რატომ ეწვია რამაზ იოსელიანი ირაკლი ოქრუაშვილს პარიზში

რატომ ეწვია რამაზ იოსელიანი ირაკლი ოქრუაშვილს პარიზში

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, რამაზ იოსელიანი პარიზიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

საფრანგეთის დედაქალაქში ის დიდი ხნის მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ მისი ვიზიტი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ ყოფილა. რამაზ იოსელიანთან ინტერვიუ თეატრის თემით დავიწყეთ: მსახიობს რუთაველის თეატრში დადგმული სკანდალური სპექტაკლის - "შემეხეს" შეფასება ვთხოვეთ:

- სპექტაკლი "შემეხე", რომელიც რუსთაველის თეატრში ალექსანდრე ზელდინმა დადგა, არ მინახავს და არც მაინტერესებს. ქართული თეატრის სცენაზე ეროტიკული სცენები რისთვის სჭირდებათ, ან ეს ყველაფერი რას ნიშნავს, გაუგებარია. თუმცა რამდენიმე დღის წინ, ღამის პირველ საათზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ისეთი უხამსი ფილმი გადიოდა, რაღა უნდა გაგიკვირდეს?! მაგრამ, როდესაც თეატრის სცენაზე უყურებ უხამსობას, ეს უფრო აღმაშფოთებელია. ასეთი სისულელეების ავტორებს ევროპიდან არ უნდა ვიწვევდეთ და ჩვენს სცენაზე არ უნდა ვაპარპაშებდეთ. როგორც ვიცი, ეს არ არის ლონდონის ნაციონალური თეატრის დასი.

ეს ამ დასთან არსებული საზოგადოებაა, ანუ ლონდონის სამეფო თეატრის თაყვანისმცემლების მიერ შექმნილი ე.წ. დრამწრე და სწორედ ამ დრამწრემ ითამაშა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში ის ეროტიკული, ვითომ სპექტაკლი. ეს ყველაფერი აღმაშფოთებელია. თუ მაინცდამაინც მოწვევაზე მიდგა საქმე, არ შეიძლება ვინმე ნორმალური რეჟისორი ან დასი მოიწვიონ, ან ქართველ რეჟისორებს მისცენ მუშაობის საშუალება?! მესმის, რომ დღეს, ჩვენდა საუბედუროდ, არ გვყავს უმაღლესი დონის რეჟისორები, მაგრამ რა სავალდებულოა ისეთი დასის ჩამოყვანა, რომლის არსებობაზეც კაციშვილს არაფერი სმენია? ან იმ მსახიობებმა რა დააშავეს, რომლებსაც უნიჭო სპექტაკლში ათამაშებენ? ეს სპექტაკლები ხომ თავიდანვე განწირულია სცენიდან მოხსნისთვის?

ამ შემთხვევაში დამნაშავეა თეატრის მმართველი გუნდი, რომელიც წყვეტს, რა სპექტაკლი უნდა დაიდგას. რობერტ სტურუა რომ ყოფილიყო რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, იმ სპექტაკლს, "შემეხეს" თუ რაღაც უბედურებას, არ დაადგმევინებდა, მაგრამ თეატრის ამჟამინდელმა მმართველმა გუნდმა ეს დაუშვა (ვრცელი მასალა ამ თემაზე იხ. მე-17 გვერდზე. - რედ.).

- კი მაგრამ, რუსთაველის თეატრის სამხატვრო საბჭომ რატომ დაუშვა ამ სპექტაკლის დადგმა?

- ამ საბჭოს ვინ რას ეკითხება. ამ ჯგუფს სამხატვრო საბჭო კი ჰქვია, მაგრამ მათი გადაწყვეტილი საქმე არ მინახავს. რუსთაველის თეატრში ყველაფერს მმართველი წყვეტს. თუმცა არა უშავს, მათი პარპაში დროებითია...

- ცოტა ხნის წინ დაბრუნდით პარიზიდან. რა მიზნით იმყოფებოდით საფრანგეთის დედაქალაქში?

- მე და ჩემი მეგობარი, პოლიტიკოსი თეო ტლაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს ვსტუმრობდით. თუმცა ჩვენი ვიზიტი პოლიტიკური არ ყოფილა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვიყავი ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე და, იქაურობა რომ ვნახე, შემრცხვა: ისეთი მოუვლელი, დაბინძურებული და გაპარტახებულია, რომ გული დამეწვა.

იქვე ქართველი ემიგრანტების დასახლებაა და ჩვენი თანამემამულეები ფანჯრებიდან ალმაცერად გვიყურებდნენ. არადა, სწორედ ამ ნაკვეთში აპირებდნენ ახლად ჩასული ქართველი ემიგრანტები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აშენებას, ძირძველმა ემიგრანტებმა კი, რომლებიც იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, თავი არ შეიწუხეს. დავრწმუნდი, რომ იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს არც საქართველო უყვართ და არც ქართველები. სირცხვილი არ არის? ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავის ადგილი გადაჯეგილია, გაპარტახებულია ნოე ჟორდანიას, გრიგოლ რობაქიძის, კაკი წერეთლის და სხვათა საფლავები. არადა, ცოტა მოშორებით გაწკრიალებულია გამოჩენილი იტალიელების საფლავები. სხვათა შორის, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილს ვთხოვე, ლევილი მოვინახულოთ-მეთქი, მითხრა, კი წაგიყვან, მაგრამ რასაც ნახავ, გულს გატკენსო...

- თუ ეს ყველაფერი ოქრუაშვილს აწუხებს, ხომ შეიძლება, ლევილის მოვლა თვითონ ითავოს?

- სწორედ მისი იდეა იყო ლევილის მოვლა, მაგრამ მხარი არავინ აუბა. თეო ტლაშაძემ თქვა, შემდეგში რომ ჩამოვალთ, ჩვენი ხელით დავასუფთაოთ საფლავებიო.

- როგორ გრძნობს ირაკლი ოქრუაშვილი თავს?

- როგორც უსამშობლოდ დარჩენილი ადამიანი. ძალიან უჭირს საქართველოს გარეშე...

- არ აპირებს ჩამოსვლას?

- (იცინის) ამ თემაზე დუმილს ვამჯობინებ, რადგან ეს ყველაფერი პოლიტიკაა. პოლიტიკა კი ბინძური საქმეა და არ ვერევი, მით უმეტეს, ამ ხელისუფლების შემხედვარე - ამათ ხომ კვირაში ცხრა პარასკევი აქვთ. ისე, ჩვენს პრეზიდენტს ურჩევნია, ქვეყანას მიხედოს და აქეთ-იქით სიარულს თავი დაანებოს. ამერიკაში სირბილში იმდენი ფული რომ დახარჯა, თავის ქვეყანას მოახმაროს, ურჩევნია! სხვათა შორის, ჩვენთან ერთად პარიზში მოდიოდა  ყოფილი სპორტის აკადემიის პრორექტორი ირაკლი დოლაბერიძე, რომელიც აეროპორტიდან ისე მოაბრუნეს, მიზეზიც არ აუხსნიათ.

- სოციალურ ქსელში წერდით, ბიძინა ივანიშვილის კართან ადამიანები რიგში ჩადგნენო...

- ბიძინა რომ გამოჩნდა, მის კართან მართლა დადგა უთავმოყვარეო ადამიანების რიგი - ბევრი ცუდი ადამიანი მიეტმასნა. მაგრამ არა უშავს, შავი და თეთრი მალე გამოჩნდება.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"