ლექსი – "სიტყვა სრული და რჩეული!" მეუფე კალისტრატე მიხეილ სააკაშვილს ლექსს უძღვნის!

ლექსი – "სიტყვა სრული და რჩეული!" მეუფე კალისტრატე მიხეილ სააკაშვილს ლექსს უძღვნის!

წავიკითხე გაზეთის ფურცლებზე და გავოგნდი!

რატომ? - ჯერ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს ლექსს: - "საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს" - შემოგთავაზებთ:

იანვრის მზიანი დღეები

სხივებით გვაწვდიან ნიშანს,

ალბათ საქართველო განახლდება

თქვენი გამარჯვებით, მიშა.

ალბათ თქვენ გელოდათ ბაგრატი...

ნაშალი კედლები მისი,

თქვენი გამარჯვებით ტაძარიც აღდგება...

ქვეყანაც აღდგება, ვიცით.

დიდი დავითის... აღმაშენებლის...

საფლავზე... დადეთ ფიცი...

რწმენით ააშენე... რასაც ააშენებ...

შენ საქართველო გიცდის...

იღვინე ერისთვის... ქვეყნისთვის აენთე...

დაგჭირდეს?.. დაღვარე სისხლიც!

გახსოვდეს!.. ვისი გორისა ხარ...

და ვისთან დადე ფიცი!

წაიკითხეთ, გაიაზრეთ ლექსი? ალბათ, ვიღაცა იკითხავს: გამაოგნებელი აქ რა არისო?! ახლავე გეტყვით, თუმცა, ჯერ წერილის სათაური - ხომ არ მოგეჩვენათ იგი უცნაურად? ლექსი - სიტყვა სრული და რჩეული!"- ასე განმარტავს დიდი სულხან-საბა სიტყვას - ლექსი.

მეუფის გულიდან დაიძრა "სიტყვა სრული და რჩეული!". მე და ჩემნაირები რამ გაგვაოგნა?! უპირველესად, ეპისკოპოს თეოფანეს შეგონება გამახსენდა: "შექება იგივეა, რაც სწრაფად მავალისთვის ფეხის დადება".

საქართველოს პრეზიდენტს უყვარს ქების მოსმენა. მასზე შექმნილი სიმღერაც უყვარს და სიამოვნებისგან სახე უნათდება, როცა "მიშა მაგარიას" შეძახილები ესმის. მას სიმღერა ადრევე უძღვნა გასამინისტრებულმა, შეძახილი "მიშა მაგარია" კი ნაციონალებმა ლამის ჰიმნად გვიქციეს. მიშა ზოგისთვის გმირად იქცა. ნახეთ, რა სიღრმისეულად ბრძანებს თამაზ ბუთხუზი: "ბედნიერია ის ერი, რომელსაც გმირი არ ჰყავს". მიშა გმირიაო! საქართველო? ბედნიერია დღეს დანაწევრებულ-დატაცებული საქართველო?!

გაპრეზიდენტობისას მიხეილმა მართლაც დადო ფიცი აღმაშენებლის საფლავთან და ამაყად გვითხრა, რომ ამ დღიდან ერთ წელში სოხუმში შევალთო (?!) ახსოვს ეს ფიცი მიხეილს? ან რამდენი წელი დასჭირდება სიტყვის შესრულებას? "ალბათ, საქართველო განახლდება, თქვენი გამარჯვებით მიშაო!" - მეუფემ, არადა, ღმერთო, შემინდე, სიტყვა - "ალბათ" - ხომ ჟღერს საეჭვოდ?!

საოცარი სიტყვებია: "იღვინე ერისთვის!". ერისთვისო! - ესმის ეს მიხეილს?! - მაშინ რატომ გაქრა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ეროვნება და მამის სახელი? არ იმოღვაწა იმისთვის პრეზიდენტმა, რომ ამით ევროპის სტანდარტებს მივახლოვებოდით!

ასეთი შეგონებაც ამოტივტივდა მეხსიერებიდან: "დაიმახსოვრეთ: მთავარი ის კი არ არის ვინ ხართ, არამედ, რას აკეთებთ!". ერსაც გავახსენოთ და ბერსაც, რასაც უბრალო ხალხისთვის აკეთებს ნაციონალების ლიდერი? თავად ბრძანებდა, რომ საქართველოში პენსიონერები 100 დოლარს იღებენო! იყო ეს ტყუილი? - მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და 100 ლარი ახლახან მოგვცეს. ან როგორ შეიძლება გამართლება მოქმედებისა, როცა თბილისელ პენსიონერებს 10 ლარით მეტი მისცეს, სხვებს კი... ხომ გაგათანაბრეთო! მაგრამ ხომ დაგვამცირეთ?! არის ვინმე განმკითხავი გაზრდილ ფასებში როგორ ვარეგულიროთ 100 ლარი?

ახლა წყლის გადასახადიც გაგვიზარდეს! საშველი? - პარლამენტარი გიორგი ასანიძე რჩევას გვაძლევს: "ვისაც რამდენის გადახდის საშუალება გვაქვს, იმდენი დენი, გაზი და წყალი უნდა მოვიხმაროთ (მდიდრებს "იმდენი მოვიხმაროთ" რამდენის ესადაგებათ!)". სად წავუვალთ "ბრძენი პარლამენტარის" ამნაირ შეგონებას? ხო, ასანიძე ასეც ბრძანებს: "მჯერა, საქართველო სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელში აყვავდებაო".

ღმერთო, უსმინე მეუფესაც და პარლამენტარსაც, მაგრამ ჯერ ეტყობა საქართველოს აყვავება? დღეს ყველას დასანახავად არ ხდება რეგიონების და კუთხეების გამორჩევა? ისევ დატაცებული არაა ჩვენი მამული?! არ გვყავს მათხოვრები, უმუშევრები?! მიხეილს ერიც და ბერიც გამჭრიახობას და სიმახვილეს უქებს. არადა, მამა პაისი მთაწმინდელი ასე გვმოძღვრავს: "თუ გონებას არ გაწმენდ, მისი სიმახვილე ხეირს არ დაგაყრის". გონებაგაწმენდილი კაცი "ჩარეცხილებს" დაუძახებდა ინტელიგენციას, ან "პირდაუბანელი ქალებიო" იტყოდა?! ნიჭიერებას და ენის სისხარტეს მართლაც არ უჩივის მიხეილი, მაგრამ მაინც არ აწყენდა დიდი ლევან გოთუას ამ სიტყვების გააზრება: "გაფრთხილდი... დიდმა ნიჭმა ზოგჯერ დაკარგვა იცის!"

"დაგჭირდეს?.. დაღვარე სისხლიც!" - შეაგონებს მეუფე მიხეილს. ამ ლექსამდეც დაღვარა მიხეილმა სისხლი, თუმცა, საკუთარი არა, ქართველთა სისხლი. გავიხსენოთ: ირინა ენუქიძის შვილი სანდრო გირგვლიანი. შეიძლება ასეთი ფაქტის დავიწყება? არადა, უდანაშაულოთა ჩახოცვა კარგა ხანს გაგრძელდა. ქართველს შეიძლება დაავიწყდეს ქუჩაში მოკლული გურამ შარაძე?! ან მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მისმა თანამემამულეებმა სასტიკად ვაწამეთ?!

რამდენმა რამემ დაგვისერა გული... არაა ეს ზოგის დიდი დაკარგვა?!

საქართველოსთვის საკუთარი სისხლის დამღვრელი არაა მიხეილი. ამის დასტური არ არის რუსთა თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიწაზე გაწოლილი თუ მფორთხავი სააკაშვილის ხილვა?! სააკაშვილს არ შეიძლება ქართული და ქართველი ხალხი უცდიდეს, რადგან როგორც თამაზ ბუთხუზი ამბობს: "გულში უნდა გეჯდეს ერი და არა მხოლოდ ხმალში და ხახაში". ტკივილმა დამაწერინა ეს სტრიქონები, ტკივილმა და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის შეგონებამ: "დუმილით ღმერთს ვღალატობთ".

- ნუ დაწერ ასეთ წერილს - მირჩია ერთმა. რატომ? - ეს განკითხვაა? ნახეთ, რას ბრძანებს წმინდა გრიგოლ ნოსელი: "უფალი არ კრძალავს კეთილგანზრახულ განკითხვას, არამედ, გვიკრძალავს განსჯას შეუწყნარებელს". წმინდა ათანასეც (ალექსანდრიელი) მრავალმხრივად გვიხსნის: "როცა უფალმა თქვა: "ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ", მხედველობაში ჰყავდა ფარისეველნი და მწიგნობარნი, რომლებიც სხვებს განიკითხავდნენ, მაგრამ არ მართავდნენ საკუთარ თავს". ტკივილით დავწერე ეს სიტყვები. ღმერთო, შემინდე, ეგებ, მართალიც არ ვარ, რომ ეს ტკივილი გავასხვისე, მაგრამ ზირაქის სიბრძნე ასე გვასწავლის: "ნუ დააყოვნებ სიტყვებს საჭიროების ჟამს".

არის ამ წერილის დაწერა-დაბეჭდვისთვის "საჭიროების ჟამი?" - მაგრამ რადგან "მიკერძოება უცხოა ღმრთისთვის" - უფალი განგვსჯის!

"ლექსი - სიტყვა სრული და რჩეული!" - მიუძღვნა მეუფე კალისტრატემ მიხეილ სააკაშვილს! მეუფის გულიდან დაიძრა ეს ლექსი. ჩემი გულიდან ტკივილიანი სიტყვები დაიძრა... გული გატკინეთ? შენდობას გთხოვთ! ღმერთს ვებარებოდეთ!

მინაწერი: "საქართველო განახლდება, თქვენი გამარჯვებით ქვეყანაც აღდგებაო - მიშა! არადა, "ანგელოზის განმარტებით სახელი იესო ნიშნავს იხსნის ხალხს". ქვეყნის განახლება, საქართველოს გაბრწყინება, ქართველი ხალხის ხსნა უფალთან ჩვენს მიახლოებაშია. ნუთუ ასე ძნელია, გავშალოთ ხელები, რომ მასში ღმერთმა თავისი წმინდა ძღვენი ჩაგვიტოვოს?! - გვეკითხება დიაკვანი ანდრეი კუსაევი. გული წრფელი, სული სუფთა, მადლით სავსე ხელები უფლისკენ გავიწვდინოთ! უფალშია ჩვენი ხსნა.

ეთერ ქადეიშვილი

გაზეთი "მთელი კვირა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"