უამინდობის გამო დასავლეთ საქართველოში 15 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიიდან" აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონების სოფლებს. დაბა მესტიაში კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება.
უამინდობის გამო 65 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე 29 იანვარს დარჩა. ორი დღის განმავლობაში "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 50 ათასი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების განახლება შეძლო. აღნიშნულ პერიოდში გაითიშა ცხრა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, მათგან უკვე ჩართულია ექვსი ხაზი, ხოლო ასევე უამინდობის გამო გათიშული იყო 21 ქვესადგური და ამ დროისთვის არ მუშაობს მხოლოდ 11 ქვესადგური.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.