რა გადაეცა გენეტიკურად ჯაბა იოსელიანის შვილიშვილს

რა გადაეცა გენეტიკურად ჯაბა იოსელიანის შვილიშვილს

ჟურნალ "გზის" არქივიდან (2011 წელი)

მსახიობ თამთა ცინცაძეს ადრეულ წლებში უფრო დრამატული და ლირიკული როლების შემსრულებლად მიიჩნევდნენ, ბოლო დროს, სახასიათო ტიპაჟებიც შექმნა, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია... თამთა ჯაბა იოსელიანის ყოფილი რძალი გახლავთ და ამ ქორწინებიდან ჰყავს შვილი - ჯაბა იოსელიანი-უმცროსი.

- ჩემი მოსწავლეობის პერიოდში სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება მოდური იყო და მეც ექიმობისთვის ვემზადებოდი... მისაღები გამოცდები უკვე მოახლოებული იყო, როცა შევიტყვე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მიშა თუმანიშვილს ჯგუფი აჰყავდა (რაც 4 წელიწადში ერთხელ ხდებოდა) და იქ ჩაბარების სურვილი გამიჩნდა. შემოქმედებითი ტურები ადვილად გადავლახე და მაღალი ქულებით ჩავირიცხე. გამიმართლა, ექსპერიმენტულ ჯგუფში მოვხვდი, ჩვენი ხელმძღვანელები იყვნენ ბატონი მიშას ასისტენტები - გოგი მარგველაშვილი, ლევან წულაძე, გია კიტია და ირა ჟღენტი... ჩემი ჯგუფელები იყვნენ - დათო დოიაშვილი, დათო საყვარელიძე, ნანუკა ლითანიშვილი, გიორგი ნაკაშიძე, დათო მღებრიშვილი, გიორგი სიხარულიძე.

- თქვენს პედაგოგს - მიშა თუმანიშვილს როგორ გაიხსენებდით?

- დიდი ხელოვანი, გენიოსი და უაღრესად ინტელექტუალური ადამიანი ამავდროულად, კარგი მასწავლებელი იყო. დიდი სითბოსა და სიყვარულის გარდა ბატონი მიშასგან არაფერი მახსოვს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თითქოს თუმანიშვილის მოწაფეები პედაგოგზე ზედმეტად მიჯაჭვულები ვიყავით და მის გარეშე როლზე მუშაობა გვიჭირდა. ასე არ ყოფილა... ფანატიკოსები კი არ ვართ, უბრალოდ, ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი გვყავდა. თითოეული სიტყვა მახსოვს, როგორ გვარიგებდა, რომ ჩვენი პროფესია, ხელობა და როლის კეთების ხელოვნება კარგად გვესწავლა. ახლა უკვე, როცა თვითონ გავხდი პედაგოგი, ვგრძნობ, თუ როგორი კარგი სკოლა გამატარა ბატონმა მიშამ...

- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თუმანიშვილის თეატრში განაგრძეთ მუშაობა?

-არა, შემოთავაზება არ მქონდა; თუმცა ბატონი მიშა IV კურსიდან მთავაზობდა მის თეატრში მსახიობობას, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემი პირადი ცხოვრება უცნაურად აეწყო, ვერ შევძელი. ინსტიტუტის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ, დოიმ (დათო დოიაშვილი) სამუშაოდ მარჯანიშვილის თეატრში მიმიწვია. მაშინ დამოუკიდებელი მსახიობობა მოდური იყო. მეც იმ "მოდას" ავყევი და ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ შეცდომა დავუშვი.

- რომელ უმაღლეს სასწავლებელში მუშაობთ?

- ილიას უნივერსიტეტში მეტყველებას ვასწავლი და ჩვენს თეატრში რეჟისორის ასისტენტიც ვარ. გამორჩეულ და საინტერესო სტუდენტებს კი პირველივე კურსიდან საშუალება ეძლევათ, სწავლის პარალელურად, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სცენაზე დადგნენ. ეს კარგი ექსპერიმენტი ოთარ ეგაძემ დანერგა. ჩვენი თეატრის რეპერტუარში 5 სპექტაკლია და აქედან ოთხში ვთამაშობ.

- თქვენს უფროს ვაჟზე - ჯაბა იოსელიანი-უმცროსზე რას გვეტყვით? როგორც ვიცი, ჯაბა თქვენთან არ გაზრდილა...

- მისი პატარაობისას პოლიტიკურად რთული პერიოდი იყო. ვინც იოსელიანების ოჯახს ახლოს იცნობდა, ეს კარგად იცის. ჯაბა იზრდებოდა როგორც მამასთან, ასევე ჩემთანაც, დეიდაჩემსა და ბებიას დიდი ამაგი აქვთ მასზე. თუმცა იყო დაძაბულობა, ხშირ შემთხვევაში, დაცვის საჭიროებაც... ის, რა თქმა უნდა, მამის ოჯახში უფრო უსაფრთხოდ იყო.

ძნელია იმის აღწერა, გაგება და დაჯერება, თუ რამდენად რთული ცხოვრება გვქონდა. ცუდია და განვიცდი, რომ ჯაბას ჩემი ხელი გარკვეულწილად მოაკლდა, მაგრამ ალბათ თითქმის ყველა დანგრეული ოჯახის შვილი ასეა. მარკეტინგის სპეციალისტია, მილანში ბაკალავრიატი წარმატებით დაამთავრა... გონიერი ბიჭია, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე.

- მსმენია, რომ ლექსებსაც წერს...

- დიახ, ჩვენ ეს გენეტიკურად მოგვდგამს - ჩემი დიდი ბაბუა ლექსებს წერდა; მე და ჩემი მშობლებიც ვწერთ და ამის ნიჭი ჯაბასაც გამოჰყვა. ჯაბა ბავშვობაში კარგად ხატავდა კიდეც, კერამიკულ ნამუშევრებს აკეთებდა, ცხოვრებაში ბევრი გატაცება აქვს და ყველაფერი კარგად გამოსდის. სხვათა შორის, ჯაბას მეორე ბაბუა - ალეკო ცინცაძე, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის დამაარსებელი, პროფესორი, მათემატიკოსია და ახლახან ენათმეცნიერებაში აღმოჩენა გააკეთა, რომელიც ალბათ შეცვლის ქართული ანბანის შექმნის თარიღს...

- ჯაბას მამა, კონსტანტინე როგორ გაიცანით და რამდენ ხანს იცხოვრეთ ერთად?

- ცოლ-ქმარი მხოლოდ 2 წელი ვიყავით, მანამდე 1 წელი კი - შეყვარებულები გახლდით და ბოლოს, ისე მოხდა, რომ მომიტაცა... ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით. ის იმ დროს თსუ-ს სტუდენტი, გერმანისტი იყო.

მოგეხსენებათ, ლილი იოსელიანი მისი მამიდაა და თეატრალურ ინსტიტუტშიც მოუნდა "შემოეხედა". დაინტერესდა იმით, თუ რა ხდებოდა თუმანიშვილის სამსახიობო ჯგუფში და გაეგო, მასაც ხომ არ ჰქონდა ამ დარგისკენ მიდრეკილება. მაგრამ ჩვენი პროფესია მაინცდამაინც არ მოეწონა და თავის საქმიანობას მალე დაუბრუნდა. 1-2 კვირა თავისუფალ მსმენელად იჯდა და სწორედ იმ პერიოდში დავმეგობრდით...

- რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?

- ოჯახი "პატარებმა" შევქმენით და მხოლოდ მეგობრული ურთიერთგაგება და დიდი სიყვარული საკმარისი გვეგონა... კარგი მეგობრები გახლდით, რაც დღემდე გრძელდება, მაგრამ ცოლქმრობა არ გამოგვივიდა. ისე, მიმაჩნია, რომ ჩვენი დაშორება არასწორ მომენტში მოხდა. კოწია ძალიან კარგი, კულტურული, დახვეწილი და განათლებული ადამიანია. მაშინ ისეთი რთული პერიოდი იყო, ვინ რას ლაპარაკობდა, დღემდე ვერ ვხვდები.

თითქოს ზოგიერთს რაღაც დავალებაც კი ჰქონდა, რომ ჩვენს ოჯახში სიტუაცია აერია; მიზანმიმართულად ცდილობდნენ ოჯახის გარშემო რაღაც ამბების ატეხას. იმ ლაბირინთში გზის გაკვლევა, მერწმუნეთ, შეუძლებელი იყო. ახლა რომ ვაკვირდები, დიდი მოთმინება გვქონია, რომ ეს ყველაფერი ღირსეულად გადავიტანეთ და ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ.

- მათ ოჯახში ცხოვრებისას როგორი ურთიერთობა გქონდათ ბატონ ჯაბა იოსელიანთან?

- თავიდანვე არაჩვეულებრივად მიმიღო და ჩემ მიმართ მართლაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. პირადად მე, როგორც ძალიან თბილი, მოსიყვარულე, კეთილი და კულტურული ადამიანი, ისე დამამახსოვრდა. მამასავით ზრუნავდა ჩემზე. ვმეგობრობდით, თავის ნაწერებს მაკითხებდა. როცა ახალ რომანზე მუშაობდა, აზრს მეკითხებოდა, შეიძლება სულაც არ აინტერესებდა, მაგრამ - წახალისების მიზნით.

ჯაბა ძალიან ჭკვიანი და ტრაგიკული პიროვნება იყო... მოგეხსენებათ, პროფესორი იყო, ბევრი ნაშრომისა და წიგნის ავტორი, რასაც ნამდვილად თვითონ წერდა, ამის მომსწრე თავად ვარ. მერე რატომღაც პოლიტიკით დაინტერესდა, რაც მგონია, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო; ისე, ამის დიდი სურვილი თვითონაც არ ჰქონდა... მაგრამ ვერ განვიკითხავ, რადგანაც მისგან ბევრი კარგი რამ მახსოვს...

თამთა დადეშელი

ჟურნალ "გზის" არქივიდან

(გამოდის ხუთშაბათობით)

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"

პატრიარქი - "შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის..."