ბაქოში რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებული რუსული ფილმის "აგვისტო. რვა" ჩვენება ჩაიშალა.
სურათის ჩვენება კინოთეატრ Park Cinema-ში 21 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ მოქალაქეების ჯგუფმა Facebook-ის საშუალებით პრეტენზია გამოთქვა, ისინი ფილმის შემქმნელებს "საქართველოს წინააღმდეგ ომის გამართლებაში" ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეები კინოთეატრის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ სურათის ჩვენება არ შეიძლება. მათ სამხრეთ ოსეთისა და ყარაბაღის კონფლიქტებს შორის პარალელები გაავლეს. მიმართვის ავტორებმა ადმინისტრაცია ასევე გააფრთხილეს, რომ თუ კინოთეატრი ფილმს მაინც აჩვენებს, ისინი ფილმის ბოიკოტის საზოგადოებრივ კამპანიას წამოიწყებენ. ამიტომ, პრემიერის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილებას გადახედეს.
კინოთეატრის ადმინისტრაცია დათმობაზე წავიდა და განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფილმს ”აგვისტო. რვა" კინოთეატრის ყველა რეკლამიდან, პოსტერიდან და ფლაერებიდან ამოიღებენ. თუმცა ადმინისტაციამ ისიც განაცხადა, რომ მასმედიისთვის, განხილვის მიზნით, დახურული ჩვენების ორგანიზებას გეგმავს.
სურათი რუსმა რეჟისორმა, ჯანიკ ფაზეევმა სამამულო კინემატოგრაფის სოციალური და ეკონომიკური დახმარების ფედერალური ფონდის ხელშეწყობით გადაიღო. 16 მლნ დოლარი სწორედ ფონდის სახსრებით დაიფარა. ფონდის ხელმძღვანელის, სერგეი ტოლსტიკოვის განცხადებით, ეს ფაქტობრივად, სახელმწიფო დაკვეთა იყო.
ფილმში სამხრეთ ოსეთში 2008 წელს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე სასიყვარულო ისტორია ვითარდება. რუსეთში ფილმის ჩვენება 23 თებერვალს არის დაგეგმილი.
მომზადებულია Vesti.az-ის მიხედვით.