საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რიგ ქვეყნებს ნოტას-ნოტაზე უგზავნის და ითხოვს, რომ საქართველოს სახელწოდება "გრუზია" "ჯორჯიათი" შეიცვალოს. ალბათ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ "გრუზია"-"ჯორჯიას" გადამკიდე შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი რამ გამოგვრჩეს.
მაგალითად, ის რომ ცნობილი ბრიტანული ენციკლოპედია "ბრიტანიკა", რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ წყაროდ არის აღიარებული, საქართველოს შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, "ბრიტანიკას" ვებგვერდზე საქართველოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში თეთრზე შავით წერია, რომ ქართული და სომხური ანბანები მესროპ მაშტოცმა შექმნა.
ჩვენი სამხრეთელი მეზობლებისგან მსგავსი ამბავი, რა თქმა უნდა, არავის უკვირს და ამის თაობაზე ანეკდოტებიც დადის, მაგრამ როდესაც იგივეს "ბრიტანიკა" ავრცელებს, ალბათ, ყურის მოყრუება აღარ შეიძლება და რეაგირება აუცილებელია. ოღონდ არა ანტისომხური ისტერიისა და სადღეგრძელოების დონეზე, არამედ კომპეტენტურად - "ბრიტანიკას" რედაქციას, ალბათ, უნდა მისწერონ დასაბუთებული პასუხი ამ დეზინფორმაციაზე და ზემოხსენებული ეპიზოდის ამოღება მოითხოვონ.
ამის გაკეთება ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ალბათ, შუამავლის როლი უნდა შეასრულოს. შემდეგ, ალბათ, უფროს მასშტაბური სამუშაოა ჩასატარებელი. კერძოდ, სომხური ისტორიული წყაროები, რომელესაც ყური იქიდან აქვს მიბმული, საიდანაც სომეხ მეცნიერებს სურთ, ევროპულ ენებზე უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ქართული წყაროები. ზემოხსენებულ კონკრეტულ შემთხვევებშიც, "ბრიტანიკას" რედაქცია სწორედ უფრო გავრცელებულ სომხურ წყაროს ეყრდნობა.
ალბათ, სომხურ წყაროს ეყრდნობა "ვიკიპედიას" უკრაინული ვერსია, რომლის მიხედვითაც, ქართველებს ქრისტიანობა სომხებისგან მიუღიათ. თუმცა რას ეყრდნობა გერმანიაში საქართველოში წამოსვლის მსურველთათვის განკუთვნილი ლექსიკონი (ამის შესახებ იქ მყოფი ჩვენი თანამემამულეები საუბრობენ), რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ქართული ქალაქი სომხურად არის მიჩნეული, უცნობია.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ეს მიმართულება მისახედია. შესაძლოა, ეფექტურია საქართველოს შესახებ ჰოლივუდური ფილმების დაფინანსება და პიარისთვის უცხოურ მედიაში მილიონობით დოლარის გადახდა, მაგრამ ამ თანხის მეოთხედი ქართული ისტორიული წყაროების დასავლეთისთვის ხელმისაწვდომობაზე რომ დაეხარჯათ, გარწმუნებთ, ასეთ ისტორიულ კურიოზებს თავიდან ავიცილებდით. ჩვენი სამხრეთელი მეზობლის ზოგიერთ წარმომადგენელს (რა თქმა უნდა, მთლიანად სომეხ ერზე საუბარი არ არის) დასავლეთში ისტორიის დამახინჯების კუთხით, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებოდა.
გიორგი კვიტაშვილი