ID ბარათი - რატომ ჩქარობენ საქართველოში იმ პროექტის განხორციელებას, რომელზეც მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ თქვა უარი

ID ბარათი - რატომ ჩქარობენ საქართველოში იმ პროექტის განხორციელებას, რომელზეც მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ თქვა უარი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2011 წლის აგვისტოდან ახალი პირადობის მოწმობის, ე.წ ID (საიდენტიფიკაციო) ბარათის გაცემა იწყება. სამინისტროს განმარტებით, ეს ბარათი არის ადამიანის მოქალაქეობისა და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი, იგი მეტია, ვიდრე პირადობის მოწმობა. ასევე გვაუწყებენ, რომ ID ბარათი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისაგან დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ დოკუმენტით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით, ის ასევე, ელექტრონული დოკუმენტების ციფრული ხელმოწერით დადასტურების საშუალებას იძლევა, რასაც იურიდიული ძალა აქვს. აღსანიშნავია, რომ პროექტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მისი შემოღების წინააღმდეგ გამოვიდნენ საბერძნეთში, უკრაინაში, გერმანიაში... ბუნებრივია, ჩვენს მოსახლეობასაც გაუჩნდა კითხვა, რატომ ახორციელებენ საქართველოში ასე სწრაფად პროექტს, რომელიც ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს. გვესაუბრება ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი, რომლის ორგანიზატორობითაც ზემოაღნიშნულ საკითხზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

- ამ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო პროცესი ჩვენი დაწყებული არ არის. უკვე 10 წელია, ევროპის ბევრ ქვეყანაში იმართება. მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები ასეთი ბარათის შემოღების წინააღმდეგ - საბერძნეთში, საფრანგეთში, უკრაინაში, ინგლისში... ამის წინააღმდეგ გამოდიან ადამიანის უფლებათა დამცველები, სასულიერო პირები და მოქალაქეები... ინგლისის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის სიტყვებს მოვიშველებ: "ათასი გზა არსებობს, ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. სჯობს, თანხები უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენ არ ვსაჭიროებთ ამ ბარათებს. ამერიკაში თუ უნდათ - იქ იმუშაოს". ქემერონის აზრით, ადამიანზე ასეთი კონტროლის დაწესება დაუშვებელია. ინგლისის კონტრდაზვერვის უფროსმა კი განაცხადა, რომ ასობით ჰაკერს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის საიდენტიფიკაციო ბარათზე ინფორმაციის შეცვლა. ეს კანონპროექტი არც ერთმა ქვეყანამ არ მიიღო, უკრაინაში მხოლოდ განხილვის პროცესშია, მაგრამ ხალხის პროტესტი ისეთი დიდია, რომ, ალბათ, არც მიიღებენ. ჩვენთან კი სასწრაფოდ მიიღეს და თანაც როგორ აპიარებენ?!

- რელიგიის კუთხით რატომ არის მიუღებელი ასეთი ბარათის შემოღება?

- უფალმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება, ამ ბარათით კი ადამიანი სხვის კონტროლს დაექვემდებარება, ხდება მართვადი, ერთი სიტყვით - მარიონეტი.

- ამ ბარათის აღება ნებაყოფლობითი არ არის?

- ამბობენ, რომ ნებაყოფლობითია, მაგრამ თუ ალტერნატიულ საბუთს არ მთავაზობ და ამის გამო სამსახურში არავინ მიმიღებს, რა ნებაყოფლობითობაზეა ლაპარაკი. ყველაზე დიდი საფრთხე კი ის არის, რომ ამ ბარათების გაცემას 14 წლის ბავშვებიდან იწყებენ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"