"მეცნიერის მიერ დათესილს მთელი ერი იმკის, ამიტომაც არის მეცნიერება სახალხო", - ამბობდა ცნობილი მეცნიერი დიმიტრი მენდელეევი. ქართულ მეცნიერებაში მიმდინარე რთულ პროცესებზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გიორგი ანთელავა გვესაუბრება.
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებიდან თანდათან გამოიყვანეს. შესაძლოა, ყველა ინსტიტუტი თანაბრად არ მუშაობდა, მაგრამ რეფორმა ხომ პროცესის უკეთესობისკენ შეცვლას ნიშნავს და არა ნგრევას?! უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო ნაწილი გააუქმეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის, ქიმიის ლაბორატორიები გაანადგურეს. თურმე, მეცნიერებათა აკადემია ზედმეტი ტვირთი ყოფილა სახელმწიფოსთვის, სამეცნიერო ინსტიტუტები ე.წ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიუერთეს. საქართველოში განათლების სისტემას თავის დროზე ხელმძღვანელობდნენ მინისტრები გიორგი თავზიშვილი, ვიქტორ კუპრაძე. ისინი, უპირველესად, მეცნიერები ბრძანდებოდნენ და განათლების სისტემის გამართული მუშაობის საკითხებით იყვნენ დაკავებული და არა სკოლებსა და უნივერსიტეტებში პოლიციური მეთოდების დანერგვით.
"რეფორმატორებმა" სამეცნიერო ინსტიტუტების ნაწილი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუერთეს, ნაწილი - ილიას უნივერსიტეტს. საინტერესია, რატომ შეუერთეს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ილიას (ილია ჭავჭავაძეს რატომღაც აღარ ამბობენ) უნივერსიტეტს, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ტრადიციულად არსებობდა? ახლა კი თურმე, პრიორიტეტები განისაზღვრა და მათ შორის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, დემოგრაფიის ინსტიტუტები ვერ მოხვდა, და ეს მაშინ, როცა საქართველოში უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემებია. ბოტანიკური ბაღი, როგორც კვლევითი დაწესებულება აღარ არსებობს. პრიორიტეტებს შორის მოხვდა აბასთუმნის ობსერვატორია, რომელსაც, დიდი მეცნიერი ევგენი ხარაძე ისე უვლიდა, იქაურობა ვერსალს დაამსგავსა. ესეც ალბათ, იმიტომ დაიტოვეს, რომ შესანიშნავი სააგარაკე ადგილია და "ტუსოვკების" მოწყობა შეიძლება.
აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს დაფინანსება ჯერჯერობით, 50 პროცენტით შეუმცირეს, თანამშრომლების ისედაც მწირი ხელფასი - 20 პროცენტით, მაგრამ ეს მომავალი წლის 1 იანვრამდე, ექვსი თვის შემდეგ კი არავინ იცის, რა ბედი ეწევა მას. ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე გამოდის და აპლომბით აცხადებს, 150 ლარი ხელფასი კი არა, სოციალური დახმარებაა, არ მჯერა, რომ ამ თანხაზე მეცნიერ-მუშაკი იმუშავებსო. ჩვენი მეცნიერები კი, მიუხედავად ამისა, კვლევა-ძიებას არ წყვეტდნენ თვით უმძიმეს წლებშიც კი, როცა ქვეყანაში ნგრევა და ქაოსი იყო. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მეცნიერებათა აკადემიის გრანტით, ანუ სულ 3 600 ლარით, 12 თანამშრომელი იჯდა და ისლამის მოკლე ენციკლოპედიურ ლექსიკონზე მუშაობდა, თვეში 20 ლარს იღებდნენ და ამას სოციალურ დახმარებად არ მიიჩნევდნენ. ის, რაც დღეს ქართულ მეცნიერებაში ხდება, ჩვენთვის უდიდესი ტკივილია.
ამის შემდეგ ვის გაუკვირდება "ტვინების გადინების" პროცესი, რომელმაც არნახული მასშტაბი მიიღო? ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდეს უნივერსიტეტში, ფიზიკის კათედრაზე იმდენი ქართველი ფიზიკოსი მუშაობს, კათედრის სხდომა ქართულად ტარდება. ხელისუფლება ემიგრანტებს, მათ შორის, ფიზიკოსებს მოუწოდებს, ჩამოდითო, მაგრამ ვინ ჩამოვა? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში 30-ტონიანი ელექტრომაგნიტი იყო დამონტაჟებული და მის გამოსატანად ლამის მთელი შენობა დაანგრიეს.
- ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, რაკი საქართველო ეკონომიკურად არცთუ ძლიერი ქვეყანაა, ფუნდამენტური მეცნიერებების მსოფლიო დონეზე განვითარება მისთვის დიდი ფუფუნებაა..
- სამწუხაროდ, ჩვენში მხოლოდ პიარი და სატელევიზიო ეთერში ლაყბობაა განვითარებული მაღალ დონეზე. მეცნიერებაში კი რეგრესია, მეცნიერებს სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების საშუალებაც არა გვაქვს, რადგან საკმაო თანხაა გადასახდელი. ქართული მეცნიერების ბედი შაშკინს და ლომაიას კი არ უნდა გადაეწყვიტათ, რომლებიც წერა-კითხვასთან მწყრალად არიან, არამედ ქართველ მეცნიერებს. ან როგორ შეიძლება ყველაფერს კომუნისტური გადმონაშთი უწოდო? "კომუნისტური გადმონაშთია" ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის და სიმონ ჯანაშიას მიერ შექმნილი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, რომელზე უკეთესიც ჯერჯერობით არაფერი შექმნილა?
- პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ჩინური ენა მომავლის ენაა, რომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თურქული ენის ცოდნა, პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აღმოსავლეთმცოდნეა, ამ ფაქტორების გათვალისწინებითაც ხომ არ შეუმცირეს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს დაფინანსება მხოლოდ 50 პროცენტით?
- გიული ალასანიას დიდიხანია ვიცნობ, ის მეცნიერთა ოჯახიდან არის, მაგრამ პრეზიდენტი არ არის კომპეტენტური, განსაზღვროს, ჩინური ხვალინდელი დღის ენაა, თუ ინგლისური - დღევანდლისა. მისი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, ჩემი აზრით, მაშინ გამოჩნდა, როცა ბათუმში ჩასულ თურქეთის პრემიერ-მინისტრს ასე მიესალმა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თქვენს სახლში!" შეიძლება ეს სიტყვები შორსმჭვრეტელმა პოლიტიკოსმა აჭარაში, ბათუმში თქვას?!
- შიშობთ, რომ გაისად იანვრიდან აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს შესაძლოა, 50-პროცენტიანი დაფინანსებაც აღარ ჰქონდეს?
- საუბარი მხოლოდ დაფინანსებაზე არ არის. როცა ეს ხალხი ჩვენთან ინსტიტუტში მოვიდა, კრებაზე პირდაპირ გვითხრეს: ჩვენ შენობა გვაინტერესებს, თქვენ ისხედით, რაც გინდათ, აკეთეთო. განა შეიძლება მეცნიერებს ასე ელაპარაკო? დაფინანსების ნაცვლად კი შემოიტანეს ასეთი ცნება: "უხელფასო მეცნიერ-მუშაკი". რას ნიშნავს ეს? ინსტიტუტის თანამშრომლებს შემოგვთავაზეს, ვისაც დარჩენა გინდათ, დარჩით, ოღონდ შემცირებულ ხელფასზეო და ამ პირობებში, ორ ადგილზე მუშაობაც აგვიკრძალეს. მე ხელშეკრულებას ხელს ვერ მოვაწერ, რადგან ეს ცინიზმი და შეურაცხყოფაა.
- ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მეცნიერებს გრანტების მოზიდვაში დაგეხმარებიან.
- მათ რა გრანტი უნდა მოუზიდონ სპეციალისტს, აღმოსავლეთმცოდნეს? პროფესიონალმა თვითონ იცის, როგორ მოიპოვოს გრანტი, თუმცა, ბიუროკრატიული თვალსაზრისით გრანტების მოპოვება ძალიან გართულებულია. ამასთანავე, არსებული კაბალური წესით, თუ მეცნიერი სამუშაოსთვის, ნოუ-ჰაუსთვის დაფინანსებას მიიღებს, მისი 50 პროცენტი უნივერსიტეტს ერიცხება.
- მეცნიერების როლსა და დაფინანსების საკითხებზე კამათისას ხშირად აპელირებენ დასავლურ მოდელზე, რომელზეც საქართველო თანდათან უნდა გადავიდეს...
- და ამას ითვალისწინებს დასავლური გამოცდილება? შეადარონ, საერთო ეროვნული პროდუქტის რა ნაწილი იხარჯება განათლებასა და მეცნიერებაზე ჩვენთან და ევროპის ქვეყნებში. ფინეთში 3 პროცენტია გამოყოფილი, გერმანიაში - 4 პროცენტამდე. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართული მეცნიერება, რომელმაც უდიდესი სამეცნიერო სკოლები შექმნა ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო დარგებში, დაენგრიათ. გავა დრო და მეცნიერები ქვეყანას ჰაერივით დასჭირდება, მაგრამ ამ სიცარიელის ამოვსებისთვის კვლავ თაობათა შრომა, ათწლეულები იქნება საჭირო. გიგი თევზაძე თურმე, ამბობს: წავიდნენ, ახალგაზრდები მოვლენო! ახალგაზრდა მწირ ხელფასზე და მით უმეტეს, უხელფასოდ არ მოვა, ამიტომაც ოცნებობენ ისინი ბანკში მუშაობაზე, სადაც ხელფასი სამეცნიერო ინსტიტუტთან შედარებით, 10-ჯერ მეტია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში 20 წელია, ახალი თაობა არ მოსულა.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)