ახალი მომსახურება თბილისში - ცხოველების სასტუმრო

ახალი მომსახურება თბილისში - ცხოველების სასტუმრო

თბილისელთა ნაწილი საკმაო თანხას იხდის ჯიშიანი ოთხფეხა მეგობრის შეძენასა და მოვლაში.

შესაბამისად, გაჩნდა შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სერვისი. პროფესია "ძაღლის გამსეირნებელს", ცხოველებისთვის ახალი სერვისი - ძაღლებისა და კატების სასტუმრო შეემატა. კინოლოგიურ კლუბ "ლორდ ლამარის" ხელმძღვანელმა დავით ჩიხლაძემ სასტუმრო შინაური ცხოველებისთვის რამდენიმე წლის წინ დააარსა.

- სამწუხაროდ, საქართველოში არც ერთი სასტუმრო არ იტოვებს შინაურ ცხოველებს, ევროპაში კი ეს ჩვეულებრივი ამბავია. იქ ცხოველის ერთი დღით სასტუმროში დატოვება 50 დოლარი ღირს... ჩვენთან მოჰყავთ როგორც კატები, ასევე ძაღლები და ისინი ცალ-ცალკე ოთახებში ცხოვრობენ. კატის დატოვება 5-დან 7 ლარამდე ღირს, პატარა ძაღლის დატოვება - 10 ლარი, დიდისა კი - 15 ლარი.

- რა შედის ცხოველების მომსახურებაში?

- კვება, გასეირნება და გასუფთავება. დღეს თბილისში კატა უფრო ბევრი ჰყავთ, ვიდრე ძაღლი, ალბათ იმიტომ, რომ კატა გაცილებით ადვილად მოსავლელია. სამწუხაროდ, ქართველებს შინაური ცხოველები არ უყვართ. არ იციან მათი მოვლა, ცხოველს ზუსტად ის სჭირდება, რაც ადამიანს: კვება, სპეციალური ჯაგრისი, შამპუნი, ჭიის წამლები და სწავლა, ანუ გაწვრთნა. მხოლოდ ამ პროგრამის გავლა 2.000 ლარი ღირს. ასევე, აუცილებელია აცრები, რომელთა ფასი 20-25 ლარია.

- ძირითადად ვინ სარგებლობს თქვენი მომსახურებით?

- ჩვენთან ცხოველები მოჰყავთ უცხოელებსაც და ქართველებსაც. ცოტა ხნის წინ ერთმა ჰოლანდიელმა დაგვიტოვა ძაღლი 5 თვით, ამ ძაღლს სიმსივნე აღმოაჩნდა, შევატყობინეთ პატრონს და გავუკეთეთ უმძიმესი ოპერაცია. სამწუხაროდ, პატრონმა ძაღლს აღარ ჩამოაკითხა და ფულიც არ გადაიხადა. ქართველებსაც არ უყვართ ფულის გადახდა, ვისაც ფული აქვს, ის ძუნწია, თანაც ცხოველებისა არაფერი გაეგებათ. ერთხელ დამირეკა მეგობარმა ექიმმა, - კატას სიცხე აქვს და რა ვქნაო.

ვუთხარი, ტემპერატურა გაუზომე-მეთქი, მეორე დღეს მოვიდა სულ დაკაწრული, თურმე კატას იღლიაში უდებდა თერმომეტრს... ესეც შენი ექიმი, არ იცოდა, რომ ცხოველს სიცხეს სწორი ნაწლავიდან უზომავენ! მეტსაც გეტყვით, ერთმა კაცმა დამირეკა, ძაღლს შეკრულობა აქვსო, ვურჩიე, ოყნა გაეკეთებინა, რამდენიმე საათში დავურეკე იმ კაცს ამბის გასაგებად. თურმე პირიდან უკეთებდა ოყნას ძაღლს. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ბავშვებსაც არასწორად უნერგავენ ცხოველების შიშს, რომ აღარაფერი ვთქვათ ცხოველთა წვრთნის წესებზე, სწორად გაწვრთნილი ცხოველი ხომ ოჯახის ბურჯია?!

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"