ახალი სასწავლო წლიდან მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ინდივიდუალური გადასახადი ერთ ბავშვზე შესაძლოა, თვეში 80 ლარის ფარგლებში იყოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისი 117-ე ბაგა-ბაღის დირექტორმა ანა კანჩარაძემ განუცხადა, ერთი ბავშვი სახელმწიფოს დაახლოებით, 80 ლარი უჯდება, თუმცა ინდივიდუალური ტარიფი, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება, ჯერ განსაზღვრული არ არის.
მისი თქმით, ბაღების ხელმძღვანელობამ თავად უნდა განსაზღვროს გადასახადის რაოდენობა და სწორედ ამ მიზნით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა.
დირექტორის ცნობით, იმოქმედებს გარკვეული შეღავათები. კერძოდ, მშობლებს მეორე ბავშვზე გაუნახევრდებათ გადასახადი, მესამე ბავშვი კი ბაღში უფასოდ ივლის.
"რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მათ ხარჯებს მერია დაფარავს", - აღნიშნა კანჩარაძემ.
ქალაქის მერიამ 4 აგვისტოს საბავშვო ბაღების ”მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ შეიქმნა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი - თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო, რომელიც თბილისელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი მეთოდოლოგიით სწავლებასა და გაუმჯობესებულ მომსახურებას სთავაზობს.
მერიის ინფორმაციით, გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლა საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული მართვის მეთოდების რეფორმას უკავშირდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითოეულ ბაღს შესაძლებლობა ექნება, დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხარისხის შესაბამისი, ინდივიდუალური გადასახადი დააწესოს, მაგრამ ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რაც რეალურად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ერთი ბავშვის შენახვას სჭირდება. თუ რა თანხას მოიცავს ერთი ბავშვის შენახვისთვის საჭირო ხარჯები, მერიის ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის.
ახალი სისტემით, მშობელი საბავშვო ბაღის ასაკის მეორე შვილის სწავლებაში, პირველი შვილის სწავლის ღირებულების 50%-ს გადაიხდის, ხოლო მესამე ბავშვის სწავლება უფასო იქნება.
განსხვავებული მიდგომა იქნება სოციალურად დაუცველთა მიმართ, 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვებისა და ასევე იმ მოზარდების სწავლების გადასახადს, რომელთა აღზრდა ინკლუზიური მეთოდით მიმდინარეობს, თბილისის მერია დაფარავს.
გარდა ამისა, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მომავალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში გაუქმდება ყველა ის დამატებითი გადასახადი, რომლებიც წლების განმავლობაში არაოფიციალურად არსებობდა, მშობლების უკმაყოფილებას იწვევდა და ბავშვებს შორის არათანასწორ სასწავლო გარემოს ქმნიდა.
რეფორმის შედეგად, ყველა ბავშვს, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა, საშუალება ექნება თანაბარ პირობებში აღიზარდოს და დამატებით ყველა ის სასწავლო წრე გაიაროს, რომელიც ადრე ფასიანი იყო და შესაბამისად მიუწვდომელი.
ბაღებში სწავლების ახალი მათოდოლოგია გამოქვეყნდება საბავშვო ბაღების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე: www.kids.org.ge და ნებისმიერ მშობელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს და თავად ნახოს, თუ რა მეთოდით წარიმართება მათი შვილების აღზრდა–განვითარება.
თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტომ ბავშვების მიღება უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბაღებში მხოლოდ იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-5 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000 არ აღემატება.
ყველა სხვა კატეგორიის მსურველთა რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება.