ვინ არის გოგონა, რომელიც პოპულარული უცნობთან ერთად გადაღებული ფოტოებით გახდა

ვინ არის გოგონა, რომელიც პოპულარული უცნობთან ერთად გადაღებული ფოტოებით გახდა

სოციალურ ქსელში აქტიური ადამიანების დიდი ნაწილი კარგად იცნობს ქეთი აბულაძეს. ქეთი 18 წლისაა, ის 14 წლიდან ჩაერთო ოპოზიციურ აქციებში და მას შემდეგ თითქმის ყველა მიტინგს დაესწრო. პოლიტიკოსებსაც დაუმეგობრდა და ქეთის ალბომში მათთან გადაღებულ უამრავ ფოტოს ნახავთ. განსაკუთრებულად ლევან და გია გაჩეჩილაძეები უყვარს. ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ამაზე არ ნერვიულობს. გადავწყვიტეთ, დღეს კიდევ ერთი პოპულარული "ფეისბუქელი" გაგაცნოთ.

- ქეთი, პირველ რიგში, შენზე მოგვიყევი... როგორ მოხვდი პატარა გოგონა პოლიტიკური აქციების ეპიცენტრში?

- მე ვარ ქეთი აბულაძე, 18 წლის, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობ და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები. პოლიტიკურ ცხოვრებაში 2007 წლიდან ჩავერთე. 7 ნოემბერს დატრიალებულმა მოვლენებმა გამომიყვანა ქუჩაში და 14 წლიდან აქტიურად დავდივარ აქციებზე.

- პირველი აქცია გაიხსენე, მაშინ რა გააპროტესტე და ვისთან ერთად გახვედი ქუჩაში?

- პირველ აქციაზე რას ვაპროტესტებდი, კონკრეტულად არ მახსოვს, თუმცა ჩემი პროტესტი ყოველთვის უსამართლობას ეხებოდა და დღესაც ასეა. ყველაზე ბედნიერად 2009 წლის 26 მაისი მახსენდება. ალბათ ასეთი დღე ჩემს ცხოვრებაში აღარ განმეორდება. ეს იყო დღე, როდესაც ვიგრძენი, რომ ქართველი ვიყავი. ადამიანები ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ, უცხოსაც კი თბილად ესაუბრებოდნენ. ყველაზე ლამაზად ის წუთი მახსენდება, როცა უცნობმა საქართველოს დროშაზე დაიჩოქა და მთელი სტადიონი ფეხზე დადგა. მაშინ პირველად ვიტირე სიხარულისგან.

- უცნობის ეს საქციელი ბევრს არ მოეწონა.

- მაშინ სტადიონზე არავის ჰქონდა იმის განცდა, რომ მან საქართველოს დროშას გადაუარა. ხალხი ფეხზე ადგა და გია-გიას ყვიროდა, თუმცა შემდეგ, როგორც "კრიტიკოსებს" სჩვევიათ, მისი ეს საქციელი დაიწუნეს. სამწუხაროა, რომ ის ხალხი, ვინც გიას ის საქციელი არ მოიწონა, ვერ ხედავს, თუ როგორ გადაუარა დროშას საქართველოს პრეზიდენტმა და ამას ყოველდღე აკეთებს.

- უცნობი როდის გაიცანი?

- 2008 წლის მაისში, მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო კონცერტს ატარებდა ჩემს უბანში. თავიდან ისეთი ახლო ურთიერთობა არ მქონდა, როგორც ახლა. მახსოვს, კონცერტი რომ დამთავრდა, მივედი და სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ. მეორედ საკნიდან გამოსვლისას შევხვდი, რუსთაველზე საკნების დადგმა რომ დავიწყეთ. თუ არ ვცდები, ეს იყო 2009 წლის 21 აპრილი.

- შენც დგამდი საკნებს?

- არა, მე არ ვდგამდი, თუმცა საკანში ნამდვილად გამითენებია ღამე. სანამ საკანს დადგამდნენ, პარლამენტთან ვათენებდი.

- ქეთი, როგორც ვიცი, განსაკუთრებულად ძმები გაჩეჩილაძეები გიყვარს.

- დიახ ასეა. წლებია, მათთან ერთად ვიბრძვი. ძალიან მიყვარს ორივე და ვაფასებ მათ თავდადებას და სიყვარულს ქვეყნის მიმართ. ჩვენ საქართველოს ძლიერი სიყვარული და ჩვენი ერის ტკივილი გვაერთიანებს.

- ერთხელ სოციალურ ქსელში შენზე წავიკითხე, რომ უცნობთან გადაღებულ ფოტოებს აგროვებ.

- არ ვაგროვებ. უბრალოდ, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და მისი ძმა. ეს სურათები ჩემი ცხოვრებისა და საქართველოს ისტორიის ნაწილია. თითოეული სურათი ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპს მახსენებს.

- დაახლოებით რამდენი ფოტო გექნება გიასთან გადაღებული და შეგიძლია დაგვიხასიათო, როგორი ადამიანია?

- არ დამითვლია. ზოგი ჩემი გადაღებულიც არაა, სხვები გვიღებდნენ და შემდეგ ინტერნეტით გამომიგზავნეს. არ ვიცი რამდენია, მაგრამ მათი ნაწილი არ მიდევს სოციალურ ქსელში. გიას რაც შეეხება, ძალიან ნიჭიერი, ერთგული, სამართლიანი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. ისევე როგორც მისი ძმა. მათ მასწავლეს, როგორ უნდა იბრძოლო და დაიცვა შენი სამშობლო. ისინი ჩემთვის სამაგალითო ადამიანები არიან. ლევანმა მოგებული არჩევნები დათმო და სკამის გამო სისხლი არ დაღვარა.

ამისთვის დღემდე ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ვფიქრობ, სწორად მოიქცა. უცნობს რაც შეეხება, ვიცი, მისთვის როგორი ძნელი იყო ერთ ოთახში ყოფნა. 11 თვე საკანში იჯდა დაძაბულ პერიოდში, ეს ძალიან ძნელი იყო, მით უმეტეს, როცა ამდენი ხალხი უყურებდა და მის თითოეულ სიტყვას აკონტროლებდა. გიას დამსახურება იყო სტადიონზე იმდენი ხალხის მოსვლა. საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ყველაფერი გააკეთა სამშობლოს დასაცავად. მახსოვს, 6 მაისს როგორ სასტიკად სცემეს, მაგრამ უკან არ დაიხია და მაინც იბრძოდა.

- თუმცა დღეს პოლიტიკურ არენაზე აღარ აქტიურობენ და ბევრი ფიქრობს, რომ მათი პოლიტიკური ცხოვრება დამთავრდა.

- მათი პოლიტიკური ცხოვრება არასდროს დამთავრდება. ამ ადამიანებმა ისტორია შექმნეს. მათ ყოველთვის ექნებათ ადგილი ქართულ საზოგადოებაში. უცნობმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა "მაესტროზე", რომ რაღაც პროექტზე მუშაობს, რომელსაც მალე ვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება.

- გაჩეჩილაძეების გარდა, შენს ალბომში სხვადასხვა პოლიტიკოსთან გადაღებული ბევრი ფოტოა. კიდევ ვინ იმსახურებს შენს სიმპათიას?

- კახა კუკავა, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი.

- ქეთი, არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ხარ გაწევრიანებული?

- ამჟამად ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად ვარ "სამოქალაქო ფრონტში". ჯაბა და მე წლებია ერთად ვიბრძვით. სავარაუდოდ, ვაპირებ, რომ პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი გავხდე, რომელიც კახა კუკავას ეკუთვნის. კახა არის ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით იდგა. ჭკვიანი პოლიტიკოსია და ძალიან უყვარს სამშობლო და ხალხი. მე მას ვენდობი.

- "ფეისბუქზე" შენი აქტიურობიდან მივხვდი, რომ ბიძინა ივანიშვილი შენს სიმპათიებს არ იმსახურებს.

- როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ძალიან გამიხარდა. ვფიქრობდი, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას გააერთიანებდა და ნამდვილად მოვიგებდით ამ ბრძოლას. შემდეგ მის გვერდით ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ერთიანობას. მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც გაჩეჩილაძეები ან კუკავა უნდა დაეყენებინა გვერდით. მას ჰქონდა მთელი ოპოზიციის გაერთიანების შანსი, მაგრამ ეს არ გააკეთა.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"