პრეზიდენტი უჭერდა მხარს. ასევე ჩატარდა 9 აპრილის მემორიალის კონკურსიც და მრავალი სხვა. ასე იქცა მხატვარი გია ბუღაძე ამ ხელისუფლების მსახურად. ზოგიერთ მხატვარს ჰგონია, რაკი ბუღაძე ხელისუფლებასთან კარგად არის, რუსთაველზე მხატვრის სახლის ტერიტორიას დაიბრუნებენ, მაგრამ ის არაფრის გამკეთებელი არ არის.
- დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა რეჟისორ რობერტ სტურუას ნათქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი სომეხია...
- მეცინება იმაზე, რომ ამის შემდეგ ზოგიერთი რობერტ სტურუას სომხებისადმი სიძულვილზე ალაპარაკდა. რობერტ სტურუა თბილისშია გაზრდილი და ისევე როგორც მე, არაერთი რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი მეგობარი ჰყავს. რატომ სხვა რამე ვერ დაინახეს სტურუას ნათქვამში? რეაქცია იმაზე გაქვს, რაც გულზე გხვდება. იყო დრო, ზოგიერთი სომეხი გვედავებოდა თბილისს, ქვეყნის სხვა ტერიტორიებს, ენას, სარწმუნოებას, ისინი ყველაფერს თავიანთი სამრეკლოდან ხედავდნენ და განა ასეთი არ არის მიხეილ სააკაშვილი? რობერტ სტურუამ ეს აზრი განაზოგადა, გაამძაფრა, როგორც შემოქმედს სჩვევია. ხოლო ზოგიერთი ცხვირმოუხოცავი მას - "კავკასიური ცარცის წრის", "ყვარყვარეს", "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე" დამდგმელს საბჭოურ გადმონაშთს უწოდებს.
- დღეს ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს (ინტერვიუ ჩაწერილია 22 მაისს - რედ.). ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადადგომამდე უკან დახევას არ აპირებენ.
- "ქართული აკადემიის" წევრი ვარ, ჩვენ არ ვიზიარებთ ბრძოლის ამ გზას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლა თავისუფალი არჩევნების გზით უნდა მოხდეს. რევოლუციური გზა ერთხელ უკვე გავიარეთ და ვნახეთ, რაც მოგვიტანა... დღევანდელი მწვავე მოვლენები კი ადასტურებს, რომ რევოლუცია, უპირველესად, მის მომწყობთ სჯის, ანუ საკუთარ შვილებს ჭამს...
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)