როდის არის საშიში ტატუს გაკეთება

როდის არის საშიში ტატუს გაკეთება

"ნახატის წასაშლელად კანქვეშ ლაზერის სხივი შეგვყავს"

როგორც ტატუირების ოსტატი - ანდრეი აივაზიანი ამბობს, საქართველოში ბევრმა არ იცის, თუ რა არის ტატუ და რისთვისაა საჭირო. შევიტყვე, რომ ანდრეის კლიენტებს შორის შორენა ბეგაშვილიც გახლდათ, ოღონდ ამჯერად, მსახიობს ტატუს გაკეთება კი არა, მისი წაშლა (სავარაუდოდ - ყოფილი შეყვარებულის ინიციალების, რომელიც ხელზე ჰქონდა ამოსვირინგებული) სურდა.

ტატუ განსაკუთრებულად აქტუალური ზაფხულშია, მაგრამ ანდრეი მის გაკეთებას ზამთარში გვირჩევს.

- ტატუს ძირითადად, ზაფხულში იკეთებენ, მაგრამ წელიწადის ამ დროს ჭრილობას მზის სხივები ხვდება და კანი ღიზიანდება, ზამთარში კი - უფრო მალე ხორცდება, ნახატი კანზე უპრობლემოდ "ჯდება"... პრინციპში, თუ კარგად მოუვლი, ტატუს გაკეთება ზაფხულშიც შეიძლება.

ტატუირების შემდეგ, ჭრილობას დამცავ ცელოფანს ვაკრავთ, რათა ბაქტერიები არ მოხვდეს, 2 საათის მერე ცივი წყლითა და ანტიბაქტერიული საპნით უნდა დაიბანონ, უკვე გასუფთავებულ კანზე კი საჭიროა სპეციალური მალამოს წასმა, რომელიც ჭრილობას დაჩირქებისგან იცავს, შეხორცებას უწყობს ხელს.

მალამო 10 დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ უნდა წაისვა. ამ პერიოდში მზეს, ზღვას, აუზს, ცხელ წყალს, სოლარიუმს უნდა მოერიდო.

- ტატუს გაკეთება უკვე გარუჯულ კანზე თუ შეიძლება?

- პრობლემა არაა. მთავარია, ტატუირების მერე არ გაირუჯო.

- ტატუს გაკეთების მსურველებს შორის რომელი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ?

- ბოლო დროს - გოგონები.

- საინტერესოა, რის დახატვას გთხოვენ?

- ძირითადად, ვარსკვლავებს, ნოტებს, წარწერებს იხატავენ. ეს მოდიდან გადავა, დიდი და სერიოზული მნიშვნელობის ტატუ კი - არასდროს.

- ქალის სხეულზე დიდი ზომის ტატუ მოგწონს?

- რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს, მაგრამ საქართველოში ძირითადად, პატარა ნახატებზეა მოთხოვნა.

- უცნაური ფანტაზიის მქონე კლიენტები არ გაკითხავენ?

- საქართველოში სტანდარტული ტატუები მოსწონთ, რომელსაც კატალოგებიდან ირჩევენ. კლიენტების უმეტესობამ არ იცის, რა არის ტატუ და რისთვისაა საჭირო.

ვცდილობ, ვიღაცის ნახატი არ "დავაკოპირო", ყველას ექსკლუზივი დავუხატო: როცა რაღაც ნახატი მოაქვთ, მას გარკვეულ დეტალებს ვუმატებ ხოლმე...

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, ტატუ რისთვის გვჭირდება. სხეულზე ნახატი ადამიანის სულიერ მდგომარეობას უნდა გამოხატავდეს.

მერწმუნეთ, ტატუ მხოლოდ სილამაზისთვის არაა. მას რაღაც სხვა, სერიოზული დატვირთვა თუ არა აქვს, აუცილებლად მოგბეზრდება.

- შორენა ბეგაშვილის ტატუს ასეთი სერიოზული დატვირთვა არ ჰქონდა? როგორც შევიტყვე, შენთან ნახატის წასაშლელად მოვიდა.

- შორენას ამაზე საუბარი არ უნდა. ეს მისი პირადი ცხოვრებაა...

- ტატუს წაშლა მარტივად ხდება?

- არა, ამისთვის რამდენიმე სეანსია საჭირო. პირველი სეანსის (კანქვეშ ლაზერის სხივი შეგვყავს) შემდეგ, 1 თვის განმავლობაში, ტატუირების ადგილს ზუსტად ისე უნდა მოუარო, როგორც ტატუს გაკეთების შემდეგ უვლიდი. ნახატის მთლიანად მოსაშორებლად 4-6 სეანსია საჭირო.

- ცნობილი ადამიანები ტატუს წასაშლელად ხშირად გსტუმრობენ?

- შეიძლება, ტატუს გასაკეთებლად თვეში 2-3 კაცი მოვიდეს, წასაშლელად კი იშვიათად მოდიან.

- როგორც ვიცი, კრისტი ყიფშიძეს ფეხზე ტატუირება შენ გაუკეთე. მის ტატუს რა დატვირთვა აქვს?

- სერიოზული - არაფერი. უბრალოდ, ლამაზი ნახატია...

- როგორ ფიქრობ, როცა ტატუს გასაკეთებლად გეწვია, კრისტი საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული იყო თუ შორენა ბეგაშვილის მსგავსად, შესაძლოა, ერთ დღეს ნახატის წასაშლელადაც მოგადგეს?

- არა, არ წაიშლის!

- ტატუირების უმტკივნეულოდ გაკეთება არ შეიძლება?

- მთელ მსოფლიოში, ტატუს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გარეშე აკეთებენ, რადგანაც პრეპარატი საღებავთან რეაქციაში შედის და ტატუს ფერი სხეულზე კარგად არ "ჯდება".

- თავად რამდენი ტატუ გაქვს?

- 7. მარჯვენა ხელზე ნახატი ჯერ დასამთავრებელია. როგორც ხედავ, ხელის ერთ მხარეს ქალის პორტრეტი დავიხატე, მეორე მხარეს - ეშმაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალის "მეორე მხარე" ეშმაკია. ახლა გველიც უნდა დავიხატო: ის ქალს უბიძგებს, მამაკაცი აცდუნოს. რაც შეეხება ჩონჩხის თავს, ეს სიკვდილზე გამარჯვებას ნიშნავს... მოკლედ, ძალიან ჩახლართული თემაა, რა (იცინის).

- ტატუს გაკეთების შემდეგ შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?

- ყოველ დილით, სარკის წინ ვდგები და საკუთარ მოხატულ სხეულს ვუყურებ - ანუ ჩემი ტატუ ისე მომწონს, რომ მის შემხედვარეს დილიდანვე კარგი განწყობილება მეუფლება...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით" - საპატრიარქოს განცხადება

"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტიდან 4 პირი არასრულწლოვანია