უკვე მერამდენე წელია, გამომგონებელი -კობა ბიწაძე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას ("ნასა", "ენერჯი-კლუბ") არატრადიციული ფიზიკის (ასე უწოდებენ მეცნიერები და ინჟინრები კლასიკურ ფიზიკის გარდა ყველა სხვა მიმდინარეობას) თეორიებზე დაყრდნობით, შექმნილ გამოგონებებს უგზავნის. პასუხი ხან მოსდის, ხან -არა. "ზოგიერთი ორგანიზაცია ინტერესდება, ზოგი -არა," -მითხრა გამომგონებელმა. მისი თქმით, ასე ისინი იქცევიან, ვისაც საქართველოს არსებობის შესახებ არაფერი სმენია. რაც უნდა გასაკვირი იყოს, იყო შემთხვევები, როცა რუსმა მეცნიერებმა მისი ინოვაცია ერთხმად აიტაცეს.
კობა ბიწაძის მუშაობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც მის მიერ შექმნილი ეკონომიური ტურბინა ვიხილე. ეს ერთი შეხედვით, მარტივი კონსტრუქცია ყოველდღიურ გამოყენებაში, გაჩეხილი ტყეებისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა. ტურბინა შეშის ღუმლისთვის არის განკუთვნილი, წვის პროცესს ანელებს, თუმცა სითბო ჩვეულებრივი ტემპერატურით გამოიყოფა. რაც მთავარია მისი დამზადება ნებისმიერ მეთუნუქეს შეუძლია და იაფიც ჯდება, მაგრამ მიზეზთა გამო მისი მასობრივი დამზადება ვერ მოხერხდა...
ამის მიუხედავად, ბატონ კობას ხელი არ ჩაუქნევია და იმ იმედით, რომ მის გამოგონებას ოდესმე საზოგადოებაში დაინტერესება მოჰყვება, მუშაობას მაინც აგრძელებს.
-ვიცი, რომ საერთაშორისო კონკურსებშიც მონაწილეობთ...
-დიახ, ოღონდ, ხშირად ვერ ვახერხებ... პირველად ამის სურვილი 1997 წელს გამიჩნდა, როცა ზღვის ტალღების ენერგიის გამოგონებაზე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა, ვინ უფრო ოპტიმალურ მექანიზმს გამოიგონებდა... ამის შესახებ გვიან გავიგე და მონაწილეობა ვერ შევძელი. მაგრამ როცა იმ კონკურსში გამარჯვებული მოდელები ვნახე, მივხვდი, რომ უკეთესის შექმნა შემეძლო და ზღვის ტალღებით მოქმედი ელექტროსადგურის მოდელი გავაკეთე, რომელიც კონსტრუქციულად, კატამარანისთვის სრულიად გამოსადეგი იქნებოდა. ეს მოდელი კი გავაკეთე, მაგრამ კონკურსი უკვე დასრულებული იყო და ჩემი ნამუშევრის გაგზავნას აზრი აღარ ჰქონდა.
თუმცა ბოლოს მაინც გავგზავნე. მაშინ ჩვენთან ინტერნეტი არ იყო და დიდი წვალებით მოვახერხე... ერთ-ერთი ბრიტანელი ინჟინრისგან პასუხი მივიღე, -ასეთი მარტივი, მაგრამ საჭირო გამოგონება აქამდე არ გვინახავს, თქვენი მოდელი რომ შევისწავლეთ, მივხვდით, რომ მარტივი მექანიზმით მთელი კონსტრუქცია შეგიცვლიათო... მადლობა გადამიხადეს, შემაქეს, მაგრამ ამიხსნეს, რომ ამ მოდელის სრულყოფას მაღალი დონის სპეციალისტები სჭირდება და ჩვენ ისინი არ გვყავსო.
-გამოგონებების დაპატენტება არ გიცდიათ?
-კი, როგორ არა! მოგვიანებით კიდევ ერთი გამოგონებით -პერპეტუუმ-მობილეთი დავინტერესდი. სანამ მასზე გიამბობთ, აგიხსნით, რომ კლასიკური ფიზიკა მის არსებობას უარყოფს და არატრადიციულ ფიზიკად მიიჩნევს...
-ეს რას ნიშნავს?
-ეს არის ინერცოიდი ანუ ექსპერიმენტული სათამაშო, რომელიც მხოლოდ ინერციით, გარემოსთან ურთიერთქმედების გარეშე მოძრაობს და ზედმეტ ენერგიას გამოყოფს. მაგრამ ამ შესაძლებლობას კლასიკური ფიზიკა გამორიცხავს, ყველა აქამდე დადგენილი თეორიის თანახმად, ინერცოიდს გარეშე ძალების ჩაურევლად ურთიერთმოქმედება არ შეუძლია, მაგრამ ფაქტია, რომ ის მაინც მოძრაობს. ამ მოვლენის ახსნას ფიზიკოსები 20 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ სარწმუნო თეორია ვერავინ შეიმუშავა... მე კი რამდენიმე მცდელობის შემდეგ, შევიმუშავე ფორმულა, რომელიც ამის სინამდვილეს ადასტურებდა. საავტორო უფლებაც დავიცავი, მაგრამ უსახსრობის გამო, ამ კონსტრუქციის მცირე მოდელის შექმნა ვერ შევძელი. რამდენიმე წლის შემდეგ კი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემა "ენერგიაში" ვინმე ტარიელ კაპანაძე გამოვიდა, ამ კონსტრუქციის მოდელიც აჩვენა და ნამუშევარი თავისად გამოაცხადა.
-როგორ? საავტორო უფლება ხომ დაცული გქონდათ?
-კი, ნომერიც აღებული მაქვს, მაგრამ უსახსრობის გამო, დოკუმენტების მოწესრიგება ვერ შევძელი და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე... არადა, როგორც მისი კონსტრუქციიდან მივხვდი, ნახაზის შინაარსი ბოლომდე ვერც გაუგია და მისი მოდელი შედარებით დაბალეფექტური იყო...
-საქართველოს ფარგლებს გარეთ არ გიცდიათ თქვენი გამოგონების გატანა? კონკურსებს არ ვგულისხმობ, იქნებ უცხოური კომპანიები დაინტერესებულიყვნენ...
-არაერთხელ მივაწოდე ისინი ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიც არის -"ნასა" და "ენერჯი-კლუბი". "ნასამ" დიპლომით დამაჯილდოვა, ხოლო "ენერჯი-კლუბმა" კი ასეთი სამადლობელი სიტყვები მომწერა, -პერსონალურ მადლობას მოგახსენებთ კაცობრიობის უკეთეს მომავალში შეტანილი წვლილისთვისო.
-დიპლომი რაში გადმოგცეს?
-ზოგჯერ, საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურობაში გამოსაყენებელ და ეკონომიურ ნივთებსაც ვაკეთებ. მართალია, ამას ჩემთვის გასართობი ხასიათი აქვს, მაგრამ მაინც... მაგალითად, მარტივად გავაკეთე შეშის ღუმლის ტურბინა, რომელიც კვამლს ისე ატრიალებს, რომ სითბოს მეტხანს ინარჩუნებს და გაცილებით ნაკლებ შეშასაც წვავს... ბუნების მოყვარული კაცი ვარ, იმერეთში სოფელიც მაქვს და იქ ჩასული, გაჩეხილ ტყეებს რომ ვუყურებდი, გული მეწვოდა. რას ვიზამდი, ხალხს არსებობა ხომ უნდა?! არადა, მისი გამოყენებით, ერთ სეზონზე რამდენიმე ათეული კუბმეტრი შეშის დაზოგვა შეიძლება.
-ვიცი, რომ ვერ გამოიყენეთ...
-დიახ, რადგან ხალხს ექსპერიმენტებს ძველი, მამაპაპური მეთოდი ურჩევნია; ფიქრობს, -რომ არ გამომადგეს? ტყუილად ფული რატომ დავხარჯოო?!. არადა, ტურბინის გაკეთება ნებისმიერ მეთუნუქეს შეუძლია. მითხრეს, რომ ჩვეულებრივ ღუმელთან შედარებით, მის დამზადებას მეტი დრო სჭირდებოდა... ახლობლები მუდმივად მსაყვედუროდნენ, ფორმულებსა და ინოვაციებს ვერავინ იგებს და რამე ისეთი მარტივი გამოიგონე, ყველა რომ მივხვდეთო. როგორც სხვა დანარჩენი, ამ ტურბინის ნახაზიც სხვადასხვა საერთაშორისო მეცნიერულ ორგანიზაციას, მათ შორის -"ენერჯი კლუბსაც" გადავუგზავნე. რომელმაც ის ნივთი, კონდიციონერების, გაზქურებისა და ზოგადად, საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებაში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერს, ავსტრალიურ ფირმა -"ჰოვალის" გადაუგზავნა. ცოტა ხანში იქიდან მადლობის სიგელი და დიპლომი გამომიგზავნეს.
-ამ ნივთების მიტანა რომელიმე ადგილობრივ კერძო ფირმაში ან კომპანიაში არ გიცდიათ?
-რამდენჯერმე მივიტანე ეკონომიკის სამინისტროში და შემპირდნენ, რომ ინვესტორს მიპოვიდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. რამდენჯერმე კერძო ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებთან პირადი ნაცნობით დაკავშირებაც ვცადე, იქნებ გამოგონებების მცირე მოდელის ასაწყობად საჭირო თანხით მაინც დამეხმარონ-მეთქი, მაგრამ არაფერი გამოვიდა... თავიდან ყველა სიხარულით მხვდება, მაგრამ მერე არაფერი იცვლება...
-ბატონო კობა, ახლა ცოტა რამ თქვენზეც მოგვიყევით. როგორ მოხვედით აქამდე?
-ეკონომიკური განათლება მაქვს. სწავლას ფიზიკურ ფაკულტეტზე ვაპირებდი, მაგრამ სკოლა 90-იან წლებში დავამთავრე. იმ დროს, საქართველო დამოუკიდებელი ხდებოდა და ოჯახში მირჩიეს, დიპლომატიური კარიერა ჯობიაო. დეიდა და ბიძა ფიზიკოსები არიან, მასწავლებლად მუშაობდნენ და იმაზე წუხდნენ, 120 მანეთზე ვართ დამოკიდებულებიო... იმ პერიოდში ბიძაჩემი აბიტურიენტებს ამზადებდა და ტექნიკური ჟურნალებიც გამოწერილი ჰქონდა. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ვინტერესდებოდი ფიზიკით. დავჯდებოდი ხოლმე და ვუსმენდი, როგორ უხსნიდა ამა თუ იმ საკითხს აბიტურიენტებს.
იმდენად მაინტერესებდა ეს სფერო, რომ ფიზიკის რამდენიმე კანონი იმ აბიტურიენტებზე უკეთესად ვიცოდი... მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, ახლობლების რჩევით, საერთაშორისო ეკონომიურ ურთიერთობებზე ჩავაბარე. მიუხედავად ამისა, ფიზიკისთვის თავი მაინც არ დამინებებია. თავისუფალ დროს სამეცნიერო, ტექნიკური ჟურნალების გასაცნობად ვიყენებდი ("ტეხნიკა მალადიოჟი", "იუნნი ტეხნიკ")... მაშინ ინტერნეტი არ არსებობდა და ასეთი ინფორმაციული თავისუფლებაც არ იყო... "პიონერთა სასახლეში" სხვადასხვა წრე იყო გახსნილი და ცოდნის გასაღრმავებლად იქ დავდიოდი. ზოგს პოეზია აინტერესებს, ზოგს -მხატვრობა, მე ფიზიკა მიზიდავდა და ვცდილობდი, თვითგანათლება მიმეღო... ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, შეიძლება, ჩემი გამოგონებებით არავინ დაინტერესდეს, მაგრამ იმედია, ამ სფეროსაც გამოუჩნდება პატრონი.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)