ვასო ფხაკაძე ნადირობის მუღამზე

ვასო ფხაკაძე ნადირობის მუღამზე

ნადირობა და თევზაობა მისი ჰობია. ბავშვობაში ბიძამ "მოწამლა" და დღემდე ამ გატაცებით ცხოვრობს. ლაპარაკია "კომედი-შოუს" მსახიობ ვასო ფხაკაძეზე. მისთვის არა მხოლოდ ნადირობა და თევზაობაა აზარტი, არამედ ამ თემაზე ლაპარაკიც. ცდილობს, აგვიხსნას, რა მუღამი აქვს ნადირობას. ტყეში თავს გადახდენილ ამბებთან ერთად იმასაც იხსენებს, რაში ვერ აიყოლია "კომედი-შოუს" ბიჭები და გუბეში თევზაობის გამოცდილებასაც გაგვიზიარებს.

- ვასო, ნადირობითა და თევზაობით რა ასაკიდან დაინტერესდი?

- მაგას მონადირეები და მეთევზეები "მოწამვლას" ეძახიან. ბიძაჩემი მეთევზე იყო და იმან "მომწამლა". ეს პროცესი დიდ სიმოვნებას მანიჭებს. ოდესმე ტყეში ზამთარში ყოფილხარ? თოვლი მუხლს ზემოთ რომ დევს და თენდება, გინახავს? ალიონს მდინარის ნაპირზე შეხვედრიხარ? ულამაზესი სანახავია. რაჭაში სოფელი მაქვს, ჭყვიში ჰქვია. იქ როცა ვიყავი, ბავშვობაში ხშირად ვთევზაობდი, შაშვებზე ვნადირობდი. ეს საქმე ასე ნელ-ნელა შემიყვარდა.

- ანუ ამ დასახელების 2 სოფელია საქართველოში?

- გალაკტიონის ჭყვიში გაგახსენდა? რაჭის ჭყვიში ჭრებალოს მოსაზღვრე სოფელია. მდინარე შარეულასა და რიონზე სათევზაოდ დავდიოდი. სერიოზული თევზაობა ფოთში დავიწყე, პალიასტომის ტბა, მდინარე კაპარჭინა და ა.შ. საქართველოში ბევრი საინტერესო ადგილია. აქ, სამსახურში, ბევრ ბიჭს უყვარს თევზაობა. ნადირობით ნაკლებად ინტერესდებიან. არადა, ნადირობას სხვა მუღამი აქვს.

- ამ მუღამზე ვილაპარაკოთ. შენი პირველი იარაღი გაიხსენე.

- ჩემი პირველი იარაღი ბაბუაჩემის დატოვებული თოფია. ბაბუას ნადირობა უყვარდა, იარაღსაც კარგად უვლიდა. თოფი ახალივითაა. ძალიან მიყვარს, ჩემს ბავშვობას მახსენებს. ბაბუას სხვა იარაღიც ჰქონდა და ამ თოფს ხშირად არ იყენებდა. ცალლულიანია, მაგრამ - გრძელი ლულაა და შესაბამისად, კარგი მიტანა აქვს.

- ბევრი იარაღი გაქვს?

- მხოლოდ 2. კოლექციონერი არ ვარ. საერთოდ, ცეცხლსასროლი იარაღი არ მიყვარს. ყველანაირი სანადირო აღჭურვილობა მაქვს.

- დიდ ცხოველებზე გინადირია?

- ტახზე მინადირია, ერთხელ დათვზე სანადიროდაც წავედი გურიაში. ეს წლების წინანდელი ამბავია, ახლა დათვზე ნადირობა აკრძალულია. მაშინ სტუდენტი ვიყავი, ჩემი მეგობარი მიშო ბარამიძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში ცხოვრობს. ზამთარში 4 მეგობარი წავედით გურიაში, ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. დათვი ვიღას ახსოვდა? ადესის ღვინო გვქონდა და... მასპინძელი გვეუბნებოდა, ამ ეზოში დათვმა თხა შემიჭამაო. ღამე გარეთ იარაღის გარეშე გამოსვლას ვერ ვბედავდით. სურებში მაგარი კალმახიც იყო, კარგად ვიქეიფეთ. მიშოს ბებიამ კეცზე ხაჭაპურები დაგვიცხო.

- ნანადირევით არ ქეიფობთ?

- ვერ ვიტყვი, რომ ნანადირევი მიყვარს, ერთადერთი გამონაკლისი მწყერია, მზესუმზირასავით იჭმება, თან გემრიელია. ნანადირევისგან განსხვავებით, უზომოდ მიყვარს თევზი. რაც წყალში დაცურავს, კატერის გარდა, ყველაფერს ვჭამ.

- შენთვის ყველაზე საინტერესო რომელ ცხოველზე ნადირობაა?

- კურდღელზე ნადირობა მიყვარს. საერთოდ, ნადირობა დიდი აზარტია. კაცი თუ ხარ, სროლა უნდა იცოდე!

- მიზანში კარგად ისვრი?

- რომ გითხრა, ტყვიას ტყვიაში ვაჯენ-მეთქი, ტყუილი იქნება. ამიცდენია კიდეც. გურიაში დათვზე სანადიროდ რომ ვიყავი, მაშინ ქარხნული ჰილზების ყიდვა ბევრს არ შეეძლო. მონადირეების ნაწილი რკინის ჰილზებში ტყვია-წამალს თავად ტენიდა. ერთმა გურულმა ასეთი ჰილზი გამომიწოდა და ჩემს მასპინძელს უთხრა: - აბა, შევამოწმოთ, შენი მეგობარი მიზანში როგორ ისვრისო. მერე ხეზე ერთადერთი შემორჩენილი მსხალი დამანახვა - მიდი, ესროლე, თუ ჩამოაგდებო. ოღონდ ახლა ამ მსახლს მოვარტყა და ამის ყბაში არ ჩავვარდე-მეთქი, ვფიქრობდი ჩემთვის და თან მთელი მონდომებით ვუმიზნებდი. ჩახმახს თითი გამოვკარი თუ არა, მსხალი ჩამოვარდა. გურული მზად იყო დასაცინად, არ ელოდა, თუ მოვარტყამდი. არც მე მეგონა, მაგრამ გამიმართლა, თან "ჟაკანი" ვესროლე და არა - საფანტი. მანძილი 40 მეტრი მაინც იყო. მაინც შარი მომდო, არასწორად მოარტყი, ისე უნდა ჩამოგეგდო, ნახევარი მსხალი ზედ შერჩენოდაო.

- ნადირობის დროს საფრთხეში თუ ჩავარდნილხარ?

- რა თქმა უნდა. ახლახან ტახზე ვიყავი სანადიროდ წასული. შუაგულ ტყეში ვგრძნობ, რომ მარტო ვარ - ეს ცოტა არასასიამოვნო განცდაა. შეიძლება ტყიდან ნადირი ან ღორების კოლტი გამოვარდეს. 20 ღორი ერთად სახიფათოა, დათვზე არანაკლები ზიანი შეიძლება მოგაყენოს. ღორი ადამიანზე იწევს, თან დიდი ეშვები აქვს. ტელევიზორში მინახავს, მონადირემ ღორს ესროლა, ცხოველი ორმოში ჩავარდა, მას ეგონა, მოვკალიო და ჩაჰყვა. თურმე ღორმა თავი მოიმკვდარუნა, სინამდვილეში, ცოცხალი ყოფილა და მონადირეს მთელი მკლავი მოაგლიჯა. ვეღარ მოახერხა, რომ თოფი ესროლა და ბებუთი ჩაარტყა, მერე მონადირეს ძაღლები მიეშველნენ და გადაარჩინეს. ნამდვილმა მონადირეებმა იციან, სანამ ღორის ჯაგარი არ დაწვება, მანამდე არ უნდა მიეკარო ან ერთი საკონტროლო გასროლა მაინც უნდა გააკეთო.

- ეს თვისება კურდღელსაც აქვს, თავს იმკვდარუნებს. ერთი მონადირისგან მომისმენია, კურდღელმა ჩემს მეგობარს ბრჭყალებით ვენები გადაუჭრაო.

- კურდღელი ნაკლებად სახიფათოა. ისეთი ცხოველია, შეიძლება თავში წკიპურტი ჩაარტყა და გათიშო. ერთხელ რაჭაში ახლობელმა ეზოში მელა დაინახა, ესროლა თუ არა, მელა დავარდა, სისხლიც წამოუვიდა. მერე ეს ბიჭი მივიდა, კუდში ხელი მოჰკიდა და ეზოდან გაათრია, თან მეზობლებს დაუძახა და ეს ამბავი აცნობა. შეიკრიბნენ რაჭველები - აბა, სადაა, ბიჭო, მელიაო? ამ დროს მელა წამოხტა და გაიქცა. მონადირეები დამეთანხმებიან, ბოლო დროს მგლები ძალიან მომრავლდნენ, ტყეში ნადირს არ ტოვებენ. დედოფლისწყაროდან მეუფე მელქისედეკმა დამირეკა და მითხრა, ეზოში ძაღლი რომ გვყავდა, მგელმა შეგვიჭამაო. ასეთ დროს ადამიანს ნებართვა უნდა ჰქონდეს, რომ ესროლოს. მართალია, მგელს "ტყის სანიტარს"

უწოდებენ, ავადმყოფ ცხოველებს იჭერს და ჭამს, მაგრამ როცა ხროვად დადიან, საშიშია. მგელზე ნადირობა იცი, რა საინტერესოა?

- რით არის საინტერესო?

- ისინი ოჯახებად ცხოვრობენ. თუ კარგი მონადირე არ ხარ, შეიძლება მგელი ჩასაფრებულს ისე მოგეპაროს, ვერც გაიგო.

- შენს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა თუ გქონია?

- არა, მგელზე არ მინადირია. ჩემს მეგობრებს უნადირიათ და ვიცი, მგელი როგორი ჭკვიანია. მეცხვარეებისგან გამიგია, როცა ცხვრის მოპარვა უნდათ, ჯერ ფარას დედალი მგელი უახლოვდება, ძაღლებს გაიტყუებს (უმეტესად ასე გამრავლების პერიოდში ხდება), სხვები კი, ცხვარს იპარავენ.

- მონადირისთვის კარგ იარაღზე არანაკლებია კარგი ძაღლის ყოლა, არა?

- მართალია. ბიძაჩემს შოტლანდიური სეტერი ჰყავდა. რომ დამინახავდა, "ვალინკს" ვიცვამდი, მოსვენებას კარგავდა. თოფს თუ ავიღებდი, კიოდა, ხვდებოდა, სადაც მივდიოდი და მთხოვდა, წამიყვანეო. მანქანის კარის გაღება და შეხტომა ერთი იყო, თან კუთხეში მიიყუჟებოდა, არ მაწუხებდა. ახლა ლაბრადორი გვყავს. ჯერ ლეკვია, მაგრამ სანადიროდ მყავდა წაყვანილი და ალღო აუღო. მეძებარ ძაღლთან ერთად კარგად იგეშება.

- როგორი უნდა იყოს კარგი მონადირე?

- კარგი მონადირე არაბრაკონიერია. ისეთი რამ არ უნდა გააკეთოს, რაც არ შეიძლება. კარგმა მონადირემ ნაკრძალში არ უნდა ინადიროს, დენით არ უნდა ითევზაოს, ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელია.

- ნადირობის დროს ალკოჰოლის მიღებაზე რა აზრის ხარ?

- ეგ მერე, ნადირობა რომ დამთავრდება. თოფი და სასმელი ერთად არ მიყვარს. ვინც ნადირობა კარგად არ იცის, მასთან ერთად წასვლასაც ვერიდები. ზოგი ჩქარობს, ადრე ისვრის. ნადირობას სიჩქარე არ უხდება. კარგი მონადირეა გოგა ბარბაქაძე, ახლახან იხვზე ვიყავით, მაგრამ წელს იხვი ნაკლებადაა.

- სანადიროდ და სათევზაოდ წასვლას სამსახურის გამო ალბათ ხშირად ვერ ახერხებ.

- მხოლოდ შაბათ-კვირას თუ წავალ.

- მონადირეები რატომ იტყუებიან ხოლმე?

- ეს მას უნდა ჰკითხო, ვინც იტყუება, მე ტყუილები არ ვიცი. აქვე მინდა აღვნიშნო - ბოლო დროს საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე ხშირად ლაპარაკობენ. კარგი იქნება, სამონადირეო ტურიზმიც თუ განვითარდება ისე, როგორც ეს არაერთ ქვეყანაშია.

- თევზაობაზეც ვილაპარაკოთ - მთაში კალმახზე გითევზავია?

- რაჭასა და გურიაში კალმახი ხელით დამიჭერია, თევზაობის ამ ფორმას "ხელაობას" ვეძახით. ქვის ქვეშ ხელს შეყოფ და დაიჭერ.

- ღამე სპეციალური განათებით თუ გითევზავია?

- როგორ არა, თევზი საკვების მოსაპოვებლად გამთენიისას გამოდის. მაშინ ე.წ. ფოსფორის ტივტივით უნდა ითევზაო, ღამე ანათებს და წყლის ზედაპირზე კარგად ჩანს.

- მითხარი, რომ "კომედი-შოუს" ბიჭებს თევზაობა უყვართო. ნადირობაში ვერ აიყოლიე?

- საიმისო დრო არ მაქვს, რომ ეგენი კარგად "მოვწამლო". ნიკა არაბიძეს, ავთო მარგველაშვილს, ნიკა გრიგოლიას თევზაობა უყვართ, ცოტა ხნის წინ სათევზაოდ სომხეთის საზღვარზე წავედით. უფრო სწორად, მათ უნდა ეთევზავათ და მე მწყერზე მენადირა. რომ ჩავედით, ღამე იყო, შუბლზე მიმაგრებული ფარნებით ვმოძრაობდით. ბიჭებმა ერთ ადგილზე წყალი დაინახეს, ძალიან ბნელოდა, სხვაგან წასვლა არც უცდიათ, გაშალეს ანკესები და თევზაობას დიდი შემართებით შეუდგნენ. გათენდა და აღმოჩნდა, რომ ტბის ნაცვლად გუბეში თევზაობდნენ. ბევრი ვიცინე. მერე ტბისკენ გადაინაცვლეს და ცოტა კარასი დაიჭირეს. საქართველოში არსებობს სათევზაო მეურნეობები, სადაც თევზს აშენებენ, მაგრამ იქ თევზაობა აზარტული არ არის. ანკესს ჩააგდებ თუ არა, იჭერ. რაც უფრო ძნელად მოსაპოვებელი და მიუწვდომელია, უფრო მეტი აზარტია.

- სანადიროდ და სათევზაოდ სხვა ქვეყანაში ყოფილხარ?

- კი, თურქეთში სათევზაოდ ვყოფილვარ. შარშან ამერიკაში რომ ვიყავით წასულები, ნიუ-იორკში ოკეანის სანაპიროზე ვცხოვრობდით. იქვე ჰყავდათ იახტები. ჯგუფი იკრიბებოდა, ფულს იხდიდნენ და ოკეანეში სათევზაოდ გადიოდნენ. ოკეანეში არასდროს მითევზავია და ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ ბიჭები ვერ ავიყოლიე. ჩემზე იცინოდნენ - ნიუ-იორკშიც თევზაობაზე როგორ ფიქრობ, შენ გინდა ქობულეთში დაგისვენია და გინდა ამერიკაშიო. თავად დისკოთეკებზე დადიოდნენ და ძიგძიგებდნენ.

- იახტით სათევზაოდ გასვლა ძვირი სიამოვნებაა?

- საკმაოდ ძვირია, იქ თევზს იჭერენ და ისევ ოკეანეში უშვებენ.

- ნადირობის დროს თავს გადახდენილი ერთი ამბავი გაიხსენე და დავასრულოთ.

- ცოტა ხნის წინ ტყეში ერთი ჯიგარი, ხანდაზმული მამაკაცი შემხვდა, საგუშაგოზე იდგა. ჩემი იქ დანახვა ძალიან გაუკვირდა. შორიდან ინტერესით მაკვირდებოდა. რომ მივუახლოვდი, ნამდვილად შენ ხარო?! გუშინ საღამოს ტელევიზორში გიყურე და დღეს დილაადრიან აქ როგორ მოხვდიო (იცინის)? მის ადგილზე ამის დაჯერება მეც გამიჭირდებოდა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"