ილია მეორე ცოლებს ქმრების მორჩილებისკენ მოუწოდებს

ილია მეორე ცოლებს ქმრების მორჩილებისკენ მოუწოდებს

"დედობა ღვთისა და ერის წინაშე დიდი პასუხისმგებლობაა", - ოჯახში დედის როლსა და მნიშვნელობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

"დღეს არის ხსენება მენელსაცხებლე დედათა. იმ დედათა, რომლებიც მუდამ იყვნენ მაცხოვართან, იმ დროსაც კი, როცა ხდებოდა ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათ არაფრის ეშინოდათ. ისინი იყვნენ სულით და ხორცით უფალთან. დღეს მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რა არის ქალისა და დედის როლი ოჯახში. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ცოლი და ქმარი სცილდებიან ერთმანეთს, როცა დედას არ აქვს ის თვისებები, რომელიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ დედას. დედობა ესაა დიდი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე", - აღნიშნა უწმინდესმა.

მისივე განმარტებით, თუკი აქამდე შვილებს ქველმოქმედებას და ღარიბების დახმარებას ასწავლიდნენ, ახლა პრიორიტეტები შეცვლილია და შვილების აღზრდისას მშობლები აქცენტს იმაზე აკეთებენ, თუ როგორ მოიხვეჭოს მან სახელი და ძალაუფლება. "იყვნენ ისეთი ოჯახები, სადაც შვილებს ქველმოქმედებას ასწავლიდნენ, აგზავნიდნენ ქუჩებში, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდნენ. ნამდვილი ქრისტიანობა სწორედ ამაშია. დღეს კი, ჩვენ შვილებს ვასწავლით როგორ მოიხვეჭონ სახელი, ვასწავლით ძირითადად იმას, როგორ იყოს ბედნიერი, მატერიალურად სიუხვეში, ვასწავლით ყველაფერს – უცხო ენებს, მაგრამ მთავარს არ ვასწავლით", - ბრძანა უწმინდესმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ცოლებს ქმრების მორჩილებისკენ მოუწოდებს. ცოლის მოვალეობასა და როლზე უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

"ახლა მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ ცოლი და ქმარი თანასწორუფლებიანია. საღმრთო წერილი ამბობს, რომ ოჯახში მთავარი არის ქმარი. ოჯახი ესაა ერთი სხეული და არ შეიძლება ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია. ბედნიერია ის ოჯახი, სადაც დედა და ცოლი სწირავს თავს ოჯახს, ზრდის თავის შვილებს, ზრდის სარწმუნოებრივად", - აღნიშნა უწმინდესმა.

ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა, "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად, როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე", - განაცხადა პატრიარქმა.

ქადაგების ბოლოს ილია მეორემ 4 სასულიერო პირი დააჯილდოვა და ისინი სხვადასხვა ხარისხში აიყვანა, ასევე, რამდენიმე ქართული გვარი დალოცა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ძალიან გავხდი, სამ თვეში 28 კილოგრამი დავიკელი" - რატომ მოხვდა ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში

ბერა ამაზონის ჯუნგლების აღდგენისთვის მილიონ დოლარს გაიღებს

26 ოქტომბერს "სითი მოლი საბურთალო" ოფიციალურად იხსნება