კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:11 / 28-01-2012
სიზმარივით ხანმოკლე ცხოვრება და საოცარი სიყვარულის ამბავი
მას უბრალოდ, გოგონა დავარქვათ, რადგან ანგელოზებს სახელებს არ არქმევენ... მას კი უბრალოდ - ბიჭი, რომ თანაბარ პირობებში იყვნენ...

გოგონას მამისგან 21 წლის, გარდაცვლილი შვილის ამბავს უცრემლოდ ვისმენდი...
რატომ? მეც მიკვირდა საკუთარი გულქვაობის... მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი: არ ვტიროდი იმიტომ, რომ გულმოკლული მამა საკუთარ ტრაგედიას კი არა, სიყვარულის საოცარ ამბავს მიყვებოდა, რომელიც ცრემლს კი არა, ჟრუანტელს მგვრიდა...გოგონას უზრუნველი, ცელქი, მოუსვენარი, თვალებში ჭინკებათამაშებული ბავშვობა ჰქონდა... მერე სტუდენტობა... უყვარდა კიდეც და მღეროდა იმ სიყვარულზე...

ისეთი ლამაზი იყო, რომ ბევრ ბიჭს რჩებოდა მასზე თვალი, მაგრამ შორიდან, ჩუმად ზვერავდნენ მხოლოდ...

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გოგონა 18 წლის იყო... მკლავის ტკივილმა შეაწუხა. ექიმთან მიმავალი არც კი ფიქრობდა, რომ სულ მალე ის - საშინელ დიაგნოზს, იღბალი კი განაჩენს გამოუტანდა...

საავადმყოფოდან საავადმყოფოში სიარული... პირველი, მცდარი დიაგნოზი - მხარი ექნებოდა მოტეხილი და ცუდადაა შეხორცებული, ვუმკურნალებთ და ტკივილი გაუვლისო... არ გაუარა... ონკოლოგიური საავადმყოფოდან გერმანიისკენ მიუთითეს - ჩვენ უძლურნი ვართ, ისინი დაგეხმარებიანო...

არც ისე იოლი აღმოჩნდა 12 ათასი ევროს შოვნა... იშოვეს, წაიყვანეს...

ძვლის სარკომააო, მშვიდად უთხრეს და 120 ათასი ევრო მოითხოვეს ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობისთვის...
ძალიან, ძალიან ბევრი ფულია 120 ათასი ევრო, მაგრამ შვილის სიცოცხლე - შეუფასებელი...

"ვის უნდა 20 ათასი" დაეხმარა...

- დადნა კომპიუტერი, იმდენი ზარი შემოდისო, - პროდიუსერი ამბობდა... ამ თამაშის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი თანხა მოაგროვა გოგონამ...

86 ათასმა ადამიანმა დარეკა...
86 ათასმა უცხო ადამიანმა მიიტანა გულთან ახლოს გოგონას გასაჭირი...

ძალიან დაეხმარნენ და სიცოცხლე გაუხანგრძლივეს, ცოტა ხნით მაინც...

ოპერაციამ კარგად ჩაიარა... ვინაიდან მეტასტაზები ფილტვზე იყო გადასული, ფილტვის 1/3 მოჰკვეთეს და ქიმიოთერაპიაც ჩაუტარეს...

იმედი არსებობდა...

ბიჭი პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა პირველი ქიმიოთერაპია ჩაუტარეს...

- ვინააო? - მამამ იკითხა...
- მგონი, უყვარსო, - სასხვათაშორისოდ უპასუხეს...

მას შემდეგ ბიჭი გოგონას არ მოშორებია... სასთუმალთან ეჯდა საავადმყოფოსა თუ სახლში... მისი ხელი ხელში ეჭირა და სჯეროდა, რომ გოგონა აუცილებლად გამოჯანმრთელდებოდა და მათ ერთმანეთს ვერაფერი დააშორებდა.

გოგონაც ბედნიერი იყო, რადგან ნამდვილი სიყვარული ეწვია... მერე რა, რომ ავადმყოფობის დროს...
რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულიც ხომ ხანმოკლე იყო? მაგრამ მარადიული...

ასე რატომ ფიქრობდა გოგონა? იმიტომ, რომ-ვინ ვინ და მან ზუსტად იცოდა, რომ სიცოცხლის ბოლო მონაკვეთს გადიოდა... დედამ არ იცოდა, არც - მამამ... გოგონამ და ბიჭმა იცოდნენ მხოლოდ და ერთმანეთს ამხნევებდნენ... სჯეროდათ, რომ სიყვარული გადაარჩენდა გოგონას...

3 წელი ბიჭმა და მეგობრებმა აცოცხლეს, თორემ მსგავსი დიაგნოზით ადამიანები მხოლოდ რამდენიმე თვე ცოცხლობენო - მამამ თქვა...

მოძღვართან საუბრის შემდეგ გოგონამ ქიმიოთერაპიაზე უარი თქვა... სასწაული მოხდა - გოგონა ფეხზე დადგა, გამოკეთდა... ყველას ეგონა, რომ სენმა უკან დაიხია... მთელი წელიწადი არაფერს შეუწუხებია გოგონა... ისევ სავსე გახდა მისი ცხოვრება, ისევ ხალისიანი და მჩქეფარე...

ისევ ამღერდა, მეგობრებს დაუბრუნდა და როცა ყველას ეგონა, რომ გასაჭირი უკან დარჩა, მაშინ შეახსენა სენმა თავი...

ფილტვის რენტგენი გადაიღეს ხელახლა... მეტასტაზები მომატებული იყო... სენი მორეოდა გოგონას და
იმარჯვებდა მასზე...

ბიჭმა მისი რენტგენის სურათები ცნობილ ექიმს მიუტანა - ჩემია და რას მეტყვითო?

"კარგი ბიჭი ხარ და სიკვდილისთვის ცოდვა ხარ, აფსუსია, რომ არაფერი გეშველებაო...
გული შეეკუმშა, თვალები აუწყლიანდა...

დეიდაშვილმა მოწვევა გამოუგზავნა ინგლისიდან... ზაფხულში ზღვაზე წასვლას გეგმავდა... ბიჭს პირობა ჩამოართვა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ მშობლებს არაფერს გაუმხელდა...

ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი, ბევრი რამ უნდა მოესწრო, მშობლები კი ხელს შეუშლიდნენ, არ გაუშვებდნენ...
რომ მცოდნოდა, სიტუაცია გართულებული ჰქონდა, მართლაც არ გავუშვებდიო, - მამამ.

ზაფხულში, ზღვიდან დაბრუნებული თავს ცუდად გრძნობდა... მეტასტაზებს ტრაქეამდე ჰქონდა მიღწეული და სუნთქვა უძნელდებოდა...

თურქეთში წასვლა ურჩიეს - ძლიერი ექიმები არიანო...
მეგობრებმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს...
ახლობლები დაეხმარნენ...
13 ათასი ევრო მოიძიეს...

გადაწყდა - კვირადღეს მიფრინავდნენ, კიდევ ერთი იმედის საძებნელად...

სამშაბათს საგურამოში, მეგობართან ღამისთევით წასვლის ნებართვა ითხოვა... მშობლებს უარი არ უთქვამთ, რადგან თავს კარგად გრძნობდა... ჟანგბადის ბალიშიც კი არ წაუღია თან... ოთხშაბათს ბიჭმა დარეკა გოგონას მამასთან - გვიშველეთ, ცუდადაა, "სასწრაფო" გამოვიძახეთ და საავადმყოფოში მიგვყავსო...

თავზარდაცემული მშობლები ონკოლოგიურ კლინიკაში გაჩნდნენ რამდენიმე წამში...
ექიმი თავდახრილი გამოვიდა მათთან...

საოცარი შვილი გყავთ, იცის, რომ ბოლო წუთებს ითვლის და ძალიან მშვიდად ხვდება სიკვდილს... სუნთქვა უჭირს და მაინც იღიმის... მხოლოდ ის შემიძლია, რომ ტანჯვა შევუმსუბუქო, დამამშვიდებელი გავუკეთო და ტკივილების გარეშე გადავიდეს ანგელოზთა საუფლოშიო...

გოგონა დროდადრო გონს მოდიოდა...
მოძღვრის მოსვლა იგრძნო, თვალები გაახილა... აზიარა მოძღვარმა...
კიდევ ერთხელ მოვიდა გონს... მამას ხელზე ხელი მოუჭირა...
"მიყვარხარ, მამი"...

ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია... ლაპარაკი აღარ შეეძლო, მაგრამ მესიჯს წერდა...
ბიჭის ტელეფონი აწკრიალდა...

"ანგელოზები მოვიდნენ... სულაც არ ყოფილან ისეთები, ჩვენ რომ გვეგონა"...
ეს ბოლო მესიჯი იყო...

10 წუთის მერე ბიჭის მკლავზე დალია სული...

უამრავი ყვავილი... ცრემლი... დარდი და დიდი სიყვარული გაიყოლა თან...
გარდაცვალების ღამეს დედის მეგობარმა სიზმარი ნახა - გოგონა თავის თითზე რაღაცას აჩვენებდა...
სიზმრის ახსნა გაუჭირდათ...

ბიჭს უხმეს - მის მესაიდუმლეს...
შაბათს ჯვრისწერას ვაპირებდით, თურქეთში გამგზავრებამდეო...
კისერზე შებმული ძეწკვი გამოაჩინა, რომელზეც 2 სხვადასხვა ზომის - დიდ-პატარა საქორწილო რგოლი ჰქონდა ჩამოკიდებული...

თავისი ბეჭედი გოგონამ თან წაიღო...
მეორე - ბიჭს დარჩა, მის მოსაგონებლად...
საოცარი ბავშვია... ბავშვი კი არა, ნამდვილი ვაჟკაცია, ამას გაძლება არ უნდოდა? თქვა, ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, გოგონამაც იცოდა და ერთად ვუძლებდითო... - ცრემლმორეული ჰყვებოდა მამა.

მთელი საქართველო ედგა გვერდით, ცოცხალმკვდარი მშობლები, უამრავი მეგობარი და ახლობელი... საყვარელი ადამიანი...

მაგრამ სენმა მაინც გაიმარჯვა...
მამას უნდა თქვას - შემოგევლეთ სუყველასო... მაგრამ საამისოდ ძალა არ ჰყოფნის... ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ საყვარელი შვილის კისკისს ვეღარ მოისმენს...

ის სამუდამოდ 21 წლის დარჩება...
გოგონას მაიკო გველესიანი ერქვა...
ბიჭს? რა მნიშვნელობა აქვს...
უბრალოდ - შეყვარებული ადამიანი...

პ.ს. ახალი წლის წინა დღეებში ბიჭმა და მაიკოს მეგობრებმა გარკვეული თანხა შეაგროვეს და იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიური განყოფილების პაციენტ ბავშვებს თოვლის ბაბუისთვის წერილები მიაწერინეს... 31 დეკემბრის ღამეს ბავშვებს თოვლის ბაბუა და ფიფქია ესტუმრნენ, საჩუქრები, ხილი, ტკბილეული მიუტანეს, ეზოში კი დიდი ფეიერვერკი გაჩაღდა... მაიკოს მეგობრებმა გარდაცვლილი მეგობრის სახელით გააკეთეს კეთილი საქმე და ახალი წლის ღამე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან გაატარეს, რომლებსაც ახალი წლის საოცარი განწყობილება აჩუქეს.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
20:41 / 08-09-2013
მარი ჯაფარიძე,შენ დაურჩი დედაშენს ძალიან დიდხანს ... ამაბღავლე კაცი !
გიგა ბეთანელი
02:07 / 07-09-2013
მაიკო ყველას ძალიან გვიყვარდა,საოცრად ლამაზი და თბილი ადამიანი იყო,მენატრება,,,
salome milorava
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:25 / 30-08-2014  Image მიხეილ სააკაშვილი სარფში ქართველებთან
+VIDEO: საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სარფში მხარდამჭერებთან ერთად.
14:07 / 30-08-2014  Image იმის გაგება, თუ ვინ არიან ეს გოგონები, გაგაოგნებთ (+ ფოტოგალერეა)

ის არ გეტყვის, რომ თავი სტკივა და მისგან არასოდეს მიიღებთ უარს...

11:45 / 30-08-2014  Image აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი Washington Post-ის ფეისბუქის გვერდზე
+VIDEO: ვიდეოს თან ახლავს ტექსტი: "ხაჭაპური არსებითად კარაქიანი პიცაა
14:10 / 30-08-2014  Image "ერთი საქათმეც კი ვერ გახსნა" - ნანუკა ჟორჟოლიანს ეკონომიკის მინისტრის არ ესმის
იცოდეთ, რომ თქვენი გასაკეთებელი საქმე ვიღაცამ უკვე მაგრად გააკეთა
23:56 / 30-08-2014  Image "არ მისცეთ ქართველ კაცებს ნომერი..." - რას წერს ლიტველი ტურისტი გოგონა საქართველოზე
ქართველი შეყვარებულის მოძებნა ძალიან, ძალიან ადვილია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი
"ხმამაღლა ვიტყვი, რომ მის მსგავს კარგ ადამიანს...
”ლევან ბერძენიშვილს ჩვენს სულკურთხეულ ვაჟა-ფშაველაზე მიუქარამს რაღაც,...
"უარის მიუხედავად, ისინი ჯიუტად ცდილობენ ჩვენს გაცნობასა...