"მიშა კი არ არის მაგარი, ჩვენ ვართ გამოქლიავებულები"

"მიშა კი არ არის მაგარი, ჩვენ ვართ გამოქლიავებულები"

"ქართული ენის ომონიმთა ლექსიკონში სიტყვა ანდამატი მიმზიდველსაც ნიშნავს და ბრილიანტსაც. დღევანდელ ხელისუფლებას რაც მიმზიდველია, მაგრამ არასათავისოდ, ყველაფერი ეზიზღება... არ მინდა, ის დახვეწილი მამულიშვილები ჩამოვთვალო, ვისი სახელის გაგონებაზეც ხელისუფლებას გული ერევა, რადგან ის ღირსეული ადამიანები მათ არ შეუძვრნენ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ასეთია "კვირის პალიტრა". დღეს კი დემოკრატიასა და ხალხის სიყვარულს ვინ გაპატიებს?!. ხომ გაგიგიათ, თუ გებრძვიან, - ძლიერი ხარო. უამრავი კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად ვამბობთ, ვაი, ჩვენს პატრონსო, ახლა კი პატრონიც არ გვყავს და მე ვამბობ, აღსდექ, შე უპატრონო ქართველო-მეთქი, რამე აზრი აქვს?.. ვიდრე ქართველები ცალ-ცალკე ერთმანეთს არ დავიბრუნებთ, დაკარგული მიწების ერთ გოჯსაც ვერ მივიღებთ", - მითხრა ჯანსუღ ჩარკვიანმა და ისიც დასძინა, ჯანი არ მომდევს, მაგრამ "მედიაპალიტრას" თუ დასჭირდება, ჯოხს წამოვიღებ დასაყრდნობად და ისე დავდგები მის ეზოშიო...

პოეტს ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზეც ვესაუბრეთ.

- მას შემდეგ, რაც 26 მაისს ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები სასტიკად დაარბია, ქუჩაში იმაზე მეტი ხალხი გამოვიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ბევრი იტყვის, რომ 26 მაისის აქცია არ იყო ისეთი ორგანიზებული და მასშტაბური, როგორიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს არის საჭირო, ჯობია, წინააღმდეგობრივ მოძრაობას სათავეში ჩაუდგეს ისეთი ლიდერი, ვინც საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს. პოლიტიკოსები კი განზე უნდა გადგნენ. ეს "სახალხო კრების" ლიდერებსაც ეხებათ. სახალხო კრება ხალხის აზრის გამტარებელი უნდა იყოს და არა პოლიტიკოსების... თუმცა ეს არ არის მთავარი, როცა აქციის მონაწილეებს უთხრეს დაიშალეთო, ისინი არ დაემორჩილნენ, მაგრამ დარბევის ასეთი ფორმა უცხოეთშიც არ მინახავს. როცა პრეზიდენტი ამბობს, პუტინი ვერასდროს გავხდებიო, არ შეიძლება, კადაფივით იქცეოდეს. ისიც არ მიდის და გამწარებული იბრძვის... აქაც ასეა, ადამიანი იმიტომ გამოვიდა ქუჩაში, რომ შია და თავისუფლება უნდა და მიბერტყეს.

- მათ აქციის სხვა ადგილ­ზე გამართვა ურჩიეს...

- დიახ, მაგრამ რა გვექეიფება და გვემღერება. რის გამარჯვებას ვზეიმობთ, როცა ყველაფერში დამარცხებულები ვართ. პრეზიდენტი კი გვეუბნება, მსოფლიოში ყველაფერში პირველები ვართ და ყველაფერში ჩვენ უნდა მოგვბაძონო, მაგრამ ეს სიტყვებით, საქმით დაგვიმტკიცოს, რაში ვართ გამარჯვებული, სიღატაკე დავძლიეთ თუ უმუშევრობა დავამარცხეთ?!. სიმღერები ლენინზეც დაწერა ხალხმა, სტალინზეც და ლავრენტი ბერიაზეც კი, ამიტომაც არც ის მიკვირს, ვიღაცამ მიშა მაგარია რომ იმღეროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ მიშა კი არ არის მაგარი, ქართველები ვართ გამოქლიავებულები. როცა ილიამ ბრძანა, ყველა ყრუი, ყველა ცრუიო, ის ალბათ 50%-ს გულისხმობდა. მე ილია არ ვარ, ვერც ვიქნები, მაგრამ ქართველი ერის 70%-ზე იმავეს ვიტყოდი.

- ოპოზიციის დიდი ნაწილიც აღიარებს, ხელისუფლება კი არ არის ძლიერი, ჩვენ ვართ სუსტებიო...

- ძალიანაც კარგი, თუ ამას აღიარებენ, მაგრამ მე დავამატებდი, სუსტი კი არა, ძალიან სუსტები არიან... ეს ოპოზიცია ციდან კი არ ჩამოვარდნილა, ილიას მიერ შერისხული ერის ნაწილია. მე არ ვემხრობი დიქტატურასა და თავ-პირის დამტვრევას, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, საქართველო მხოლოდ მაშინ მთლიანდება, როცა სათავეში დიქტატორი ჰყავს. მნიშვნელობა არ აქვს, დავით აღმაშენებელი იქნება თუ სტალინი... დავით აღმაშენებელი დიქტატორი არ ყოფილა, მაგრამ მკაცრი მმართველი იყო. ძელზე სვამდა დამნაშავეებს. მისი მეფობის დროს, თუ ციხეში 5 ათასი ადგილი იყო, სასჯელს 6 ათასი ბრალდებული იხდიდა. ამას ძალიან განიცდიდნენ ქართველები, მაგრამ ვინმემ მითხრას, რა დააშავა საქართველომ ისეთი, რომ 5 ათასის ადგილას 30 ათასი ადამიანი ზის?!. თან ჩვენი უბედურება ის არის, რომ ისინი დამნაშავეები კი არა, უდანაშაულოები არიან.

- როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების დაკავება?

- ახლა ყველაფრის გამო იჭერენ ადამიანებს, განსხვავებული აზრის გამოც კი... თუ მათ რიგებში არ ხარ, ჯიბეში ნარკოტიკს ან იარაღს ჩაგიდებენ. შეიძლება, 3-მილიონიან ქვეყანაში 300 ათასი ნარკომანი გვყავდეს?! თუ ასეა, ეს უკვე უბედურებაა და ამას კიდევ უბედურებას ამატებენ. იქ ერთხელ შესული კაცი ნორმალური გამოვა?!. დამნაშავე მაინც დაიჭირონ... ერთი ბოთლი ლუდის მოპარვისთვის 12-წლიანი სასჯელი ვის გაუგია?! ადრე, იცით ქურდებს "კანონიერი" რატომ ერქვა? ისინი ოჯახებში კი არ შედიოდნენ და ქურდობდნენ, იმ შავ სამყაროს საქმეებს ურჩევდნენ, რადგან მართლმსაჯულებას არ ენდობოდნენ. ახლა არც "კანონიერი ქურდები" გვყავს და აღარც ამათი სასამართლოს ნდობა შეიძლება.

- ხომ არ მოვითხოვოთ "ქურდული მენტალობის" დაბრუნება?

- თქვენ იხუმრეთ და ამათი აყვავებული და გადაყვავებული მართლმსაჯულება არ გაიშვას არსად... ირწმუნებიან, ქრთამი აღარ არისო, რატომ? ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანი წილში ზის და ყველაფრის ბიზნესს აკონტროლებენ. ქრთამმა მაღალ ეშელონებში გადაინაცვლა...

როცა მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო, იმ მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, ვისაც ფეშენებელური სახლები ჰქონდათ. გავგიჟდი, ისე გამიხარდა, ეს ახალგაზრდა კაცი სამართლიანი პიროვნება ჩანს-მეთქი. ახლაც ააფრიალოს თავისი გუნდის წევრების სია.

- ოპოზიციამ ვერ დაუსახელა მას ასეთი მაღალჩინოსანი...

- დიახ, იმიტომ რომ ვინც ამის თქმა მოინდომა, "ქვეშიდან გამოვიდა" და სააკაშვილმა აჯობა მას, რადგან იცოდა, რომ ვერ იტყოდა... მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ქართველი კაცი მშიშარაც არის. თუ თავად არ მოუკლეს შვილი, სხვისი ამბით არ დაინტერესდება. ცხონებულმა ირინა ენუქიძემ მოუწოდა ხალხს, შარდენზე შევიკრიბოთო, მაგრამ მაშინ მხოლოდ 300-მდე ადამიანი გამოვიდა და მაშინაც დააყვედრეს, რომ გამოვედით, ამით რა შეიცვალაო?!.. ვერც ოპოზიციამ შეძლო საერთო იდეის გარშემო გაერთიანება. ვნახოთ, ეს "რვიანი" რას იზამს.

- თქვენი აზრით, "რვიანი" შეძლებს პოლიტიკური რეალობის შეცვლას?

- იმედი მაქვს, რომ ასე იქნება, რადგან იქ ბევრია გაერთიანებული და იქნებ, შეძლონ იმ პოლიტიკური ოქროს შუალედის პოვნა... რაღაცებს ვაპირებთო, შეიძლება, წინააღმდეგობის ახალი ტალღა აგორდეს, მაგრამ უნდათ, ტალღა ააგორონ, უნდათ ცუნამი, რამე უნდა შეიცვალოს. მთავარია, მათ საკუთარ ხალხსა და მთელ მსოფლიოს დაანახვონ, რომ რამის შეცვლა შეუძლიათ... ასე გაგრძელება არ შეიძლება. რამდენი ხანია იქადნებიან, მაგრამ არ დააყენეს საშველი. თქვენ გგონიათ, სახელმწიფოს იმისთვის საკმარისი ბიუჯეტი არ აქვს, რომ საცოდავ პენსიონერებს დახმარება გაუზარდოს?.. აქვს, როგორ არა, აბა, ნახეთ რამდენს უხდის შერონებს და გარსიებს? უბრალოდ, იციან, რომ ღატაკი და გაჭირვებული კაცი ადვილი სამართავია. გვიჭირდა და ახლა ვიწყებთ ცხოვრებასო, ამბობს, ჩემი თავი ენაცვალოს ყველა კარგ სიახლეს, მაგრამ ხიდიდან და შადრევნიდან დაწყებული ცხოვრების არ მწამს... ამას წინათ ისრაელში, შოთა რუსთაველის ფრესკასთან შევიკრიბეთ ქართველი და ქართველ-ებრაელი საზოგადო მოღვაწეები. იქაური ახალგაზრდები "ვეფხისტყაოსანს" კითხულობდნენ. ძალიან თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს... შემდეგ ერთ იქაურს ვკითხე, პენსია რამდენი გაქვთ-მეთქი, აქ არ მიმუშავია და წესით არც უნდა ვიღებდე, მაგრამ ინვალიდობის 800 დოლარი დამინიშნესო. მართალია, იქ სიძვირეა, თუმცა, ასეც რომ იყოს, იქაური კურსით 500 ლარი გამოდის. ამ თანხის ნახევარი მაინც დაუნიშნონ ქართველ პენსიონერებს. სამუშაო არ არის და რამით უნდა იარსებოს ხალხმა. ხელი გაანძრიეთო, რომ ამბობს ეს ჩვენი პრეზიდენტი, სახელმწიფომ არ უნდა შეუწყოს ხელი თავის მოქალაქეებს?.. ბიძინა ივანიშვილის დახმარება რომ არა, ქართველი ინტელიგენციაც შავ დღეში იქნებოდა, მაგრამ ამ ხელისუფლებას ერთხელაც არ წამოსცდენია მისი სახელი. იმასაც კი არ აღიარებს, რომ სამების საკათედრო ტაძარი ამ ადამიანის დაფინანსებით აშენდა. ასეთმა უმადურმა ადამიანებმა სხვებს რა უნდა ასწავლონ?! მაგრამ ამასაც იქამდე მივყავართ, რომ მუქთახორობა და უმადურობა გენში გვიდევს ქართველებს. ოპოზიციაც ჭამს ერთმანეთს. რახან ირაკლი ალასანიას პიროვნება გამოიკვეთა, მას ორივე მხარე ებრძვის.

- მას ხშირად ხელისუფლების სატელიტ პოლიტიკოსადაც მიიჩნევენ...

- მათ უნდათ, ასე იყოს, რადგან ებრძვიან, ეს ნიშნავს, რომ მართლა მაგარია. ოპოზიციის ნაწილს მისი მოშორება უნდა. რას ვიზამთ, ჩვენი საზოგადოება ვერ დაიხვეწა. საქართველოში შემგინებლები ფასობენ. ირაკლი დიპლომატია, ის ყველაფერს სწორად ამბობს, მაგრამ იმიტომ არ უყვართ, რომ ტყლაპს, ტყემალს, ტყვარჩელს, ტყიბულს, ანუ რაშიც "ტყ" ურევია, არ ამბობს.

- ბატონო ჯანსუღ, მაშინ, როცა ხელისუფლება სუსტი ოპოზიციის ხარჯზე ძლიერია, საზოგადოებამ უნდა შეძლოს თავისი სიტყვის თქმა, თუმცა არც ხალხშია ერთობა. რა არის ამის მიზეზი?

- ის, რომ ქართველებს ერთად დგომაც არ შეგვიძლია. ამიტომაც შეგვიძახა ჩვენმა პოეტმა, ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელოო... იცოდა, რომ სხვა დანარჩენთან ერთად კუთხური შუღლიც გვქონდა, ქიზიყელს რომ ჰკითხო, კახელი ხარო, თავს გაგიტეხს, არაო. ზემო და ქვემო იმერლები ცალ-ცალკე იქაჩებიან. ერთი მიწის შვილები ერთმანეთს ვერ იტანენ, სხვისი გაკეთებული გვინდა ყველაფერი.

- ხელისუფლება ტურიზმის განვითარებით აპირებს ქვეყნის ეკო­ნო­მი­კის გადარჩენას...

- ხელისუფლება ტურიზმის განვითარებას მთიდან ხალხის გამოდევნითა და იქ ჩინელების ჩასახლებით აპირებს. რა დარჩა ხევსურეთში, ხუთი ოჯახიღა იქნება.

- ბატონო ჯანსუღ, მთის დაცლას არ ჯობია, იქაურებმა ტურისტები მიიღონ და საარსებო წყაროც ჰქონდეთ. იქნებ, თანდათან მართლა დაბრუნდეს ხალხი...

- ადრე მართლაც ასე იყო, უამრავი ტურისტი ჩამოდიოდა, მაგრამ ხალხი ცხოვრობდა და თავის ფესვებს მაინც ინარჩუნებდა. ახლა კი ბათუმსა და ქობულეთში რომ გაიარო, ქართულ საუბარს ვერ მოისმენ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ქართველები ყველაფერს ადვილად ვთმობთ... ზემოთ ისრაელში ყოფნაზე გიყვებოდით, სომხური და ბერძნული ტაძრები ვნახე, ქართული არსად შემხვედრია. ჩვენებურ მღვდელსაც არ უშვებენ სალოცავად... ყველაზე საწყენი ის არის, რომ სხვას ძალით კი არ წაურთმევია, ჩვენ ვერ ვუპატრონეთ და დავთმეთ.

- ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ. პრეზიდენტმა თქვა, მოღალატეთა 5-6 ჯგუფი ერთმანეთს ჭამსო...

- მე რუსეთისთვის შეძრომის მომხრე არ ვარ, მაგრამ არც ისინი მეხატებიან გულზე, ვინც ამერიკას უძვრება... ნაცარქექიას ზღაპრიდან მაინც უნდა ვისწავლოთ, რომ ქართველები დიპლომატები უნდა ვიყოთ. საბჭოთა კავშირში 15 რესპუბლიკა იყო. დღეს რუსეთთან ჩვენ გარდა ყველას კარგი ურთიერთობა აქვს. რუსი რომ დამპყრობელია, ამას ხელისუფლება ვერ გვასწავლის და ჯობია, იმას მიხვდეს, რომ მასთან მტრობა ხეირს არ მოგვიტანს. ძლივს გამოვძვერით "სარუსკიპოდან" და ახლა "ევჟოპიზკენ" მივილტვით... ჩემმა შვილმა რომ დაწერა სიმღერა ჩემს ლექსზე, "თავისუფლება ლომთა ხვედრია", კურდღლებზე კი არ დამიწერია, ხალხის გამოსაფხიზლებლად დავწერე.

- თქვენი შვილი თავს როგორ გრძნობს?

- სამი თვეა სახლში გვყავს, მკურნალობს. არ სვამს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, ბოლო რამდენიმე დღე მკაცრ მკურნალობას გადის... თავადაც ძალიან მონდომებულია და ამიტომაც მაქვს იმედი, რომ უკეთესად გახდება... როგორც კი უკეთესად გახდება, შემოქმედებითაც გამოცოცხლდება. ამას წინათ, სამი-ოთხი თვე შედარებით კარგად იყო და ორი სიმღერა დაწერა. მის გამოჯანმრთელებას დრო და ნებისყოფა სჭირდება. მამა ვარ და ჩემი მხრიდან ამის თქმა უხერხულია, მაგრამ მაინც გეტყვით, სულ ვეუბნები, ნიჭიერი კაცი ხარ და თავს რატომ იღუპავ-მეთქი. 80-მდე ისეთი გამორჩეული სიმღერა აქვს, რომ ქართველმა ხალხმა აიტაცა და არ მინდა, მისი ნიჭი დაიკარგოს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"