2006 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლაშა ჟვანიას არ მიუცია ინტერვიუ პირად თემებზე, საომარმა ვითარებამ მასზე განსაკუთრებით იმოქმედა იმის გამო, რომ იმ პერიოდში ბატონი ლაშა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ამჯერად ბატონმა ლაშამ გამონაკლისი დაუშვა და დიდი პაუზის შემდეგ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვესაუბრა.
- მოსიყვარულე ცოლ-ქმრის ოჯახში გავიზარდე, წყნარ, მშვიდ, მოფუსფუსე გარემოში. მახსოვს დედა, რომელიც მუდმივად შრომობდა სახლშიც და გარეთაც. დედა ფარმაცევტია. მუშაობდა 24-ე აფთიაქში კოსტავას, მაშინდელი ლენინის ქუჩაზე. ეს ყველაზე დიდი აფთიაქი იყო იმ დროისთვის ქალაქში. 70 კაცი იყო დაკავებული. საღამოს დედა შინ რომ მოდიოდა, კერავდა. ხშირად გვიანობამდე კერავდა, ზოგჯერ გათენებამდეც. ყოფილა შემთხვევები, როცა დილით გამიღვიძია და მინახავს, რომ დედა ისევ საკერავ მანქანასთან იჯდა. კერავდა იმიტომ, რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა. კომუნისტების პერიოდში კერძო საქმიანობა აკრძალული იყო, მეგობრებმა ურჩიეს დედას ამ საქმის დაწყება და პირველი მყიდველებიც სწორედ მისი მეგობრები იყვნენ. დედა ისეთ რაღაცებს კერავდა, რაც ფუფუნების საგნები იყო, ამიტომ ჩვენს სახლში შეძლებული ხალხი იყრიდა თავს. მამა ბიოლოგი იყო, მეცნიერ-თანამშრომელი. 13 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ის დიდი ავტორიტეტი იყო ჩემთვის. არ მახსოვს დაყვირება მისი მხრიდან. რასაც მეტყოდა, უსიტყვოდ ვაკეთებდი. სიტყვაძუნწი იყო. ყველაზე კარგად მახსოვს ის დღე, როცა სკოლიდან (პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი) ქაშუეთში შემიყვანა და ათი მცნების მნიშვნელობა ამიხსნა.
იმდენად პატარა ვიყავი, რომ არ ვიცოდი სიცრუის, მრუშობის მნიშვნელობა, არ მესმოდა ფრაზა "არა გული გითქმოდეს". ის შეეცადა ბავშვური ენით ეთარგმნა ჩემთვის ათი მცნება. მისი სიტყვაძუნწობის გამო, ჩემთვის ისეთივე მნიშვნელობის იყო მამაჩემის ორი წინადადება, რაც დედაჩემის საათნახევრიანი მონოლოგი. დედა სასტიკად მკაცრი გახლდათ. მახსოვს მამას ეუბნებოდა, რომ არ უწყრები, როგორი გაიზრდებაო. მამამ უთხრა, ჩემი შვილი ცუდი არ გაიზრდებაო. მამა მუდმივად მიცავდა. თუ მის კაბინეტში ან უბრალოდ, მის თვალთახედვის არეში ვიყავი, დედის არ მეშინოდა. იქ აბსოლუტურად დაცულად ვგრძნობდი თავს.
- რის გამო გიწყრებოდათ დედა?
- სწავლის გამო. ოთხიანი რომ მიმეღო, შეიძლებოდა სახაზავი გადაეტეხა ჩემზე. ძალიან ბევრი სახაზავი გადაუმტვრევია ამის გამო დედას ჩემზე.
- ე.წ. "ქუჩის აკადემიამ" თუ მოგცათ რაიმე გამოცდილების თვალსაზრისით?
- მეგობრებთან, ძმაკაცებთან ერთად ქუჩაში ყოფნა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ძირითადი მეგობრები მაინც სკოლიდან მომყვებიან. ჩუღურეთში გავიზარდე, მაგრამ მთაწმინდაზე ვსწავლობდი. მე მგონია, რომ ოჯახმა და სკოლამ უფრო მეტი მომცა, ვიდრე ქუჩამ. მე მყავდა გამზრდელი, ნელი თიბიაშვილი. იმის გამო, რომ დედ-მამა მუშაობდა და ჩემთვის დრო ბევრი არ ჰქონდათ, დილით მივყავდით ქალბატონ ნელისთან და საღამოს მოვყავდით სახლში. ეს იყო სკოლამდელი ასაკი და დაწყებითი კლასების პერიოდი. დღესაც ხშირი ურთიერთობა მაქვს მათ ოჯახთან. ჩემს გამზრდელს დედა რუსი ჰყავდა, მამა - სომეხი.
- რუსული მათ ოჯახში ისწავლეთ?
- რუსული მასწავლა პედაგოგმა ტატიანა ედიგაროვამ, რომელიც 9 იანვრის ქუჩაზე ცხოვრობდა და მასთან დავდიოდი. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა მცოდნოდა უცხო ენები. უფრო ადრე დავიწყე ინგლისურის შესწავლა და შემდეგ რუსულის. ეს ცხოვრების წესად ვაქციე. მიუხედავად ამისა, გასართობი დროის ნაკლებობას არასოდეს განვიცდიდი. დავდიოდი კინოში მეგობრებთან ერთად, ვთამაშობდი ეზოში, ძალიან ლამაზ სკვერში.
- დედმამიშვილები რომ არ გყავთ, ამან რა გავლენა იქონია თქვენზე?
- ამან ჩემი ოჯახის დემოგრაფიულ ვითარებაზე იმოქმედა. მინდა მყავდეს ბევრი შვილი. ჯერჯერობით მყავს სამი. მარტო ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ცოდოა. თუმცა მყავს მამიდაშვილი, რომელიც ჩემზე უფროსია. გოგონაა და ასევე დედისერთაა. ამ სიცარიელეს ჩვენ ერთმანეთს ვუვსებდით. არდადეგებს, დასვენების დღეებს ერთად ვატარებდით.
- სკოლა, მასწავლებლები, განსაკუთრებით თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე?
- ყველა პედაგოგს ძალიან კარგად ვიხსენებ. ჩემი დამრიგებელი იყო ლამარა შარაშენიძე, ძალიან დიდი სითბო მახსოვს მისგან. შემდეგ მყავდა დამრიგებელი, რუსული ენის პედაგოგი, ვალენტინა დონოვნა ზარქუა, რომელიც დღესაც ასწავლის პირველ სკოლაში და ახლაც ვურთიერთობ მასთან. იმ პერიოდში, როცა ჩვენი დამრიგებელი იყო, გათხოვდა, დაფეხმძიმდა, ეყოლა შვილი. მახსოვს, როგორ ვგულშემატკივრობდით მთელი კლასი. სითბოთი ვიხსენებ აწ გარდაცვლილ ლეილა კუხალეიშვილს, ფიზიკის პედაგოგს.
- ფიზიკასაც კარგად სწავლობდით?
- ყველაზე კარგად ტექნიკურ საგნებს ვსწავლობდი. მინდოდა, ფიზიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მამაჩემისა და დედაჩემის ოცნება იყო ექიმი გავმხდარიყავი, ამიტომ დედა მამზადებდა ბიოლოგიასა და ქიმიაში. მე არ დავდიოდი რეპეტიტორებთან. შემდგომ მინდოდა ისტორიული განხრით წავსულიყავი. მერე ჟურნალისტობა მინდოდა, სადაც ასევე ბარდებოდა ისტორია. ამიტომ ჩემი მეგობრის დედას ვთხოვე დედის ჩუმად ისტორიის რეპეტიტორთან მივეყვანე. მიმიყვანა კიდეც. ვფიქრობდი, რომ დასაწყისისთვის სწავლების საფასურს თავად მოვაგროვებდი. ჩემი რეპეტიტორის სადარბაზოში ზემოთ ხსენებული ქალბატონის შვილი დადიოდა სამართალმცოდნეობაზე ზაურ წულაიასთან. ერთხელ მასთან ერთად მოვხვდით, ჩემს მეგობარს მივაკითხეთ. სწორედ ამ რეპეტიტორმა გადამაწყვეტინა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება. მივედი სახლში და დედაჩემს ვუთხარი, არ მინდა ექიმობა-მეთქი. თუმცა ახლა ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემგან კარგი ექიმი დადგებოდა.
- ჟურნალისტობა რატომ გინდოდათ?
- იმ პერიოდში დამოუკიდებლობის მოპოვების დღეები იდგა. მედია ძალებს იკრებდა, თავისუფალი ხდებოდა. ამ პროცესებმა მომხიბლა. მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ სწორად ახორციელებ, საზოგადოება სწორი გზით წავა, თუ ბოროტად გამოიყენებ, შეიძლება საზოგადოება დეგრადაციამდე მიიყვანო. დემოკრატიულ ქვეყნებში გადამწყვეტი როლი აქვს, მე ისრაელში ვიცხოვრე შვიდი წელი და ვიცი, რა შეუძლია მედიას, თუ ის დამოუკიდებელია. ბოლოს არც იურიდიულზე ჩავაბარე. იმ დროს გაიხსნა ახალი ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის და სწორედ ამ ფაკულტეტზე ვსწავლობდი ხუთი წელი.
- პირველი ხელფასი...
- იყო ასეთი უკრაინული პროექტი, იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს საქართველოს ახალგაზრდობაზე, ბავშვებზე. მე ვიყავი ერთ-ერთი წამყვანი. მაშინ მივიღე ჰონორარი 70 მანეთის ოდენობით.
- სად დახარჯეთ?
- არ მახსოვს. ბავშვობაში დიდხანს ვოცნებობდი მაგნიტიან მანქანაზე, რომელსაც ერქვა "ზა რულიომ". მეზობლის ბავშვთან გადავდიოდი, რომ მეთამაშა. 10 მანეთი ღირდა. მახსოვს მერე, ყველამ რომ იყიდა და აღარ იყო საოცნებო, მამაჩემმა მეც მიყიდა დაბადების დღეზე საჩუქრად (იცინის).
- ინტერვიუს დასაწყისში სოციალურ ფონზე ვსაუბრობდით, როგორ ათენებდა დედა ღამეებს კერვაში. თქვენ თუ მოგიხდათ ფიზიკურად მუშაობა ოჯახის დასახმარებლად?
- დედაჩემმა კერვით იმდენად კარგად ააწყო მუშაობა და იმდენად სერიოზული საწარმო შექმნა, ძალიან მაღალშემოსავლიან ოჯახად ვიქეცით.
- სასიყვარულო გამოცდილებაზეც მინდა გკითხოთ...
- თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი კლასი მიყვარდა. როცა სერიოზული გრძნობა გაჩნდა, დავქორწინდი კიდეც. მაშინ 20 წლის ვიყავი. 16 წელია ერთად ვართ. როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, მერე პირველ პლანზე იწევენ შვილები, ეს მართალია. შვილების გაზრდა, უღელი, სასიამოვნო ტვირთია, ამ ყველაფრით დაღლა გსიამოვნებს. ჩემი მეუღლე უფრო მეტად იღლება, იმიტომ, რომ სახლში ჩემი პასუხისმგებლობა არის ნულოვანი. ჩემი პასუხისმგებლობაა სამსახურის შემდეგ შინ მისვლა, ჭამა და შვილებთან ურთიერთობა, მათთან ხუმრობა, თამაში, სახლის ახმაურება. უფროსი, ანა 15 წლისაა, შუათანა, სულხანი - 11 წლის და ელენე - 6 წლის. 4-4 წელია მათ შორის სხვაობა.
- ამჯერად რატომ შეყოვნდით...
- არჩევნების წელმა, 2008 წელმა დაგვაბრკოლა. მანამდე ყოველი ოლიმპიადის წელზე გვყავდა შვილი. 2008 წელს სააკაშვილის სახელობის უშვილობის წელს ვეძახი (იღიმის). რადგან სწორედ ამ დროს შემომთავაზა სააკაშვილმა არჩევნებში მონაწილეობა. მაშინ დავთმე ჩემი საყვარელი საქმიანობა, დიპლომატია, და მაჟორიტარ დეპუტატად ვიყარე კენჭი.
- ხომ არ ნანობთ?
- პოლიტიკოსობაზე არასდროს მიოცნებია. დიპლომატიური სამსახური კი ყოველთვის მხიბლავდა. მინდოდა ვყოფილიყავი ელჩი ისრაელში, რადგან ძალიან მიყვარს ეს სახელმწიფო. ეს სურვილი ავისრულე. პოლიტიკაში სააკაშვილმა მიმიყვანა და პოლიტიკიდან სააკაშვილმა გამიშვა. ერთისთვისაც მადლობელი ვარ მისი და მეორისთვისაც.
- რა გამოცდილება შეგძინათ პოლიტიკოსობამ?
- პირველ რიგში, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი შემძინა. როცა შედიხარ ადამიანებთან ოჯახებში, ნახულობ, როგორ ცხოვრობენ, თუმცა ჩემთვის უცხო არაფერი ყოფილა, რადგან ჩემი გამზრდელის ბინა უფანჯრო იყო და სწორედ იქ ვიზრდებოდი მეც. როცა ადამიანების პრობლემებს ყოველდღიურად ეხები, შეიძლება ხშირად მატერიალურად ვერ დაეხმარო, მაგრამ შემოუძახო, გაამხნევო, იმედი მისცე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. შეიძლება სიტყვაც არ უთხრა, უბრალოდ, ხელი მოვკიდო და თვალებით მიახვედრო, რომ არ უნდა შეშინდეს. თუ ეს გამოგდის, თუ შენ თვითონ არ ხარ გამოფიტული, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
- ბოლოს გამოიფიტეთ? რატომ გამოგიშვეს პოლიტიკიდან?
- მართალი გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს, ისე გამიხარდა, რომ გამომიშვეს... გული დამწყდა იმაზე, რომ დრო აღარ დამრჩა გამეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც მინდოდა ეკონომიკის სამინისტროში. სხვათა შორის, სააკაშვილს რომ ჰკითხოთ, მიაჩნია, რომ ვიყავი კომიტეტის კარგი თავმჯდომარე და კარგი მინისტრი. როცა ამ თანამდებობაზე მნიშნავდა, ვუთხარი, მაქსიმუმ ექვს თვეს გაძლევ, ამ თანამდებობაზე შევძლო მუშაობა-მეთქი. მე ვიყავი ეკონომიკის მეათე მინისტრი 2004 წლიდან. ყველა ერთად დამესია, მათ შორის გიგი უგულავა და მარწმუნებდნენ, რომ უნდა დავთანხმებოდი მათ წინადადებას. არადა, ვხედავდი, მომავალში რა იქნებოდა. ანუ, მე ამისთვის შინაგანად მზად ვიყავი.
- დღეს უფრო კარგი ურთიერთობა გაქვთ პრეზიდენტთან თუ მაშინ, როცა მინისტრი იყავით?
- ჩემი მხრიდან თანაგრძნობა პრეზიდენტს ჰქონდა მაშინაც, როცა მინისტრი ვიყავი და აქვს ახლაც. მეგობრობა ორმხრივია. როცა გასცემ თუნდაც ენერგიას, საპასუხოდ უნდა იღებდე უკან. მაგრამ მე მხოლოდ მეგობრობის გამო არ დავთანხმდი მის წინადადებას. მე იმ ხალხის ნება გავითვალისწინე, ვინც არჩევნებში ხმა მომცა.
- დღეს სად ხარჯავთ თქვენს ენერგიას?
- დღეს ვხარჯავ და უფრო მეტ ენერგიას ვიღებ უკან, ვიდრე ოდესმე მიმიღია, იმ ადამიანისგან, რომელიც ყოველთვის ჩემი ცხოვრების იდეალი იყო. დედის გარდა, პატრიარქი ერთადერთი ადამიანია, რომლისგანაც უფრო მეტ სიყვარულს ვიღებ, ვიდრე გავცემ. მასთან ბავშვობიდან მქონდა ურთიერთობა. ყოველი ჩემი დანიშვნა ამა თუ იმ თანამდებობაზე მან წინასწარ იცოდა. ყოველთვის ვეკითხებოდი აზრს, რჩევას. ისეთი ფორმით ვუთხარი დეპუტატად კენჭს რომ ვიყრიდი, რომ უარი ეთქვა ჩემთვის. მიხვდა (იცინის), ვერ გამოვაპარე, მაინც მირჩია დათანხმდიო.
- საიდან მოდის თქვენი ასეთი ახლო ურთიერთობა?
- მე სიონში მოვინათლე. უწმინდესი მაშინ სიონის ეზოში ცხოვრობდა და ეზოში ხშირად სეირნობდა. კარგად მახსოვს, კარაკულით გაწყობილი ანაფორა ეცვა. სიბნელე იყო. მაშინ ჩემმა ნათლიამ თქვა, ეს ილიააო, მიმიყვანა მასთან და უწმინდესმა დამლოცა. მეორე შეხება მქონდა "პიონერფილმის" დროს. მიშა ჩიგოგიძემ რამდენიმე ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მიგვიყვანა პატრიარქთან. მისი კაბინეტიდან რომ გამოვდიოდით, მე ბოლოს გამოვედი, უკან მივიხედე და დავინახე, რომ პირჯვარს მსახავდა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. შემდეგ ისრაელში ვიყავი, ერთ-ერთი პირველი ტურისტი, რომელიც წმინდა მიწაზე ჩავიდა. მაშინ ახალი გახსნილი იყო გზა საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორის. ინტერვიუ მივეცი ადგილობრივ ქართულ გაზეთს, რომელიც მერე უწმინდესს მივუტანე. ეს ჩვენი მესამე შეხვედრა იყო. შემდეგ, როცა მონაზვნებმა გადაწყვიტეს წმინდა მიწაზე წასვლა, უწმინდესმა ჩემთან ერთად ურჩია გამგზავრება. ასე ნელ-ნელა დავუახლოვდი პატრიარქს. როცა პატრიარქმა მომცა კურთხევა, გავმხდარიყავი კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი, უბედნიერესი ვიყავი. ასეთი საპატიო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არასდროს მქონია და ასეთი ნდობა არავისგან მიგრძნია. ვუთხარი, არ გიმტყუნებთ-მეთქი. მიპასუხა, მე ხომ გიცნობო. ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა.
- შვილებზე ვსაუბრობით... თავად რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს, თუ ჯდებით მათთან ერთად სასაუბროდ, თუ არიგებთ?
- რა თქმა უნდა. ბავშვს, სანამ ხრტილია, დარიგება თუ არ მიეცი, მერე დაძვალდება და მტკივნეული იქნება, ქირურგიული ოპერაცია დასჭირდება. ზოგჯერ საკუთარ თავს ვიჭერ იმაში, რომ ჩემი დაკავებულობის გამო რაღაცები გამეპარა და ახლა ბრძოლა მჭირდება ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. მაგალითად, სუფრასთან ჯდომის კულტურა. წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნას უფრო ხშირად დედისგან იღებენ და ყველაზე მეტ შენიშვნას პატარას ვაძლევთ, იმიტომ, რომ ის ყველაზე ნაკლებად დამთმობია. ვურჩევ ჰქონდეს მოთმენის უნარი და ყოველთვის გაიზიაროს ის, რასაც უფროსი ეუბნება. კამათი გვაქვს სწავლაზე შუათანასთან, ზარმაცია, მაგრამ რეიტინგებში სკოლაში 99% აქვს. დედაჩემს მკაცრი ბებიის როლი აკისრია ოჯახში. ის აკონტროლებს პატარის სწავლა-განათლების საკითხებს.
- დასასრულ, შეცდომებზე მინდა გკითხოთ. განსაკუთრებით თუ გახსენდებათ რომელიმე?
- ჭკვიანი ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს, ბრძენი - სხვისაზე. ყველაზე კარგად რაც მოქმედებს ჩემს ცხოვრებაში, არის შემეცნება და მაცხოვრის დავალება "იყავი სუფთა, როგორც მტრედი და ბრძენი, როგორც გველი" ცალ-ცალკე გამომდის ხოლმე, მაგრამ ერთად ძალიან ძნელია (იღიმის).
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)