16 იანვარს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მუსიკოს ნიაზ დიასამიძესთან ერთად სვანეთს ესტუმრა და ზამთრის კურორტზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, ასევე, ისაუბრა მოქანდაკე ვაჟა მელიქიშვილის ნამუშევარზე, ცხენზე ამხედრებულ თამარ მეფის ძეგლზე, რომელიც სვანეთში 28 დეკემბერს, ღამით, ჩუმად დაიდგა. სვანები ამ ძეგლის დადგმის გამო პროტესტს გამოთქვამენ და მის დემონტაჟს მოითხოვენ. ქანდაკება ბრინჯაოშია შესრულებული და 2011 წელს შეიქმნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძეგლის დადგმას ადიგენში აპირებდნენ, მაგრამ ამას სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა აღუდგა წინ...
ერეკლე საღლიანი, პოეტი:
- ბატონო ერეკლე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილ ადამიანებთან ერთად თამარ მეფის ძეგლის სვანეთში დადგმა გააპროტესტეთ, რა გამოხმაურება მოჰყვა ამას ადმინისტრაციის მხრიდან?
- არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ეს ძეგლი სვანეთში ისე დადგეს, რომ ხალხისთვის არაფერი უკითხავთ. ეს არის სიმახინჯე და თამარ მეფის შეურაცხყოფა.
ამ საკითხზე კომენტარი რეჟისორსა და მსახიობ სოსო ჯაჭვლიანსაც ვთხოვეთ:
- მე ასეთი სიმახინჯე არსად მინახავს. ნუთუ ამ ხალხს ნამდვილად მოსწონს ეს ძეგლი? ახლახან გავიგე, სვანებს საპროტესტო აქცია გაუმართავთ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩემთვისაც რომ დაერეკათ, აუცილებლად მივიდოდი. ეს სიმახინჯე სვანეთის ცენტრში დგას და იქაურობას აუშნოებს. მართალია, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ თამარ მეფე წმინდანია და ქართველი ხალხისგან მოწიწებას იმსახურებს.
თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)