უფასო სახელმძღვანელოები მხოლოდ ერთი მამის შვილებისთვის

უფასო სახელმძღვანელოები მხოლოდ ერთი მამის შვილებისთვის

განათლების სამინისტრო იმ ოჯახებს, სადაც სამი და სამზე მეტი ბავშვი იზრდება, სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას დაჰპირდა. თუმცა, იქვე კორექტივები შეიტანეს - ბავშვებს საერთო მამა უნდა ჰყავდეთ.

"დაგვიბარეს მშობლები, ვისაც სამი და მეტი შვილი ჰყავს, მათ შორის მეც. დაგვაწერინეს განცხადებები, მაგრამ სკოლის ადმინისტრაციამ ჩემი განცხადება ერთადერთი მოტივით არ ჩაიბარა, რომ ჩემს მესამე შვილს სხვა გვარი აქვს. როდესაც გაიგეს, რომ მესამე შვილი მყავდა მეორე ქორწინებიდან, მითხრეს, რომ ამის გამო წიგნებს უფასოდ ვერ მივიღებდი", - აცხადებს თბილისელი ეკა ალფაიძე, რომლის შვილებიც არა თალიბების კონტროლს დაქვემდებარებულ ავღანეთის რომელიმე პროვინციაში, არამედ თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ.

ეკა ალფაიძე ამტკიცებს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მას უფასო სახელმძღვანელოების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის სია უჩვენა, სადაც არის პუნქტი, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ "ბავშვებს საერთო მშობლები უნდა ჰყავდეთ."

პროტესტის გამოთქმის შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციამ, როგორც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, მშობელი "ზევით", ანუ რესურსცენტრში გადაამისამართა. იქ კი, ისეთივე, მშობელთათვის და კლასის დამრიგებლებისთვის განკუთვნილი "სამახსოვრო ბუკლეტი" დახვდა. უფასო სახელმძღვანელოების მისაღებად საჭირო მონაცემთა ჩამონათვალში, აქაც, შავით თეთრზე წერია: "ბავშვებს საერთო მშობლები უნდა ჰყავდეთ." ხოლო, როდესაც სიტყვა დისკრიმინაცია ახსენა, იქით დაანამუსეს: "რა დისკრიმინაციაზეა საუბრობთ, როდესაც მინისტრს განზრახული აქვს თქვენნაირ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმაროს, და თუ თქვენს შვილებს არა ჰყავთ საერთო მამა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვებსაც არ ჰყავთ და ისინიც ვერ მიიღებენ წიგნებს. გვესმის თქვენი აღშფოთება, მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგოთ, გვერწმუნეთ, მინისტრს მხოლოდ კეთილი ზრახვა ამოძრავებს.."

ეკა ალფაიძემ ამის შემდეგაც კი ვერ დაიჯერა, რომ განათლების სამინისტროს მსგავსი შინაარსის მითითება შეიძლებოდა სკოლებისათვის დაეგზავნა. ამიტომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს განცხადებით მიმართა. განცხადებაში წერდა, რომ იმყოფებოდა კანონიერ ქორწინებაში, ჰყავდა სამი შვილი, რომლებიც, ასევე, კანონიერი ქორწინების შედეგად შეეძინა.

განცხადება ორი კვირის წინ შეიტანა. სამინისტროდან პასუხი ჯერაც არ მიუღია. ისიც იფიქრა, იქნებ "გაუგებრობა" ზედმეტი ხმაურის გარეშე გამოასწორესო. მაგრამ სკოლაში მისული კვლავ იმავე პასუხით გამოისტუმრეს.

"ამბები.გე" განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ნინო პოტრჟებსკაიას დაუკავშირდა: "არის კრიტერიუმის ჩამონათვალი, სადაც ასეთი რამ არ წერია. წერია ის, რომ სახელმძღვანელოები ეკუთვნით მრავალშვილიან ოჯახებს, სამი და მეტი ბავშვის ყოლის შემთხვევაში, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს. მსგავსი რაღაც იქ დაზუსტებული არ არის", - აცხადებს პოტრჟებსკაია.

არადა, დაზუსტებულიც არის და წერია კიდეც, შავით თეთრზე: "ბავშვებს საერთო მშობლები უნდა ჰყავდეთ."

დავით შალიკაშვილი

ფოტო: ”გურიანიუსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"