"მედიაპალიტრის" ჟურნალისტი ბესიკ ჯანგავაძე ერთადერთია ჩვენი კოლეგებიდან, ვინც ახალ ზელანდიაში ჩვენს "ბორჯღალოსნებს" თან გაჰყვა და უკვე ორ კვირაზე მეტია, მორაგბეებთან ერთად ახალი ზელანდიელების მასპინძლობას გაუგო გემო. გარდა ამისა, გაზეთ "ლელოსთვის" და "კვირის პალიტრისთვის" წერილებს ამზადებს, იღებს ყველაზე საინტერესო მომენტებს ჩვენი მორაგბეების ყოველდღიური ცხოვრებიდან და აგზავნის ამა თუ იმ მნიშვნელოვან კომენტარს, ასევე ხშირად ერთვება რადიო "პალიტრის" ეთერში.
- დიდი ხანია რაგბის აშუქებთ, როგორ დაინტერესდით ამ სპორტით?
- თავიდან ფეხბურთს ვაშუქებდი, გაზეთ "სარბიელში" ვწერდი. იქიდან რომ წამოვედი, არასპორტულ გაზეთში აღმოვჩნდი, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობას აშუქებდნენ და არა მხოლოდ ფეხბურთს, ასე რომ, მეც დავიწყე წერა სხვადასხვა სპორტის შესახებ. 1998 წელს რაგბის მატჩს დავესწარი. გავაშუქე, მეორედ, მესამედ. ახლოს გავიცანი რაგბის თემი, როგორც თავად უწოდებენ საკუთარ სამყაროს. ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან მენტალობით ფეხბურთელები, კალათბურთელები და მორაგბეები.
- რით განსხვავდებიან?
- მორაგბეები უფრო ვაჟკაცური ხალხია, პატიოსანი, თამაშს არ ყიდიან, ერთმანეთის გატანა იციან. თუ რაიმე პრობლემა აქვთ, შიგნით წყდება და გარეთ არ გააქვთ. არც მათი სამყაროა იდეალური, მაგრამ კაცურად ჭრიან ყველა საკითხს. მოიგებენ თუ წააგებენ, ჩვენი მორაგბეთა ნაკრები იმ საქართველოს გვიჩვენებს, რომელიც ყველა ჩვენგანს მოსწონს. ამიტომაც ვარ ამ ხალხთან ერთად და დღემდე ვწერ მათზე. ყველა მოთამაშეს კარგად ვიცნობ, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს.
- სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა "მედიაპალიტრამ" ალბათ, რომ თქვენ გაჰყვებოდით ახალ ზელანდიაში ქართველთა ნაკრებს.
- ახალ ზელანდიაში ნაკრებთან ერთად ჩავედი. რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი საშუალება მომეცა. პირველი ქართველი ჟურნალისტი ვარ, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ადგილზე მყოფი აშუქებს. ამას სიამაყით არ ვამბობ. არაფერი კარგი არ არის იმაში, რომ არც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე, და საქართველო უკვე მესამედ ასპარეზობს მსოფლიო თასზე, არც ერთი ჟურნალისტი არ ახლდა ჩვენს ნაკრებს.
ჩვენი ჰოლდინგის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორი იყო - არ ვიცი, ადევნებს თუ არა თქვენი მკითხველი ჩემ მიერ თუნდაც "პალიტრა ტივისთვის" მომზადებულ მასალებს თვალს, მაგრამ საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში ყველაზე პოპულარული გახდა.
- ჩასვლის პირველივე დღიდან ადგილობრივებმა დიდი სითბო გამოხატეს ჩვენი ბიჭების მიმართ.
- პირველ დღეს ქუინზთაუნში ჩავედით, რომელსაც ახალი ზელანდიის შვეიცარიას უწოდებენ. ფანტასტიკური დახვედრა მოგვიწყვეს მაორების წარმომადგენლებმა, მათ თავიანთი წესი აქვთ, მარაი ჰატა, დახვედრას აგრესიულად იწყებენ და ფინალი დადებითია. როგორც ჩანს, როცა მათთან ვინმე ჩადიოდა, მასპინძლებმა არ იცოდნენ, სამოყვროდ იყვნენ მათთან მისულები თუ სამტროდ. ეს რიტუალიც ამისი განსახიერებაა, როგორც ჩანს... ჩვენთვის უჩვეულო რიტუალია, ყვირილით... მეორე დღეს "ველქამ ფართი" მოგვიწყვეს ყველა გუნდს, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით მოგვაქციეს ყურადღება.
სკაი ლაინი დაახლოებით ისეთი რამ არის, რაც ფუნიკულიორი თბილისში, ულამაზესი ხედები იშლება იქიდან. იქ მასპინძლებმა იმღერეს და ტრადიციისამებრ, ჩვენც უნდა შეგვესრულებინა სიმღერა. "ქართული ხმების" წევრი გივი ჭიჭინაძე ჩვენი დელეგაციის ოფიციალური წევრია და მისი მეთაურობით ჩვენმა მორაგბეებმა "ჩიტი-გვრიტი" ისე შეასრულეს და შემდეგ სუფრასთან "ო სოლე მიო", რომ იქ ყველა გადაირია (იცინის).
- ქართველმა მორაგბეებმა ახალზელანდიელი ქალების დიდი სიმპათია დაიმსახურესო...
- (იცინის) ორი დღის შემდეგ სხვა ქალაქში გადავინაცვლეთ - იქ ისეთი ბავშვები ვნახეთ, რომ მათმა სილამაზემ გაგვაოცა. მათი სახეები არ დამავიწყდება. ასეთი სილამაზის მანამდე იქ არავინ მინახავს და პატარები საიდან გამოუვიდათ ასეთები (იცინის)?! მორაგბეებთან ითამაშეს, ბავშვებს მშობლები, მასწავლებლები ახლდნენ, კიდევ იყვნენ დამსწრეები...
"ოტაგო დეილი ტაიმსის" ჟურნალისტი გოგონა აქაც გვახლდა და შემდეგ კურდღლებზე ნადირობის დროსაც, მეორე დღეს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ ახალზელანდიელ ქალებს მუხლები უკანკალებდათ ქართველი მამაკაცების განსაკუთრებული ხიბლისა და ეგზოტიკური გარეგნობის შემხედვარეებს. ასევე წერდა, რომ ქალებმა იქვე გადაწყვიტეს, შეექმნათ ჯგუფი, რომელიც საქართველოში გამომგზავრებას გაუწევს ორგანიზებას - ასე რომ, ჩამოვლენ მანდ ახალზელანდიელი ქალები და მოგვტაცებენ მამაკაცებს (იცინის).
- ორი მატჩი დავთმეთ. ბიჭების განწყობაზე მინდა გკითხოთ - როგორი იყო ჩასვლისას და ახლა როგორია?
- პირველად მორაგბეების გასვლით შეხვედრას ტრაპიზონში დავესწარი, როცა რუსებს ეთამაშებოდნენ. თურმე ძალიან ადვილი ყოფილა შორიდან ლაპარაკი. როცა მორაგბეებთან ერთად ცხოვრობ, ხედავ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა იმდენად ძლერია, მიჩვეულები რომ არ იყვნენ, ძალიან გაუჭირდებოდათ. სამი თვე სრულდება, რაც საქართველოდან წამოსულები არიან, მოშორებული არიან ოჯახებს... ეს ძალიან რთულია. სამდღიან შუალედში ვეთამაშეთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს. ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. კი წავაგეთ, მაგრამ როგორ, ეს არის მთავარი. ინგლისის ნაკრების მწვრთნელი შოკში იყო. მას პრეტენზია აქვს, რომ მისი ნაკრები ფინალში გავიდეს და უნდა გენახათ, მეკო კვირიკაშვილი ჯარიმას რომ აცილებდა, მეტოქე ნაკრების მწვრთნელი პირჯვარს იწერდა.
- მეკო ალბათ ძალიან გუდაწყვეტილი იყო ხუთი აცილებული ჯარიმის შემდეგ...
- ორი დღე არ გამოდიოდა ნომრიდან... იმიტომ კი არა, რომ ვინმე რაიმეს ეტყოდა. პირიქით, ჯონი ვილკინსონმა, რომელიც საუკუნის მორაგბე გახლავთ, ექვსი ჯარიმა ააცილა იმავე სტადიონზე ერთი კვირით ადრე. როგორც ბიჭები ამბობენ, სტადიონი დახურული და თეთრია, ძელებიც, და შესაბამისად, აცილების მეტი შანსია. როცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებს ეთამაშები და პირველ ტაიმში ბურთს უპირატესად შენ ფლობ, ტერიტორიული უპირატესობაც შენს მხარეზეა, გასატან საჯარიმოს რომ ვერ გაიტან, დამნაშავედ გრძნობ თავს.
მეკო ორი დღის მერე გამოვიდა ნომრიდან. სულ იქ ხომ არ იქნებოდა. მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ შემდეგ თამაშებამდე სამი დღით დაასვენებდნენ მორაგბეებს და ასეც მოხდა. მასტერტონში ძალიან კარგი ხალხი დაგვხვდა, ისინი დიდი ხანი ემზადებოდნენ ჩვენ შესახვედრად, მერიაში გვიმასპინძლეს, შემდეგ ოჯახებშიც - ორ-ორ და სამ-სამ კაცს. ეს ყველაფერი გივი ჭიჭინაძის სიმღერის ფონზე მიმდინარეობდა. სამი-ოთხი ქალი ექაჩებოდა თავისკენ და სთხოვდნენ, ცოლად წაგვიყვანეო (იცინის).
- ბიჭებს თამაშების წინ რაიმე რიტუალი თუ აქვთ?
- შეიკრიბებიან და "მამაო ჩვენოს" კითხულობენ, შემდეგ კი გარკვეული რიტუალი აქვთ, ხელს ართმევენ ერთმანეთს, დამშვიდობებასავით არის, თითქოს ომში მიდიან. ვინ როგორ გამოვა მოედნიდან, არავინ იცის. ინგლისთან თამაშისას, იცით, რომ ორი მოთამაშე დაშავდა, მაგრამ ახლა თავს უკეთესად გრძნობენ.
- ტელევიზიით ვიხილეთ, როგორ ქომაგობენ უცხოელი ლამაზმანები ქართველებს.
- ყველაფერი სპონტანურად ხდება. ინვერქარგილში სულ ოთხი-ხუთი ქართველი ჩამოვიდა. ინვერქარგილი შოტლანდიური ანკლავია, იქ ასევე ცხოვრობდნენ ინგლისისა და არგენტინის ქომაგები. შეგვხვდნენ არგენტინელი ქომაგები, რომლებიც "ჯორჯიას" ძახილით მიდიოდნენ მოედანზე. ინგლისთან თამაშის დროს კი შოტლანდიელები გვქომაგობდნენ, ქუჩაში გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, აბა, თქვენ იცით, უნდა მოიგოთო. ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენ გვქომაგობდა. ტრიბუნებზე ასევე ვნახე ორი მოსკოველი ქალი, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ ქართველთა საგულშემატკივროდ და მეკითხებოდნენ, ხომ მოიგებთო (იღიმება), ვუთხარი, ვერა-მეთქი, უნდა მოიგოთო, მიპასუხეს (იცინის).
- ახალმა ზელანდიამ როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე. დახვედრით თუ ვიმსჯელებთ, უცნაური ხალხი ცხოვრობს.
- ქართველებზე მეტი უცნაური ვინ გინახავთ (იცინის)?!.. ჩემზე ახალმა ზელანდიამ არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა, ერთი ქალაქი ძალიან გულთბილია, მეორე - ნაკლებად. ზოგადად სტუმართმოყვარეები არიან. თუმცა ასევე დავინახე ერთი რამ - 150 მეტრის რადიუსში ვნახე ოთხი სხვადასხვა კონფესიის ტაძარი, მათ შორის კი იდგა საუთლენდის მასონების ლოჟის უზარმაზარი შენობა. სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები, პლუს მასონები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ, არაფერს არ ერჩიან ერთმანეთს. ერთი მასონია, მეორე კათოლიკეა და ა.შ. ერთადერთხელ გავიგე ხმამაღალი ლაპარაკი, უფრო სწორად ყვირილი. როცა სტატიებისა და მასალების გადმოგზავნას მოვრჩი, ქუჩაში გავლა გადავწყვიტე. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, 2 საათს გადაცილებული...
დავინახე ორი ადამიანი, რომლებიც ყვიროდნენ. კარგად დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ ქართული დროშა ჰქონდათ მოფარებული. ისინიც ქართველები იყვნენ, იქაურების ყვირილი კი საერთოდ არ გამიგია. ასეთი ტოლერანტობა თუ არ გვექნება, ვერც ახალი ზელანდია გავხდებით და ვერც, მით უმეტეს, შვეიცარია. სხვათა შორის, შვეიცარიაში უამრავჯერ ვარ ნამყოფი და მას შემდეგ ეფექტს ვერაფერი ვერ ახდენს, ახალი ზელანდიის სილამაზეზე ლეგენდები დადის, თუმცა შვეიცარიასთან ვერ მოვა. არის ადგილები, სადაც მართლა ფანტასტიკური ბუნებაა, მაგრამ არის ჩვეულებრივი ადგილებიც. ძალიან ჰგავს საქართველოს ბუნებას. შვეიცარიაში, ფეხი სადაც უნდა დაადგა, ყველგან სამოთხეა.
- 28 სექტემბერს მორაგბეებს რუმინეთთან თამაში ელოდებათ.
- სამი დღეა, რაგბიზე საერთოდ არ ლაპარაკობენ (ინტერვიუ ჩაწერილია 21 სექტემბერს - ავტ.), მხოლოდ გართობასა და დასვენებას დაეთმო ეს დრო. ხვალიდან იწყება ვარჯიშები და ლაპარაკი, როგორ უნდა ითამაშონ რუმინეთთან. მასტერტონში ხვალვე მოეწყობა აღლუმი საქართველოს ნაკრების პატივსაცემად, მთელი ქუჩა გადაიკეტება. მთელი ქალაქი მოფენილია საქართველოს ნაკრების დროშებით.
- რამდენადაც ვიცი, იწერება ძალიან დადებითი სტატიები ქართველთა ნაკრების შესახებ და მიდის საუბარი ექვსი ერის გაფართოებაზე.
- ამაზე ლაპარაკი თვითონ ბრიტანელებმა დაიწყეს, ყველაზე დიდი კონსერვატორები ესენი გახლავან, რადგან ისინი ალაპარაკდნენ, რაღაც გარღვევა ალბათ იქნება. დაიწყეს ლაპარაკი, რომ რაღაც უნდა იღონონ. როგორც კი დასრულდება მსოფლიო ჩემპიონატი, დასხდებიან და ალბათ შეცვლიან სტრუქტურას ისე, რომ საქართველოს ნაკრებმა ამერიკასთან, კანადასა და ტონგასთან ერთად ითამაშოს და ინგლისის, შოტლანდიის და სხვათა ელიტურ ნაკრებებთანაც.
შესაძლოა, ექვსი ერი რამდენიმე წელიწადში გაფართოვდეს ან შეიძლება, ეს ძალიან მალეც მოხდეს. იმისთვის, რომ ევროპული რაგბი განვითარდეს, საჭიროა, რომ ექვსი ერი გადაკეთდეს რვა ერად. ამაზე აქტიურად წერენ უცხოურ პრესაში. წავაგეთ ორი თამაში, მაგრამ რაგბის სამყაროში იქამდე მივიდნენ, რომ დროა, საქართველოს კარი გაუღონ ელიტურ ნაკრებებს შორის.
- მოკლედ, ქართულ რაგბის დიდი მომავალი აქვს.
- დამერწმუნეთ, ძალიან დიდი. ერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა მითხრა, საქართველო რაგბიში ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანააო. ეს არა მარტო მე მითხრეს, არამედ "სანდეი ტაიმსშიც" დაიწერა. ასევე დაწერეს, რომ ინგლისს საქართველომ დიდი პრობლემა შეუქმნა და ინგლისი წაგებას გადაურჩაო. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის მოთამაშე მამუკა გორგოძე, რომელიც საქართველო-ინგლისის შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)