"არ გეცრუვებით შენ, ჩვენო სიწმიდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არ გაგცემთ შენ, ჩვენო სიქადულო - მართლმადიდებლობავ!" -
რუის-ურბნისის კრებაზე წარმოთქმული ეს სიტყვები, ქართველ კაცს თითქოს გულის ფიცარზე ჰქონდა დაწერილი. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ვითარება შეიცვალა. "ქვეყანაში აშკარად იგრძნობა მართლმადიდებლური რწმენისადმი ზერელე დამოკიდებულება", - გვითხრა პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ყრუაშვილმა და ერთი უსიამოვნო ფაქტის შესახებ გვიამბო:
- თბილისში, საპატრიარქოსთან ახლოს, ყოვლად შეუსაბამო და შეუფერებელი შენობების ხილვა უკვე აღარავის უკვირს: "ბუდა ბარი" შენდება იმ ადგილას, სადაც ასი ათასმა მოწამემ მართლმადიდებლურ რწმენას შესწირა თავი, ადგილზე, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლითა და ცრემლით არის გაჟღენთილი. ახლახან კი იქვე, საპატრიარქოსთან აშენდა კაზინო, რომელსაც "შანგრილა" ჰქვია. რა უნდა ასეთ ადგილზე კაზინოს, ეს ხომ წმინდა ადგილია მთელი საქართელოსთვის?! ხომ უნდა არსებობდეს კრიტერიუმი, სად რა უნდა ააშენონ?
- ბატონო გიორგი, ვის ეკუთვნის ეს კაზინო?
- ეს კაზინო, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა, ძმებმა რეზო და მერაბ შარანგიებმა ააშენეს. შეგახსენებთ, ეს ის შარანგიები არიან, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს სამარშრუტო ტაქსების ბიზნესი და უამრავი ადამიანი დატოვეს უმუშევარი. ისინი სააკაშვილის ნდობით სარგებლობენ და უამრავი ბიზნესი აქვთ საქართველოში. როგორც ამბობენ, რკინიგზის შესყიდვაც სურთ... თუმცა, ასეთი რამ ვის უკვირს ქვეყანაში, სადაც იყიდება ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლება. გაცილებით სახიფათო კი სულ სხვა რამ არის...
- რას გულისხმობთ?
- საქმე ის არის, რომ ხალხი, რომელიც მართლმადიდებლურ რწმენას პატივს არ სცემს, სერიოზულად ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად. მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, საპატრიარქოს სადმე, ტყიბულში ან თერჯოლაში გადაიტანს, ამ წმინდა ადგილს კი სხვები დაეპატრონებიან ისევე, როგორც ძმებმა ბეჟუაშვილებმა იყიდეს მთელი რუსთაველი. ასეთი საქართველო ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს იმას, ვისაც მოსწონს და უნდა. სხვათა შორის, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში შვილი გავაპარე აქედან გერმანიაში, წავიდა, ჩაბარდა, იქ ცხოვრობს. მეც ვაპირებ წასვლას, რადგან არ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება. დღედაღამ ტელეკამერების თანხლებით რომ დადიან ეკლესიებში, პიარს იკეთებენ და პარტიას "ქრისტიან-დემოკრატიული" რომ დაარქვეს, გამობრძანდნენ და თქვან, ვინა ვართ ჩვენ - ჩვეულებრივი სექტანტები, იეღოველები თუ მართლმადიდებლური ქვეყნის შვილები? თუ მართლმადიდებლები ვართ, ღირსეულად რატომ არ ვექცევით ჩვენს წმინდა ადგილებს? საბედნიეროდ, ჩვენს ეკლესიაში არიან ჭყონდიდელის მსგავსი მოღვაწეებიც, რომლებსაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივათ. სწორედ მათ მთხოვეს, ყურადღება მიმექცია ამ კაზინოს მშენებლობისათვის.
- წინააღმდეგი ხართ აზარტული თამაშების?
- არც ვმალავ, რომ კაზინოებისა და აზარტული თამაშების წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს ჩვენს რწმენასთან შეუსაბამოა. არის შემთხვევები, როცა 18-19 წლის ბიჭები წაგებული ფულის გამო თავს იკლავენ. სხვაობა არ არის ნარკომანსა და აზარტულ მოთამაშეს შორის. მოთამაშეც იღუპავს თავს და ოჯახს აუბედურებს, მერე კი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, ნარკომანიც ხომ იმავეს აკეთებს? ქვეყანაში, სადაც ამდენი უსაქმურია და ხალხი მშიერი კვდება, კაზინოების ნაცვლად საწარმოები ააშენონ და ადამიანებს სამუშაო მისცენ, არ ჯობია? ნუთუ ამდენს ვერ ხვდებიან? მაგრამ ეს ხდება მიზანმიმართულად, ეს ხელისუფლება ებრძვის ყველაფერს ქართულს, მის ხელში საქართველოს წინსვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
თუ ასე გაგრძელდა, კაზინოებს კი არა, მალე საროსკიპოებსაც ააშენებენ ჩვენს წმინდა ადგილებზე! შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ იქ "ზასაობის" კონკურსიც ჩაატარეს. კიდევ ერთხელ ვთხოვ ქართველ ხალხს: გამოვფხიზლდეთ, რადგან საქმე გადაჯიშებულ ადამიანებთან გვაქვს, რომლებიც ამ ქვეყანას ხეირს ნამდვილად არ დააყრიან!
ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)