გოგა ხაჩიძე ბერა ივანიშვილს "ფეისბუქში" ებრძვის

გოგა ხაჩიძე ბერა ივანიშვილს "ფეისბუქში" ებრძვის

გარემოს დაცვის მინისტრი, გოგა ხაჩიძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსა და მის ვაჟს, ბერას რამდენიმე დღეა "ფეისბუქში" ებრძვის.

"რეპის ახალი მიმდინარეობა: აგრესიული ჩლიფინა რეპი" - ასე აფასებს მინისტრი ბერას მუსიკალურ მონაცემებს, რომელიც ხაჩიძემ ”ფეისბუქში” სტატუსად გამოაქვეყნა. მანამდე მინისტრმა მომღერლის ახალი კლიპი დაიწუნა და მას "რეპად გადმოცემული ორღობის ამბები" უწოდა. ლაპარაკია კლიპზე, რომელიც ბერამ თავის მეგობარს, დიჯეი "რემბოს" მიუძღვნა, რომელიც არაოფიციალური ვერსიით, "ქართული ოცნების" მაისურების დარიგებისთვის დააკავეს.

"ჩემო ბერა (სტილს ვიცავ) ჩემი კონტაქტების გამო ზუსტად ვიცი, რას ფიქრობენ და რას ლაპარაკობენ შენს მუსიკალურ მონაცემებზე და განსაკუთრებით შენს "რეპერობაზე" ქართველი რეპერები და ის ხალხი, რომლებიც შენთან მუშაობდნენ აქ, საქართველოში (საზღვარგარეთის ინფორმაციები არ მაქვს). მე მგონი ჯობია სოულს მიაწვე...", - წერს ხაჩიძე ”ფეისბუქში”. 

ივანიშვილების მისამართით დამცინავ კომენტარებს ხაჩიძე მილიარდელის პირველივე პოლიტიკური განცხადების გავრცელების შემდეგ აქვეყნებს.

"ბენ ლადენი აუდიო მიმართვებს მაინც აგზავნიდა...გურამ პეტრიაშვილი, ვიდეო ფორმატში იმას გვპირდებოდა, რომ სრულიად აუთვისებელ ფორმატში (მოლანდების) შეგვხვდებოდა...ზორო რომ ზოროა (გამოგონილი პერსონაჟი), ისიც კი z-ს ფხაჭნიდა სადმე კედელზე...რა უბედურებაა ეს წერილები?!..." – ასეთი იყო ხაჩიძის პირველი გამოხმაურება ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენასთან დაკავშირებით.

"ბ-ნო ბიძინა, პარაპლანით დავფრინავ, ასე რომ უხმაურო საჰაერო დაზვერვაც შემიძლია შემოგთავაზოთ... აა კვერცხს ვწვავ კიდევ გადასარევად... :)" – ეს გზავნილი გარემოს დაცვის მინისტრმა უკვე ბიძინა ივანიშვილის გვერდზე გამოაქვეყნა (მოგვიანებით გაირკვა, რომ ”ფეისბუქში გახსნილი ეს გვერდი ბიზნესმენს არ ეკუთვნოდა).

მინისტრის შემდეგი სტატუსი ასე ჟღერდა: "ვაცხადებ კონკურსს, სტროფების დამთავრებაზე: 1. ბევრმა როდესაც იძინა, შენ არ გეძინა ...... 2. კლიენტმა ფასი იძვირა, ფული ასესხა ..."

ცოტა ხნის წინ კი მომხმარებლებს ახალი "რებუსი" შესთავაზა: "აღმოაჩინე ბიძინა" - რამდენიმე მსახიობის ფოტოებს შორის ჩასმული ბიძინა ივანიშვილის სურათი, რომელიც მნახველმა უნდა ამოიცნოს... მინისტრმა თავსატეხის 2 ვარიანტიც კი შექმნა.

ერთი სიტყვით, ივანიშვილების გასაქილიკებლად გარემოს დაცვის მინისტრს არც დრო ენანება და არც თანამდებობა, თუმცა ძალიან ხშირად სოციალური ქსელის მომხმარებლები თავად დასცინიან "მიშა მაგარიას" ავტორს უკბილო იუმორში და მინისტრის დროის უქმად ფლანგვაში.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"