ბიძინა ივანიშვილი პირველ სამსახურს იხსენებს. როგორც ის "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, თბილისში 17 წლის ასაკში ჩამოვიდა და კამოს სახელობის მექანიკური ქარხნის სახარატო საამქროში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა.
"ქარხნის სახარატო საამქროში დამლაგებელი არ ჰყავდათ. საამქრო ძალიან ძნელი დასალაგებელი იყო, იქ რკინა იჭრება და ბურბუშელა ყრია გარშემო, მაგრამ დავთანხმდი ამ მძიმე სამუშაოზე. 17 წლის ბიჭი ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი გადავიტანე... სხვათაშორის ქარხნის საზოგადოებრივ ტუალეტსაც ვალაგებდი და ეს არ მეთალიკება", - აცხადებს ივანიშვილი ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, ის ქარხანაში მუშაობის პერიოდით ამაყობს, რადგან დამლაგებლად მუშაობით სხვა ადამიანების შრომის პატივისცემა ისწავლა.
"ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. იქ ვისწავლე, რომ სხვა ადამიანის შრომას პატივი უნდა სცე, რასაც სააკაშვილი ვერ ახერხებს. სააკაშვილი თავისი რეფორმებით მძიმე სტრესს აყენებს საქართველოს მოსახლეობას. ელემენტარულ სიყვარულს ვერ ვხედავ ხალხისადმი, ელემენტარული სიბრალული მაინც უნდა გაგაჩნდეს ადამიანებისა. არც ერთი რეფორმა არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ტკივილის ფასად", - ამბობს ბიზნესმენი.
ივანიშვილის თქმით, სააკაშვილს ის რომ გაეკეთებინა, რასაც ის 4 წლიდან მოყოლებული აკეთებდა, "ასე არ მოიქცეოდა".
"როდესაც ღარიბი ოჯახი გაქვს, ბავშვმა რასაც შესძლებს უნდა აკეთოს. 5 წლის უკვე მწყემსად მივდიოდი ჩემზე ასაკით უფროს მეორე მწყემსთან ერთად. სოფელსა და ღარიბ ოჯახში დადებითი ის არის, რომ ბავშვი შრომის სიყვარულს სწავლობ, კარგად იცი მისი ფასი. თუ არ გიშრომია, ძნელია სხვისი შრომის შეფასება და ეს არის სააკაშვილის პრობლემა. თავისი ხელით ძალიან ცოტა რამ გაუკეთებია და, ჩვენდა საუბედუროდ, ძალიან იოლად მოატყუა ქართველი ხალხი და მათ შორის - მეც, თავის დროზე", - განმარტავს ივანიშვილი.
ამასთან, ივანიშვილის განცხადებით, ის უკვე წლებია ეძებს ქარხანაში მასთან ერთად მომუშავე ეროვნებით ქურთ ჯიმოს, რომლის გამოხმაურებასაც დღემდე ელოდება.
"ქარხანაში ერთი მუშა მუშაობდა, ჯიმო, რომელსაც ვეძებ და დღემდე ვერსად მივაკვლიე. იქნებ ამ ინტერვიუს მერე მაინც გამოჩნდეს. გამოცდებს რომ ვაბარებდი, ხშირად ჯიმო მენაცვლებოდა, მერე კი მე ვალაგებდი მის მაგივრად. ქურთები ძალიან მიყვარს. ჩემი შვილის ნათლია, როზა ქურთია და ჩვენი ოჯახის წევრად მიგვაჩნია", - განმარტავს ივანიშვილი.
იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" 7 ნოემბერს გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ