ერთხელ უთქვამს, - ჩვენი დღევანდელი ცხოვრება აბსურდის თეატრია და არ მინდა, მისი მსახიობი ვიყოო... ვინ არის, როგორია "ზნეკაცად ქმნილი მთიდან" მოსული პოეტი, ლექსად თუ ულექსოდ, სვანური რიხით ყოველთვის რომ ამბობს სათქმელს?... ამჯერად რუბრიკა "პირისპირს" პოეტი ერეკლე საღლიანი სტუმრობს.
- ჩვენი ცხოვრებაც დღენიადაგ ამ ურთულეს კითხვებზე პასუხია: ვინ ვიყავი და ვინ ვარ? გარეშე თვალი უფრო კარგად დაინახავს ამას, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ვცდილობ, ვიყო ის, ვინც უნდა ვიყო და ისეთი, როგორიც უფალმა ჩამიფიქრა. რა შევძელი ჩემი ცხოვრებით და, თუნდაც, საკუთარ თავთან, ხარვეზებთან ბრძოლით, დრო გამოაჩენს. ჩვენი წილი ცოდვების გამოსწორების ერთადერთი გზა სინანულია და, რა თქმა უნდა, მეც ბევრ რამეს ვნანობ. ვნანობ, რომ ძალიან ბევრი დრო დავკარგე.
ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები ჩემთვის გაკვეთილი, სილა იყო, მაგრამ ვერაფრით ავიცდენდი, რადგან უფლისგან მოდიოდა. ტკივილის ნესტარი უნდა მიმეღო, გონს რომ მოვეყვანე და მოვყავდი კიდეც. რა მაღიზიანებს, იცი, განსაკუთრებით? ჩემი 10 წლის ვაჟი - სანდრო (სხვათა შორის, ერთხელ სანდროც სტუმრობდა ჩვენს გაზეთს - ი.ხ.) რომ უშვებს იმავე შეცდომას, რაც ოდესღაც მე დამიშვია. არადა, ნათქვამი მაქვს, - არ უნდა გამეკეთებინა, მამა, მაგრამ შენს ასაკში ესა და ეს ჩავიდინე-მეთქი. მან უკვე იცის, რა არ გააკეთოს, მე კი - არ ვიცოდი, ამიტომ ვღიზიანდები, მაინც რომ ცდება. ერთს კი მივხვდი: რაც იმხანად შემეშალა, მერე განცდად მექცა, მაგრამ ჩემს შვილს რასაც ვეუბნები, უკვე შეგონებაა. შეგონებას კი ვერ განიცდი, თვითონ უნდა იწვნიო. ხანდახან, ჩემი შვილი რომ ცდება, ფიქრებით თითქოს საკუთარ ბავშვობასაც ვუღიმი და კიდეც ვუწყრები ხოლმე.
არადა, მეც ხომ მარიგებდნენ? თანაც მთელი ოჯახი თავს მევლებოდა, რადგან პირველი შვილი ვიყავი. გამთენიას მამალი რომ იყივლებდა, ჩემი მამიდები მამალს დასდევდნენ, ბავშვი არ გააღვიძოსო. ეგ რაა, ბიძაშვილი მყავდა, ჩემზე გიჟდებოდა. 17 წლისა რომ დაიღუპა, იმხანად 2 წლის ვიყავი და იმიტომაც არ მახსოვს. ერთხელ, ჩვენთან სტუმრად მყოფს, ღამით ოთახიდან აკვნიანად მოვუპარივარ და თავის ოთახში გადავუყვანივარ. აი, ასეთ სიყვარულში ვიზრდებოდი. არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, რადგან იმხანად ზნეობრივად ისე შერყვნილი არ იყო ადამიანი, როგორც დღესაა. მეტი უშუალობა და სიწრფელე იყო და მეც, ეგზიუპერის ნათქვამის არ იყოს, იმ ჩემი საოცარი ბავშვობიდან მოვდივარ. სწორედ ის მომყვება და კვებავს ჩემს შემოქმედებას.
მაგალითად, ჩვენც ვთამაშობდით ბავშვობაში, თუნდაც, ომობანას, მაგრამ ადამიანებს კი არ "ვხოცავდით", როგორც ახლანდელ ბავშვებს "ახოცვინებენ" კომპიუტერში და თავიდანვე ბოროტებას უდებენ! ჩვენ "ვომობდით", მაგრამ, ნეტავ გენახათ, პატარა ბავშვები როგორ ვიცავდით რაინდულ წესებს! ხის ხმლებით ვიყავით შეიარაღებულნი და თუ მოწინააღმდეგეს ხმალს სახეში მოარტყამდი, ბრძოლას წყვეტდი და "ღირსეული მეომრის" სახელსაც ვეღარ ეღირსებოდი. ერთიერთზეც ვიბრძოდით და ვერავინ ჩაგვერეოდა. ძირითადად, კოლმეურნეობის ყანებში ვომობდით და ვცელქობდით. ამიტომაც გაბრაზდნენ კოლმეურნეობის ხელმძღვანელები და მშობლები ამიმხედრეს, - ჩვენი შვილები მხოლოდ ერეკლეს უჯერებენო. სოფლის ბავშვები "ჩამომართვეს" და დავრჩი მხედართმთავარი უჯაროდ (იცინის). მეც სხვა სოფლის ბავშვების ჯარი შევქმენი და ჩემს ძველ მოწინააღმდეგეს შევებრძოლე, მაგრამ... დავმარცხდი. ტყვედ ჩამიგდეს და იცი, რა მითხრეს? - მეორედ არ გაბედო სხვა სოფლიდან ჯარის მოყვანა.
თუ კაცი ხარ, შენს სოფელში უნდა გაფასებდნენ და იქაური ჯარი წამოგყვესო... კარგა ხნის შემდეგ იმ პატარა ბიჭების ნათქვამი გავუმეორე ჩემს ერთ ახლობელს, უცხოელები რომ უნდა აეყვანა უშბაზე. მივანიშნე, უცხოელების ნაცვლად შენიანები აიყვანე-მეთქი. დღეს ხომ ჩაკვდა ჩვენში მთამსვლელობის ტრადიცია და საჭიროა დავიბრუნოთ ძველი დიდება... თუმცა გვაქვს წარმატებაც - ქართველმა მთამსვლელებმა დაიპყრეს ჰიმალაის მთების უმაღლესი მწვერვალები, მაგრამ, ძირითადად, ისევ ძველი თაობა გამოირჩევა. ძალიან მინდა, ახალი თაობის წარმომადგენლებმაც ასევე ასახელონ ჩვენი ქვეყანა. ახლა ტურისტულმა ლაშქრობებმა უფრო გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა, ვიდრე - ალპინიზმმა.
ყოფილხართ ბოლო პერიოდში სვანეთში? ისე უცვალეს სახე, მესტია მესტიას აღარ ჰგავს. ახლა ისტორიულ ძეგლებს მიადგნენ, თანაც რესტავრირება-აღდგენის მოტივით, არადა, დამახინჯება უფროა. ტურისტს შენი ყოფა, ცხოვრება აინტერესებს, აბა, აგერ, მესტიის ცენტრში, სიღნაღის მსგავსად, რატუშისნაირი შენობით ევროპელს გააკვირვებ? ვერ გააკვირვებ. ამით უპატივცემულობას კი არ გამოვხატავ იმისადმი, რაც ევროპაში შეიქმნა, მაგრამ როგორც განსხვავდება ჩვენი ცხოვრების წესი ევროპული და აზიური წესისგან, ასევეა ჩვენი ხუროთმოძღვრებაც, ჩვენი ხელოვნება თვითმყოფადია. არ შეიძლება ხელყო ის, რაც ერმა საუკუნეების განმავლობაში შექმნა. ზოგიერთს რომ ჰკითხო, სიღნაღი გაალამაზეს, ჩემთვის კი დაამახინჯეს. ის აღარ არის ქართული ქალაქი. ნუკრიანიდან სიღნაღს რომ გადმოხედავდი, მის პანორამას არაფერი სჯობდა.
ახლა ეს ჭრელაჭრულა, ზიზილპიპილო შეუსაბამოა ქართულ ლანდშაფტთან. რაღაც ხომ უნდა გაითვალისწინო, ვიღაცას ხომ უნდა ჰკითხო? ხომ არ შეიძლება მხოლოდ საკუთარ ხუშტურებზე იარო და მთელი ერი და ქვეყანაც ატარო? გერმანელი კაცი სტუმრობდა მესტიას და თბილისში რომ დაბრუნდა, აქაურ მეგობრებს უთხრა, - წადით, დროზე ნახეთ სვანეთი, ვიდრე დაუმახინჯებიათო! ხომ გახსოვთ, ილია ჭავჭავაძე რომ წერს "გლახის ნაამბობში": მოხუცებულ პეპიას ურემზე რომ შესვამენ და გაბროს პირით ამბობს, - სიავეს ჩვეული რუსებისგან ეს სიკეთე გაგვიკვირდაო. მესტიაში დანგრეული კოშკი დავინახე ხარაჩოებში და გამიკვირდა... და გამიხარდა კიდეც.
ვისაც ძველი მესტია ახსოვს, შეამჩნევს, თუ როგორ ეწირება ვიღაცის ხუშტურებს საქართველოს ეს კუთხე, როგორ კარგავს ის პირვანდელ სახეს. ცენტრში ვიღაცამ სასტუმროს აშენება მოინდომა, ანგარიში არ გაუწია არაფერს და დაამახინჯა იქაურობა. სამწუხაროდ, სვანეთში მცხოვრებ ადამიანთაგან მცირედს თუ აქვს შემოსავალი, მშენებლობაზე ხალხია დასაქმებული. მშენებლობის შეწყვეტის შემთხვევაში ისინი ულუკმაპუროდ რჩებიან. გამოსავალი არსებობს, მაგრამ მე იმედი არ მაქვს, რომ ჩვენს გულისტკივილს ვინმე გამოეხმაურება. სასტუმროებით უცხოელს ვერ გავაკვირვებთ. რამდენიმე კოშკი დანგრევის პირასაა. ადგნენ და სასტუმროს მშენებლობაზე რომ ადამიანებს ამუშავებენ, იმ კოშკების მშენებლობაზე დააკავონ. იმ ხალხსაც ექნება შემოსავალი და ცენტრიც აღარ დამახინჯდება.
- მესტიის ცენტრის დამახინჯებაზე მეტად, მგონი, იმას შიშობთ, ადამიანები რომ შეიცვლებიან.
- რასაკვირველია. რა თქვა, იცი, უშგულში ხანდაზმულმა კაცმა? ისეთი სიცოცხლე შევარცხვინე, შვილო, ტურისტის მოსვლა რომ გამიხარდება და სტუმრის - არაო. იყოს ტურიზმი, კი ბატონო, მაგრამ მარტო ტურიზმია სვანეთისთვის? ზნეობრივი თვალსაზრისით კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში ასეთი ცუდი მდგომარეობა. ჩვენი ხალხი მომთმენია, მაგრამ თუ იქუხა, მერე - ვაი!
- ბატონო ერეკლე, თქვენი რომელი ლექსი გადმოსცემს ყველაზე უკეთ ჩვენს დღევანდელ ყოფას?
- ერთი ძველი ლექსი მაქვს. ძველია, მაგრამ ძალზე ახალიცაა:
"განკითხვის მძიმე წუთები დადგა,
თავს არ ვეკუთვნით არც
ერთი რადგან.
საღათას რული ედებათ თვალებს,
ერთი სასჯელი მეორით ვცვალეთ.
დრო კი ზოზინით მიიწევს ნელა,
ჩვენც თავს ვიტყუებთ
დროდადრო ყველა.
საგნებს სახელი ეცვალათ მხოლოდ,
თუმც ძალზე გვიან
მივხვდებით ბოლოს...
განკითხვის მძიმე წუთები დადგა!"
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)