ნინო კალანდაძეს ვაჟი შეეძინა - ბავშვის მამა უცნობია

ნინო კალანდაძეს ვაჟი შეეძინა -  ბავშვის მამა უცნობია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რამდენიმე წლის წინ სულაც არ იყო ისეთი ოფიციალური და "ზღვრული", როგორიც ახლა არის. როდესაც გერმანიიდან ჩამოვიდა და ნაციონალურ მოძრაობაში აღმოჩნდა, თითქმის ყველა ჟურნალში, მათ შორის ჩვენთანაც, სიამოვნებით და, რაც მთავარია, ხატოვნად ჰყვებოდა, როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილსა და გია ბარამიძეს თვითმფრინავში, როგორ მოიხიბლა პრეზიდენტი მისით და როგორ შესთავაზა თავის გუნდში გაწევრება.

საქართველოში გერმანიაში ნასწავლ-განათლებამიღებული ნინო კალანდაძე პარლამენტის ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა და მისი პირველი ინიციატივა პარლამენტში ეთიკის კოდექსის შემოტანას ეხებოდა. კალანდაძის თქმით, პარლამენტში ყველას შესაბამისად უნდა სცმოდა, მათ შორის ქალებს მისაღები ზომის ქვედაბოლოები და ყველა ღილზე შეკრული პერანგები.

უცნობია, რა ბედი ეწია მის ამ ინიციატივას, მაგრამ ფაქტია, რომ თავად კალანდაძის ჩაცმულობის სტილი, ზუსტად იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ეს ინიციატივა გამოთქვა, სრულიად შეიცვალა. თუკი მანამდე "რეიტინგის" ფოტოკამერის წინ თამამად პოზირებდა მოკლე ქვედაბოლოში გამოწყობილი და პიკანტური ფოტოების გადაღებას არ ერიდებოდა, ახლა უკვე მუხლს ქვემოთ კაბებით დაიწყო გამოჩენა და ჟურნალებსაც აღარ სწყალობდა ძველებურად. ერთადერთი, რაც მარად და მარად იგივე რჩება მის იმიჯში, ეს ორიგინალური ვარცხნილობაა.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ნინო კალანდაძემ პარლამენტიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა. ვინაიდან ინტერვიუებს მხოლოდ ბრიფინგის დროს იძლეოდა, ისიც მხოლოდ საქმიან თემებზე, მისი პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ერთადერთი ჭორი, რომელიც მის შესახებ გავრცელდა, ის იყო, რომ ნიკა გვარამიასა და მას შორის გარკვეული სიმპათია არსებობდა, თუმცა, როგორც ამბობენ, მათ ცალ-ცალკე გზები მონახეს.

ორიოდ კვირის წინ ნინო კალანდაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველკვირეულ ბრიფინგებზე, რომლებიც ტრადიციულად მას მიჰყავდა, თორნიკე გორდაძემ შეცვალა. ჟურნალისტების წრეებში კარგა ხანია ცნობილია ნინო კალანდაძის ორსულობის ამბავი, თუმცა ყველა ფოტოზე, რაც კი ქალბატონი ნინოსთვის გადაუღიათ ზემოხსენებულ ბრიფინგებზე, მხოლოდ და მხოლოდ მისი სახე და ზედატანი ჩანს. მთლიანად კი არც ერთ ფოტოგრაფს არ ჰყავს გადაღებული. როგორც ჟურნალისტები იხსენებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული ყველა ფოტოგრაფი და ოპერატორი პრესსამსახურიდან მკაცრ გაფრთხილებას იღებდა, რომ ნინო კალანდაძე არც ფოტოზე და არც ვიდეოზე მთლიანად არ გადაეღოთ.

როგორც "რეიტინგმა" შეიტყო, 22 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვაჟი შეეძინა. მის შესახებ სხვა ინფორმაცია იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ, როგორც ამბობენ, ბავშვის მამის ვინაობა ნინო კალანდაძის გარემოცვამაც კი არ იცის. ნინო თურმე ამ თემაზე საუბარს ახლობლებთანაც კი ერიდება. ცნობილია, რომ კალანდაძე არ არის გათხოვილი. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო არ ლაპარაკობს ის თავისი შვილის მამაზე ისევე, როგორც თავის დროზე ტელეწამყვანი ნინო ქაჯაია არ ლაპარაკობდა ამ თემაზე და არც ახლა საუბრობს.

რასაკვირველია, "რეიტინგმა" სცადა ნინო კალანდაძესთან დაკავშირება, თუმცა ის ტელეფონს არ პასუხობდა, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელ ბელა გომურაშვილთან ვცადეთ ინფორმაციის გადამოწმება. სანამ გაიგებდა, რა საკითხზე ვაწუხებდით, ქალბატონმა ბელამ ძალიან კეთილგანწყობილი ხმით მოგვმართა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო რისთვის შევაწუხეთ, გვითხრა, რომ სამინისტროში არ იმყოფებოდა და პასუხს ვერ გაგვცემდა, იყო თუ არა გასული მართლაც დეკრეტში ნინო კალანდაძე და რა ინფორმაციის მოცემა შეეძლო ამასთან დაკავშირებით დამატებით. რა თქმა უნდა, ბელა გომურაშვილს ვკითხეთ, მაინცდამაინც სამინისტროს შენობაში ყოფნა რა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ეპასუხა მარტივ კითხვაზე, თუმცა ჩვენმა რესპონდენტმა პასუხის გაცემა არ ისურვა და გვითხრა, რომ არ ესმოდა ჩვენი ხმა.

არადა, მანამდე მშვენივრად ესმოდა ყოველი სიტყვა. ბელა გომურაშვილმა გვთხოვა, მისთვის მოგვიანებით დაგვერეკა, ერთ საათში მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ, პრესმდივანს, რომლის სამსახური ჟურნალისტებთან ურთიერთობასა და მათთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემას ითვალისწინებს, სხვადასხვა ნომრიდან შევეხმიანეთ, თუმცა ტელეფონის აღება აღარ ისურვა. სახელმწიფო უწყებების პრესმდივნები ჟურნალისტებთან მოპყრობით ვეღარ გაგვაკვირვებენ, - როგორც ამბობენ, ამ თემაზე სხვა გამოცემებს ადრეც ჰქონიათ მასალის მომზადების მცდელობა, თუმცა პრესსამსახურის მხრიდან საკმაოდ დიდი აგრესია მოჰყოლია. მათ კი ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, რომ ნინო კალანდაძე და სხვა მაღალჩინოსნები თანამდებობის პირები არიან და პრესა მათით აუცილებლად დაინტერესდება.

მარიამ ლაღიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"