თითო კვიპაროსი 1000 ლარად - ბარათაშვილის ქუჩის გამწვანება 225 000 დაჯდა

თითო კვიპაროსი 1000 ლარად - ბარათაშვილის ქუჩის გამწვანება 225 000 დაჯდა

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ქუჩების გასწვრივ და სკვერებში უამრავი ახალი ნარგავი გაჩნდა. თუმცა, ეს მედლის ერთი, ლამაზი მხარეა, რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ ამ ნარგავებში გადახდილ თანხას, მისი ოდენობა უსიამო ეჭვებს აჩენს.

ცოტა ხნის წინ ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ 120 ძირი კვიპაროსი დარგეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" დაინტერესდა, რამდენი დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს ამ მწვანე ზოლის გაშენება და დაადგინა, რომ მერიამ თითოეულ ხეში 990 ლარი გადაიხადა, ხოლო, მთლიანად ეს ღონისძიება 225 ათასი ლარი დაჯდა.

კიდევ უფრო საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი "შპს" მონაწილეობდა და ბუნებრივია, გამარჯვებულიც ის გახდა. ფირმას "გრინსერვისი" ჰქვია და მისი მფლობელები ძველი თბილისის გამგებელი და მისი ყოფილი მოადგილე არიან.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს: "ერთი მომენტი, რომელიც უნდა გაგვეთვალისწინებინა, იყო ვიზუალური ეფექტი. მას ჩვენ პატარა ჯიშებით, დაბალი ზომის მცენარეებით ვერ მივიღებდით, რაც შეეხება თბილისში და საქართველოში გამოყვანილ ხეებს, ასეთი ხარისხის და რაოდენობის ნერგები საქართველოში არ არსებობს. რაც შეეხება მცენარეების შემომტანი ფირმის მფლობელს, ეს იმან დაადგინოს, ვისაც აინტერესებს. იმაში, რომ ყოფილი ჩინოვნიკი რაღაც ბიზნესით დაკავდა, ვერაფერს კატასტროფულს ვერ ვხედავ".

არადა, თბილისში კვიპაროსების მიგნება რთული არ არის. მაგალითად, ბოტანიკოს ზურა შევარდნაძის ბაღ "გარდენიაში" სხვადასხვა ზომის, ფორმის, ჯიშის და, რაც მთავარია, ბევრად იაფი კვიპაროსი ხარობს: "ყველა ფასის მცენარე გვაქვს, 5 ლარიდან დაწყებული 40 ლარამდე. ეს ჩვეულებრივი ქართული ჯიშის მცენარეა, აქაურ ჰავასაც კარგად ეთვისება და ძლიერი და გამძლეც არის. ხალხშიც ძალიან პოპულარულია.

თბილისელებს ეს ცხრაასლარიანი კვიპაროსებიც მოსწონთ, მაგრამ, როდესაც მის ფასს იგებენ.. არც ისე. მერიის მიერ მიღებული გამწვანების პროექტი კი გრძელდება და მალე ქალაქის სხვა ქუჩებშიც ვიხილავთ კვიპაროსებს, "ოქროს" გირჩებით.

იხილეთ ვიდეო: 1000-ლარიანი ნერგები - ბარათაშვილის ქუჩის გამწვანება 225 ათასი დაჯდა

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"