პოლემიკა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ

პოლემიკა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ

საქართველოს ეროვნულ გერბსა და სახელმწიფო დროშაზე კარგა ხანია სხვადასხვა თვალსაზრისი გამოითქმის. საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ საქართველოს გერბზე წმინდა გიორგი არასწორად არის გამოსახული,  მარცხნივ არის მიბრუნებული, - კანონიკურ ხატებზე კი პირიქითააო.

სახელმწიფო ხუთჯვრიან დროშაზეც მითქმა-მოთქმაა - ამტკიცებენ, რომ ეს ქართული კი არა, კათოლიკური დროშაა... ამ საკითხებზე სასაუბროდ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს (თავმჯდომარე რეჟისორი ელდარ შენგელაია გახლავთ), საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორს, ბატონ მამუკა გონგაძეს. (ის, გარდა გერბისა, დიდი 50-თეთრიანის, ერთ და ორლარიანი მონეტების და რამდენიმე სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის სიმბოლოების შემქმნელიც არის) და სამართლის დოქტორს, პროფესორ ავთანდილ კახნიაშვილს მივმართეთ.

მამუკა გონგაძე: "სჯობს, წიგნი წავიკითხოთ და საქართველოს ისტორია ვისწავლოთ"

- პროფესიით მხატვარ-არქიტექტორი ვარ. ჰერალდიკით 1990 წლიდან დავინტერესდი. ჯერ კიდევ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დავალებით ვმუშაობდი ახალ გერბზე, დროშასა და ქართულ ვალუტაზე. აგრეთვე - სამხედრო უნიფორმაზე, სიმბოლიკასა და სამხედრო დროშაზე. ჰერალდიკოსობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაჯდე და ხატო. ისტორიაში უნდა მოჩხრიკო ათასი დეტალი და ძირძველი სიმბოლო. უკვე 21 წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული და დღეს საქართველოში არსებული დროშებისა და სიმბოლოების 80 პროცენტი ჩემი შექმნილია.

- ახლა რაზე მუშაობთ?

- მუნიციპალიტეტების სიმბოლიკაზე. დღეს საქართველოში 67 რაიონია, მათგან უმეტესობის სიმბოლიკა უკვე შექმნილი გვაქვს. თითოეულ რაიონში ისტორიული ფაქტების კვლევა-ძიების შედეგად ვქმნით სიმბოლოებს.

- თქვენ ხართ 50-თეთრიანის, აგრეთვე ერთ და ორლარიანი მონეტების ავტორი, რომელთა რევერსზეც, სხვა მონეტებისგან განსხვავებით, ბორჯღალის ნაცვლად, საქართველოს გერბია გამოსახული,

- ბორჯღალი სახიფათო წარმონაქმნია, რომელიც მზის სიმბოლო აჰურამაზდას (ძვ. სპარსულ რელიგიაში სინათლისა და სიკეთის ღვთაება - ნ.მ.) გამოსახულება და მაზდეანობის (ძველი სპარსული რელიგია - ცეცხლთაყვანისმცემლობა - ნ.მ.) გადმონაშთია. ესპანელებიდან დაწყებული, ჩინელებით დასრულებული, ყველა ერს აქვს სვასტიკის გამოსახულების სხვადასხვა სახეობა. ერთ-ერთი მათგანია ჩვენი ბორჯღალი, რომელიც 9 ან 7- ქიმიანია. ქართულ პასპორტსა და მონეტებზე ის შევარდნაძის ინიციატივით აღიბეჭდა. არადა, საქართველოს ჰქონდა სახელმწიფო გერბი. საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით და ბორჯღალი გერბით შევცვალეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბევრს ბორჯღალი ქრისტიანული სიმბოლო ჰგონია... მართალია, იგი ძვირფასია ჩვენი ეთნოგრაფიისთვის, მაგრამ მიუღებელია, როგორც სახელმწიფო სიმბოლო.

- ბორჯღალის ქიმები ქართულ ისტორიულ ძეგლებზე მარჯვნივ არის მიმართული, ქართულ მონეტებზე კი - პირიქით...

- ქიმების მიმართულებას ჰერალდიკაში მნიშვნელობა არ აქვს.

- საზოგადოების ნაწილის აზრით, საქართველოს სახელმწიფო გერბზე წმინდა გიორგი მარცხნივ კი არა, მარჯვნივ უნდა იყოს მიბრუნებული, ამის გამო ზოგიერთი მას მასონურ გერბსაც კი უწოდებს...

- ჩვენი მთავარი პრობლემა გაუნათლებლობაა. საზოგადოებას ვურჩევ, იხილოს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მე-18 საუკუნეში შექმნილი სახელმწიფო გერბი და დააკვირდეს, საით არის მიბრუნებული წმინდა გიორგი. უძველეს რაჭულ და სვანურ ხატებზეც წმინდანი სწორედ ასეა გამოსახული.

- ადრინდელი წმინდა გიორგის გამოსახულება შებრუნებული იყო...

- ის წმინდა გიორგი კი არა, თეთრი გიორგი იყო. ამ გამოსახულებას ჰერალდიკაში რუსულ წმინდა გიორგის უწოდებენ და რუსულ გერბზეა გამოსახული. თავდაპირველად იმ გერბზეც წმინდა გიორგი იყო ჩაფიქრებული, რომელიც სოციალ-დემოკრატებმა შეკვეცეს. ჯერ გველეშაპი გააქრეს, შემდეგ შარავანდედი მოხსნეს და დატოვეს მხედარი, რომელსაც შემდეგ თეთრი გიორგი უწოდეს.

- 2004 წლამდე წმინდა გიორგი საპატრიარქოს გერბზეც მარჯვნივ იყურებოდა, მერე კი...

- ეს იმ ხალხმა აიძულა საპატრიარქოს წარმომადგენლები, ვისაც არ ესმოდა ამ გამოსახულების ჰერალდიკური მნიშვნელობა. თავის დროზე, როდესაც ზვიად გამსახურდიას დავალებით საქართველოს გერბის ესკიზი გავაკეთე, წმინდა გიორგი საპირისპიროდ მივმართე. დიახ, იმხანად შეცდომა დავუშვი, რადგან სრული ინფორმაცია არ მქონდა.

- ხუთჯვრიანი დროშის თაობაზეც სხვადასხვა თვალსაზრისია - ზოგი ამბობს, რომ ეს დროშა არ არის ქართული და მას კათოლიკე ჯვაროსნების სიმბოლოდ მოიხსენიებს.

- აბსურდია. მე-14 საუკუნის დროინდელ რუკებზე ნათლად ჩანს, სად, რომელ კუთხეში გამოიყენებოდა ხუთჯვრიანი დროშა. ამ ჯვარზე რომ იტყვიან, კათოლიკურიაო, ამაზე მეტი უმეცრება რაღა გინდათ? ასე რომ, ზედმეტ ლაპარაკს სჯობს, წიგნი წავიკითხოთ და საქართველოს ისტორია ვისწავლოთ.

ავთანდილ კახნიაშვილი: "შესაცვლელია ქართული დროშაც, გერბიც და ჰიმნიც"

- სამწუხაროდ, საქართველოში უაღრესად დაბალი სამართლებრივი კულტურაა. ასი მოქალაქიდან 99-ს კონსტიტუცია წაკითხულიც არ ექნება. საქართველოს დღევანდელ სახელმწიფო სიმბოლოებზეც 100-დან, ალბათ, სულ რამდენიმე კაცს თუ აქვს წარმოდგენა. არადა, შეუძლებელია რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მოქალაქეს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლოების წარმომავლობაზე არ ჰქონდეს ინფორმაცია და ელემენტარულ კითხვაზე პასუხი არ იცოდეს.

სხვათა შორის, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო სიმბოლოები ისეთ მნიშვნელოვან საკითხად არის აღიარებული, რომ მათი შემოღება ორგანული კანონით უნდა ხდებოდეს. ამასთანავე, კანონპროექტს განმარტებითი ბარათიც უნდა ახლდეს, რომელშიც ნორმის მიღების აუცილებლობა იქნება დასაბუთებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1994 წელს სიმბოლიკის შესამუშავებლად სახელმწიფო კომისია შეიქმნა, ლოგიკური იქნებოდა, ახალი სიმბოლიკის თაობაზე საზოგადოებაც ყოფილიყო ინფორმირებული და სპეციალისტებისთვისაც ეკითხათ აზრი.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ სახელმწიფო სიმბოლიკა ისე ნაუცბათევად შეიცვალა, რომ "გამარჯვებული ხალხისთვის" არაფერი უკითხავთ. 2004 წლის 14 იანვარს პარლამენტის შენობაში ძალით შეიყვანეს შევარდნაძის დროინდელი დეპუტატები, რომლებსაც კონსტიტუციური უფლებამოსილება 2003 წლის 22 ნოემბერს შეუწყდათ (ახალი პარლამენტი 2004 წლის მარტში აირჩიეს) და სააკაშვილის ინაუგურაციისთვის "ხუთჯვრიანი დროშა" ისე სახელდახელოდ "დააკანონებინეს", რომ არც მისი წარმომავლობა იცოდნენ და არც ზუსტი აღწერილობა.

არადა, კარგა ხნით ადრე პროფესორი გურამ შარაძე ცდილობდა, ემცნო საზოგადოებისთვის ხუთჯვრიანი დროშის კათოლიკური წარმომავლობა, ხოლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინტერნეტში შეეძლო მოეძებნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ახალი "ოფიციალური" სიმბოლო სინამდვილეში კათოლიკური ჯვრის ერთ-ერთი მოდიფიკაციაა, რომელიც მე-13 საუკუნეში შეიქმნა.

საგულისხმოა, რომ 2001 წელს, როდესაც საკრებულოს გადაწყვეტილებით მერიის შენობის თავზე აღმართეს ხუთჯვრიანი დროშა, დედაქალაქის "რჩეულებმა" ეს დროშა დავით აღმაშენებლის სახელს დაუკავშირეს. არადა, ამას არც ერთი ქართველი მეცნიერი არ ადასტურებს - ყველა ხაზს უსვამს, რომ ჯერჯერობით არ ვიცით, როგორი იყო "გორგასლიან-დავითიანი" დროშა (აკაკი ბაქრაძე, სიმონ გამსახურდია, ნუკრი შოშიაშვილი, მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, მალხაზ აფრიდონიძე, აპოლონ სილაგაძე და სხვანი). სამაგიეროდ, ხუთჯვრიანი დროშის თაობაზე მსოფლიოში საერთო პოზიცია აქვთ, რომელსაც ქართველი მეცნიერებიც იზიარებენ და საჯაროდ ამბობენ, რომ ხუთჯვრიანი კომპოზიცია ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა და რომ ის "კათოლიკური სამყაროს მაინტეგრირებელი სიმბოლოა" (თედო დუნდუა, "ძელი ცხოვრებისა", თბილისი 2000).

- ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე ამტკიცებს, რომ ხუთჯვრიანი დროშა ქართული სიმბოლოა და მე-14 საუკუნის დროინდელ რუკებზე ნათლად ჩანს, საქართველოს რომელ კუთხეში გამოიყენებოდა ეს დროშა...

- ეს არის პორტოლანები, საზღვაო რუკები მე-14 საუკუნის იტალიელი ზღვაოსნებისა, რომლებსაც მონიშნული ჰქონდათ ის ქალაქები (თბილისი და სოხუმი), სადაც მოქმედებდა კათოლიკური მისიები. ამაზე მეცნიერები აღარ დავობენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ რუკებზე სწორი (იერუსალიმური) ჯვრებია გამოსახული, ხოლო ტამპლიერთა ორდენის სიმბოლო იერუსალიმის ჯვრის ერთ-ერთი მოდიფიკაციაა. გარდა ამისა, ამიხსნან, რა კავშირშია მე-14 საუკუნის რამდენიმე რუკაზე თბილისის თავზე დასმული ხუთჯვრიანი ნიშანი და დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს სახელმწიფო დროშა. მაჩვენონ ერთი ნაშრომი მაინც, სადაც ერთმნიშვნელოვნად იქნება აღწერილი დავით აღმაშენებლის დროშა ან სადმე მოიძიონ ასეთი დროშის ნიმუში. გარდა ამისა, იტალიელ ზღვაოსანთა იმავე რუკებზე ხუთჯვრიანი სიმბოლოები დასმულია სირიის, ყირიმის, სომხეთის, იორდანიისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე არსებულ ქალაქებზეც...

კარგი, ვთქვათ, ქართველებმა ვერ შემოვინახეთ "ხუთჯვრიანი დროშის" ნიმუშები; ნუთუ მტერმა ნადავლის სახითაც ვერ იგდო ხელთ ერთი ცალი მაინც?! ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა დოღონაძის ხელმძღვანელობით გაიგზავნა დელეგაციები თურქეთში, ირანში, საბერძნეთსა და საფრანგეთში, მაგრამ ერთი მტკიცებულებაც ვერ იპოვეს და, მიუხედავად იმისა, რომ ელდარ შენგელაია ძალიან იყო მოწადინებული, 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, "ხუთჯვრიანი დროშა" ვერ დაამტკიცა.

- თუ ხუთჯვრიანი დროშა ქართული არ არის, გარემოების გამო დაამტკიცეს ის სახელმწიფო დროშად?

- ამ დროშას 1991 წლიდან მონარქისტული პარტია იყენებდა, ოღონდ სწორჯვრებიანს, დროშის დღევანდელი ვერსიის პირველი "პრეზენტაცია" კი 1995 წელს "მოქალაქეთა კავშირის" ერთ-ერთ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე (ფილარმონიაში) მოხდა. მოგეხსენებათ, "ნაცმოძრაობა" "მოქალაქეთა კავშირის" ბაზაზე ჩამოყალიბდა და, აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდმა შევარდნაძისგან ბევრი რამ მიიღო მემკვიდრეობით. ამიტომ პასუხი კითხვაზე, რატომ დაამტკიცეს ხუთჯვრიანი დროშა, შევარდნაძესაც ეცოდინება. თუმცა, თუ ე.წ. ვარდების რევოლუციის ორგანიზატორ-დამფინანსებელთა ვინაობასაც და პირად ინტერესებსაც გავითვალისწინებთ, დასკვნების გამოტანას განსაკუთრებული "ზოგადი უნარები" არ უნდა სჭირდებოდეს. ამ ფორმის ხუთჯვრიანი დროშა საქართველოში პირველად მხოლოდ 1995 წელს "მოქალაქეთა კავშირის" ღონისძიებებზე გამოჩნდა, ხოლო XXI საუკუნეში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გახადა პოპულარული.

სხვათა შორის, 1999 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ აღდგეს ისტორიული დროშა, ხოლო გერბი - "კვართიან-დავითიანი". მართალია, დეპუტატებს დროშის თაობაზე მკაფიო წარმოდგენა არ ჰქონდათ, მაგრამ იმაზე მაინც შეთანხმდნენ, რომ გერბზე ქრისტეს კვართი და დავით აღმაშენებლის მეფობის სიმბოლოები აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოსახული. მაინტერესებს, საქართველოს ამჟამინდელ გერბზე რა არის "კვართიან-დავითიანი"? როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ჩვენს გერბზე გამოსახულია ბურგუნდიის მეფის გვირგვინი და არ არის ასახული ისეთი, რამ რაც მხოლოდ საქართველოსთან იქნებოდა დაკავშირებული.

ამასთანავე, რატომღაც მობრუნებულია წმინდა გიორგის გამოსახულება. სასურველია, სახელმწიფო გერბი ორიგინალური იყოს და საქართველოს ისტორიასთან ერთად დღევანდელ დღეს ან მომავალსაც ასახავდეს. საქართველოს გერბის შემხედვარე კი - ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას თუ არ გავითვალისწინებთ, ვერავინ მიხვდება, რომ საქართველოზე და რესპუბლიკურ პოლიტიკურ წყობაზეა მინიშნება. იმ ფაქტს კი, რომ 2004 წლის ოქტომბერში ნაუცბათევად მიღებული გერბი 2005 წლის ივლისში "ნაციონალებმა" ისევ შეცვალეს და სადევიზე ბაფთაზე ჯვრები დაამატეს, ხოლო ვაზის ფოთოლი ლეღვის ფოთლით შეცვალეს, ძნელია გონივრული ახსნა მოუძებნო.

- რატომ შეცვალეს?

- როგორც ვიცი, როდესაც ახალი გერბის ელექტრონული ვერსია ინგლისში, სპეციალისტებთან გაგზავნეს სახელმწიფო სიმბოლოს ეტალონური ბარელიეფური გამოსახულების დასამზადებლად, იქიდან შემოთვალეს: სხვადასხვა ქვეყნის გერბებიდან გაქვთ ესა თუ ის დეტალი "დაკოფიფეისთებული" (გადმოტანილი) და ასე არ შეიძლებაო... ამიტომაც მოუწიათ დეტალების შეცვლა, თუმცა ფაქტია - გერბმა ისე იცვალა სახე, პარლამენტმა ხელახლა მიიღო...

ჩემი ნება რომ იყოს, ჩვენს გერბზე, ნაცვლად წარწერისა "ძალა ერთობაშია", წავაწერდი: "ძალა ცოდნასა და განათლებაშია" (იღიმის). არა მგონია, ძალების გაერთიანებითაც კი დღეს ვინმე დავჯაბნოთ, მაგრამ კონსტიტუცია, კანონმდებლობა და ადამიანის ძირითადი უფლებები თუ კარგად გვეცოდინება და მათ დაცვასაც ერთიანი ძალისხმევით შევეცდებით, ჩვენი დამარცხება ურთულესი საქმე იქნება...

ჰერალდიკოსებისაგან მსმენია, რომ როდესაც გერბზე მცირე, თუნდაც უმნიშვნელო დეტალი იცვლება, ამას სათანადო დასაბუთება სჭირდება, ვინაიდან არსებითად იცვლება სიმბოლოს შინაარსიც. ამასთანავე, როგორც ვიცი, გამოსახულების მიმართულების შეცვლა ისე ცვლის მის არსს, რომ სინათლის სიმბოლომ შეიძლება ბნელი ძალის დატვირთვა მიიღოს. მაგალითად, ფაშისტური სვასტიკა ტოტებჩამოტეხილი ჯვარია და წარმართულ ხანაში სიკეთეს განასახიერებდა.

გერმანელმა "ნაციონალებმა" კი საპირისპირო მხარეს შეაბრუნეს და ბოროტების სიმბოლოდ აქციეს. ბორჯღალის შებრუნებით გამოსახვამ ქართული კუპონი რა დღეში ჩააგდო, ყველას კარგად ახსოვს. პირველი ქართული უნივერსიტეტის სიმბოლოს "რევოლუციური ტრანსფორმირების" შედეგიც უკვე ჩანს (შველს რქები დაადგეს, სხეულზე ურთიერთსაპირისპირო მიმართულების სპირალები დაამატეს და "მოაჩუქურთმეს")... ისე, თუ გავიხსენებთ, ვინ დააფინანსა ე.წ. ვარდების რევოლუცია, ქართულ "ნაციონალურ" სიმბოლოებთან დაკავშირებული ბასტიბუბუ ლოგიკური მეჩვენება.

ყველაფერს თვითნებურად და ნაუცბათევად რომ ვაკეთებთ, ალბათ, ამიტომაც მოგვდის ამდენი შეცდომა. გაიხსენეთ, ქართული ლარი მიმოქცევაში რომ გაუშვეს, კუპიურებზე რამდენი შეცდომა იყო: ხუთლარიანზე, ივანეს ნაცვლად, მიხეილი ეწერა, ხოლო ორლარიანზე ოპერის თეატრის დაარსების წელი იყო არასწორად მითითებული. მძღოლის მოწმობებზე 2000 წლამდე რვაფრთიანი ბორჯღალი იყო გამოსახული და შემდეგ გაახსენდათ, რომ მხოლოდ 7 უნდა ყოფილიყო... 2000 წელს გამოუშვეს ათლარიანი მონეტა, რომელზეც გამოსახული იყო ქრისტეს კვართი და ხუთჯვრიანი სიმბოლო. რა, ქრისტე ბანკირი იყო თუ ჯვაროსანი?! როგორ შეიძლება რელიგიური სიწმინდის ფულზე გამოსახვა?! ქართველი წმინდანები რომ არიან ლარის კუპიურებზე აღბეჭდილი, ნორმალურად მიგაჩნიათ? ან იქნებ ამიხსნან, ათლარიან კუპიურაზე დავით კაკაბაძის "დედაჩემი" რატომ გამოსახეს? ამას ჯობდა, ამერიკელებივით პოლიტიკოსები და წარმატებული ადამიანები აღგვებეჭდა კუპიურებზე.

შესაცვლელია ქართული დროშაც, გერბიც და ჰიმნიც. ჰიმნში საქართველო არ არის ნახსენები, სამაგიეროდ, კონსტიტუციის იგნორირებით "ორ ზღვას შუა" ტერიტორიაზე ვაცხადებთ პრეტენზიას, მეორე ზღვად კი, ალბათ, თბილისის წყალსაცავია ნაგულისხმევი...

ყველაფერზე, რაც დამოუკიდებლობააღდგენილ ქართულ სახელმწიფოში სიმბოლოების მიმართ ხდება, ძნელია კომენტარი... როდესაც XXI საუკუნეში რესპუბლიკის მოედანს "რევოლუციის" სახელს დაარქმევ, ქუჩას სხვა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ან "მოძმე რესპუბლიკის" სკკპ ცკ-ის ყოფილი პირველი მდივნის სახელს უწოდებ და სასტუმროს ქართულად "ბლუ ივერიას" დააწერ, რაზეა ლაპარაკი? ხელისუფლების ინგლისურით გატაცებას თუ გავითვალისწინებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტმა საქართველოსაც შეუცვალოს სახელი და ჯორჯ სოროსის პატივსაცემად "ჯორჯია" დაარქვას.

თავის დროზე მწერალ ვიქტორ ასტაფიევის გაფრთხილება ჩვენი ავადმყოფობის პირველი ნიშნების თაობაზე (ნაწარმოები "ციმორების ჭერა საქართველოში" - ნ.მ.) დროულად რომ გაგვეთვალისწინებინა, სნეულება "ხუთჯვრიან სტადიამდე" არ გაგვირთულდებოდა!

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად ახალ დროშაზე ფიქრი მოგვიწევს. სახელმწიფო კომისიაც შეიქმნება და, ალბათ, კონკურსიც გამოცხადდება. თუ საკითხი რეფერენდუმზე არ გავა, სიმბოლოები ლეგიტიმურმა პარლამენტმა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მაინც უნდა მიიღოს, ხოლო თუ ხალხი ან პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო დროშად ხუთჯვრიანს აირჩევს, საზოგადოებას მისი შინაარსი ხომ მაინც უნდა აუხსნან. საქართველოს მოქალაქემ ის მაინც ხომ უნდა იცოდეს, ჯვაროსნების შთამომავალია თუ ტამპლიერების გეგმების ხორცშესხმას აპირებს?

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)