რა ჯდება ესტაკადების პროექტი?

რა ჯდება ესტაკადების პროექტი?

"ეს ესტაკადა ქალაქში მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სტრატეგიული ხედვაა", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2010 წლის 26 მაისს ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის გახსნისას, თუმცა, სამწუხაროდ, ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის "მისია შეუსრულებელი" აღმოჩნდა და ორი წლის შემდეგ, ასევე პომპეზურად, მთავრობამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალი პროექტის განხორციელება წამოიწყო. ამ პროექტის, მათ შორის, მისი ღირებულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თბილისის მერიის პრესსამსახურს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ პროექტის დაფინანსების თაობაზე მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისთვის, ოთარ ტატალაშვილისთვის მიგვემართა. რაც შეეხება თვითონ პროექტს, ოფიციალური ინფორმაციით: "ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალ გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს; მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ხუთ ადგილას, პანდუსები, გვირაბები და ესტაკადები აშენდება. სამუშაოებზე წლის განმავლობაში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება და მშენებლობა 2012 წლის აგვისტოში დასრულდება."

ამა წლის 2 აპრილს "ყველა სიახლემ" მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს, ოთარ ტატალაშვილს შემდეგი კითხვებით მიმართა:

1. რა თანხა დაიხარჯა გმირთა მოედნის რეკონსტრუქციასა და ესტაკადის მშენებლობაზე?

2. რა თანხაა გამოყოფილი ბიუჯეტიდან ახალი პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ესტაკადების, პანდუსების, გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს?

ჩვენს კითხვებზე ოთარ ტატალაშვილისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: "გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებისა და მათი ხარჯვის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დედაქალაქის ბიუჯეტებსა და მათი შესრულების ანგარიშებში, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდზე www.tbilisi.cov.ge" თუმცა ზემოაღნიშნულ ინტერნეტმისამართზე გამოქვეყნებულ დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტის კანონში მხოლოდ ზოგადად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხებია მითითებული, რომელიც 2011 წლის გეგმით, 75 მილიონ 620 ათას ლარს შეადგენდა, 2012 წლისთვის კი - 120 მილიონ 672 ათას ლარს.

ამ მნიშვნელოვან საკითხზე კომენტარი არქიტექტორ ალექსანდრე სარალიძესა და ეკოლოგიის მაგისტრს, კავკასიაში "გრინფისის" მხარდამჭერთა ჯგუფის თანათავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილს ვთხოვეთ.

ალექსანდრე სარალიძე: თბილისში სატრანსპორტო ნაკადის გადანაწილება სერიოზული პრობლემაა, ლოკალურმა და დროებითმა ღონისძიებებმა, მათ შორის, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელმა ესტაკადამ მოძრაობა ვერც გმირთა მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განტვირთა და ვერც ჭავჭავაძის გამზირსა თუ საბურთალოს რაიონის ქუჩებზე.

პრობლემა ქალაქში ჩქაროსნული სატრანზიტო მაგისტრალის არარსებობაა, ამ ფუნქციას სანაპირო ვერ ასრულებს, ხშირად იქმნება საცობები. პრობლემას ვერც ახალი ესტაკადებისა და პანდუსების მშენებლობა გადაწყვეტს, აუცილებელია, დამპროექტებელი ამ საკითხს კომპლექსურად მიუდგეს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ პროექტებზე მუშაობისას არ ჩატარებულა სერიოზული კვლევა, არ არის შეჯერებული სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთა აზრი და რაც მთავარია, გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული.

- როგორ შეაფასებთ ახალ პროექტს, რომელიც მარჯვენა სანაპიროზე ხორციელდება?

- ვერც ეს ძვირად ღირებული პროექტი მოიტანს იმ შედეგს, რისთვისაც შენდება. ანუ მოძრაობა არ და ვერ განიტვირთება. მიზანი მიღწეული იქნებოდა, თუ, როგორც აღვნიშნე, თბილისში იქნებოდა ჩქაროსნული მაგისტრალი, სანაპირო კი ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს და შესაძლოა გზებზე ვითარება არათუ გაუმჯობესდეს, გაუარესდეს კიდეც.

"ამგვარი მშენებლობის რეალური ღირებულება ჩვენში გამჭვირვალე არ არის"

ლაშა ჩხარტიშვილი: ქალაქის სატრანსპორტო ქსელი ერთიანი ორგანიზმია და მისი ცალკეული კომპონენტის ამოგლეჯილად შეცვლა არასოდეს იწვევს იმ შედეგს, რომელზედაც საუბრობს მუდამ მოჩქარე, პიარზე ორიენტირებული ხელისუფლება. მდინარე ვერეს ხეობაში ესტაკადის აშენებას მოძრაობის განსატვირთავად დიდი ეფექტი ნამდვილად არ მოუტანია, ეკოლოგიური თვალსაზრისით კი, გარემო დააზიანა. ხელისუფლებამ, შესაბამისმა სამსახურებმა არ გაითვალისწინეს, რომ თბილისი მხოლოდ მდინარეთა ხეობებისა და მშრალი ხევების მეშვეობით ნიავდება, ქალაქის ცენტში კი ასეთი მხოლოდ ერთია - მდინარე ვერეს ხეობა. ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ვერც გმირთა მოედნის მშენებლობის პროექტი მოვიპოვეთ და ვერც მისი ხარჯთაღრიცხვა. ეს იყო ნაუცბათევი პროექტი, რომელზეც, სავარაუდოდ, 80 მილიონი დაიხარჯა! სხვათა შორის, ამ პროექტის ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს წამოსცდა: ჩვენ თან ვაშენებთ, თან ვაპროექტებთო! რომელ ნორმალურ სახელმწიფოში ხდება ასეთი რამ? ცხადია, არც ის არის შემთხვევითი, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებს მიეძღვნა, ახალი პროექტის დასრულებაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე არის დაგეგმილი. ამგვარი მშენებლობების რეალური ღირებულება ჩვენში გამჭვირვალე არ არის, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მშენებლობა ხორციელდება ბარბაროსულად, ეკოლოგიური ნორმების უგულებელყოფით - მარტო ერთ ღამეში სანაპიროზე 70 ძირი ხე მოიჭრა. დიახ, მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა ჩქარობენ, რადგან ყველაფერი არჩევნებთან არის მიბმული. რაც შეეხება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურიდან თქვენი გაზეთისთვის გამოგზავნილ პასუხს, ამ პროექტის, მიმდინარე მშენებლობის ღირებულება საჯარო ინფორმაციაა და კონკრეტული პასუხი უნდა გაეცათ. აღსანიშნავია, რომ ჩვენში ბიუჯეტის ფორმირება არც ისე გამჭვირვალედ ხდება. რაზეა ლაპარაკი, როცა ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით მეშვიდედი, ანუ 1 მილიარდი ლარი ე.წ. სხვა ხარჯებშია გაწერილი?!

იხილეთ ვიდეო: ახალი ესტაკადები და საავტომობილო გვირაბები თბილისში

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"