22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღე, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მთელი დღის განმავლობაში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება , რომელშიც გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში 3D ფორმატში დედამიწის დღისადმი მიძღვნილ თემაზე გარემოს დაცვის სამინისტროს შენობის კედელს სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მოხატავენ.
დღესვე მსვლელობა მოეწყობა ფილარმონიიდან ვარდების რევოლუციის მოედნამდე, სასტუმრო "რედისონის" წინ კი Flashmob-ი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე მოხალისე, 30 ველოსიპედისტი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სოფელ ბულაჩაურში კავკასიის გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, სკოლის მოწაფეებისთვის მწვანე კამპანიას გამართავს. "მწვანე ცენტრი" საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 8 სკოლის მოსწავლესა და მასწავლებელს უმასპინძლებს. მოსწავლეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნერგები და ყვავილები დაირგვება.
ტექნიკურ უნივერსიტეტში კი გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "მსოფლიო გამოწვევა და საქართველოს პასუხი ელექტრომობილების განვითარებაში", სადაც წარმოდგენილი იქნება ელექტრომობილის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიის ეფექტური მხარეები და ამ მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობები.
ასევე, კინოთეატრ "ამირანში" დოკუმენტური ფილმის "ერთი დღე დედამიწაზე" (One Day on Earth) ქართული პრემიერა გაიმართება. ჩვენებას გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა დაესწრება. "ერთი დღე დედამიწაზე" უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში 2010 წლის 10 ოქტომბერს (10.10.10) პროფესიონალი და მოყვარული დოკუმენტალისტების მიერ გადაღებულ ვიდეომასალას ეყრდნობა. მსოფლიოს 160 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ფილმის საპრემიერო ჩვენება დედამიწის დღეს, 22 აპრილს გაიმართება.
დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა. ყოველი წლის 22 აპრილს, სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.