"ჯოჯოხეთის გზით მავალი" კაცი

"ჯოჯოხეთის გზით მავალი" კაცი

როდესაც უბედურებასა და სიხარულში კანონზომიერებას იპოვი, როდესაც ბევრჯერ მოკვდები და კვლავ გაცოცხლდები, როდესაც ბევრ განსაცდელს გაუძლებ, ცუდშიც კარგს დაინახავ და ღმერთის აუგი არ დაგცდება, ალბათ, ბედნიერიც მაშინ ხარ და იმასაც ხვდები, რისთვის ცხოვრობ.

ამბავი, რომელიც ამ გასაოცარ ადამიანს გადახდა, უხსოვარ დროში არ მომხდარა, მაგრამ ლეგენდას უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს, არადა, ყველაფერი ჩვენ "თვალწინ" მოხდა და კიდევ ვინ იცის, რამდენჯერ აალაპარაკებს მსოფლიოს. პირისპირ მსოფლიოსა და გინესის მრავალგზის რეკორდსმენი, "მსოფლიო სპორტსმენი", "მოგზაური დიპლომატი", გაეროს კეთილი ნებისა და ბუნების დაცვის ელჩი, უამრავი ჯილდოს, ორდენისა და ტიტულის მფლობელი, 72 წლის ჯუმბერ ლეჟავა გვესაუბრება:

- მამა ადრე დაიღუპა. მეთერთმეტე კლასში ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მე და ჩემი და თითქმის უპატრონოდ ვიზრდებოდით. ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობა მქონდა და მხოლოდ სპორტული ცხოვრებით ვუშველე თავს. სიჯიუტით თითქოს ბრძოლის უნარიც გამოვიმუშავე. სკოლა მედალზე დავამთავრე, სპორტის 5-6 სახეობაშიც კარგი შედეგი მქონდა და თუ მოვინდომებდი, რომელიმე მათგანში მსოფლიოს ჩემპიონობასაც მივაღწევდი, მაგრამ...

ჯერ მეზღვაურობაზე ვოცნებობდი, მეშვიდე კლასიდან კი კიბერნეტიკამ დამაინტერესა. იმხანად საბჭოთა კავშირში სიტყვა "კიბერნეტიკა" და გამოთვლით ტექნიკაზე ფიქრიც კი აკრძალული იყო. მაინც ვეძიებდი სპეციალურ ლიტერატურას, მეტი ინფორმაცია რომ მიმეღო. ძალიან ჯიუტი ვარ და თუ რამეს დავიჩემებ, ვერავინ გადამათქმევინებს. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო-საზღვაო აკადემიაში ჩავაბარე, ლენინგრადში (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი - ი.ხ.), მაგრამ მამიდამ გამომიყვანა, - შენს უმცროს დას აქ ვინ მიხედავსო.

წამოვედი, მაგრამ გზად, მოსკოვში, ბაუმანის სახელობის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში "რობოტებზე", ანუ ლითონსაჭრელი ჩარხებისა და იარაღების ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები, რადგან კიბერნეტიკის ფაკულტეტი იმხანად არ არსებობდა. 2 წელიწადს ვისწავლე იქ, მერე კი თბილისში გადმოვედი - ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტზე ახლად დაარსებულ მათემატიკური გამომთვლელი მანქანებისა და ზუსტი ხელსაწყოების სპეციალობაზე. მეორე კურსზე დამსვეს. შესანიშნავ ჯგუფში მოვხვდი ბატონ ილია ვეკუასთან. მალე ცოლიც შევირთე, ბავშვები გაჩნდნენ, ბევრსაც ვშრომობდი და ნელ-ნელა კარგი სპეციალისტის სახელი მოვიხვეჭე საბჭოთა კავშირში.

თავგადაკლული მეცნიერები შევიკრიბეთ. დღეები ისე გადიოდა, ცხვირს არ ვყოფდით გარეთ, იმდენს ვმუშაობდით, თუმცა ვარჯიშისთვის ყოველთვის ვპოულობდი დროს. ბატონი ილია ვეკუა მოგზაურობის საშუალებასაც გვაძლევდა და მთელი საქართველო შემოვიარეთ. მერე მოტოციკლითაც კი ვმოგზაურობდი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ორჯერ მანქანით შემოვიარე საბჭოთა კავშირი, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე კი ოჯახიც წავიყვანე სიდედრიანად (იღიმის).

- და ერთმა შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა თქვენი ცხოვრება. როგორია, განაჩენს რომ გამოგიტანენ, მალე მოკვდებიო?

- დეპრესიაში არ ჩავუგდივარ მაგ ამბავს... ისე, ახლა უფრო დეპრესიული უნდა ვიყო, მას შემდეგ იმდენი რამ შემემთხვა. ვიდრე ცოცხალი ხარ, უნდა იბრძოლო და თუ ბრძოლა არ შეგიძლია, წამოწექი და სიკვდილს დაელოდე. ბავშვობაში ვარჯიშისას ნაწლავი დავიზიანე, მაგრამ ტკივილს ყურადღება არ მივაქციე და უარესი დავიმართე - განგრენის დაწყებას შევუწყვე ხელი. წლების შემდეგ მუცლის ძლიერმა ტკივილმა სულ დამაგდო და ოპერაცია დამჭირდა, მაგრამ განგრენა მთელ მუცელს მოსდებოდა და სიკვდილი მიწინასწარმეტყველეს, ამიტომაც მიიჩნიეს ოპერაციის დასრულება უაზროდ. ღამის პირველ საათზე ჩემს მეგობარს, ცნობილ ქირურგ ზურაბ ცხაკაიას აცნობეს, მორგში გადაგვყავსო.

ზურამ კატეგორიულად იუარა, - საოპერაციოდან ცოცხალი უნდა გავიყვანოთო. მისი გადაწყვეტილებით, მუცლიდან თითქმის ყველაფერი ამომჭრეს და 2 დღეს მაინც რომ მეცოცხლა, რაღაც ნაწილი დამიტოვეს. 2 დღე 3 კვირად იქცა, მერე - 3 თვედ, 3 წელიწადად და კი ხედავთ, დღესაც ცოცხალი ვარ - ამაზე უკვე მე "ვიზრუნე" (იღიმის). თავი დავირწმუნე, რომ კიდევ ბევრ დიდ საქმეს გავაკეთებდი. თვითრეაბილიტაციისთვის 4 წელიწადი დამჭირდა, მე-5 წელიწადს კი, 1990 წელს, პირველი მსოფლიო რეკორდი დავამყარე სპორტის ურთულეს სახეობაში - მკლავებზე აზიდვაში და გინესის რეკორდსმენიც გავხდი. მერე ვიფიქრე, რატომ არ უნდა დავამყარო სხვა რეკორდებიც-მეთქი და ინტენსიური ვარჯიში დავიწყე. ასე გადავერთე ჩემი სპეციალობიდან პროფესიულ სპორტზე.

- ამას კიდევ ერთი განსაცდელი მოჰყვა - მეუღლე გარდაგეცვალათ.

- მეუღლე პირველი რეკორდის დამყარების მერე გარდამეცვალა. მაინც არ გავტყდი. შვილები გათხოვილები იყვნენ, მარტო ვცხოვრობდი და მხოლოდ სამსახურში დავდიოდი, დანარჩენ დროს კი შინ ვვარჯიშობდი, დიდი წარმატებისთვის რომ მიმეღწია და ჩემს მეუღლისთვის მიმეძღვნა. კარგად იცით, მოგზაურობაც სწორედ მას მივუძღვენი. სხვათა შორის, მოგზაურობა შემთხვევით დავიწყე. ერთხელ - იმხანად 53 წლის ვიყავი - თბილისში ჩემი ბავშვობის მეგობრის, თენგიზ კიკაჩეიშვილის უმცროსმა ვაჟმა, რატიკომ მკითხა: ჯუმბერ ბიძია, ძალიან ძლიერი ხართ, ცხოვრებისეული გამოცდილებაც გაქვთ და შეძლებთ ყველა კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში მარტოდმატო ველოსიპედით მოგზაურობასო?

მომეწონა რატის წინადადება, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის შანსი კიდევ ერთხელ მეძლეოდა. ველოსიპედებით მოგზაურობა რატისთან ერთად დავაპირე, მაგრამ ის აფხაზეთის ომში გაგვეპარა და გმირულად დაიღუპა. დავწერე პროგრამა და ხელმძღვანელად ჩემი მეგობარი ჟიული შარტავა ავირჩიე. 1993 წლის 13 აგვისტოს გავემგზავრე, 17 სექტემბერს კი ჟიულიც გმირულად დაიღუპა აფხაზეთში. ასე ტრაგიკულად დავიწყე მოგზაურობა, რომელსაც "ჯოჯოხეთის გზით მავალი" ვუწოდე.

- სიკვდილს ეძებდით?

- არა, მაგრამ 40-ჯერ მაინც დავდექი სიკვდილის პირისპირ და შევეჭიდე, რომ დამეძლია. გაინტერესებთ, შემეშინდა თუ არა? იცით, რა სასიამოვნო ყოფილა სიკვდილის წინა პროცესი? მახსოვს, გობის უდაბნოში, ქარბუქში გავიყინე, ნაბიჯს ვერ ვადგამდი, ველოსიპედის საბურავებმაც დაიშვა, მივაწვინე ველოსიპედი, მეც მივწექი, დავდე თავი და გავითიშე. თვალი რომ გავახილე, იურტში, ქეჩის კარავში ვიყავი. გადავრჩი. ვიცოდი, რომ გადავრჩებოდი. დამიჯერებთ? - უიმედობა არც არასდროს განმიცდია. ვიცი, მოგზაური გზაზე იღუპება, ოდესღაც ასე მოხდება, მაგრამ ყოველი წინააღმდეგობისას ღმერთს ვევედრები, ეს შემაძლებინე და ხვალ რაც მომივა, ჯანდაბას-მეთქი.

- ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი უბედურება დაგატყდათ - ქალიშვილი გარდაგეცვალათ...

- 5-6-ჯერ, ყველაზე რთულ მომენტებში, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დამდგარს გამომეცხადა მეუღლე. გვერდით მეჯდა და მელაპარაკებოდა, მაიმედებდა, მამხნევებდა, მე კი ვუსმენდი. მერე ხელზე ვიჩქმეტდი ხოლმე, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი. როგორც კი ლაპარაკს დაასრულებდა, ქრებოდა, მე კი ძალა მემატებოდა და ყველა დაბრკოლებას ვძლევდი. ჩემი უფროსი ქალიშვილის - მაიკოს ნახვის შემდეგაც (იმხანად ჯერ ცოცხალი იყო) ბრწყინვალე დღე მიდგებოდა. მისი კარნახით ერთხელ ჯუნგლშიც გადავრჩი. უმცროსი ქალიშვილისა და დის ნახვის შემდეგ კი პირიქით - ცუდი დღე მქონდა. ისინი ყოველთვის საფრთხეზე მიმითითებდნენ. სულ შემართული ვიყავი და გაფაჩუნებაც კი მაღვიძებდა. წესით, ნერვულ სისტემაზე უნდა ემოქმედა, მაგრამ...

მაიკო მეუბნებოდა ხოლმე, - მიკვირს, მამა, 10 წლის განმავლობაში როგორ იცხოვრე და ასეთი ნორმალური როგორ დაბრუნდიო (იღიმის)... შვილის სიკვდილზე მძიმე, თურმე, არაფერი ყოფილა... მარტო რომ ვრჩები, მებრალება ხოლმე თავი, მაგრამ სხვას რომ ვეცოდები, არ მიყვარს. ვიდრე ცოცხალი ვარ, ბრძოლა შემიძლია და ყოველთვის სიკეთისთვის ვიბრძოლებ. ასეთ შემთხვევაში ღმერთიც ყოველთვის გეხმარება. იცით, როგორი კანონზომიერება აღმოვაჩინე საკუთარ ცხოვრებაში? ოპერაციის შემდეგ, კლინიკური სიკვდილისას ღმერთის პირით ვიღაცამ ხომ მითხრა, უკან დაბრუნდი, დიდ ენერგიას შეიძენ და ის ენერგია სიკეთეს მოახმარეო?..

გამოვჯანმრთელდი და მსოფლიო რეკორდიც დავამყარე. მერე, სხვა წარმატებაში ხელი რომ არ შემშლოდა, უფალმა მეუღლე წაიყვანა, თორემ მას რომ ეცოცხლა, მსოფლიოში სამოგზაუროდ წავიდოდი? მერე ხანგრძლივი მოგზაურობით შვილთან შეხვედრის მოლოდინსაც შემაგუა: 10 წლის შემდეგ შევხვდი მაიას, მერე ისიც წაიყვანა და ახლა კვლავ მასთან შეხვედრას ველი. ხედავთ, როგორ ააწყო ღმერთმა?.. ახლაც დიდი გეგმები მაქვს, თანაც 60-წლიანი. არ ვჩერდები. ერთადერთი, გული მწყდება, რომ რა თანხაც ერთმა ხელისუფლებამ მომცა, მეორემ წამართვა, რითაც ძალიან შემეშალა ხელი წიგნების გამოცემაში.

2006 წელს სახელმწიფომ არ დამაფინანსა და სამხრეთ პოლუსზე წასვლა ჩამეშალა. რა პროექტიც უნდა წარვადგინო, ყველაფერზე უარს მეუბნებიან. რაკი წიგნად ვერ ვაქციე ეს ზღვა მასალა, ჟურნალი "მოგზაური" გამოვეცი. მეგობრებმა გარეკანზე წამაწერინეს "ჯუმბერ ლეჟავას ჟურნალი მოგზაური" - ხალხი გიცნობს და უნდა იცოდნენ, ჟურნალი ვისიაო. უკვე ორი ნომერი გამოვიდა. რომ იცოდეთ, კიდევ რამდენის გაკეთება შემიძლია, მაგრამ... სხვა სახელმწიფოები კი მაფინანსებენ, მაგრამ სხვა ქვეყნის დროშით მოგზაურობა არ მინდა, საქართველოს დროშით მინდა ვიარო.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"