ბრიჯიტ ბარდომ გიგი უგულავას წერილი მიწერა

ბრიჯიტ ბარდომ გიგი უგულავას წერილი მიწერა

კინოვარსკვლავი და ამჯერად ცხოველთა უფლებების ერთგული დამცველი ბიჯიტ ბარდო თბილისში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების ბედმა აღაშფოთა. იგი თბილისის მერს, გიგი უგულავას ღია წერილით მიმართავს და უპატრონო ცხოველების მიმართ უფრო ჰუმანური მეთოდების გამოყენებას სთხოვს. 

მსახიობი, რომელსაც ძაღლების უფლებების დაცვის საკითხში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა, თბილისის მერს რეკომენდაციებს სთავაზობს - ბარდოს მიაჩნია, რომ თბილისში მაწანწალა ძაღლებს არასწორი მეთოდით ებრძვიან.

”ბატონო მერო! მსურს გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში მოხეტიალე ცხოველების მდგომარეობაზე. ყოველწლიურად ათასობით ცხოველი იხოცება თბილისში საშინელ პირობებში. მოხეტიალე ცხოველების ეს მასიური ხოცვა, რომელიც სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება, პრობლემის გამომწვევ მიზეზებს არ ებრძვის. ასე რომ, იგი უშედეგოა და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ცხოველთა პოპულაციის მართვის საშუალებას, როგორც ეს დადასტურდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ეს არაადამიანური მეთოდები პირიქით, იწვევს ცხოველთა პოპულაციის დესტაბილიზაციას, მოხეტიალე ცხოველების რიცხვის ხელოვნურ ზრდას და ამ ცხოველების სანიტარულ კონტროლს შეუძლებელს ხდის. მტკიცედ ვგმობ ამ სასტიკ და ამავე დროს არაეფექტურ პრაქტიკას ", - წერს ბრიჯიტ ბარდო უგულავასადმი ღია წერილში და იქვე სთავაზობს მსოფლიო პრაქტიკაში დამკვიდრებულ მოხეტიალე ცხოველების წინააღმდეგ ბრძოლის ჰუმანურ მეთოდებს.

ცხოველთა დამცველი თბილისის მერს მოუწოდებს პროფესიონალებს დაეკითხოს და მათი დახმარებით შექმნას მოხეტიალე ცხოველების მართვის ცივილური პროგრამა. პროგრამის შექმნამდე კი უგულავამ ბარდოს შეთავაზებული რამდენიმე პრინციპი უნდა გაითვალისწინოს.

"დაუყონებლივ შეწყდეს მოხეტიალე ცხოველების ხოცვა, ჩამოყალიბდეს პროფესიონალების ჯგუფი, რომელიც პატივისცემით მოეპყრობა ცხოველთა ტანჯვას, გაიხსნას ცხოველთა თავშესაფარი, ოღონდ ყოველგვარი კომერციული კომპანიების გარეშე, დაინერგოს ვაქცინაცია, კასტრაცია და დაჭერილი ცხოველების და იდენტიფიცირების პროგრამა", - ნათქვამია ბრიჯიტ ბარდოს ღია წერილში.

შოუ-ბიზნესში მოღვაწეობის 21-წლიანი კარიერის შემდეგ, ბრიჯიტ ბარდო 70-იანი წლებიდან ცხოველთა დაცვის მოძრაობას უდგას სათავეში. ცხოველეთა დახმარებას ის საკუთარი ფონდით აფინანსებს, რომლის დაარსებისთვის აუქციონზე საკუთარი ძვირფასეულობა გაყიდა. 

ღია წერილის ფრანგული ვერსია იხილეთ

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"