გავლენიანმა გამოცემამ Washington Post-მა წლის განმავლობაში მსოფლიოს ცხელ წერტილებში გადაღებული ყველაზე შთამბეჭდავი და დრამატული ფოტოები გამოაქვეყნა. 2011 წლის ფოტოებად დასახელებულ 60 ნამუშევარში თბილისის 26 მაისის აქციის დარბევის კადრიც მოხვდა. ფოტოს ავტორი ირაკლი გედენიძეა.
საკუთარ ვებ-გვერდზე გამოცემამ ფოტოს შემდეგი მინაწერი გაუკეთა:
”პოლიცია არბევს მომიტინგეებს საქართველოში, თბილისში მაისში გამართულ საპროტესტო აქციების დროს. რამდენიმე ასეული ოპოზიციონერი პროტესტანტი პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდა”.
ეს ის ფოტოა, რომელიც, არაოფიციალური ვერსიით, აგვისტოში 4 ქართველი ფოტორეპორტიორის - ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის, გია აბდალაძისა და ნათია გედენიძის დაპატიმრების მიზეზი გახდა. ამ ფოტოების გავრცელების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ფოტორეპორტიორებს ჯაშუშობაში დასდო ბრალი.
მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით.