სტუდენტებს მართვის მოწმობის მიღება, "იაფად" შეეძლებათ. შესაბამისი ცვლილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" კანონში შედის.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუმარტა, სტუდენტები, თუ პირველ ჯერზე ჩააბარებენ გამოცდას, მათთვის საფასური როგორც გამოცდაზე, ისე მართვის მოწმობისთვის, მხოლოდ 15 ლარი იქნება.
მისივე განმარტებით, დღეს იგივე პროცედურა რიგით მოქალაქეს, 55 ლარი უჯდება - 40 ლარი გამოცდაზე დაშვებისთვის, 15 ლარი კი მართვის მოწმობის მისაღებად.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ვისაც სურს მართვის მოწმობის მიღება, კარგად მოემზადონ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში და ისე მიიღონ გამოცდაზე გასვლის გადაწვეტილება. ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ ფინანსურ და დროის რესურს", - დასძინა ხუროშვილმა.