"დაცარიელებულ თბილისს, როცა მოესურვებათ, მაშინ დაარქმევენ ერევანს"

 "დაცარიელებულ თბილისს, როცა მოესურვებათ, მაშინ დაარქმევენ ერევანს"

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელსაც 30 სექტემბერს 80 წელი შეუსრულდება, ამბობს, რომ ქვეყანა გაჭირვებულიც უნახავს და გახარებულიც, მაგრამ ეჭვობს, რომ დღეს საქართველო აღარ არსებობს...

- 80 წელი მისრულდება და ამ ხნის განმავლობაში კარგი საქართველოც მინახავს და გაჭირვებულიც, მაგრამ ისეთი, როგორიც დღეს არის, არ მახსოვს. საერთოდ, არსებობს დღეს საქართველო? მიშა მაგარიაო, ამბობენ. მიშა კი არ არის მაგარი, ქვეყანაა გამოქლიავებული. იცით, რაში აქვს ხელისუფლებას ჭკუა? იციან, რომ არ უნდა მოგიმატონ პენსია, ხელფასი, რადგან ღატაკი კაცი ადვილად სამართავია. მერე იტყვიან, გზა გავიყვანეთ, ქვეყანა განათებულია, ყველაფერში პირველები ვართო.

რაში ხარ პირველი? გადახედე შენს მეზობელ სომხეთს, სადაც პენსია 150 დოლარი აქვთ. თუ სომეხმა სამჯერ გაჯობა, პირველი რაღაში ხარ? სულ ვამბობ, სომეხს რომ ჰყოლოდა ილია ჭავჭავაძე, არ მოკლავდა. სომეხს ანასტას მიქოიანი ჰყავდა და დღეს მისი სახელობის ძეხვი აქვს, შენ კი სტალინის ძეგლს იღებ გორში? ისტორიის უარყოფა არ შეიძლება, თორემ დიქტატურა არც მე მომწონს. თუ ნაპოლეონს საფრანგეთი პატივს სცემს, რა უფლება გაქვს, შენს წარსულს პატივი არ სცე? ამათ ისტორია ეზიზღებათ. თუ წარსული არ გინდა, აწმყოს, შე უბედურო, დაჩოქილო ქვეყანავ, ვინ მოგცემს? ამიტომ მივიღეთ ასეთი სურათი: არიან ოჯახები, მაგრამ საქართველო აღარ არსებობს.

საქართველოს იმ საშინელ პერიოდში, რომელსაც კომუნისტური ეპოქა ერქვა, ყველაფერი ჰქონდა, თავისუფლების გარდა. ახლა არაფერი რომ აღარ გვაქვს, ეს ცხადზე ცხადია და თავისუფლება კი გვაქვს? თავისუფლება დამოუკიდებლობას და სიტყვის თავისუფლებას ნიშნავს, ამათგან რომელი გვაქვს? თუ სიტყვის თავისუფლებაზეა ლაპარაკი, სამოციანელები - ჭაბუა, ნოდარ დუმბაძე, არჩილ სულაკაური, რევაზ ინანიშვილი, ოთარ და თამაზ ჭილაძეები, მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე და მთელი საჩვენო, რასაც მოვისურვებდით, იმას ვწერდით და როგორც გვინდოდა, ისე ვიქცეოდით. იმჟამინდელი ჩემი "ცისკარი" დღევანდელ პრესას შევადარო? 70 000-იანი ტირაჟით გამოდიოდა და რაც გვინდოდა, იმას ვბეჭდავდით.

- ქუთაისში პარლამენტის გადატანა საქართველოს განვითარებას ხელს თუ შეუწყობს?

- საქართველოს პრეზიდენტს თბილისი არ უყვარს. ახლა უნდა, მშვენიერი იმერეთი როგორმე დაიმონოს და დაიმორჩილოს. ვენაცვალე ჩემს იმერეთს, მაგრამ პარლამენტის ქუთაისში გადატანა ქაჯობაა. გადააქვთ იმიტომ, რომ დედაქალაქი გათავისუფლდეს და მერე დაცარიელებულ თბილისს, როცა მოესურვებათ, მაშინ დაარქმევენ ერევანს. ამათგან რაღაც უბედურებას ყოველთვის უნდა ელოდო. როგორ შეიძლება, რელიგიური მიმდინარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს კანონს იღებდე და უწმინდესსა და უნეტარესს გვერდი აუარო? ამით თქვეს, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. იციან, რომ ყველაზე დიდი ავტორიტეტი საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აქვს. ან შეიძლება, მრევლმა "მიშა-მიშა" იყვიროს? მოათრიეს ვიღაცები და ამ უმსგავსობის ჩადენა აიძულეს. მრევლი ასე არასოდეს ყვირის...

- ფოტორეპორტიორების საქმეს როგორ შეაფასებთ?

- მსოფლიომ შეიტყო, სინამდვილეში რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. მსოფლიომ 26 მაისის ტრაგედიაც იხილა, რადგან ამ ადამიანებმა ყველაფერი გადაიღეს და, ცხადია, ამას არ აპატიებდნენ, თორემ ჯაშუშები თვითონ არიან. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ციხეში 5 000 ადგილზე 6 000 კაცი იჯდა და ამას პრეზიდენტი ძალიან განიცდიდა. რა დააშავა საქართველომ ისეთი, რომ დღეს 40 ათასი კაცია დაჭერილი? მანქანას აღარ იპარავენო, სიამაყით გაიძახიან. აღარ იპარავენ, რადგან სამაჩაბლო აღარ არსებობს, ანუ ის ადგილი, სადაც ეს მანქანები გაჰყავდათ. სამაგიეროდ, ყოველდღე გადმოსცემენ, ახალგაზრდამ მეორე ახალგაზრდა როგორ მოკლა.

ან ამა თუ იმ ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით როგორ დაასრულა... ეს მანქანის მოპარვაზე საშინელება არ არის? ვის რისთვის სჭირდება შენი მანქანა, როცა შეგიძლია, როცა გინდა და, რამდენიც გინდა, იმდენი უდანაშაულო კაცი დაიჭირო? ყველას ებრძვიან, ვინც ხმას ამოიღებს. ნიჭიერი და წიგნიერი კაცი ეზიზღებათ... რობერტ სტურუას რომ ადამიანი ებრძვის, ქალია თუ კაცი, იმას, საერთოდ, ამ რეჟისორის რამე უნახავს? ამ კაცს ცუდი არაფერი უთქვამს, მინდა, საქართველოს ქართველი პრეზიდენტი ჰყავდეს, თორემ სომხების საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო. რატომ იუხერხულე? სომეხი რატომ არ გჯობია - რა, ოდესმე პრეზიდენტად ქართველს აირჩევს? უნდა იყო ის, ვინც ხარ და მერე გენაცვალე ჯიგარში, მაგრამ შენს მოდგმას თუ უღალატე, მე მიერთგულებ?

- სექტემბრიდან ინგლისურის სწავლას ბავშვები პირველი კლასიდან დაიწყებენ...

- ბავშვმა ინგლისური უნდა იცოდეს, მაგრამ პირველი კლასიდან ამ ენის შესწავლა იმას ნიშნავს, რომ ქართული აღარ ეცოდინება. დღეს რვა სახელმძღვანელოა, რომელთაც აწერია - იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" მიხედვით. იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" კი აღარ არსებობს...

განა შეიძლება, ოტია იოსელიანის დაკრძალვაზე პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე არ მივიდეს? სამაგიეროდ, ჩამოიყვანენ უცხოელ მომღერლებს, გადაუხდიან მილიონებს და იქ მიდიან, არის ერთი წივილ-კივილი... ამით აგიჟებენ ამ კომპიუტერულ ახალგაზრდებს... შენი სიმღერა კოსმოსში ჟღერს და შენ სხვისაზე გიჟდები? ეს საცოდაობა არ არის? ესენი ერს დააკნინებენ და მერე, დიდხანს, ძალიან კარგად იქნებიან.

დასასრულ, ვიტყვი, რა განსხვავებაა ჩემსა და მაგათ შორის: მე ვერსად წავალ, რადგან მე ჯანსუღ ჩარკვიანი ვარ და აქ უნდა დავიმარხო. ესენი კი სადაც წავლენ, მათი სამშობლოც იქ იქნება...

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"