"ჩემი ვარსკვლავი ცაშიც არის და დედამიწაზეც..." - გივი ბერიკაშვილის მოგონებები მამაზე, ბავშვობაზე, თეატრზე და ლეგენდად ქცეულ მსახიობებზე

"ჩემი ვარსკვლავი ცაშიც არის და დედამიწაზეც..." - გივი ბერიკაშვილის მოგონებები მამაზე, ბავშვობაზე, თეატრზე და ლეგენდად ქცეულ მსახიობებზე

10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი.

ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, გივი ბერიკაშვილის ხსენებაზე, გულში სითბო არ იგრძნოს, სახეზე ღიმილი არ მოერიოს. ის ყველა თაობაში ერთნაირად უყვართ, ალბათ, ეს რჩეულთა ხვედრია. 15 მაისს სახალხო არტისტი 84 წლის გახდებოდა...

ჟურნალ "გზისთვის" 5 წლის წინ მიცემულ ინტერვიუში, მსახიობმა ბავშვობა, სკოლა, ნაადრევად გარდაცვლილი მამა, თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრის სახალისო ისტორია, ლეგენდარულ მსახიობებთან გატარებული წლები და ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა... გთავაზობთ ინტერვიუს ვრცლად:

...მისი ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ ამ გზაზე ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვედრია. ერთხელ, ავადმყოფობისას, ახლობელი ექიმისთვის უთქვამს, სიკვდილის მეშინიაო. - მე აქ არ ვარ? რისი გეშინიაო, - ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით გაუგია და გაუმხნევებია. "იმ ქვეყნად ისეთი ადამიანები არიან წასულები, თეატრის დასში მიმიღებენო?..."

მძიმე ბავშვობა ჰქონდა. 3 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, მოგვიანებით - დედითაც დაობლდა. მამის ხსენებაზე ყოველთვის ერთი ამბავი ახსენდება: მამა კარგად არ მახსოვს, ნაადრევად, 27 წლის ასაკში, ჭლექით გარდაიცვალა. დედა სახლიდან რომ გადიოდა, მამას ბამბუკის გრძელ ჯოხს უტოვებდა, ახლოს რომ არ მივკარებოდი. იმ ოთახში შევიხედავდი თუ არა, სადაც მამა იწვა, ჯოხს მომიღერებდა. რაღა დაგიმალოთ და ამის გამო მამა მძულდა. მაშინ პატარა ვიყავი, ბუნებრივია, ვერ ვაცნობიერებდი, ახლოს რატომ არ მიკარებდა.

გივი ბერიკაშვილი ვერელ მეგობრებთან ერთად

მართალია თბილისში გაიზარდა, მაგრამ მშობლიურ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგთან ურთიერთობა არასდროს გაუწყვეტია. ყოველ უქმეზე პაპა პანწკალასთან მიდიოდა. ამბობს, რომ პაპისგან ისწავლა ვაზის და მიწის სიყვარული, ღვინის პატივისცემა, კაცობა...

- რა დამავიწყებს, თითქოს დარაჯობდა, როგორც კი პირველი ხილი დამწიფდებოდა, იმწუთშივე მომირბენინებდა. ლეილა ახალი მოყვანილი მყავდა ცოლად, პაპას სოფელში ჩავაკითხეთ. გავიხედე და ახალდამწიფებული მსხალი მოაქვს, მიჩვეული ვიყავი, მეგონა, ჩემთან მოჰქონდა, მაგრამ გვერდი ამიარა და ლეილას მიართვა. მერე ცალკე მითხრა, არ გეწყინოს, ჩვენს ოჯახში ახალი შემოსულია და მეტი გაფრთხილება უნდაო.

გივი ბერიკაშვილი მეუღლესთან, ლეილა კაპანაძესთან ერთად

გივი ბერიკაშვილი თბილისში, სატიოს უბანში ცხოვრობდა, ამბობს, რომ მთელი ბავშვობა ვერის ბაღში აქვს გატარებული, კინოსა და ნაყინის ფულს თანატოლებთან ერთად შოულობდა. ბაღში ყომარბაზები იკრიბებოდნენ და პატარა ბიჭებს "ატანდაზე" აყენებდნენ. მილიციელის გამოჩენისას, ჩაუსტვენდნენ და მოთამაშეები კამათელს დომინოთი ჩაანაცვლებდნენ. ნაყინისა და კინოს სამყოფ თუმანს ასე შოულობდნენ... ვაჟთა მერვე სკოლაში სწავლობდა.

- ეს სკოლა ახლანდელი 51-ე სკოლის წინ იდგა. მელიქიშვილის ქუჩა რომ გააფართოვეს, ჩვენი სკოლა დაანგრიეს და ჩემს სახლთან, ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის გვერდით გადაგვიყვანეს. სკოლიდან გადაძრომა და "შატალოზე" წასვლა უკანა ფანჯრიდან შეიძლებოდა, მაგრამ ის ფანჯარა ჩემს ეზოში გადიოდა და "შატალოზეც" ვეღარ მივდიოდი. მეზობლები დამინახავდნენ თუ არა, აყვირდებოდნენ და გადმოძრომის საშუალებას არ მაძლევდნენ... ძალიან კარგი მეზობლები მყავდა. ერთხელ, სტუდენტობის დროს, ავად გავხდი, 2 დღე ლექციები გავაცდინე. აკაკი ხორავას უკითხავს, - ბიჭი როგორ არის, მისი ამბავი ვინმემ გაიგეთო? მერე თვითონ მინახულა სახლში. ეს ამბავი 5 წუთში მთელმა სატიოს უბანმა გაიგო, ბატონი აკაკი შემოვიდა, ჩემი ოთახი დაათვალიერა, მკითხა, ლექციებზე დაბრუნებას როდის შევძლებდი, თბილად მელაპარაკა. ცოტა ხანს შეყოვნდა, მერე წასასვლელად მოემზადა, აივანზე გამოვიდა და რას ხედავს, ეზოში მეზობლებს დიდი სუფრა გაეშალათ, - თუ გვიკადრებთ, ბატონო აკაკიო, - შეჰბედეს. იკადრა კი არა, ამ ჩემს მეზობლებთან დაჯდა და არაჩვეულებრივი დრო გაატარა.

- ბატონო გივი, აკაკი ხორავასთან პირველი შეხვედრა მისაღები გამოცდების დროს გქონდათ, როგორც ვიცი, მისი სახელით ისარგებლეთ.

- ჰო! მისაღები ტურების წინა პერიოდი იყო, აბიტურიენტები ინსტიტუტის წინ ვტრიალებდით. ყველა თავისებურად ნერვიულობდა. ერთი ბიჭი ჭადართან იდგა და ოტელოს მონოლოგს ხმამაღლა კითხულობდა. მას ყოველდღე ვხედავდი. ერთხელ მოვიდა და მკითხა, ინსტიტუტში ჩაბარება რომ გინდა, ვინმე პროტექტორი გყავსო? - არა- მეთქი. ჩაეცინა, - ტყუილად წვალობ, მე აკაკი ფაღავა მმფარველობს, ისე აქ არავინ მიგიღებსო. მოვატყუე, - მეც აკაკი მმფარველობს, ოღონდ, ფაღავა კი არა, ხორავა-მეთქი. გაგიჟდა, თუ ასეა, თავი ქუდში გქონიაო. ჩვენი ლაპარაკიდან რამდენიმე წუთი იყო გასული, დამიძახეს, ხორავა გიბარებსო. ავედი მის კაბინეტში და ხორავა გაბრაზებული დამხვდა, - მართლა ასე თქვიო? დავიმორცხვე. ვინ ხარ, ბიჭო, შენო? გაგიჟდა კაცი. შევბედე, - ერთმა თქვა აკაკი ფაღავა მფარველობს, მეორემ - აკაკი გაწერელია, მესამემ ვიღაც და მეც ავდექი და თქვენზე ვუთხარი. თქვენ ხომ იცით, რომ არ მმფარველობთ-მეთქი.

- გაპატიათ?

- მაპატია. ეს ადამიანი ჩემ მიმართ კეთილგანწყობილი იყო. ეს მისაღებ გამოცდებზეც გამოჩნდა. ცოტა ვიმღერე, ვიცეკვე, რაღაცები წავიკითხე, როგორც ჩანს, კომისიის წევრებზე ცუდი შთაბეჭდილება არ დავტოვე. კომისიის თავმჯდომარემ ცოტა რთული ეტიუდი მომცა. ვერ შევასრულებ- მეთქი, - გულწრფელად ვუთხარი. აქ რომ ვიხოხო, ეს ერთი შარვალი მაქვს და ხვალ გამოცდაზე რაღა ჩავიცვა? აქ, ამ ყველაფრის შესასწავლად მოვედი-მეთქი. ხორავამ გულიანად გაიცინა. სწორია ეს ბიჭი, რას ერჩითო? ასე აღმოვჩნდი თეატრალურ უნივერსიტეტში.

გივი ბერიკაშვილი და სოფიკო ჭიაურელი

- რომლის დამთავრების შემდეგაც სამუშაოდ სოხუმის თეატრში წახვედით...

- ორი სპექტაკლი წავიღეთ, მაგრამ დამწყები მსახიობები ვიყავით და ძალიან გვიჭირდა. ხელფასი 62 მანეთი გვქონდა. უცხო ქალაქში ეს როგორ უნდა გვემყოფინა? ზოგჯერ მარტო პურს და საწებელს ვჭამდით, მაგრამ ენთუზიაზმი გვქონდა და სოხუმში 2 წელი გავატარეთ. თეატრის წინ პატარა ჯიხური იდგა. ერთხელ დავინახე, იმ ჯიხურთან გალაკტიონი იდგა და არაყს სვამდა. გამყიდველი ახალგაზრდა კაცი იყო, მსახიობებს ყველაფერს ნისიად გვაძლევდა. ერთ დღესაც, მეძახის, - გივიიი! - რა ხდება- მეთქი? - აი, ის წვერიანი კაცი ვინ არის? ყოველდღე მოდის, არაყს სვამს, ფულს არ იხდის და არც არაფერს ამბობსო. - შენი ჭირიმე არაფერი უთხრა, მაგისი ვალიც ჩემს ნისიებს მიუმატე, გალაკტიონია-მეთქი, - არ ვიცი, მე ფული გადამიხადოსო. არ იცოდა, ვინ იყო გალაკტიონი. მერე როგორც ჩანს, იმ ღამით მისი ლექსები წაიკითხა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დამიძახა, - ამ დილით გალაკტიონი მოვიდა, ფული "პაჩკით" მოიტანა, შენი ვალი რამდენი მაქვს, გამოაძვრეო. ზუსტად იმდენი ავიღე, რამდენიც მეკუთვნოდა. მან კი ერთი იმდენი დამიმატა, - ჩემნაირი კაცი რომ მოგივა და სასმელს დაგილევს, უკან არ გამოეკიდო, მათ ვალში აიღეო.

ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრი საინტერესო ადამიანი შემხვედრია. მარჯანიშვილის თეატრში რომ გადმოვედი, ისეთი არტისტები დამხვდნენ, თითოეულისთვის ცალკე თეატრის გაკეთება რომ ღირდა. სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ჟორა შავგულიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი... აბა, ისინი იყვნენ თუ იყვნენ ვარსკვლავები... ასე ვთქვი, ამ მხეცებთან მე რა უნდა გავაკეთო- მეთქი?.. მაგრამ, მისვლისთანავე დამიმეგობრეს.

რჩევებს მაძლევდნენ და სულელი უნდა ვყოფილიყავი, მათი დარიგება არ გამეთვალისწინებინა. საერთოდ უფროსი თაობის მიმართ არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვქონდა... "კოლმეურნის ქორწინებაში" ჟორა შავგულიძე მთავარ როლს თამაშობდა. ერთ სცენაში ბრიგადირებთან ჰქონდა ურთიერთობა. სპექტაკლზე ერთი ბრიგადირი ვერ მოვიდა და მის ნაცვლად, სცენაზე მე შემაგდეს. ჟორამ რომ დამინახა, დამიყვირა - ვინა ხარ შენო? - ბრიგადირი ვარ-მეთქი. ამიხირდა როდის მიგიღე შენ ბრიგადაშიო, ისე ამიხირდა, რომ ბოლოს სცენიდან გამაძევა...

სესილია თაყაიშვილი გრიმით და კოსტიუმით სასწაულებს ახდენდა. მასთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა, კუჭი გამისკდა და ექიმებმა ძლივს გადამარჩინეს. დალევა ამიკრძალეს. თავიდან წესიერად ვიქცეოდი, ცოტა დრო რომ გავიდა, ერთი ჭიქა გავსინჯე, მერე - ორი, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე და ეს ამბავი სესილიამ გაიგო. სახლში დამირეკა, ისეთი დღე მაყარა, არ ვნახო, მეორედ ხელში ჭიქა აიღოო! ისე მაგინა, კახელ კაცს რომ გაუკვირდება.

ვიცოდი, სესილიას შაქარი ჰქონდა და სიგარეტის მოწევას უკრძალავდნენ. ის პირველ სართულზე ცხოვრობდა, ფანჯრიდან თავს გადმოყოფდა და გამვლელებს სიგარეტის ღერს სთხოვდა ხოლმე. წავედი და მისი სახლის წინ დავდექი, დაველოდე, როდის გააღებდა ფანჯარას. 3 საათის შემდეგ, მისი ხმა გაისმა, გამვლელ ახალგაზრდას ეუბნება, - ბიჭი, ერთი ღერი პაპიროსი ხომ არ გაქვს? იმ დროს გამოვჩნდი. - არ გრცხვენია? საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი პაპიროსზე მათხოვრობ- მეთქი? სესილიას ჩემი დანახვა გაუკვირდა, ქოქოლა მომაყარა, შემოეთრიე სახლშიო. მერე, იცოცხლე, მეფერა, მე შენი ჯანმრთელობისთვის გეუბნები, იცოდე, მეტჯერ აღარ დალიოო.

- როგორც ვიცი, ერთი პერიოდი თეატრიდან წამოსვლაზეც ფიქრობდით.

- მარჯანიშვილის თეატრში რომ დავიწყე მუშაობა, 6 თვე "მასოვკებში" გამოვდიოდი. არადა, სოხუმში კარგ როლებს ვთამაშობდი. ჩემი მეუღლე - ლეილა მირჩევდა, არ წამოვსულიყავი, ცოტა მომეთმინა. გაჭირვება არც მისთვის იყო უცხო ხილი და არც - ჩემთვის. ერთი სიტყვით, ამ დღეში რომ ვიყავი, თეატრის დირექტორმა არჩილ ჩხარტიშვილმა დამიძახა და მითხრა, შენთვის კარგი როლი მაქვსო. "მკვდრის მზეზე" მუშაობას იწყებდა და ყაჭიას როლზე გამანაწილა. ტექსტს გავეცანი და მივხვდი, შეიძლებოდა, საინტერესო სახე შემექმნა. ჩემი პარტნიორები ტარიელ საყვარელიძე და ალე ომიაძე იყვნენ. სპექტაკლის ბოლოს თავის დასაკრავად, მადლობის სათქმელად რომ გამოვედი, მაყურებელმა ტაში არ დაიშურა, მერე სხვა მონაწილეებიც გამოვიდნენ, ბატონმა ტარიელმა ხელი მომკიდა და წინ ავანსცენაზე გამაგდო. ტაშით დაინგრა იქაურობა. ფეხები მომეკვეთა. "მკვდრის მზე" ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში გარდამტეხი აღმოჩნდა. თეატრის დატოვებაზე აღარც მიფიქრია.

- ამას თქვენი პირველი ფილმებიც მოჰყვა.

- ჩემი პირველი ფილმები იყო - "ჯილდო" და "მიხა". ერთს გიორგი შენგელაია იღებდა, მეორეს - მერაბ კოკოჩაშვილი. ნიკოლოზის დროინდელი ჯარისკაცის ფორმა მეცვა. მარჯანიშვილის თეატრთან, სანაპიროზე ადრე საგიჟეთი იყო, იქ იღებდნენ. ვზივარ და ველოდები, როდის დაამთავრებენ განათების დაყენებას. ამ დროს საგიჟეთიდან ხმა შემომესმა, ვიღაც იძახის - კინოს იღებთო? - კი- მეთქი. ჩავთვალე, რომ გიჟი იყო. - შენ რას თამაშობო? არ მომეშვა. - ნაპოლეონი ვარ-მეთქი. - შენ მე გიჟი ხომ არ გგონივარ, ნაპოლეონს გაჩვენებ, რომ გამოვალ, აქ ჯარის გამო ვზივარ, სიგარეტი მომაწევინეო...

- პოპულარობა "ლონდრემ" მოგიტანათ. გადასაღებ მოედანზე როგორ აღმოჩნდით?

- ადამიანს სიკეთე არ უნდა დაუკარგო. როცა "ლონდრეს" სცენარი ოთარ ჭილაძემ დაწერა, უთქვამს, გაბრიელის როლი გივი ბერიკაშვილმა ითამაშოსო. რეჟისორი თამაზ მელიავა არ მიცნობდა. გიგა ლორთქიფანიძისთვის უკითხავს: როგორი ბიჭიაო? გიგას ჩემზე ისეთები ულაპარაკია, ცაში ავუყვანივარ. მოკლედ, გადასაღებ ჯგუფში ჩამწერეს. რეჟისორის ასისტენტი იყო გურამ ლორთქიფანიძე. მე და ლორთქია ერთად გაზრდილები ვიყავით, მერე ქვისლებიც გავხდით.

მთელი შემოქმედებითი ჯგუფი "ლონდრეს" როლის შემსრულებელს ეძებდა. კინოსტუდიის ეზოში ხშირად ფეხბურთს ვთამაშობდით. იმდენი მაისური არ გვქონდა, რომ ყველას ჩაეცვა. ერთმანეთი რომ გაგვერჩია, ერთ ჯგუფში მაისურიანები ვთამაშობდით, მეორეში - წელზევით გახდილები. იმ დღეს ტიტლიკანების ჯგუფში აღმოვჩნდი. თავისი სამუშაო ოთახის ფანჯრიდან თამაზ მელიავას შევუმჩნევივარ. დამიძახა, - წადი ახლა, დაიბანე და მერე ასე ტიტლიკანამ ფოტო გადაიღეო. მეორე დღეს ჯარისკაცის ფორმა ჩამაცვეს და ისე გადამიღეს. კინოსინჯი დანიშნეს, "ლონდრეს" როლზე 50-ე ვიყავი. მერე ეს სინჯები სამხატვრო საბჭოზე გაიტანეს, მათ საბოლოო სხდომა ჩემი დაბადების დღეს - 15 მაისს ჰქონდათ. ამ დღეს მთავარ როლზე მსახიობი უნდა დაემტკიცებინათ.

- ნერვიულობდით?

- არა, ვიცოდი, რომ გაბრიელის როლში მაინც გადამიღებდნენ. მახსოვს, გივი სავანელი გამოვარდა და მეძახის, ბერიკ, "ლონდრეზე" დაგამტკიცესო! ასე მომილოცა დაბადების დღე თამაზ მელიავამ. ჩემს სათაყვანებელ ხალხთან მომიწია მუშაობამ. თავს როგორ დავიზოგავდი. სიცივეში ტიტლიკანა დავრბოდი და ყოველ საღამოს ფეხიდან ეკლებს ვიცლიდი. კუბოში რომ ჩავწექი, მერე ეროსი ღამე დასაძინებლად ოთახში აღარ მიშვებდა. კუბოში ნაწოლ კაცთან ღამეს ვერ გავათენებო. ამ ფილმის გადაღებიდან არაერთი კარგი მოგონება მახსენდება. სოფლის შარაგზაზე სიმინდს მოვაპნევდით ხოლმე და ცოტა ხანში ქათმები კენკვა-კენკვით შემოდიოდნენ ოთახში. იქ ცხონებული ნოდარ ფირანიშვილი იყო ჩასაფრებული და... დედლის ხორცი არ გვაკლდა. ეს ქათმები საიდან? ფული არა გაქვთო, - უკვირდა ეროსის. სიმართლე რომ გაიგო, გაგიჟდა. ოპერატორს ფულს ესესხა, ჩვენ გვერდში ამოგვიყენა და მთელი სოფელი შემოიარა, - თქვენ ამ დღეებში ქათმები ხომ არ დაგკარგვიათ? - ეკითხებოდა ჭიშკრიდან მასპინძლებს. მერე ფულს ამოიღებდა და აძლევდა. ასე დაიარა მთელი სოფელი. ეროსი სხვანაირი გულის პატრონი იყო.

- მსმენია, რომ კახეთში განსაკუთრებულად "სიყვარული ყველას უნდა" და "ღვინის ქურდები" უყვართ.

- "ღვინის ქურდების" გადაღებისას მართლა ვთვრებოდით. პავილიონში მოწყობილი "ქვევრიდან" შეფერილი წყალი გადავღვარეთ და ღვინო ჩავასხით. ერთი დუბლი, ორი დუბლი და ჩვენ მეტი არ გვინდოდა. დილაადრიან თვალები გვიჟუჟუნებდა. მერე დაეჭვდნენ და იკითხეს, ნახეთ ერთი, რას სვამენო? ელიბოს როლზე თავიდან სხვა იყო დამტკიცებული. მე და კუკური ლაფერაძე ვამბობდით, აბა, ეს როგორი ელიბოა, ამისი არ შეგვეშინდება-თქო. მალე კახი გამოჩხრიკეს. იქვე გამოიცვალა ტანსაცმელი, ულვაში გაიკეთა და ერთი ისეთი დაიღრიალა... როლზე დაამტკიცეს. გადაღებას ერთ დღეში მორჩა. ახლა ამბობს, დონ კიხოტი ვითამაშე და ხალხი მაინც ელიბოს მეძახისო.

- კახი კავსაძესთან თავიდანვე ასეთი მეგობრული ურთიერთობა გქონდათ?

- თითქმის ყოველდღე ვნახულობთ ერთმანეთს, თუ ნახვას ვერ შევძლებთ, ტელეფონით მაინც ვეხმიანებით. ხან მე ვაბრაზებ, ხან ის მაბრაზებს, მაგრამ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ვეუბნები, შენზე ლამაზი და მაღალი ვარ-მეთქი და არ იჯერებს. ჩემი და კახის ურთიერთობამ გადასაღები მოედნიდან ესტრადაზე გადაინაცვლა. მაშინ ვუთხარი, შენ უფრო ადრე ჩაიფსავ თუ მე-მეთქი? არ ვიცოდით, რა იყო ესტრადა. მგონი, თავი არ შეგვირცხვენია.

გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე

- წარსულს ხშირად იხსენებთ?

- წარსული უნდა გაიხსენო, უნდა გააანალიზო, სად დაუშვი შეცდომა, რა დროს როგორ მოიქეცი. წარსული არ უნდა დაივიწყო.

- თქვენმა ვაჟმა რომ მსახიობობა გადაწყვიტა, ამ ამბავს როგორ შეხვდით?

- ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. აგერ ბურთი და აგერ მოედანი, სცადე, თუ ივარგებ, მაგას რა სჯობია- მეთქი. ბედნიერი ვარ, რომ დღეს თეატრში ის უფრო უყვართ, ვიდრე - მე. მის ყოველ პრემიერას უფრო მეტად განვიცდი, ვიდრე - საკუთარს. მგონი, მკაცრი მამა არ ვარ. მანანასთან და ზურასთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა, დღესაც ასეა.

გივი ბერიკაშვილი შვილიშვილის ქორწილში

- რამდენიმე წლის წინ, მარჯანიშვილის თეატრის წინ თქვენი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. რას განიცდით, როცა ამ ვარსკვლავს გვერდით ჩაუვლით?

- ჩემი ვარსკვლავი ცაშიც არის და დედამიწაზეც. დიდი პატივია. ყველა იმ ადამიანს ვენაცვალე, ვინც ამ ვარსკვლავთან ჩაივლის და ფეხს არ დააბიჯებს...

- დასასრულს რას გვეტყვით?

- მდიდარი კაცი ვარ. ჩემი სიმდიდრე ჩემი ხალხის სიყვარულია, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. რომ არა ეს სიყვარული, ალბათ, ჩემთან თქვენც არ მოხვიდოდით...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზის" არქივიდან

მთავარი ფოტო: სერგო ედიშერაშვილი

ფოტოები აღებულია ფეისბუქის გვერდიდან: Givi berikashvili • გივი ბერიკაშვილი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"