ზოოპარკში ბავშვის გასეირნება ძვირი სიამოვნებაა

ზოოპარკში ბავშვის გასეირნება ძვირი სიამოვნებაა

პირველი აგვისტოდან ზოოპარკში შესასვლელი ბილეთი 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაძვირდა... უფრო ზუსტად, სამ წლამდე ბავშვის ზოოპარკში შესვლა უფასოა, სამიდან 12 წლამდე ბავშვისთვის ერთი ლარი ღირს, ხოლო 12 წლის ზევით - 2 ლარი.

ბილეთის საფასურის გაძვირების მიზეზით დავინტერესდით და ზოოპარკის გენერალურ დირექტორს, ბატონ ზურაბ გურიელიძეს დავუკავშირდით. მან ინტერვიუ ორი დღით გადაგვიდო, ორი დღის შემდეგ კი ასეთი პასუხი გაგვცა:

- ამაზე უკვე ვისაუბრე და ვეღარაფერს დავამატებ...

- კი, მაგრამ რა უდგას წინ, რომ რამდენიმე სიტყვით გვიპასუხოთ?

- ზოოპარკში შესასვლელი ბილეთის ფასი ცხოველთა პირობების გაუმჯობესების გამო გაძვირდა. 

- იქნებ გვითხრათ, ვისი საკუთრებაა ზოოპარკი?

ბატონმა ზურაბმა ამ კითხვას ბოლომდე აღარ მოუსმინა და ტელეფონი გათიშა... გადავწყვიტე, ბავშვი ზოოპარკში გამესეირნებინა, მაინტერესებდა, პატარისთვის ამ სიამოვნების მინიჭება რა დამიჯდებოდა. ზოოპარკი ხომ პატარების ყველაზე საყვარელი ადგილია! 5 წლის ბავშვის ბილეთში ერთი ლარი გადავიხადე, მე კი 2 ლარი გადამახდევინეს. ზოოპარკში სიხალვათე იყო, ატრაქციონები თითქმის ცარიელი ბზრიალებდა. ირგვლივ განსაკუთრებული ვერაფერი შევამჩნიე. არც ცხოველები ჩანდნენ მაინცდამაინც მოვლილი. პირიქით, ზოგან საკმაო სიბინძურეც იყო. სამწუხაროდ, ბევრი გალია ცარიელი დაგვხვდა. ზოოპარკში სიახლე ის იყო, რომ ეგზოტერიუმიდან ორი პითონი და ორიც გიგანტური ხვლიკი გარეთ გამოეყვანათ. ბავშვი, ჩემგან განსხვავებით, ამ ქვეწარმავლებით აღფრთოვანდა და ეგზოტერიუმში შეყვანა მომთხოვა. იქ შესვლა 2 ლარი ღირდა. 

მოგეხსენებათ ბავშვის ხასიათი - უნდა, რომ ყველაფერი უყიდოს მშობელმა, ყველა ატრაქციონზე დაჯდომას ლამობს. სხვათა შორის, ატრაქციონებით სარგებლობის ფასი არ გაზრდილა, კვლავ ერთი ლარი ღირს. სამ ატრაქციონზე "ბზრიალი" "ვაკმარე". შემდეგ კი ცხენით გასეირნება მომთხოვა. ერთი პატარა წრის შემოვლა 2 ლარი ღირდა. ამის შემდეგ ბავშვმა უშველებელი ბატუტი დაინახა და ახლა ეს აიჩემა. რა გაეწყობოდა, არც ამაზე დავწყვიტე გული. ბატუტზე ხტუნვა ერთი წუთი ერთი ლარი ღირს. სამი წუთით ხტუნვის შემდეგ ძლივს ჩამოვიყვანე. 

ჯერი ბავშვის დანაყრებაზე მიდგა. ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაყინის თუ ტკბილი გაზიანი სასმელის ფასი გაორმაგებულია. 40-თეთრიანი სიმინდის ბურბუშელა ერთი ლარი ღირს, 50-თეთრიანი ნაყინი - 80 თეთრი, ბამბის ნაყინი - ერთი ლარი და ა.შ. ამჯერად ბავშვი ბამბის ნაყინითა და ბურბუშელით "დავანაყრე"... საკმაო დროც გავიდა. ნელ-ნელა გამოვედით ზოოპარკის ტერიტორიიდან. გამოსვლისას ბავშვმა თვალი მოჰკრა კარტინგებს და იქით გაიქცა.

როდესაც ფასით დავინტერესდი, მითხრეს, 4 წრე ხუთი ლარი ღირსო. გადავავლე თვალი ჩემს ბიუჯეტს და აღმოჩნდა, რომ ამას ვეღარ შევწვდებოდი. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ბავშვისთვის გული არაფერზე დამეწვიტა, მის სურვილებს მაინც ვერ გავწვდი... როდესაც სამარშრუტო ტაქსიში ჩავჯექი, მგზავრობისთვის 80 თეთრი გადავდე და დავფიქრდი, უფრო სწორად, დავიანგარიშე, რა დამიჯდა, 3-4 საათით ბავშვის ეს გასეირნება, აღმოჩნდა, 20 ლარამდე დამიხარჯავს. მათ კი, ვისაც ორი, სამი და მეტი შვილი ჰყავს, საკმაოდ სოლიდური თანხის გადადება მოუწევს ბავშვების ზოოპარკში გასასეირნებლად, რასაც, სამწუხაროდ, ბევრი ოჯახის ბიუჯეტი ვერ გასწვდება...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"