ლალი მოროშკინას დედა გაუთხოვდა

ლალი მოროშკინას დედა გაუთხოვდა

"...მამაკაცები იყოფიან 4 კატეგორიად. თითოეულ კატეგორიაში 2 ტიპის ადამიანი გვხვდება, და თუნდაც ქვა გახეთქე, ვერაფრით გადააკეთებ... თუ "კადრი" შენთვის მისაღები და ღირებულია, თავად მოერგე მის ფსიქოტიპს და ათამაშე შენს ჭკუაზე"...

"პირველ პაემანზე ასაკი ნაკლებად უნდა გაინტერესებდეს, მით უმეტეს, რომ ეს ის გარემოებაა, რომელსაც ვერ შეცვლი. მთავარია, არ იყოს ძალიან პატარა, რომელსაც გაზრდა და პატრონობა სჭირდება და ძალიან დიდი, რომელსაც გაზრდა არა, მაგრამ პატრონობა მალე დასჭირდება"...

"თავმოყვარე მამაკაცი არასდროს მისცემს თავს უფლებას, ჯერ ინტერნეტის სივრცეში ათვალიეროს მომავალი საბედო, მერე კი პაემანზე პირდაპირ დესკტოპიდან "ასწიოს"...

"იდეალური მამაკაცი, როგორც წესი, უკვე ზრდასრული მამრია! ის არ დადის ქუჩებში, მას ვერ ნახავთ კინოში, ის არ ქეიფობს რესტორნებში, და საერთოდ, როგორც წესი, მიუწვდომელია... აბა, ისე როგორ იქნებოდა იდეალური?" - მოკლედ, რაღა გავაგრძელო და ეს ამონარიდები გახლავთ ლალი მოროშკინას წიგნიდან - "ყველა კაცი იდიოტი არ არის ანუ როგორ გავთხოვდეთ", რომელიც ცოტა ხნის წინ პალიტრა L-მა გამოსცა.

ამ წიგნის პრეზენტაციაზე ავტორმა განაცხადა, - მესამედ ვთხოვდებიო და ცხადია, საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცა, მაგრამ სულ ცოტა ხანში ხალხის ცნობისმოყვარეობა ასე დააკმაყოფილა: რას ამბობთ, რა მესამედ გათხოვება, ეს ყველაფერი წიგნის გასაყიდად საჭირო პიარ-კამპანია იყოო. თვითონ არა, მაგრამ აღნიშნული წიგნის წაკითხვის შემდეგ დედა კი გაუთხოვდა...

- ლალი, "გზისთვის" მოცემულ ბოლო ინტერვიუში, შემდეგ კი ერთ-ერთ ტელეშოუში შენს მესამე წიგნზე - "ყველა კაცი იდიოტი არ არის ანუ როგორ გავთხოვდეთ" - ლაპარაკის შემდეგ აღნიშნე, რომ მესამედ თხოვდებოდი, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს ტყუილი იყო...

- ერთს ვიტყვი - მყავს შვილები, მაქვს ჩემი მაკროსამყარო, სადაც თავს ბედნიერად, თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ; მაქვს გეგმები, რომელიც პოლიტიკას უკავშირდება და ზუსტად ვიცი, ამ სიტუაციაში ქმარი მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, რადგანაც ქორწინებით გარკვეულწილად, ადამიანის დამოუკიდებლობის ნგრევა ხდება... სხვათა შორის, ჩემს მეორე წიგნზე ("უსექსობა პატარა ქალაქში") მუშაობისას ძალიან დავითრგუნე, რადგან აღვწერე ყველა ის მანკიერი მხარე, რაც ამ ქალაქში არსებობს.

- არადა, სახელწოდებიდან გამომდინარე, ბევრს ეგონა, რომ წიგნს სექსზე წერდი...

- დიახ და ხელში შერჩათ მწვავე პოლიტიკური რომანი, მაგრამ ესეც ჩემგან გადადგმული ეშმაკური ნაბიჯი იყო. ძალიანაც კარგი, რომ ასე მაინც ჩავახედე ადამიანები საქართველოს რეალობაში და ზოგს გული დავუწვი, ზოგს - მოვფხანე... ამ წიგნზე მუშაობის შემდეგ განტვირთვა, ამოსუნთქვა იყო საჭირო და საკუთარი თავი მსუბუქი, სახალისო წიგნის წერით გავართე. საერთოდ, ემოციებისგან დაცლაში წერა მეხმარება.

ბავშვობაშიც ასე ვიყავი და დედა ყოველთვის ჩემი ნაწერების მიხედვით ხვდებოდა, რა პრობლემა მქონდა... მოკლედ, გართობა მჭირდებოდა, თან ვიფიქრე, რომ ეს არც მკითხველს აწყენდა და სწორედ მათთვის დავწერე წიგნი - "ყველა კაცი იდიოტი არ არის ანუ როგორ გავთხოვდეთ". სხვათა შორის, ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ ერთმა ქალბატონმა წერილი მომწერა, - თქვენგან სერიოზულ ნამუშევრებს მოველით და არა ასეთ სახალისოსო.

ისე, მაინც ვერ გავიგე, რატომ უნდა ვწერო მუდმივად ტრაგიკულ თემებზე?!. მოკლედ, სახალისო წიგნზე მუშაობით გული რომ ვიჯერე, გადავწყვიტე, ადამიანებისთვის ჩემი "ზღაპარიც" შემეთავაზებინა (ზოგჯერ ხალხს ასეთი ამბების მოსმენაც უყვარს); თან მსურდა, გამეგო, რა უფრო აინტერესებთ - დეტალები ჩემი პირადი ცხოვრებიდან თუ კიდევ ერთხელ მოესმინათ ჩვენი მძიმე ყოფის შესახებ.

აღმოჩნდა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება უფრო საინტერესო ყოფილა. დიახ, მას მერე, რაც ვთქვი, - მესამედ ვთხოვდები-მეთქი, ქვეყანა დაინგრა, მთელი ქალაქი ჩემზე ალაპარაკდა! არადა, ცხოვრებაში გაცილებით მეტი და საინტერესო რამ გამიკეთებია, ვიდრე ჩემი მესამედ გათხოვებაა, მაგრამ საზოგადოებას ასეთი ამბები უფრო აინტერესებს და სწორედ ამიტომ იყიდება ზოგადად, "ყვითელი პრესა".

- ე.ი. ის ადამიანი, ვისზეც საუბრობდი, გამოგონილი იყო?

- ზოგადად მე, ქორწინებაზე ვლაპარაკობდი და რადგანაც ჩემი მომავალი მეორე ნახევრის სახელი და გვარი არ ვახსენე, ე.ი. რეალური პიროვნება არც არსებობდა. როგორ გგონიათ, 40 წელს გადაცილებული ქალი თეთრ კაბას მესამედ ჩავიცვამდი? რა, ჭკუანაკლულს ვგავარ?! იმ გადაცემაში თეთრი კაბა რომ მეცვა, ეს ინსცენირება იყო და მეგონა, ხალხი მიხვდებოდა, ამ ყველაფერს პიარისთვის რომ ვაკეთებდი. თან, ჩვენი მაყურებელი და მკითხველი ხომ პიარ-კამპანიებით 2003 წლიდანაა განებივრებული, მაგრამ მაინც ვერაფერს მიხვდნენ. ჰოდა, უკვე აღარ მიკვირს მათი, ვისაც სჯერა, რომ ანაკლია ქალაქია ან 100 უფასო საავადმყოფო გვაქვს...

- ისე დამაჯერებლად ილაპარაკე, რომ შენს ტყუილში ეჭვი არავის შეჰპარვია... როგორ ფიქრობ, შენი მესამე წიგნი რეალურად დაეხმარება მათ, ვინც გათხოვებას აპირებს?

- დედაჩემი, რომელსაც ქართულად კითხვა ძალიან უჭირს, ჩემი ერთგული მკითხველია და სწორედ მისი რეაქციის მიხედვით ვხვდები, გამომივიდა თუ არა ნამუშევარი. როდესაც ჩემს ახალ წიგნში გაეცნო იმ გვერდს, სადაც მამაკაცები ფსიქოტიპებადაა დაყოფილი, ბევრი იხარხარა და თქვა, - ახლა ზუსტად ვიცი, მე რა მინდაო. მაშინ მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და ჩავთვალე, რომ იხუმრა, მაგრამ ცოტა ხანში გამომიცხადა: - მე და ზაზა ხელს ვაწერთო და მართლაც, აგვისტოს მიწურულს ლამაზი ოჯახი შექმნეს.

ასე რომ, პირველი, ვინც ჩემი წიგნის დახმარებით გათხოვდა, დედაჩემია. ცოტა ხნის წინ ჩემმა ახალმა მამობილმა - ზაზამ დამირეკა და მითხრა: ხომ იცი, სიტყვა სიტყვაა (ახალი წიგნი ამ სიტყვებით სრულდება: თუ გათხოვდებით, ჩემი ქორწილში დაპატიჟება არ დაგავიწყდეთ-მეთქი), ჩვენს ქორწილში მეჯვარე შენ უნდა იყოო. დედამ გააპროტესტა: იქ რომ მოვიდეს, ჟურნალისტებიც აუცილებლად, ტელეკამერებით მოცვივდებიან. ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც, რაღაც მათ გარეშე გავაკეთოთო...

- ვინ არის შენი ახალი მამობილი?

- ბატონი ზაზა ცერცვაძე, შესანიშნავი ადამიანი. მას ხელოვნების მუშაკები კარგად იცნობენ, სუხიშვილების ყოფილი სოლისტია. სხვათა შორის, ზაზას ჩემი თაობის გოგონებიც ეპრანჭებოდნენ. თბილისში ერთ-ერთი სიმპათიური მამაკაცია. დღესაც სუხიშვილების სტუდიაში მუშაობს, მენეჯერია.

- დედაშენი რამდენი წლისაა?

- დედა 63 წლის გახლავთ, ზაზა - 65-ის. ჯერ ახალგაზრდები არიან, სიცოცხლით სავსეები და კარგადაც გამოიყურებიან. მგონი, ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, შემდეგ კი ნაცნობობა სიყვარულში გადაიზარდა... ბევრი მილაპარაკია და დამიწერია თალესზე (ჩემს მამობილზე, ვის ხელშიც გავიზარდე) და კიდევ ბევრს ვილაპარაკებ, რადგან უსაზღვროდ მიყვარდა.

როცა ის გარდაიცვალა, დედას სიცოცხლე აღარ უნდოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. ბევრი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ დეპრესიიდან გამომეყვანა. ვეუბნებოდი: ასეთი გლოვა უკულტურობის ნიშანია-მეთქი. მოკლედ, ძალიან ნელა, ფრთხილი ნაბიჯებით დავიწყე მისი რეაბილიტაცია - ჯერ თმა შევაღებინე, მერე შავი სამოსი გავხადე...

წელს თალესის გარდაცვალებიდან 15 წელი შესრულდა და ზუსტად ვიცი, მანანას ის მთელი ცხოვრება ემახსოვრება. სხვათა შორის, სიკვდილის წინ დედას ასეთი რამ უთხრა: - მანანა, უნდა გათხოვდეო! მახსოვს, დედა მაშინ ძალიან გაბრაზდა, - ეს როგორ მითხრაო?! მაგრამ როდესაც მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შეუყვარდა, თალესის სიტყვებმა გათხოვების გადაწყვეტილების მიღება გაუადვილა... მოკლედ, ჩვენს ოჯახს ახალი წევრები, შესანიშნავი ადამიანები - ზაზა და მისი შვილი, დათო ცერცვაძე შემოემატნენ.

- შენ არა და, დედა კი გათხოვდა მესამედ...

- ხომ გაგიგონია, რომ ამბობენ: - კვიცი გვარზე ხტისო?

- კი, გამიგონია...

- ჰოდა, უბრალოდ, ჯერ ჩემი დრო არ დამდგარა... ახლა, მანანას შემყურე ვამბობ, რომ ცხოვრება მართლაც, წინ არის! ბოლოს და ბოლოს, ევროპაში ხომ 40-50 წლის ასაკში თხოვდებიან?! იცი, ამ ქორწინებით რამდენ ჩემს მეგობარს მიეცა სტიმული? თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს (არა მარტო დედაჩემის, არამედ ჩემი თაობის წარმომადგენლებსაც) დედაჩემის შეშურდა კიდეც. არადა, თუ თავადაც იქნებიან ისეთივე ლამაზები, თბილები, მოსიყვარულეები და ქალურები, როგორიც მანანაა, მათაც გაუმართლებთ!..

- ჯვარი ჯერ არ დაუწერიათ?

- არა, მაგრამ ალბათ დაიწერენ.

- ახლა მაინც უთხარი მკითხველს სიმართლე - მოროშკინა მარტოა?

- მოროშკინა მარტო არასდროს არის. თავში ბევრი ჩიტი მყავს და ისინი მარტოს არ მტოვებენ (იცინის).

- წიგნებს ისეთი ტემპით წერ, ეჭვი მაქვს, მეოთხე წიგნი უკვე დაწყებული გექნება...

- მორიგი წიგნის თემა მოფიქრებული მაქვს, მაგრამ მუშაობა ჯერ არ დამიწყია. თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩავიფიქრე, საქართველოში ბომბივით წიგნი დაიწერება.

- ყველაზე მეტი სიამოვნება რომელ წიგნზე მუშაობამ მოგანიჭა?

- პირველი წიგნი ჩემი ცხოვრების ასახვა იყო და ის ჩემი ნაწილია; მეორე წიგნი, როგორც გითხარი, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, რადგანაც მასში ასახული ამბები მტკივა; დიახ, ძალიან მტკივა ეს გადაგვარებული და გაუკუღმართებული ყოფა.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)