სოფო ფარცხალაძე პოლიტიკოს დავით საგანელიძის მეუღლეა. წყვილის შეუღლებას საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა, მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობის გამო, თუმცა როცა ინტერვიუს წაიკითხავთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ამ საკითხში მთავარი ინტერესების თანხვედრაა და არა ასაკი. სოფოსა და ბატონ დავითს წლისა და სამი თვის ნოდარიკო ჰყავთ და ახლა მეორე შვილს ელოდებიან, ოჯახური ცხოვრების შესახებ პოლიტიკოსის მეუღლე გულახდილად გვესაუბრა.
- 22 წლის ვარ, წელს 23-ის ვხდები, სამედიცინო ტექნიკუმში ვსწავლობდი, ფარმაცევტი გახლავართ და ერთ-ერთ აფთიაქში ვმუშაობდი.
- შეიძლება, უკვე ბევრჯერ ილაპარაკეთ ამ თემაზე, მაგრამ თუ შეიძლება, მოკლედ მოგვიყევით თქვენი და ბატონი დავითს გაცნობისა და სიყვარული ამბავი...
- ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როდესაც აფთიაქში მორიგე ვიყავი, შემოვიდა ბატონი დავითი, კონსულტაცია გაიარა ერთ-ერთ მედიკამენტთან დაკავშირებით, შეიძინა და გავიდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩემი სახე ჩარჩა გონებაში და გადაწყვიტა, ჩემი ვინაობა ერთ-ერთი საინფორმაციო ცხელი ხაზის მეშვეობით დაედგინა, იკითხა იმ აფთიაქის ნომერი, სადაც მნახა, სახელი კი გულზე მეწერა. რამდენიმე საათის შემდეგ ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა, დათო იყო. მომესალმა და მითხრა, მე ის გახლავრთ, თქვენთან დილით რომ ვიყავიო, არადა, დილით ვერანაირად ვერ იქნებოდა ჩემთან, რადგან ჩემი სამუშაო საათები საღამოს ექვსი საათიდან იწყებოდა. აქედან გამომდინარე, მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და მე თვითონვე ვუთხარი, თქვენ ბატონი დავითი ხომ არ ბრძანდებით-მეთქი, გაუკვირდა, რომ ვიცანი, მიპასუხა, თქვენთან ვინც შემოდის, ყველა ბატონი დავითიაო? უბრალოდ, იმდენი რამ დაემთხვა, მივხვდი, თქვენ უნდა ყოფილიყავით-მეთქი. მოკლედ, აქედან დაიწყო ყველაფერი, თავიდან, რასაკვირველია, მეგობრობა შემომთავაზა, ამაში ცუდი რა უნდა ყოფილიყო, ამიტომაც მეგობრობაზე უარი არ მითქვამს, რამდენიმე დღეში სასეირნოდ დამპატიჟა, ამას მოჰყვა შეხვედრები და დაახლოებით ორ თვეში ჩვენი ურთიერთობა ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.
- და ეს ორი თვე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიგეღოთ?
- კი, რადგან ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი დაემთხვა აგვისტო-სექტემბერს, ანუ შედარებით პასიურ დროს, აქედან გამომდინარე, დათო ყოველდღე პოულობდა დროს ჩემთან შესახვედრად, ამ ყოველდღიურმა შეხვედრებმა კი ჩვენი დაოჯახება უფრო დააჩქარა, რადგან ერთმანეთი მალევე კარგად გავიცანით.
- თქვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ამ თვალსაზრისით როგორ შეხვდა თქვენი ოჯახი ამგვარ გადაწყვეტილებას?
- პირველად, როცა ამ თემაზე ოჯახში დავიწყე საუბარი, დედამ და ჩემმა დამ გაიცინეს, ეგონათ, რაღაც არარეალურს ვამბობდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მივედი და ვუთხარი, დათოს თქვენი გაცნობა უნდა-მეთქი, გამოფხიზლდნენ. თავიდან შემხვდა წინააღმდეგობა, ნამდვილად არაა ადვილი ოჯახისათვის ასეთ გადაწყვეტილებასთან შეგუება, მაგრამ დათოს გაცნობის შემდეგ აზრი შეეცვალათ, რადგან ის ძალიან თბილი და კონტაქტურია, დიდთან დიდია, პატარასთან - პატარა, ასეთი რომ არ იყოს, ალბათ ერთად არც ვიქნებოდით.
- ანუ ინტერესების თანხვედრა მოხდა და ამან გადაგაწყვეტინათ მასთან ბედის დაკავშირება?
- კი, დღემდე თითქმის 99%-ით ემთხვევა ჩვენი ინტერესები.
- თუმცა ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაშია თემები და საკითხები, რაც დავის საგანი ხდება, თქვენს შემთხვევაში რა ხდება კამათის მიზეზი?
- რასაკვირველია, კამათი შეიძლება ნებისმიერ წყვილს მოუვიდეს და ამაში ასაკი არაფერ შუაშია. ჩვენ როცა ვკამათობთ, უმეტესწილად დათოა მართალი, დაჯდება, ამიხნის, დამანახვებს სწორ მხარეს და მეტყვის, აბა, დაფიქრდი და ამ კუთხიდან შეხედე, იქნებ ასეა სწორიო. თავის აზრს არასდროს მახვევს, ცდილობს ამიხსნას და ისე მიმიყვანოს სიმართლემდე, მერე, როცა დავფიქრდები, ვხვდები, რომ მართალი ყოფილა.
- ოჯახის შექმნის შემდეგ რა აღმოაჩინეთ ახალი მეუღლეში?
- აღმოვაჩინე, რომ დათო იმაზე უფრო მაგარი ადამიანია, ვიდრე მეგონა, კიდევ უფრო მეტი დადებითი მხარე დავინახე მასში, დავინახე ისიც, თუ რამდენად კარგი მამაა, გიჟდება ნოდარიკოზე, რომელიც ბაბუის მოსახელეა.
- ახლა მეორესაც ელოდებით...
- კი, მეცხრე თვეში გახლავართ, პატარას ველოდებით.
- სქესი ხომ არ იცით?
- გოგონაა, ჯერ ვერ გადავწყვიტეთ რა დავარქვათ, რამდენიმე ვარიანტს შორის გვიჭირს არჩევანის გაკეთება.
- სოფო, მშობიარობის შემდეგ აპირებთ დაუბრუნდეთ თქვენს საქმიანობას?
- ბავშვი ცოტა რომ წამოიზრდება და ორივეს შეეძლებათ დამოუკიდებლად ყოფნა, მერე აუცილებლად მოვკიდებ ხელს რაიმე საქმეს, ჯერ ზუსტად არ ვიცი რას გავაკეთებ, მაგრამ უქმად ჯდომას არ ვაპირებ. ახლა ბავშვების აღზრდით ვარ დაკავებული.
- ეხერხება ბატონ დავითს საოჯახო საქმეები, მაგალითად, ნათურის შეცვლა, ლურსმნის მიჭედება?
- კი. ამ დღეებში გაგვიფუჭდა კარის სახელური, ვთხოვე და გადასარევად გააკეთა. თუ დრო აქვს და არ ეჩქარება, კარგად გამოსდის ასეთი რაღაცები, მაგრამ თუ სადმე აგვიანდება, მეუბნება, გეხვეწები, ახლა მაგის დრო არ არის, უნდა გავიქცეო. გარდა კაცური საქმისა, ხანდახან სამზარულოს საკითხსაც აგვარებს, უყვარს გემრიელობების მომზადება და ამ საკითხშიც ერევა.
- ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ განებივრებთ?
- განებივრების რა გითხრათ, უფრო ხშირად ერთად ვამზადებთ ხოლმე იმას, რაც მოგვინდება, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ღამის ოთხ საათზე ვკითხულობდით რაღაც რეცეპტებს, უყვარს ამა თუ იმ საკითხის ბოლომდე განხილვა, ყველაფერში ასეთია და მათ შორის ამ სფეროშიც (იღიმება).
- ოჯახის სურსათით მომარაგება მის ფუნქციებში შედის?
- ვინაიდან მეცხრე თვეში ვარ, ახლა ვერ ვახერხებ გასვლას საყიდლებზე, ამიტომ ამ ეტაპზე დათო მიწყობს ხელს, მაგრამ როცა შემეძლო, მე გავდიოდი სურსათისა და თუ სხვა საჭირო ნივთების საყიდლად.
- იცის ხარისხიანი პროდუქტის მოტანა, ან ახასიათებს შევაჭრება? თუ როგორც კაცებს სჩვევიათ, მიაფუჩეჩებს ხოლმე ამ საქმეს?
- არა, ხარისხიანის მოტანა ნამდვილად იცის, რასაც შევაჭრებაზე ვერ ვიტყვი, ხშირად ვეკამათები, რატომ არ შეევაჭრე, ხომ შეიძლებოდა უფრო იაფად გეყიდა-მეთქი, მაგრამ რადგან ხარისხიანი და კარგი უნდა, იმიტომაც ახდევინებენ უსამართლოდ.
- როგორ ერთობით, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- როცა დათოს თავისუფალი დრო აქვს, არკვევს, სადაა კარგი ღონისძიება, კონცერტი ან თუ კინოსა და თეატრშია რამე საინტერესო, იქ მიდივართ ხოლმე.
- რა არ მოსწონს პოლიტიკოს დავით საგანელიძეს მეუღლეში?
- ალბათ სიჯიუტე, რადგან მეუბნება ხოლმე, როგორი ჯიუტი ხარო (იცინის).
- სოფო, ძნელია პოლიტიკოსის ცოლობა?
- არა, თუმცა იმ მხრივაა ძნელი, რომ უფრო მეტად ინტერესდებიან ადამიანები შენით, ოჯახში დათო ჩვეულებრივი ქმარი და ადამიანია, სახლში ნაკლებად ლაპარაკობს პოლიტიკაზე, მის საქმეზე მეტს მაშინ ვიგებ, როცა ტელევიზიით გამოდის.
- ყოველთვის უყურებ, როდესაც რაიმე განცხადებას აკეთებს? სპეციალურად თუ დამჯდარხარ მის საყურებლად?
- კი, რასაკვირველია. მეუბნება ხოლმე, შეიძლება ამა და ამ არხზე ვიყო და მაინც ნახე, შენი აზრი გამიზიარეო. სახლში დაბრუნებულს კი ყოველთვის ვეუბნები ჩემს მოსაზრებას, ვაძლევ რჩევას, იქნებ ესა თუ ეს საკითხი უფრო მეტად წამოგეწია წინ ან პირიქით, იქნებ ამ თემაზე უფრო მსუბუქად გესაუბრა-მეთქი. ვცდილობ, ყველა მის გამოსვლას ტელევიზიით იქნება ეს თუ რადიოთი, თვალყური მივადევნო და ვუსმინო, ასევე ვკითხულობ მის მიერ მიცემულ ინტერვიუებსაც.
- როდესაც არასასიამოვნო ასპექტში მოიხსენიებენ, ბრაზდები?
- არ ვღიზიანდები, რადგან ძირითადად ყველა საკითხზე ვიცი დათოს აზრი და მიმაჩნია, რომ მართალია. თუ მოხდა და ისეთ რამეზე გააკრიტიკეს, რაც მე არ ვიცი, ვეკითხები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები მის სიმართლეში.
- ყოფილა შემთხვევა, რომ სრულიად უცხო ადამიანს მის მიმართ სიმპათია ან პირიქით, ანტიპათია გამოეხატოს?
- კი, ოღონდ ძირითადად სიმპათიას გამოხატავენ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, ვიღაც მოსულა და მადლობა გადაუხდია დათოსთვის, უთქვამს, თქვენ რომ ამა და ამ ადგილას დამახასიათეთ, სამსახურში ამიყვანეს და დღემდე იქ ვმუშაობო. არადა, რომ წასულა ეს ადამიანი, დათოს ვერც კი გაუხსენებია, ვინ იყო. საერთოდ, დათო რასაც აკეთებს, გულით აკეთებს და არა იმისთვის, რომ მერე სამაგიერო მიიღოს.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)