როგორ შევიქმნათ სასურველი იმიჯი - PR - ის სპეციალისტის რჩევები

როგორ შევიქმნათ სასურველი იმიჯი -  PR - ის სპეციალისტის რჩევები

ხშირად გვიფიქრია, როგორ აღგვიქვამენ გარშემომყოფები. ამ საკითხზე ჩვენი შეხედულებები გვაქვს, საკუთარი თეორიული და პრაქტიკული რესურსით ვცდილობთ იმიჯის შექმნას, რიგ შემთხვევაში ეს მცდელობა უარყოფით ეფექტს იწვევს.

რა არის იმიჯი, რა კომპონენტებისაგან შედგება ის და როგორ ხდება იმიჯის შექმნა ანუ ე.წ. "იმიჯმეიქინგი", ამ თემებზე რადიო "პალიტრის" (FM 103,9) და ”პალიტრატვ.გე”-ს გადაცემა "შუადღის" ეთერში PR - ის სპეციალისტმა, მაია ქავთარაშვილმა მსმენელსა და მაყურებელს საკმაოდ საინტერესო რჩევები გაუზიარა:

I საფეხური: რა არის იმიჯი?

იმიჯი - ლათინური სიტყვაა და ქართულად სახეს, სურათს, წარმოსახვას ნიშნავს. იმიჯი - პიროვნების შეჯამებული პორტრეტია, რომელიც იქმნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა შეხედულებით და ფორმირდება საზოგადოებრივ ან ინდივიდუალურ ცნობიერებაში იმის საფუძველზე, თუ რას ამბობს და აკეთებს პიროვნება.

სრულფასოვანი იმიჯი შეიცავს გარკვეულ დადებით და უარყოფით ელემენტებს.

"მათი შეხამების ტექნოლოგია ჩვენი პროფესიაა, ჩვენ უნდა შევქმნათ ეფექტური იმიჯი, ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მივაწვდით ჩვენს ნამუშევარს საზოგადოებას. თუ იმიჯმეიქერმა დოზირებულად არ ჩადო პიროვნების იმიჯის შექმნაში გარკვეული ნეგატივი, მაშინ ვიღაცა აუცილებლად მოძებნის მას და მერე მისი გამოსწორება ისევ ჩვენ უნდა ვცადოთ", - ამბობს ქავთარაშვილი.

II საფეხური:  PR - ის ეფექტი

ადამიანებზე დადებითი გავლენის მოსახდენად 24 საათიანი მუშაობა და დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამავე დროს გასათვალსიწინებელია, რომ საჯარო პირი, რომელიც ადამიანებზე დადებით გავლენას ახდენს, ხშირად პაპარაცების მსხვერპლი ხდება.

შედეგად, პოზიტიურად აგებული იმიჯი, შესაძლოა, ერთი ფოტოთი ან სულაც ერთი კომენტარით დაამსხვრიონ. იმიჯის სპეციალობა გულისხმობს იმას, თუ როგორ ვიმოქმედოთ ადამიანებზე - დადებითად თუ უარყოფითად…

III საფეხური: ვის არ სჭირდება ეფექტის მოხდენა სხვებზე?

არსებობს ადამიანების ორი კატეგორია. ესენია: გენიოსები და არაადექვატური ფსიქიკური აღქმის ადამიანები. ამ ორ კატეგორიას არ სჭირდება ეფექტების მოხდენა, რადგან ისინი თავის სამყაროში ცხოვრობენ და არ აინტერესებთ, მათზე რას ფიქრობენ…

IV საფეხური: მე-13 საუკუნის PR და ჩინგიზ-ხანის იმიჯი

ჩინგიზ-ხანს პიარის ტექნოლოგიები შიშის ფაქტორზე ჰქონდა აგებული. ის დაგეგმილი ლაშქრობის დაწყებამდე სპეციალურად "დატრენინგებულ" ადამიანებს აგზავნიდა იმ ქალაქებსა და სოფლებში, რომლის დაპყრობასაც ცდილობდა.

შიკრიკი აფრთხილებდა ადამიანებს: "მოდის დაუნდობელი ჩინგიზ-ხანი. საკმარისია თქვენ მას გაუწიოთ წინააღმდეგობა, რომ ვერ დაგიცავთ ვერავითარი ძალა. თქვენი სოფელი თუ ქალაქი გასწორდება მიწასთან, არ დარჩება ცოცხალი არავინ, მაგრამ თუ თქვენ ნებაყოფლობით ჩააბარებთ მას ქალაქის გასაღებს, ის დაგინდობთ ყველას". როგორ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩინგიზ-ხანი ყოველთვის ასრულებდა სიტყვას. მაგრამ საკმარისი იყო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ის დაუნდობელი ხდებოდა. ჩინგიზ-ხანის მრისხანების შიშით წინააღმდეგობას ვერავინ ბედავდა. ეს იყო იმ დროისთვის, მართალია შიშის ფაქტორზე დამყარებული, მაგრამ ყველაზე სტრატეგიული პიარი… "როგორც ჩანს, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ყალიბდებოდა პიარტექნოლოგიები, უბრალოდ, დღეს უფრო ლამაზად ვფუთავთ", - ამბობს ქავთარაშვილი.

V საფეხური: პოლიტიკოსი და იმიჯი

დადებითი იმიჯის შექმნა პოლიტიკოსისთვის რთულია. ის ყველასთავის მოსაწონი ვერ იქნება.

PR - ის სპეციალისტის თქმით, ჯერ კიდევ 1999 წლის არჩევნებში მისი ”დატრენინგებული” სამი მაჟორიტარი დეპუტატი დღესაც პარლამენტშია და ყველა მთავრობას მოერგო. ქავთარაშვილი აქვე დასძენს, რომ პოლიტიკოსი "კეთილი ბიძა" ვერ იქნება. პოლიტიკოსს აქვს პლატფორმა და ის გარკვეულ სეგმენტზეა ორიენტირებული.

VI საფეხური: სათვალე, როგორც იმიჯის შექმნის აქსესუარი

როგორ შევარჩიოთ და მოვარგოთ ჩვენს იმიჯს სათვალე? - სათვალემ არ უნდა დაგვამძიმოს და არც სხვა უნდა შეაწუხოს. აუცილებელია, ის სახის ერთ-ერთი ახალი დეტალი იყოს. გინდ Armani იყოს და Gucci, მას მნიშვნელობა აღარ აქვს. სათვალე უნდა გიხდებოდეს.

VII საფეხური: ეძებ სამსახურს?

არასწორი მიდგომაა, როდესაც შენ სამსახურში შიშით მიდიხარ. "მოვეწონები, არ მოვეწონები?" "მიმიღებენ, არ მიმიღებენ?" პასუხი მარტივია: პირველ რიგში შენ უნდა მოგწონდეს შენი თავი, დარწმუნდი საკუთარ პროფესიონალიზმში, კარგად დაფიქრდი, სად მიდიხარ, როცა ყოველივე ამას გააცნობიერებ, უკვე მზად ხარ წარმატებისთვის.

თუ ახალ სამსახურში წასვლის წინ, კოლეგებისთვის თავის მოწონების მიზნით იკეთებ ვარცხნილობას, მაკიაჟს, იცვლი აქსესუარებს და იძენ ახალ სამოსს, - ეს უკვე ხელოვნური იმიჯია.

გაითვალისწინეთ:

1. ხელოვნურად შექმნილი იმიჯით არავის მოეწონებით. შენი იმიჯი არა მოწონებაზე, არამედ კოლექტივთან ურთიერთობაზე უნდა იყოს გათვლილი. შენზეა დამოკიდებული, როგორ მიაწვდი საკუთარ აზრს, ცოდნის რესურსს და როგორ განაწყობ მათ შენს მიმართ.

2. სამსახურში ახალი სახის გამოჩენისას, ქართველი მამაკაცები მასთან ურთიერთობის მარტივ ფორმას ირჩევენ, ახალ კოლეგას სამსახურის შემდეგ სუფრაზე ეპატიჟებიან და მათი აზრით, კომუნიკაცია შედგა. ქალები უფრო ლოგიკურად მოაზროვნეები არიან. ქალებს აქვთ ქვეცნობიერსა და ემოციაზე დაყრდნობილი აღქმა. თუ ქალმა თავი არ მოიტყუა, მისი მოტყუება გამორიცხულია.

VIII საფეხური: თუ უფროსი ქალბატონია

სამსახურის ძებნის დროს, გასაუბრებაზე წასვლის წინ კარგად გაარკვიეთ, ვისთან მიდიხართ. თუ ქალბატონი ხართ და მიდიხართ გასაუბრებაზე ქალბატონთან, გამოიჩინეთ სიფრთხილე. ზედმეტი აქსესუარებით და ჩაცმულობით გადაპრანჭული მას მხოლოდ გააღიზიანებთ.

უნდა ვაღიაროთ, რომ ქალების უმეტესობა ასეთები ვართ: ჩვენ არ გვიყვარს ჩვენზე ლამაზი, ჩვენზე ჭკვიანი სუსტი სქესის წარმომადგენლები, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცების უმრავლესობა ამას არ აღიარებს, მათაც იგივე პრობლემა აქვთ.

შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს

"უცხოელი იმიჯმეიკერი ვერასოდეს გააკეთებს საქართველოში იმას, რასაც ქართველი, მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს," - ეს განმარტება მაია ქავთარაშვილმა უცხოელი იმიჯმეიკერების საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, უცხოელები ორიენტირებული არიან თავისი ერის მენტალობაზე და ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი საქართველოშიც იმუშავებს. "ამიტომაც არის გადახრები, გადამლაშებები, ხანდახან ისეთ რამეებს აკეთებს საჯარო პირი, რომ ქართველისთვის ის არაადეკვატურად აღიქმება”.

იხილეთ: გადაცემა ”შუადღე”

მოამზადა ნანა ჩხაიძემ

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"