დასავლეთ საქართველოს კალიუმის ციანიდით მასობრივად მოწამვლა ემუქრება

დასავლეთ საქართველოს კალიუმის ციანიდით მასობრივად მოწამვლა ემუქრება

ზესტაფონსა და ქუთაისს შორის მდებარე მექანიკურ ქარხანაში ასობით კილოგრამი კალიუმის ციანიდი ინახება. შენობა თოვლმა ჩაანგრია და იქ მოთავსებული საშიში ფხვნილიც თან მოიყოლა. სახიფათო ნარჩენების გატანას ქარხნის ხელმძღვანელობა და გარემოს დამცველები წლებია, ითხოვენ, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებში ამ საკითხზე ჯერ მუშაობენ.

იმ შემთხვევაში, თუ ნივთიერება ნიადაგში ან წყალში მოხვდება, საშიშროება არა მარტო ადგილობრივებს, არამედ შავ ზღვასაც ემუქრება.

ციანიდის ნიადაგში გაჟონვის შემთხვევში ის შესაძლოა, ახლოს მდებარე მდინარე ყვირილაში ჩაიღვაროს. ყვირილადან კი რიონსა და შავ ზღვაში მოხვდეს. ქარხნიდან დაახლოებით 20 მეტრში მჭიდროდ დასახლებული სოფელი მდებარეობს. ნიადაგის დაბინძურების შემთხვევაში საფრთხე როგორც მოსახლეობას, ასევე შინაურ ცხოველებსაც ემუქრებათ. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებას ჩვენთან საუბარში არ გამორიცხავს "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე:

"კალიუმის ციანიდი გახლავთ ყველაზე ტოქსიკური ნივთიერება. ვისაც დეტექტივების კითხვა უყვარს, იცის, რომ გრამზე ნაკლებიც კი საკმარისია იმისათვის, რათა ადამიანი მოკლას. რა თქმა უნდა, დიდი საფრთხეა და ეს საფრთხე მარტო მანდ არ არის. ბოლნისში, სადაც ოქროს საბადოა, იქ ძვირფას ლითონს სწორედ ციანიდების გამოყენებით იღებენ. იქ არის მადნეულის გორები, მას ესხმება ეს ციანიდები და მერე ძვირფასი ლითონები გამოაქვთ მადნიდან. დღეში მოიხმარება ტონობით ციანიდი.

"ეს არის არქაული მეთოდი და არის საშინელება. მაგალითად, რუმინეთში რამდენიმე წლის წინ მოხდა ამდაგვარი რაღაც - ჩამოინგრა ის ხელოვნური მთა და ციანიდები მოხვდა გარემოში, წყალში და იქ უამრავი ხალხი დაიხოცა", - ამბობს გია გაჩეჩილაძე. იმერეთში კალიუმის ციანიდს ქარხანაში დამზადებული საწოლის თავების მოსანიკელებლად იყენებდნენ. 10 წლის წინ წარმოება შეწყდა, ფხვნილის მარაგი კი - დარჩა. ამჟამად ქარხანა საგადასახადო ინსპექციის მიერაა დაყადაღებული. მისი კუთვნილი ქონება აუქციონზე 2-ჯერ უშედეგოდ გაიტანეს. მას არ ჰყავს დირექტორი და არც დაცვა. იქვე მდებარე სოფლის მოსახლეობა ქარხნის ეზოში უპრობლემოდ გადაადგილდება.

განსაკუთრებით საშიში ნარჩენების გატანის საკითხი ოფიციალურ სტრუქტურებში გარემოს დაცვის სამინისტროს დასავლეთ რეგიონული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ კეპულაძემ რამდენჯერმე დააყენა. გასულ წელს სამინისტროში მომხდარი რეფორმის შედეგად აღნიშნული სამსახური გაუქმდა. შესაბამისად, საკითხის შესახებ მას ინფორმაცია აღარ აქვს.

"რაც ჩვენი სამსახური გაუქმდა, თვალი აღარ მიმიდევნებია, რა მოხდა. ეს ძალიან საშიში ნივთიერებაა და მე რამდენადაც ვიცი, კიდევ იქ დევს. ეს ქონება იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება. შესაბამისი წერილები გვქონდა გაგზავნილი გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებში, ახლა კი არა, ალბათ 5 წლის წინაც.

"ძალიან საშიშია. ის შეიძლება წვიმის წყალში გაერიოს და ნიადაგში მოხვდეს, ასეთი საფრთხეც არსებობდა და ახლა რა მდგომარეობაა, მე ვერ გეტყვით. რამდენიმე ათეული კასრი იყო. განიხილებოდა გატანის სხვადასხვა ვარიანტი, მაგარამ ყველაფერი, რამდენადაც ვიცი, მიდიოდა ფინანსებთან, იმიტომ, რომ მისი ტრანსპორტირება, როგორც ამბობდნენ, იყო რთული. არც იმდენი იყო, რომ ერთი მანქანა დაეტვირთა.

"ბოლო პერიოდში, როცა ჩვენი სამსახური უქმდებოდა, სხვადასხვა სპეციალურ სამსახურებშიც გვქონდა გაგზავნილი წერილები ამ საკითხზე", - ამბობს თემურ კეპულაძე ჩვენთან საუბარში.

მექანიკური ქარხნის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონი რამდენჯერმე გამოცხადდა. გასაყიდი ქონების ჩამონათვალში ქიმიური ნივთიერება ნახსენები არაა. საწარმოს ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ იამანიძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ მომწამლავი ნივთიერება მის საწარმოში ნამდვილად იყო.

"ეს ნივთიერება ძალიან მომწამვლელია. უშიშროების სამსახურს და ვის არ გავაგებინეთ მაშინ, წერილები მივწერეთ, რომ გაეტანათ. მართალია, ვადაგასული არის, მაგრამ მაინც საშიშია. სპეციალურ კასრებშია მოთავსებული, მაგრამ შენობა დაცული აღარ არის, იქ რაღაც მოკლე ჩართვა მოხდა და დაიწვა. მე ვერ ვნახე, შიგნით ვერ შევედით - საშიში არისო.

"სპეციფიკური სუნი არ შემინიშნავს, იქ ხშირად ვიყავი-ხოლმე. უშიშროების სამსახურს ვუთხარი - ეს ნივთიერება ბაზარზე ძვირია და უსასაყიდლოდ წაიღეთ-მეთქი და არ წაიღეს - ტრანსპორტირება უნდა სპეციალურიო", - ამბობს ვახტანგ იამანიძე.

გარემოს დაცვის სამინისტროში საკითხის მოგვარებაზე მუშაობენ და თანხებს ეძებენ. თუმცა, ტერიტორიიდან საწამლავის გატანის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

"ქარხანა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. გარემოს დაცვის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს საკითხის მოგვარებაზე. ეს ყველაფერი არის, რა თქმაუნდა, დიდ თანხებთან დაკავშირებული. გეგმა გაწერილია და ორივე სამინისტრო მუშაობს, რომ თანხები მოიზიდონ და ამ პროექტის განხორციელებაში იქნეს ჩადებული.

"6 წელია, რაც მიდის პესტიციდებთან დაკავშირებით საუბარი, 12 "ცხელი წერტილია" საქართველოში, საიდანაც ხდება მყარი და ქიმიური ნარჩენების გატანა. ჯერ უნდა მოხდეს შეგროვება, შემდეგ მისი დასაწყობება უსაფრთხოდ და შემდეგ მისი გაუვნებელყოფა და ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი", - ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. დღესდღეობით საქართველოში არ მოიპოვება უტყუარი ინფორმაცია ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების შესახებ. ეს განპირობებულია როგორც მონიტორინგის, ასევე აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემაში არსებული ხარვეზებით.

შედეგად, ქვეყანაში არ არის გამოკვეთილი დაბინძურების ცხელი წერტილები, შეფასებული დაბინძურების წყაროები და დაბინძურებული გარემოს ზემოქმედება, - ვკითხულობთ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (სუტტ) მიერ 2010 წელს მომზადებულ დოკუმენტში, სადაც დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის შექმნის საკითხებზეა საუბარი.

გარემოს დაცვის სამინსტრო გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების პროექტს ახორციელებს. 3 მილიონიანი პროექტის თანახმად, საქართველოდან 230 ტონა ვადაგასული პესტიციდი უნდა გაიტანონ და გააუვნებელყონ. სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პესტიციდები უკვე შეგროვებულია და იაღლუჯას პოლიგონზეა გადატანილი, თუმცა მათ შორის იმერეთში განთავსებული ასობით კილოგრამი ციანიდი ჯერჯერობით ვერ მოხვდა.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"