რობი კუხიანიძე: "რატომ მესროლეს, მე ხომ არაფერ შუაში ვიყავი"

რობი კუხიანიძე: "რატომ მესროლეს, მე ხომ არაფერ შუაში ვიყავი"

გასულ კვირას სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" რობი კუხიანიძის სიმღერაზე - "აღმოსავლური ტანგო" ვანიკო თარხნიშვილის და ეკა ამირეჯიბის წყვილმა არაჩვეულებრივი ტანგო შეასრულა. რობიმ ჯერ კიდევ 1990 წელს ქუთაისში დააარსა ჯგუფი "აუტსაიდერი" და დღემდე მისი ერთგული რჩება. "ტანგო დიმპიტაურების სერიიდან არის და "აუტსაიდერი" სხვას მღერის", - ამბობს მუსიკოსი.

როდესაც ტელეფონზე დავურეკე და ინტერვიუზე შევუთანხმდი, შეხვედრამდე მთხოვა, მისთვის ბატონო რობით არ მიმემართა. რობერტია ვარ კუხიანიძეო, მითხრა. ერთ საათში უკვე მუსიკოსთან ვიჯექი და ინტერვიუს ჩასაწერად ვემზადებოდი. რთულია, რობი კუხიანიძის ინტერვიუ ისე დაწერო, რომ განსხვავებული საუბრის მანერა და სტილი დაუკარგო. მეც შევეცადე... ინტერვიუ უცნაურად და რობისეულად დამემთავრებინა...

- რობი, როგორ ხართ, რა ხდება ახალი თქვენს შემოქმედებაში?

- მშვენივრად ვარ. მე და ნუცა კუხიანიძე კლიპს ვიღებთ, რომელსაც საქართველოში არც ერთ ტელევიზიას არ ვუჩვენებთ. მაინტერესებს, ჩვენს შრომაში რამდენს გადაიხდიან. ჯგუფი "აუტსაიდერი" და კომპანია "სანგუკო" დავსხდებით და ვუყურებთ. მერე ჟურნალისტები მოხვალთ და შეგვეკითხებით, რას ვფიქრობთ კლიპზე, რომელიც ნანახი არ გექნებათ (იღიმება). საუბარს გავაგრძელებ, დღეს მაგარ დეფიციტურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც შემოქმედი ადამიანის მიმართ პატივისცემა არ გააჩნიათ. მე და ნუცამ რომ კლიპი გადავიღოთ, ვის უნდა ვაჩვენოთ?

- როგორ ფიქრობთ, ამით რამე შეიცვლება?

- სტანდარტულ შემთხვევაზე მოგიყვებით, კლიპის ჩვენება რომელიმე კინოთეატრში შედგება და მერე... რა, ფასი დავადო ჩემს შემოქმედებას? ჩვენი მეგობრების შემოქმედებას ფასი არ ადევს, უფასოა. კატა მყავდა, ფასო ერქვა... რობერტია კუხიანიძე ვარ, მუსიკოსი, რაც გინდა დამარქვით, მაგრამ მე ვიცი, რომ ადამიანები დიდ ციხეში ვსხედვართ, რომელიც "ფეისბუქზეა" მიმაგრებული. გვინდა ამერიკელობა? - ვიქნებით. ჩვენ უფრო მაგარი ამერიკელები ვართ, ვიდრე თვითონ ამერიკელები.

- რით ვართ ჩვენ უფრო მაგარი ამერიკელები?

- მინდა, რომ სოციალურ ქსელში ჩავეხუტო ადამიანებს. არ მაქვს ხელფასი და არც მინდა, მქონდეს. სახელმწიფო სტრუქტურებში არ ვმუშაობ.

- არც შემოუთავაზებიათ სამსახური?

- ვის, სახელმწიფოს? ისეთ ღარიბ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგათ ფულს ხელს არ მოვკიდებ. ქართული ბიუჯეტის შევსებაზე ვზრუნავ.

- საქართველოში ბევრი მომღერალია, რომელიც საკუთარი შემოქმედებით ფულს შოულობს...

- ჩვენთან მუსიკით ბევრ ფულს ვერავინ შოულობს. მხოლოდ იმდენს, რომ კომფორტი მოიწყონ. რას გადარჩა ქართველ მკერდოსანთა და ტუჩოსანთა საზოგადოება, რომ იაფფასიანი სილიკონები დაითრიეს...

- პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგი ხართ?

- არა, რა წინააღმდეგი, ეგღა მაკლია, მაგის წინააღმდეგი ვიყო. მე იმის წინააღმდეგი ვარ, ადამიანი რომ მანქანიდან გადმოდის და ხვნეშის.

- რატომ ხვნეშის, სილიკონები აწუხებს?

- არა, უმოძრაობა, უმოქმედობა აწუხებს. ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, იმ საზოგადოებას მსუქანი ტრაკები აქვთ და ყველა საკუთარ უკანალზე იყურება. ვინც სკამზე ზის, ყველა უსაქმურია. ქვეყანაში ერთი ფერია ყველაფერი, უბრალოდ, გააჩნია, რის ლეგალიზებას მოახდენ.

- ბოლო დროს აქტიურად ლაპარაკობენ მარიხუანის ლეგალიზებაზე. ამ თემაზე რას ფიქრობთ?

- საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება, მე წინააღმდეგი ვარ. მარიხუანა კი არა, მაგას მოსაწევს ეძახიან. ერთხელ ქუთაისში კონცერტი ჩავატარე, ერთი ასო გამომრჩა და მოსაწვევზე მოსაწევი დავწერე. ვერავინ შეამჩნია ერთი ადამიანის გარდა. ბაჩო მხატვარი იყო, ძალიან მაგარი ადამიანი, მხოლოდ მან იხითხითა, ჰა, მევედი აგერ, სად არის, მომაწევინეთო. ის ადამიანი უყურადღებობით მოკლეს. აქ ფიროსმანები უნდათ, ზოგს ვარსკვლავებს უხსნიან. რამდენ ხანს ცოცხლობენ შემდეგ ის ადამიანები, ამაზე გიფიქრიათ? ვინც ცოცხალია, ღმერთმა გაუმარჯოს. წამალზე დამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობა სჭირდებათ. არასოდეს გამიკეთებია ნემსი. წვიმის მუსიკოსი ვარ და ეს მთავრობა ვინმეს თუ არ მოსწონს, ჩემი ბრალია. ოღონდ შევარდნაძე არ ყოფილიყო, მომწყინდა და მეც იქ ვიყავი.

- რა შეიცვალა ამის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?

- რეფორმა გრძელდებაო და რამე შეიცვალა? ელარჯის გაკეთების პროცესი გინახავთ? მასე ტყეპნიან ტვინს... არაფერი არ შეცვლილა, სულ რევოლუცია იქნება, სანამ ადამიანის უფლებებს არ დაიცავენ.

- ბიძინა ივანიშვილზე ვისაუბროთ...

- მაგ ადამიანთან არ დამილევია. არც მიშასთან. მიშას არ ვიცნობ, მაგრამ მაგარ პატივს ვცემ, როგორ ჩემს პრეზიდენტს. ვინმე რომ ჩამოვიდეს და პრეზიდენტი შემიგინოს, თუ ვაპატიო და პატრულში არ დავრეკო, მე ვიყო ...

- დაგირეკავთ პატრულში?

- არა, მაგრამ ძმაკაცები მყავს საპატრულო პოლიციაში და მათთვის დამირეკავს. ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის ფული არ მოუცია. ცოტა ხნის წინ "რეალ-ტივი" მომივარდა სახლში და შეურაცხყოფა მომაყენა. არ მეშინია ამის თქმის. მეუბნებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა ფული მოგცაო, არადა, არ მოუცია.

- თუ არ ვცდები, ეს ამბავი უცნობის ახალ პროექტს მოჰყვა, სადაც თქვენც იმღერეთ, მაგრამ ის პროექტი ჯერ მაყურებელს არ უნახავს.

- დიახ, მაგაზე იყო საუბარი. რა პრობლემაა, ვიმღეროთ ყველამ, თავი დამანებონ... იმას მოვესწარი, ოფიციალურად უფლება მქონდა გია ყანჩელის მელოდიაზე მემღერა. გია ყანჩელი მიყვარს და რა ვქნა. გულწრფელად ვიმღერე. მე "ტაია ვატატაიაც" მიმღერია. არ არის ჩემი სიმღერა, პლაგიატი ვარ, მაგრამ საავტორო უფლებებს ვერ მოითხოვენ. მელოდია არ ამიღია, განწყობა ავიღე. ამაზე ვერავინ მომედავება. მე ჩემი სამშობლოს მედუზა ვარ. ხომ იცით, როგორ ეკრობა მედუზა ადამიანებს. ჩემი ქვეყანა მიყვარს და არასოდეს მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს.

- რატომ ვერ მოისმენს ამ მუსიკას მსმენელი?

- ეგ რევოლუციონერებს ჰკითხეთ. ალბათ ჩემი დანაშაული ისაა, რომ ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს დაემდურნენ. თორემ მე მაგათი ძმაკაცი ვარ და რა ვარჩიო. ორი ყური მაქვს, ნეტა უყურო ვიყო, რომ არ მესმოდეს ამათი ურთიერთობა... მე რა შუაში ვარ...

- სამწუხაროდ, საზოგადოება ხშირად ითხოვს ხელოვანისგან, რომ რომელიმე მხარეს დადგეს.

- 2007 წლის 7 ნოემბერს მეგობრებთან ერთად ვიყავი სტუმრად. მამაჩემი რევოლუციით დააინტერესეს და ქუთაისიდან ჩამოვიდა. გაყინულ ქუჩებში გამოვედით, რომ მომეძებნა. მამა ეპიცენტრში იყო და უკვე გადავლა-გადმოვლა დაწყებულიყო. იცით, რამდენი გვესროლეს? ჯარი დავინახეთ, ჩემი ძმაკაცი წინ დაუდგა და უთხრა, რევოლუცია, სექსის რევოლუცია... რატომ მესროლეს, მე ხომ არაფერ შუაში ვიყავი. მამაჩემს უშველეს, გაარიდეს. მაპატიოს ყველა სამეფო კარის მუსიკოსმა, ჩემმა ძმაკაცებმა, ქუთაისელებმა, თბილისელებმა, მთელმა სამყარომ, მამაჩემს რა უნდოდა იქ, ყველა თავის მამას შეეკითხოს. მამაჩემი არ არის სარევოლუციო კაცი. არ შეიძლება ჩემს თავს ამდენი რევოლუცია გადატყდეს. მოსაწევის თემას გავაგრძელებ...

- დიახ, არ გითქვამთ, რატომ ხართ ლეგალიზაციის წინააღმდეგი...

- წარმოიდგინეთ, მიტინგია, ოპოზიცია აქტიურობს. ჩამოსულები არიან მსოფლიოს დიდი ტელევიზიების ჟურნალისტები. მოსაწევი უკვე ლეგალიზებულია და მიტინგზე ყველა დაბოლილია. "სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტი ერთ-ერთი მომიტინგისგან ინტერვიუს იღებს და ეკითხება, რა გინდა, რას ითხოვ. დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნაა საქართველოში მშია, და ამას რომ სიცილით იტყვიან დაბოლილები, მშია, მშია, მშია. ბავშვებს შიათ... ცოტა ხნის წინ დიღომში 15 წლის გოგონა ბაწარს უჭერდა ხალხს, რომ პატრულს დაეჭირა, არადა, უპატრონო ბავშვი იყო, სითბო აკლდა. მე რომ მუსიკაში ბოლომდე შევძვრე, შეიძლება ჩემი შვილები ტერორისტები გახდნენ. მუსიკა გავწირე იმისთვის, რომ დრო გამიგრძელდეს, მაგრამ ვიღაცებს თავისი შვილებისთვის არ სცალიათ.

- ბოლოს ქუთაისში როდის იყავით?

- მე და თეა ადეიშვილი ჩავედით, გასულ კვირას "პოსტ სკრიპტუმში" სიუჟეტი გავიდა. წვიმიან ამინდსა და სიცივეში დავბორიალებდი, არავინ იყო. იქ ასეთ ამინდში სადარბაზოში სხედან და არაყს სვამენ. არც ერთ სადარბაზოში არ შევსულვარ, მაგრამ თეა ადეიშვილმა შეუძლებელი შეძლო. ერთი პერიოდი სამაგალითო ბიჭი ვიყავი ქუთაისში. მერე ჭორები გავრცელდა, მაგრამ ყველაფერი დავალაგე. ხშირად დავდივარ ბათუმში, მაგარი მეგობრები მყავს, ფული არ მჭირდება.

- თბილისში გჭირდებათ?

- არა, არც აქ. ხან იმას აქვს, ხან მე. ფული რა არის, რა მოსატანია.

- რთული არ არის ასე ცხოვრება?

- მივხვდი, რომ ასე ჯობია.

- სხვანაირად როგორ იცხოვრებდით?

- ისევ ასე. ძალიან ბევრი ფული მქონდა, ღმერთმა ყველას შეარგოს. "აუტსაიდერი" 1990 წელს 35 ათას დოლარად გაკეთდა და დღეს სახლი არ მაქვს. რად მინდა სახლი. იმ ფულით რამდენიმე ბინას ვიყიდდი და გავაქირავებდი, მაგრამ მინდა მე ეს? ძალიან მაგარი ცოლი მყავს. ირმა სოხაძე, უდიდესი ადამიანია.

- მეუღლეს ანერვიულებთ?

- არა, ძალიან მიყვარს. ჩემი მეგობარია, უბერებელი ქალი. ეგ რომ არ მყავდეს, მოვკვდებოდი. ოცი წელია ერთად ვართ და ეს ცოტა არ არის. იესოს მერე პირველი მიმტევებელი ეგ მყავს. იცით, რა მაგარი ადამიანია, ორი წლის წინ დედა მომიკვდა და ახლა ირმაა ჩემი ყველაფერი.

- მოსწონს თქვენი შემოქმედება?

- მაგისთვის არ გვცალია. არ უნდა, რომ ასე ვცხოვრობდე. ყველამ იცის, რომ სცენაზე ჩემი ასვლა ერთი სიკვდილია. მიდიხარ კონცერტზე და ვიღაცას ეუბნები, 5 ლარი მომეცი, რომ სახლში ტაქსით წავიდე, სირცხვილია, არ შეიძლება ასე.

- ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა თქვენი სიმღერა "აღმოსავლური ტანგო".

- პირველად სამი წლის წინ ვიმღერე. სტუდიაში მე და ირაკლი ჩარკვიანი ვწერდით სიმღერებს. ვიღაცებმა მითხრეს, ის სტუდია ახლა შენს სიკვდილს ელოდებაო. არა, ის ჩემი სამყაროა. როცა მემღერება, მივდივარ და ვმღერი. ირაკლი მუსიკოსი არ იყო, პროზაიკოსი იყო და პოეზია უყვარდა. ჩემი უბრალო ძმაკაცი იყო და მე მისთვის მუსიკოსი არ ვიყავი. მის საფლავზე ხშირად დავდივარ. სურათიც გადამიღეს, ჩემს თავზე მისი საფლავის წარწერა, "მეფე" ჩანს.

- "აღმოსავლურ ტანგოზე" ვსაუბრობდით.

- ძალიან მაგარი რეჟისორია გია დიასამიძე. მე, გია, მისი მეუღლე ხათუნა და ორი ძმაკაცი ბუხართან ვისხედით. ხათუნამ მითხრა, ასეთი სიმღერები იმღერეთო და "დიმპიტაურები" შემოგვაძალა. "აღმოსავლური ტანგოც" ასე გაჩნდა, ბუხართან. მიყვარს ეს სიმღერა, მაგრამ ეს არ არის "აუტსაიდერი".

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"