"ვეფხისტყაოსანმა" ჩემთან ერთად მსოფლიო შემოიარა"

"ვეფხისტყაოსანმა" ჩემთან ერთად მსოფლიო შემოიარა"

"ვეფხისტყაოსანი" ბავშვობიდან გამორჩეულად უყვარს, ტარიელი და ავთანდილი კი მისი საყვარელი გმირები იყვნენ. სწორედ მათმა სიყვარულმა აღუძრა სურვილი, მსოფლიო შემოევლო და ბავშვური ოცნება რეალობად ექცია. მან მსოფლიო "ვეფხისტყაოსანთან" ერთად შემოიარა... "წიგნის თაროს" სტუმარი და მეკვლე, მსოფლიოსა და გინესის რეკორდსმენი, "მსოფლიო სპორტსმენი", "მოგზაური დიპლომატი", გაეროს კეთილი ნებისა და ბუნების დაცვის ელჩი, უამრავი ჯილდოს მფლობელი ჯუმბერ ლეჟავა გახლავთ...

- აქტიური მკითხველი ვეღარ ვარ, რადგან წიგნების წერა დავიწყე და მთლიანად ამ საქმეში ვარ ჩაფლული. ბოლო 20 წელიწადია, ვმოგზაურობ და წიგნებისთვის დრო თითქმის აღარ მრჩება - თავისუფალ დროს ვარჯიშსა და მოგზაურობას ვანდომებ.

- სამოგზაუროდ რომ მიდიოდით, წიგნები თუ მიგქონდათ?

- რა თქმა უნდა, თუმცა ძირითადად, ლექსიკონები, "ვეფხისტყაოსანმა" კი ჩემთან ერთად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა. უცხოეთში უფრო მეტად ტურისტულ ცნობარებს ვყიდულობდი, რადგან ჩემს სპეციალობას თითქმის ჩამოვშორდი და ახლა ტურიზმსა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ ლიტერატურაზე გადავედი.

- კითხვა ვინ შეგაყვარათ?

- სკოლამ, რადგან გაკვეთილების გარდა, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვასაც გვავალებდნენ, რის გამოც ბიბლიოთეკას ხშირად ვსტუმრობდით.

ბავშვობაში "ვეფხისტყაოსნით" ვიყავი გატაცებული. ჩემთვის მისაბაძი გმირი ავთანდილი იყო. ტარიელიც ძალიან მომწონდა, ამიტომ მათ გზას გავყევი და "ვეფხისტყაოსნით" მთელი მსოფლიო შემოვიარე.

- ამბობენ, ახალგაზრდა თაობისთვის წიგნი აქტუალური აღარ არისო...

- ამის ასე ხელაღებით თქმა არ შეიძლება, რადგან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რომელიც არა მხოლოდ კითხულობს, არამედ თვითონაც წერს... თუმცა წიგნიერების საერთო დონე რომ დაეცა, ამას თქმა არ უნდა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობ, სტუდენტებთან მაქვს ურთიერთობა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მარტო წიგნიერების კი არა, მთლიანად კულტურის დონეა დაბალი.

- უამრავ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. ყველაზე წიგნიერი, განათლებული ხალხი სად შეგხვდათ?

- 1990-იანი წლების დასაწყისამდე საქართველოში ვერ ნახავდით ახალგაზრდას, ხელში წიგნი, გაზეთი ან ჟურნალი არ სჭეროდა. სამწუხაროდ, ახლა ეს იშვიათობაა. მკითხველი საზოგადოებაა რუსეთში - ვერ ნახავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს, თუნდაც ტრანსპორტს, ადამიანები რამეს არ კითხულობნდნენ. ზოგს ჰგონია, რუსეთში მარტო ლოთები არიან, იქ წიგნიერების დონე ძალიან მაღალია. ასევეა შვეიცარიაში, ავსტრალიაში... აფრიკაში წიგნის ყიდვის შესაძლებლობა რომ არა აქვთ, წიგნის მაღაზიებში სხედან და იქ კითხულობენ. შეერთებულ შტატებში ხომ წიგნის მაღაზია და ბიბლიოთეკა გაიგივებულია... ამ მოწინავე ქვეყნებში ბავშვებს მხოლოდ გარკვეული დრო აქვთ მიცემული კომპიუტერთან მუშაობისთვის. ალბათ, ჩვენთანაც ასე მოხდება...

- რომელი მწერალი გიყვართ?

- ძალიან მიყვარს კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებები, აგრეთვე, ტოლსტოი, დოსტოევსკი... ჰემინგუეის ვკითხულობდი ხშირად, რადგან მის ნაწარმოებებში ბუნებასთან სიახლოვეა.

- თქვენი წიგნები დღის სინათლეს როდის იხილავს?

- 50 ტომი მაქვს გამზადებული, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვბეჭდავ. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი ამომიდგა გვერდში და დავიწყეთ ჟურნალის გამოცემა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ 50 ტომს 12 წლის განმავლობაში დღიურებად ვწერდი...

- ახალ წელს, ალბათ, ბევრ ქვეყანაში შეხვედრიხართ, გამორჩეულად რომელი დაგამახსოვრდათ?

- 9 წელიწად-ნახევარი უწყვეტად ვიმოგზაურე. რამდენიმე ქვეყანაში შევხვდი ახალ წელს. საუკეთესო ახალი წელი გავატარე არგენტინაში, მალაიზიაში, აშშ-ის ქალაქ ატლანტაში, საფრანგეთის დედაქალაქში...

ვულოცავ ჩემს სამშობლოს 2012 წელს, ეს წელი საქართველოს გამარჯვების წელი ყოფილიყოს... მიუხედავად იმისა, რომ მქონდა შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დავრჩენილიყავი და მსხვილი ჰონორარებით უზრუნველად მეცხოვრა, თავს ბედნიერად მხოლოდ ჩემს ქვეყანაში ვგრძნობ და ესეც საკმარისია.

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"