ილია მეორე - ვფიქრობ, რომ ვაკეთებ იმას, რაც უნდა ვაკეთო

ილია მეორე - ვფიქრობ, რომ ვაკეთებ იმას, რაც უნდა ვაკეთო

ჩვენი უდიდესი პრობლემა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალია , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ უკრაინის პირველ ნაციონალურ არხს განუცხადა.

უწმინდესმა აღნიშნა, რომ 11 წლის განმავლობაში იყო სოხუმისა და აფხაზეთის მიტროპოლიტი.

"ვიცოდი ამ ავტონომიური რესპუბლიკის ყველა კუთხე-კუნჭული. ყოველთვის ვგრძნობდი იმ დიდ სიყვარულს, რომელიც იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის. ჩვენ არ გვქონდა არანაირი უთანხმოება, მაგრამ ალბათ, ვიღაცას ეს არ მოსწონდა და დატრიალდა სეპარატიზმის ტრაგედია. სეპარატიზმი საშიში დაავადებაა. არ შეიძლება, საკუთარ ქვეყანაში ებრძოდე სეპარატიზმს და სხვა ქვეყანაში მხარს უჭერდე. ეს არასწორია. მაგრამ ჩვენ იმედით ვცხოვრობთ. . . დევნილები, რომლებიც საქართველოს სხვდასხვა კუთხეებში არიან, თავიანთ კერას უნდა დაბრუნდნენ. მე უკრაინაში სიყვარულით და იმედით ჩამოვედი", - ბრძანებს უწმინდესი.

პატრიარქის განცხადებით, საქართველოს კანონიკური ეკლესიდან გამოყოფის სურვილი თავად აფხაზებისთვის საშიშია. ილია მეორე იმედოვნებს, რომ ისინი თავიანთ შეცდომას მიხვდებიან და საქართველოს კანონიკურ ეკლესიას დაუბრუნდებიან.

"ის, ვინც კანონიკურ საზღვრებს არღვევს, ვინც ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს ეკლესიაში, წმინდა მამები ამბობენ, რომ მოწამეობრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება. მოვუწოდებ აფხაზეთის და ცხინვალის სასულიერო პირებს, შევხვდეთ და ვისაუბროთ", - აცხადებს პატრიარქი.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პატრიარქი საქართველოში დიდ იმედად და ერთადერთ ნათელ წერტილად მიიჩნევა და ინტერესდება, როგორ ახერხებს უწმინდესი ანუგეშოს გაჭირვებულებიც და ესაუბროს მთავრობასაც.

პატრიარქი ამბობს, რომ მთავრობა ცდილობს გააკეთოს, რაც შესაძლებელია.

"მთავრობა მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სხვა ფინანსურ ურთიერთობებში. ძნელია, როცა მოდის შენთან ადამიანი და გეუბნება, ბავშვებს სკოლაში ვერ ვატარებ, ან მშიერი დამრჩნენ. ადამიანებზე ფიქრი აუცილებელია. ადამიანი, ეს მარადიული ღირებულებაა დედამიწაზე. ჩვენი დიდი მწერალი და წმინდანი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა - მამული, ენა, სარწმუნოება. მე ცოტა გავაფართოვე ეს და ვამბობ – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. თუ ადამიანი დაკარგავს ღვთის რწმენას, თავის სამშობლოს და კეთილ ურთიერთობებს, ეს ცუდად დასრულდება. ვფიქრობ, რომ ვაკეთებ იმას, რაც უნდა ვაკეთო. არავითარ შემთხვევაში არ მინდა პოლიტიკური დებატებში შევიდე ვინმესთან. უბრალოდ, ყველას მშვიდობას და ღვთის მფარველობას ვუსურვებ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, მნიშვნელობა არ აქვს, ის რომელი რწმენის და ეროვნებისაა. ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვისაც სჭირდება და რადენადაც ეს შესაძლებელია, რადგან ჩვენც ასევე შეზღუდულებიო ვართ ეკონომიკური კუთხით", - აღნიშნავს პატრიარქი.

ილია მეორეს კითხვა ომის შემდგომ პერიოდზეც დაუსვეს. პატრიარქმა ომის შემდგომი გორი და ცხინვალის ეპარქია გაიხსენა.

"მე ჩავედი გორსა და ცხინვალის ეპარქიაში. ძალიან მიჭირს გახსენება იმისა, რაც ვნახე. იყვნენ მოკლული ადამიანები, რომლებსაც დამკრძალავი არავინ ჰყავდათ. გზაზე დავინახეთ ავტომანქანა, რომელშიც იჯდა მძღოლი. როცა დავბრუნდით, ის ისევ იქ იყო. გავაჩერებინე ავტომანქანა, რომ გვენახა, რა უჭირდა. ვნახეთ, რომ მიცვალებული იჯდა საჭესთან. . . ძალიან ძნელია ახლა ამის გახსენება", - ამბობს პატრიარქი.

ილია მეორე აღნიშნავს, რომ ცხედარი თბილისში გადმოასვენა და შემდგომ რეგიონში სასულიერო პირები მოავლინა, რათა მათ მიცვალებულთა დაკრძალვა უზრუნველეყოთ.

საუბრის დასასრულს პატრიარქმა უკრაინელ ჟურნალისტს თავისი საგალობლების დისკი აჩუქა. ასევე, ისაუბრა საგალობლის, "დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო" შექმნის ისტორიაზე. პატრიარქი ამბობს, რომ ასეთ სიტყვებს ადამიანი მაშინ ამბობს, როდესაც ხვდება, რომ უფლის დახმარების გარეშე გზის გაგრძელება და უფალთან მისვლა აღარ შეუძლია.

"სწორედ ამ დროს სთხოვს ადამიანი უფალს, რომ მასთან მივიდეს და გზის გაგრძელებაში დაეხმაროს", - აღნიშნა უწმინდესმა.

ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ მისი საგალობლები მოწონებას დაიმსახურებს. უწმინდესმა კიევის და სრულიად უკრაინის პატრიარქ ვლადიმირს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"