ჯერ კიდევ არ განელებულა ეროვნული შეურაცხყოფის გრძნობა, რომელიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოყრილი და სამშობლოში სატვირთო თვითმფრინავებით "ჩამოზიდული" ქართველების ხილვამ აღძრა ჩვენში. რუსეთის ოფიციალური პირები ამ მეთოდებით უკანონო მიგრაციას და კრიმინალს ”ებრძოდნენ”.
კრიმინალთან ბრძოლის უკვე ჩამოყალიბებულ "ტრადიციას" არც რუსეთის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ღალატობს. ვლადიმერ კოლოკოლცევი აცხადებს, რომ დანაშაულთან ბრძოლაში მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სხვადასხვა ეთნიკური კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ამ მხრივ მუშაობა უკვე დაიწყო და მასში რუსეთის რეგიონების პოლიცია აქტიურად არის ჩართული, რომელთაც სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის, სასწავლებლებში კავკასიელებზე ცნობების შეგროვება აქვთ დავალებული. ანუ, შესაძლებელია, რუსეთიდან ქართველების ახალი ნაკადი გამოყარონ.
მაგრამ ერთია რუსეთის სახელმწიფო მანქანა და მეორე - სამოქალაქო პრინციპულობის მაგალითები, რომელსაც იშვიათად, მაგრამ რუსეთის ”საუკეთესო ნაწილი” იჩენს. ასეთი მაგალითები სამწუხაროდ ძალიან ცოტაა და დიპლომატიურ ამინდს ვერ ქმნის, მაგრამ იმედის ნაპერწკალს იძლევა.
რუსეთის ჩელიაბინსკის მხარის "უმვდ"-ს უფროსმა, პოლიციის მაიორმა ი.ვ. პენზინამ ქალაქ ჩელიაბინსკის 31-ე ლიცეუმის დირექტორ ა.ე. პოპოვს ასეთი შინაარსის წერილობითი მოთხოვნა გაუგზავნა: "გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლე კავკასიური ეროვნების (?!) მოზარდების შესახებ ცნობები (გვარი, სახელი, მამის სახელი, საცხოვრებელი მისამართი, ცნობები მშობლების შესახებ), რომლებიც აქვთ ან არა აქვთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა", - მოთხოვნის ტექსტს ხელს პოლიციის მაიორი ი.ვ. პენზინა აწერს.
"თქვენს მიმართვაზე გპასუხობთ, რომ ჩვენს ლიცეუმში მხოლოდ ერთი ეროვნებაა - მათემატიკა", - ეს კი ბატონი პოპოვის პასუხი გახლავთ ქალბატონი პენზინას მოთხოვნაზე.
ი.ვ. პოპოვი რუსეთის დამსახურებული მასწავლებელია, რუსეთის მწერალთა კავშირის და საქალაქო საზოგადოებრივი პალატის წევრი.
დავით შალიკაშვილი