კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:21 / 21-12-2011
შერშე ლა ფამ! - სად მუშაობენ და რა ქონება აქვთ სახელმწიფო მოხელეთა ცოლებს
ბოლო ხანს თვალში საცემია რიგი პოლიტიკოსების მეუღლეების აქტიურობა, მეტიც, ზოგი მათგანი თავისი საქმიანობის სფეროს გასცდა და საზოგადოებას დიდაქტიკოსადაც კი მოევლინა.

ჩვენმა სახელმწიფო მოხელეებმა ბოლოს 2011 წლის გაზაფხულზე შეავსეს ქონებრივი დეკლარაციები, სადაც მათი და მათი ოჯახის წევრების 2010 წლის ქონებრივი მდგომარეობაა ასახული. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით გთავაზობთ მასალას.

პოლიტიკოსთა მეორე ნახევრების საქმიანობის არეალი საკმაოდ ფართოა, ისინი დასაქმებულნი არიან როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე კერძო ბიზნესში, მასმედიასა თუ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში და გვარიან ანაზღაურებასაც იღებენ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანს თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობის შესაბამისად უნდა ჰქონდეს დასაქმებისა და კარიერის აწყობის უფლებაც და საშუალებაც, იმის მიუხედავად, ვისი მეუღლეა.

თუმცა აქვე ვიტყვით, რომ ვიღაცისთვის ჩინოსანთა ახლობლობა და მეუღლეობა არ უნდა ხდებოდეს წარმატების საფუძველი, მით უფრო, ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა მასშტაბურია. ამ სტატიის მომზადების ერთ-ერთი ინსპირატორი უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას ჟურნალისტი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი იყო, რომლის ბოლოდროინდელი აქტიურობა სასიკეთოდ არ ადგება მისი პოლიტიკოსი მეუღლის იმიჯს (იხ. სტატია "ჩერგოლეიშვილის "ტაბულა რაზა", "ყველა სიახლე" #48). ამიტომაც საუბარს სწორედ მის ქონებაზე დავიწყებთ:

გიგა ბოკერიას 2010 წლის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი ყოველკვირეულ ჟურნალ "ტაბულას" დირექტორია, თუმცა ამ საქმიდან შემოსავალი არა აქვს.

ის ამავე ჟურნალის რედაქტორიც არის და ამ თანამდებობაზე მისი წლიური შემოსავალი 132.000 ლარია. მას ასევე უმუშავია ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერად, 36.000 ევროს ანაზაურებით.

უნდა ითქვას, რომ ჩერგოლეიშვილის შემოსავალი, იმავე დეკლარაციის მიხედვით, მეუღლის შემოსავალს გვარიანად აღემატება. ჰყავს ავტომანქანა BMW 120 და რამდენიმე ბანკში გახსნილი აქვს ანგარიში.

გიგა ბოკერიას დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილის სწავლასა და შენახვაში გადახდილია 10.000 ევრო. საინტერესოა ერთი დეტალიც, იმავე წლის დეკლარაციაში ბოკერია აღნიშნავს, რომ საჩუქრად მიიღო 75. 000 ამერიკული დოლარი, საჩუქრის გამცემის გრაფაში წერია "მშობელი."

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი 2010 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით არსად მუშაობს, თუმცა აქვს ბინა თბილისში, ბარნოვის #9-ში, აგრეთვე, ამავე მისამართზე რეგისტრირებული მანსარდი, გახსნილი აქვს რამდენიმე საბანკო ანგარიში.

"თი-ბი-სი ბანკში" მის ანაბარზე დეკლარაციის შევსებისას 21.000 დოლარი იყო, ING BANK-ში (ტერნეუზენი. ჰოლანდია) - 85.000 ევრო, "საქართველოს ბანკში" გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე კი თანხა 2.000 ლარს შეადგენდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში მთავარ სპეციალისტად მუშაობს და მისი წლიური შემოსავალი 2010 წელს 14.922 ლარი იყო. ის ასევე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას მოდის სფეროში, იყო LLC Fashion Group-ისა და LLC Georgian Fashion Company-ის პარტნიორი და  NNIP Fashion Association-ის გამგეობის წევრი, თუმცა აქედან მისი შემოსავალი შესაბამის გრაფებში ნულებითაა აღნიშნული.

იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მეუღლე მაია მესხიშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წამყვან სპეციალისტად მუშაობს და მისი წლიური შემოსავალი 2010 წელს  26.211 ლარი ყოფილა.

ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის მეუღლე ნინო ლაშხია კი საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის ეროვნულ კომისიაში მუშაობს საზოგადოებასთან და
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად და მისი წლიური შემოსავალი, მეუღლის დეკლარაციის მიხედვით, 41.976 ლარია.

შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში შეხვედრების კოორდინატორად მუშაობს და მისი შემოსავალი 12.800 ლარია. 2010 წელს მას ანგარიში გახსნილი ჰქონდა ბანკ "ქართუში" და მის ანაბარზე 33.044 ლარი იყო. მოკრძალებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დაბადებული მეუღლის, ანნა შაშკინას ქონებაც. ის თბილისში მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის მფლობელია. მისი სამსახურის თაობაზე დეკლარაციაში არაფერი წერია, ასევე არ ჩანს ინფორმაცია მისი საბანკო ანგარიშის თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის მეუღლე სოფიო ჟღენტი, როგორც ირკვევა, "აიეტი-ტვ"-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობს და მისი ანაზღაურება 6.000 ლარია. ჰყავს ავტომანქანა Wolkswagen-Tiguan(2009), ფლობს 901 კვმ მიწის ფართობს სოფელ წავკისში.

პარლამენტის თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის მეუღლე ნინო მუშკუდიანი არსად მუშაობს და არც ქონება აქვს, გარდა ავტომანქანისა BMW 5 გრანდ ტურიზმო ( 2009, ნომრით: CHC-707), რომელშიც 2010 წელს 60.000 დოლარი გადაიხადა.

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის მეუღლე ქეთევან კობიაშვილი სახელმწიფო უწყებებშია დასაქმებული. 2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, სადაც მისმა ანაზღაურებამ 7.540 ლარი შეადგინა, მის სამუშაო ადგილად მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც, სადაც ადმინისტრაციის საპროტოკოლო სამმართველოს მთავარ სპეციალისტად უმუშავია, წლიური ანაზღაურებით - 11.898 ლარი.

ბოლო ხანს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ესა თუ ის საკანონმდებლო ინიციატივა ძირითადად სულ რამდენიმე დეპუტატის მიერაა ინიცირებული, ესენი არიან: ლაშა თორდია, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. მათი დეკლარაციებითაც დავინტერესდით. როგორც აღმოჩნდა, ლაშა თორდიას მეუღლე მაია ირემაშვილი იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში ადმინისტრაციის უფროსად მუშაობს და მისი შემოსავალი 15.000 ლარია. კახა ანჯაფარიძის მეუღლე მაია ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უწყებაში, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის აპარატის უფროსად მუშაობს და მისი ანაზღაურება 9.190 ლარია. ზვიად კუკავას მეუღლის დალი კორკელიას სამუშაო ადგილისა და შემოსავლების შესახებ მისი მეუღლის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი.

დეპუტატ დავით დარჩიაშვილის მეუღლე ლელა ცქიტიშვილი კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი სპეციალისტია და მისი წლიური შემოსავალი ამ სამსახურიდან 12.825 ლარს შეადგენს. 2010 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დარჩიაშვილის მეუღლის შემოსავლად დასახელებულია გრანტი 106.000 ლარის ოდენობით. ლელა ცქიტიშვილის ჰყავს ავტომანქანა  HYUNDAY TUCSON (2008, MIW 337).

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ზურაბ მელიქიშვილის მეუღლის, ნატო ბლუაშვილის საკუთრებაშია 3060 კვმ მიწის ნაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. აქვს ბინა (მშენებარე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლში) დაბა ბაკურიანში. ნატო ბლუაშვილს ჰყავს ავტომანქანა  Toyota RAV-4 (2002). 2010 წლის დეკლარაციაში მისი შემოსავლის შესახებ არაფერია ნათქვამი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მეუღლე, ცნობილი ბალერინა ნინო ანანიაშვილი თბილისში - საცხოვრებელი სახლის, მოსკოვში კი ბინის მფლობელია. ჰყავს ორი ავტომანქანა: Toyota RAV-4 და Toyota Landcruiser. წინანდალში მიწის ნაკვეთს ფლობს. მეპატრონეა კომპანიისა - "ვაშაძე და ძმები," თუმცა დეკლარაციის მიხედვით, ამ საქმიდან შემოსავალი არა აქვს. როგორც იცით, ის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელია. 2010 წელს მისმა წლიურმა შემოსავალმა ამ თანამდებობაზე  89.600 ლარი შეადგინა.

უკვე აღვნიშნეთ, რომ ჩინოსანთა მეუღლეები არიან მედიასაშუალებებშიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, შოთა უტიაშვილის მეუღლე ეკა კვესიტაძე რუსთავში მიწის ორი ნაკვეთის მფლობელია. მუშაობს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე ჟურნალისტად და მისი წლიური შემოსავალი 2010 წელს 37.200 ლარი ყოფილა.

ტელეკომპანია "პირველი კავკასიურის" მთავარი პროდიუსერია აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თემურ იაკობაშვილის მეუღლე იანა ფრემერი. იაკობაშვილის დეკლარაციის მიხედვით, მისმა წლიურმა შემოსავალმა 75.000 ლარი შეადგინა.

დეპუტატ გიორგი მელაძის მეუღლე მაკა ლაჩაშვილი კი "ჯი-პი-აი ჰოლდინგში" მენეჯერად მუშაობს და მისი წლიური შემოსავალი 35.835 ლარია. ამ ცოლ-ქმრის ქონება საკმაოდ შთამბეჭდავია. მაკა ლაჩაშვილს აქვს ბინა თბილისში, ის თბილისშივე კიდევ ორი ბინის და არასაცხოვრებელი ფართობის თანამფლობელია. ჰყავს ავტომანქანა Mitsubishi (2008), გახსნილი აქვს რამდენიმე საბანკო ანგარიში. 2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, ფლობდა ნაღდ ფულს 10.000 ლარის ოდენობით. არანაკლებია მისი მეუღლის შემოსავალიც. შეგახსენებთ, ეს ის გიორგი მელაძეა, რომელსაც 2008 წელს დასახმარებლად თბილისის ბიუჯეტიდან 9.277 ლარი გამოუყვეს. სპეციალურად გადავხედე გიორგი მელაძის წინა წლების დეკლარაციებსაც, უნდა გითხრათ, რომ ამ წყვილის ქონებრივი მდგომარეობა ამ დეკლარაციების მიხედვითაც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

თბილისის მერის, გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე "უსახლკარო" მეუღლისგან განსხვავებით, დედაქალაქში ბინის მფლობელია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურული ღონისძიებების სამსახურის უფროსად მუშაობს და მისი შემოსავალი 40.023 ლარია. 2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშზე 14.000 ლარი ერიცხება.

აი, ბოლო ხანს "სიმინდის პრინცად" გამოცხადებული აკაკი ბობოხიძის მეუღლე ნანა გოდერძიშვილი კი თურმე სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებს. 2010 წელს ამ პროდუქციის რეალიზაციიდან 38.000 ლარის შემოსავალი ჰქონია. ამ ქალბატონს საგარეჯოს რაიონში აქვს საცხოვრებელი სახლი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ჰყავს ავტომანქანა Toyota RAV-4.

ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ძმებ კუბლაშვილებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის მეუღლე მარინა მესხი თბილისში მიწის ნაკვეთისა და ბინის მფლობელია, ასევე მისია მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონში. ქალბატონი მარინა "ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის" დირექტორად მუშაობს და მისი წლიური შემოსავალი 39.512 ლარია. დეკლარაციაში მითითებულია ისიც, რომ ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მუშაობს ლექტორად, ანაზღაურებით - 1.500 ლარი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის მეუღლე თამილა აბუთიძე კი მცხეთის რაიონში მიწის ნაკვეთის მფლობელია. ჰყავს ავტომანქანა Toyota Prado (2008). პავლე კუბლაშვილის მეუღლე "ტაოპრივატბანკში" მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების უფროსია და მისი წლიური შემოსავალი 48.554 ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის მეუღლე სალომე წაქაძე კომპანია "ბარამბოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად მუშაობს და მისი შემოსავალი 18.000 ლარია. ჰყავს ავტომანქანა Wolskwagen-Tiguan (2010). დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მეუღლე ელისო ნიჟარაძე შპს "სკოლა-ლიცეუმ რიტორის" დირექტორია და მისი წლიური შემოსავალი 14.400 ლარია.

სახელმწიფო მოხელეთა დეკლარაციების შესწავლისას ერთი ტენდენცია აღმოვაჩინე. ჩინოსანთა მეუღლეების ნაწილს ძალიან მოსწონს, როდესაც მათ ძვირად ღირებულ მანქანებს ასევე ძვირად ღირებული სანომრე ნიშნები ამშვენებს. მაგალითად, დეპუტატ ვახტანგ ბალავაძის მეუღლის, ანა ხომერიკის ავტომანქანა BMW 320-ის ნომერი ასეთია: ANY-001, პავლე კუბლაშვილის მეუღლის, თამილა აბუთიძის მანქანის ნომერია - TNS 999, კაკო ბობოხიძის მეუღლის, ნანა გოდერძიშვილის ავტომანქანის კი MBA 555 , გიორგი მელაძის ცოლის მაკა ლაჩაშვილის ავტომანქანის ნომერია TIV-777, ზურაბ მელიქიშვილის მეუღლის, ნატო ბლუაშვილის ძვირად ღირებული მანქანის სანომრე ნიშანზე კი - BUT 800-ს ამოიკითხავთ და ა.შ. (შეგახსენებთ, საქართველოში ფასიანი სანომრე ნიშნების ღირებულება 150 ლარიდან 10.000 ლარამდე მერყეობს - ნ.დ.).

P.S. ეს მხოლოდ ნაწილია ჩინოსანთა იმ ცოლების ქონებრივი მდგომარეობისა, რომლებიც ქმრებს ტოლს არ უდებენ და წარმატებას ხან მართლაც დამოუკიდებლად, ხანაც კიდევ ძლიერი მეორე ნახევრების დახმარებით აღწევენ.

P.P.S.  "შერშე ლა ფამ" ფრანგული გამოთქმაა და ნიშნავს: ეძებე ქალი!

ნათია დოლიძე


ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
09:25 / 15-01-2013
დარწმუნებული ვარ,რომ არა მათი ქმრების თანამდებობები,არცერთ მათგანს სამსახურიც კი არ ექნებოდათ.ქრთამი აღარ არისო –ირწმუნებოდა წინა ხელისუფლება,ოფიციალურად იღებენ ისეთ თანხებს ხელფასების და პრემიების სახით,ქრთამი რათუნდათ.ასეთი წარმატებული როგორ აღმოჩნდა ყველას ცოლი?
მანანა
16:08 / 18-02-2012
ამხელა ხელფასები აქვტ როცა საწყალი ხალხი პურის ლუკმებს ვიტვლიტ.
lalale
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:11 / 23-10-2014  Image თბილისელი ლამაზმანი, რომელიც "პარკინგის ვარსკვლავად" იქცა, საზოგადოებას ბოდიშს უხდის
"მინდა ავღნიშნო, რომ გაოცებული ვარ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით"
13:09 / 23-10-2014  Image "ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს" - რატომ ჩამოაგდეს ავტობუსიდან ფერადკანიანი ბიჭი თბილისში
"ამ ებოლათი დაბოლილმა ქართველებმა საბოლოოდ აიწყვიტეს"
10:13 / 23-10-2014  Image ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ქართულ ტრადიციულ სამოსში
ბრედ პიტი და მისი ულამაზესი მეუღლე ანჯელინა ჯოლი...
11:12 / 23-10-2014  Image მოსკოველი მილიონერებისა და მათი ქართველი შინამოსამსახურეების ფოტოები...
წინათ შინამოსამსახურე მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰყავდათ, ახლა კი ამ ფუფუნებით მდიდარი...
00:19 / 23-10-2014  Image ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი
ცნობილების პირადი ცხოვრება, გათხოვება, გაშორება, საყვარელი მამაკაცები მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრშია